შოუბიზნესი

როგორ კვებავენ გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სიყვარულს და რის გამო გახდა მათი წყვილი ყველაზე განხილვადი

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 01.11, 2021 წელი

გვანცა ციხელაშვილი და აკა
მოდებაძე
დაკოპირებულია

მოცეკვავეები აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი „მთავარ არხზე“ დილის გადაცემის თანაწამყვანები გახდნენ და კვირაში ერთხელ ულამაზესი ცეკვითა და ამ ცეკვის ისტორიით იქცევენ მაყურებლების ყურადღებას. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია გვანცას მიერ შესრულებულმა ერთ-ერთმა ცეკვამ და მგონი, ქართულ სოციალურ სივრცეში არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც მასზე რეაქცია არ ჰქონია.

გვანცა ციხელაშვილი: „მთავარმა არხმა“ დილის გადაცემაში სტუმრის სახით მიგვიწვია ჩვენს სპორტულ მიღწევებზე სასაუბროდ და ასევე, შევასრულეთ ცეკვა, რომლის ისტორიაც გავაცანით მაყურებელს. პროდიუსინგი იმდენად დაინტერესდა ჩვენი საუბრით, ცეკვითა და ვიზუალით, რომ მათგან მივიღეთ შემოთავაზება, გავმხდარიყავით ამ გადაცემის თანაწამყვანები. ჩამოვყალიბდით რუბრიკაზე, რომელიც მოიცავდა ცეკვებს და ამ ცეკვების შესახებ ისტორიულ მიმოხილვას – მასთან დაკავშირებულ უნიკალურ ფაქტებს არქივებში ვეძებთ და მაყურებელს ვუყვებით. შემდეგ კი ვასრულებთ ამ ცეკვას შესაბამისი მაკიაჟით, ჩაცმულობითა თუ ვარცხნილობით.

– და ერთ-ერთ ცეკვას განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.

– რუბრიკა ამ ცეკვამდე ერთი თვით ადრე დავიწყეთ. ის კვირაში ერთხელ, სამშაბათ დილით გადის ეთერში და რამდენიმე ცეკვა უკვე გვქონდა შესრულებული. გადავწყვიტეთ, სამეჯლისო ცეკვის გარდა სხვა მიმართულებითაც „გაგვესროლა“ და ვოგის სტილის ცეკვა შეგვესრულებინა. ეს საქართველოსთვის ძალიან უცხო აღმოჩნდა. საზღვარგარეთ სამ კომპანიაში ვმუშაობთ ქორეოგრაფებად და ჩვენს გვერდით უამრავი ამ სტილის მოცეკვავეა. ხელების მოძრაობა, რომელიც ასე აიტაცეს ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ვიღაცისთვის საჭის მართვა. ვოგი – ეს არის სამოდელო პოზირების ცეკვა, რომელიც ჩვეულებრივ შევასრულე ეთერში და ვარსკვლავები რომ ამბობენ ხოლმე: დავიძინე, გავიღვიძე და უკვე ყველა მცნობდაო, ჩემს თავსაც ზუსტად ასეთი რაღაც მოხდა. ცეკვიდან ორ საათში მთელი საქართველო მიცნობდა. მირეკავდნენ, მწერდნენ, ერთი ამბავი იყო. ამ ვიდეოს ოთხ საათში მილიონი ნახვა ჰქონდა. ჩემთვის გასაკვირი იყო ერთი რამ – როცა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მე და აკამ მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ისტორიაში პირველად შევიყვანეთ, მაშინ არ ყოფილა ასეთი გამოხმაურება. ასევე, ჩვენ ძალიან დიდი კომპანიების ქორეოგრაფები ვართ და ასე არც ამას გამოხმაურებიან. საკმაოდ ბევრი ნეგატიურად იყო განწყობილი, მაგრამ უმეტესობამ, უბრალოდ, არ იცოდა ამ ცეკვის შესახებ და მერე რომ გაიგეს, შეიცვალეს დამოკიდებულება.

– დიდი დოზით იყო ნეგატივი და ირონია. ემოციურად არ შეხვდი ამ ამბავს?

– მე ვარ სამეჯლისო სპორტული ცეკვების პროფესიონალი და ისეთი სპორტული ფსიქოლოგია მაქვს, რომ ასეთ სიტუაციებში სხვებს ვეხმარები. არასდროს ვინტერესდები სხვების შეფასებით. განა იმიტომ, რომ იმდენად მაგარი ვარ, სხვის აზრს არ ვითვალისწინებ. არა, ყველას დიდ პატივს ვცემ, თუმცა, როდესაც მე სიკეთეს ვაკეთებ, არასდროს ველოდები მადლობას. ჩემთვის ესეც იგივეა – როცა შემოქმედებით ნაბიჯებს ვდგამ, ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული მათ სისწორეში და ვიღაცებისგან ლანძღვას ან საქებარი სიტყვების მიღებას არ ველოდები. ასეთი დარწმუნებული იმიტომ ვარ, რომ მსოფლიო სტანდარტებს მივყვები და მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი მწვრთნელები მყავს. ვარ აქტიური სპორტსმენი, ქორეოგრაფი და ადამიანისგან, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის ცეკვის მიმართულებების შესახებ, ვერაფერი მეწყინება, უბრალოდ, გამიკვირდება, თუმცა, მათ აზრსაც პატივს ვცემ. როცა ადამიანი არ არის იმ საკითხში გათვითცნობიერებული, რომელშიც შენ პროფესიონალი ხარ, ირონიას გამოხატავს, თუმცა, ეს ჩემთვის ირონია კი არა უფრო იუმორია.

