როგორ მიჰყავს ლაშა კანკავას მიზნები ბოლომდე და რით უმკლავდება ის რთულ პერიოდებს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მსახიობ ლაშა კანკავას წარმატებაში, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლაშა კანკავა: ღვთის წყალობით, თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რადგან რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი გამომივიდა. ბავშვობიდან დავისახე მიზნად, რომ ამ პროფესიაში უნდა ვყოფილიყავი და ასეც მოხდა. შემდეგ უკვე კონკრეტული მიზნები გამიჩნდა, ისევ და ისევ პროფესიულ მიღწევებთან დაკავშირებით და სასურველი ეტაპების გავლაც შევძელი. ნელ-ნელა ჩემს პროფესიას პარალელური მიმდინარეობებიც დავამატე – ვიყავი მსახიობი და სცენარისტი, ახლა კი უკვე სადებიუტო სარეჟისორო პროექტზე ვმუშაობ. „მეგრული დეიოფები“ რომანტიკული კომედიის ჟანრშია. რთულად მიდის ეს პროცესი, მაგრამ რაც მთავარია, ვითარდება. იმავეს ვიტყოდი პირად ცხოვრებასა და მეგობრებთან ურთიერთობის მხრივაც – აქაც იღბლიანი აღმოვჩნდი. საქმე, რომელიც ჩემი პროფესიული თუ პირადი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ყოველთვის ბოლომდე მიმყავდა, იმისდა მიუხედავად, მარტივი იყო ეს პროცესი თუ რთული.
მე ვფიქრობ, მთავარია, იცოდე რა გინდა, დანარჩენი ტექნიკის ამბავია. თუ რაღაც მართლა გინდა, ყველაფერს გააკეთებ მისთვის. თუ პირველივე წინააღმდეგობაზე ნებდები, მაშინ – „ჩიტს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდებოდაო“ – ეს ამბავია.
– მიღწეული მიზნები მეტწილად შრომისმოყვარეობის დამსახურებაა თუ იღბლის?
– ამ ორს შორის დიდი კავშირია. თუ სახლში უსაქმოდ ზიხარ, იღბალი არ მოგაკითხავს. თუ ძალიან ბევრს შრომობ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივად ლაგდება ყველაფერი, ისე, რომ იღბალი შენამდე მოგყავს. შეიძლება, ეს ვიღაცასთან შედარებით მარტივად, ვიღაცასთან კი უფრო რთულად მოხდეს, მაგრამ ამასაც წინაპირობები განსაზღვრავს, ანუ, ის, რაც შენ ამისთვის გაიღე. შრომა ნიშნავს, მეტი შანსი მისცე თავს, რომ შენთან იღბალი, რაც შეიძლება, მალე მოვიდეს, მე ასე აღვიქვამ ამ ამბავს. ის, ვინც გარედან უყურებს შენს გზას, როცა გარკვეულ წარმატებას აღწევ, გეტყვის „როგორ გაგიმართლა“. ამ დროს შენ ძალიან დიდი გზა გაიარე შედეგამდე. პირადი მაგალითით შემიძლია, ვთქვა: ის, რაც სხვას გამართლებად ჩაუთვლია, ჩემთვის იმხელა შრომის შედეგი ყოფილა, რომ გამცინებია, როცა ეს უთქვამთ და იმ ყველაფრის მოყოლის თავიც კი აღარ მქონია, რაც სასურველი შედეგის მისაღწევად გავაკეთე. არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ ყოველთვის შედეგი ჩანს, პროცესი – არასდროს. ამიტომ, ძალიან მარტივად ვიცით სხვისი მიღწევების გამართლებისა და იღბლისთვის მიწერა.
– როგორც ვხვდები, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ხართ და დანებება არ გჩვევიათ.
– სხვანაირად არც შეიძლება. გარემოებებს შენ ვერ ირჩევ, მაგრამ ირჩევ პროფესიას, გზას და ხედავ, რომ ამ გარემოში შენი მიზნების მიღწევა არც ისე ადვილია. მერე შედარებებს აკეთებ, ხვდები, რომ შეიძლება, სხვა ქვეყანაში უფრო მარტივი ყოფილიყო, მეტი პერსპექტივა გქონოდა, მაგრამ შენ არ გინდა სხვაგან. მაშინ, უბრალოდ, უნდა მიიღო არსებული მოცემულობა და მიზნის მისაღწევი გზები ეძებო. შენს არჩევანს წინ ბევრი გამოცდა ელოდება. თუ ყველას ჩააბარებ, შედეგი აუცილებლად დადგება.
წარმატებასა და წარუმატებლობას, ორივეს ერთნაირად შეუძლია დაგვანგრიოს, თუ სწორად არ გამოიყენებ. ანალოგიურად, როგორც წარმატებას შეუძლია ადამიანის წინ წაწევა, წარუმატებლობასაც შეუძლია, განვითარებაში დაგვეხმაროს. მთავარია, ენერგიები სწორი მიმართულებით მივმართოთ, რომ სწორი ტრამპლინი მოგცეს წინსვლისთვის.
– ყველაზე მეტი რისთვის გიშრომიათ?
– 80-იან წლებში დავიბადე. როცა პროფესია ავირჩიე, მაშინ ეს საქმე არავის უნდოდა. ხომ იცით, როგორები ვართ ქართველები, სამწუხაროდ, არავინ გეტყვის „მიდი, მიაწექი, გააკეთე!“, პირიქით, ყველა იმას გეტყვის, „კარგი რა, რა გინდა მანდ, არ გამოგივა, ვის რაში სჭირდება ეგ პროფესია?!“ და ასე შემდეგ. ქართველებს ძალიან არ გვიყვარს წარმატებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და გამხნევება. უფრო ტრაგედიის დროს შეგვიძლია თანადგომის გამოხატვა. თუმცა, ისე მოხდა, რომ გამომივიდა. ღვთის წყალობით, ამ პროფესიაში წარმატებასაც მივაღწიე.
მახსოვს, მეგობარი მეუბნებოდა, წამო, „ჰოლივუდში“, დაგათვალიერებინებო. უარს ვამბობდი. ბავშვობიდან ერთი აზრი მიტრიალებდა თავში და ეს მამოძრავებდა, ვფიქრობდი, რომ „ჰოლივუდში“ აუცილებლად მიწვევით უნდა წავსულიყავი. ამაზე ეცინებოდათ, „ხომ არ ღადაობო“, მეუბნებოდნენ. თუმცა, მე არასდროს შემიწყვეტია ამაზე ფიქრი და შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამდი, ხან – მარტო, ხან – მეგობრებთან ერთად. ბევრს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კონტაქტი შემდგარიყო. მაგალითისთვის – ჩამოსულ პროექტებში ვმონაწილეობდი, როგორც მსახიობი. შემდეგ ძალიან კარგი კომუნიკაცია შედგა – „ვორნერ ბრაზერს სტუდიომ“ მიმიწვია ერთ-ერთ ფესტივალზე, საიდანაც დიდი გამოცდილებით დავბრუნდი. იქ მოხვედრა ხომ ჩემი დიდი სურვილი იყო, ამიტომ ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთი მიმართულება დამემატებინა, ის, რაც ყოველთვის ძალიან მინდოდა, ანუ, რეჟისურის მიმართულებით დამეწყო მუშაობა. ვიტყოდი, რომ ის, რისთვისაც ყველაზე მეტი ვიშრომე, ჩემი საქმეა.
– როგორ მოქმედებს წარუმატებელი პერიოდები თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე?
– სამსახიობოზე სწავლისას ფსიქოლოგიის ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა. მან მითხრა, ძალიან კარგი მონაცემები გაქვს და შენგან კარგი ფსიქოლოგი გამოვაო. ფსიქოლოგი არ გავმხდარვარ, მაგრამ ჩემი უნარები კარგად გამოვიყენე ცხოვრებაში, სცენარების წერაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, საკუთარი თავის მართვაში.
წარუმატებლობის დროს ყველაზე კარგად მახსოვს, რომ სხვას არაფერი არ უნდა დავაბრალო. თუ არ გამოდის, ესე იგი, არასწორ რამეს აკეთებ და მიზანი უნდა შეცვალო. თუ დარწმუნებული ხარ, რომ სწორი მიზანი გაქვს და მაინც არ გამოდის, მაშინ მეთოდი უნდა შეცვალო. მუდმივად პროცესში ყოფნა და ახალ-ახალი მცდელობები არ გაძლევს საშუალებას, დეპრესიაში ჩავარდე. ამის დროც არ არის. ზოგი მეგობრებთან ყოფნით შველის ამ მდგომარეობას, ზოგი – სახლში ყოფნით, ზოგი – ალკოჰოლით. მე, მაგალითად, ცოტა უცნაური ჩვევა მაქვს, ასეთ დროს ცომეულს ვეტანები (იცინის). თუმცა, ეს ხანდახან გაუცნობიერებლად ხდება. მერე ვხვდები, რომ ასეთმა ეტაპმა ისე გადაიარა, რომ პროცესში ამაზე არც მიფიქრია. ჩემი გონება ავტომატურად მოქმედებს და სიახლეებისკენ სწრაფვისა და მუდმივი მცდელობების დამსახურებით, რთული პერიოდების ნაცვლად მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