– სხვათა შორის, ბევრი მართლა კარგი ხუმრობა შემხვდა.

– ზუსტად. ბევრი ხუმრობა მეც ძალიან მომეწონა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად გააკრიტიკებს ჩემს შემოქმედებას. მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ, რადგან ეს მზრდის და მაძლიერებს იმისთვის, რომ ვანგრიო ის კედლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებობს და ეს რაღაცების დასამტკიცებლადაა საჭირო. ხუმრობას რაც შეეხება, კი, ძალიან ბევრი ვიხალისე ზოგიერთ მათგანზე. დადეს კაცის ვიდეო რომელიღაც ფილმიდან, რომელსაც ვაღიარებ, მართლა ვგავდი (იცინის). ბრუსლისა და სტიქიებს მადარებდნენ და მე პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს.

– ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოექეცით ყურადღების ცენტრში, მაგრამ დავიბენი – ეს ხელის თხოვნა იყო თუ ერთად ყოფნის რამდენიმე წლის აღნიშვნა?

– 11 წელია, ოფიციალურად ვართ დაქორწინებულები. მას ხელიც ნათხოვნი აქვს ჩემთვის და ქორწილიც გადახდილი გვაქვს, მაგრამ მსგავსი რომანტიკული მომენტები აკას ძალიან უყვარს და ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ლამაზი სიურპრიზი გამიკეთა. ერთხელ იტალიაში ვიყავით და ძალიან ლამაზ ადგილას ხელახლა მთხოვა ხელი. თუმცა ხელის თხოვნასაც ვერ დავარქმევ, ეს ჩვენი სიყვარულის განახლებაა, ასეთი, ერთი შეხედვით, ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის გამოსაკვებად და გრძნობების განსაახლებლად – თითქოს ისევ შეყვარებულები ვართ. გადაცემის დღე ჩვენი შეხვედრის დღეს დაემთხვა და აკამ კიდევ ერთხელ გამომიწოდა თავისი ხელი.

– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– ჩვენ ცეკვაზე დავდიოდით ერთად. აკას თავისი მეწყვილეები ჰყავდა, მე სოლოს ვცეკვავდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ აკა მეწყვილეს დაშორდა, არადა ხუთ დღეში საქართველოში ტარდებოდა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდების ქვეჯგუფში და გადავწყვიტეთ, ერთად გვეცადა ბედი. ხუთ დღეში დავდგით ხუთი ლათინოამერიკული ცეკვა. ეს ჩვენთვის პირველი ტურნირი იყო, თან, საერთაშორისო და ნახევარფინალში მოვხვდით, საუკეთესო 12-ეულში, როცა მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი წყვილი მონაწილეობდა. საქართველოსთვის ეს დიდი მიღწევა იყო, მთელი ფედერაცია ფეხზე იდგა, უამრავი ადამიანი გვგულშემატკივრობდა. სიყვარულის ცეკვას ვასრულებდით და არ ვიცი, ამ მიღწევით გამოწვეული სიხარულისა თუ ჩვენს შიგნით არსებული ჯერ შეუცნობელი გრძნობის გამო, ერთმანეთს ვაკოცეთ. უფრო სწორად, ეს ამბორი იყო. ძალიან ლამაზად გამოგვივიდა, მაგრამ პარკეტიდან რომ გამოვედით, ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით, ეს რა დაგვემართაო. ცოტა ხანში მივხვდით, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ნელ-ნელა ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.

– ზოგადადაც და მით უმეტეს, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ?

– მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი, თან მგონია, რომ ქალმა არასდროს უნდა იეჭვინოს და მამაკაცთან ურთიერთობაში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, ფორმა შეინარჩუნოს, მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ეჭვიანობის მომენტები არ ჰქონდეს. აკას რაც შეეხება, ძალიან ეჭვიანი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი ერთად ვართ, სულ ეჭვიანობს. ხან მობილურში ჩაიხედება და ვითომ არ იმჩნევს, რას ამბობ, რა ეჭვიანობაო, მაგრამ პატარ-პატარა „კონტროლი“ იცის, თუმცა მე თვითონ არ ვაძლევ ეჭვიანობის საბაბს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი