როგორ ისვენებს ცუცა კაპანაძე მუშაობისას და ვინ გაიტაცა ის სცენიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00

ზაფხული, როგორც წესი, დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ვნახოთ, როგორ ატარებს მას ცუცა კაპანაძე და რომელი განტვირთვა ანიჭებს მას ყველაზე დიდ ბედნიერებას.
ცუცა კაპანაძე: ჩვენი ქართული კულტურის ცენტრში ზაფხულის არდადეგები დაიწყო, მაგრამ ჩემთვის ჯერ არ დაწყებულა, სულ სამსახურში ვარ. საშინელ სიცხეებს გავექეცი და მაიამის შევაფარე თავი. გამიმართლა, იქ მართლა არ ცხელოდა ასე ძალიან და ჩემს მეგობრებთან ერთად, ოთხი დღე საოცრად ვისიამოვნე. 18 წელია, აქ ვცხოვრობ და მაიამიში ნამყოფი არ ვიყავი. ძალიან მომეწონა, თავისი ხიბლი აქვს და ძალიან ვისიამოვნე. ახლა უამრავი გეგმა მაქვს, არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ძალიან მინდა, მონაკოში წავიდე, მოვივლი ყველაფერს. დიდი სურვილი მაქვს საქართველოში ჩამოვიდე, მაგრამ ზაფხულში ვერ მოვახერხებ. ჩემს თეატრს – თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ აქვს პროექტი – ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს უნდა, რომ აღადგინოს რეზო კლდიაშვილის პიესა და მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ჩემს თეატრში ვითამაშო. რეპეტიციები სკაიპით მომიწევს, მაგრამ პრემიერისთვის ათი დღით ადრე მაინც უნდა ჩამოვიდე, რომ დადგმა მოვასწროთ. პრემიერა თბილისში შედგება, მერე ჩვენი რეჟისორი დასავლეთშიც გეგმავს წასვლას. არ ვიცი, რა და როგორ მოხერხდება, რადგან მე აქ, პარალელურად, საბავშვო თეატრი მაქვს – „დანსინგ ქრეზისი“. ახლაც მათ პიესაზე ვმუშაობ სახლში. პლუს, ნიუ-იორკის ქართულ თეატრში გიორგი წითური ახალ პიესაზე იწყებს მუშაობას. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე უნდა შევათავსო, რომ არაფერს მოვაკლდე და თან დავისვენო (იცინის). ამიტომაცაა, რომ დასვენების დრო არ მაქვს.
– ცოტა ხნის წინ ვუყურე ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონას ვიდეოს, რომელიც ამბობდა, ვმუშაობ და ფული არ მაკლია, მაგრამ დრო არ მაქვს მის დასახარჯად, მუშაობის გარდა დრო არაფრისთვის მრჩებაო.
– მართალია, სულ რუტინაში ვარ. რომ გითხრა, ფული გადადებული მაქვს-მეთქი, მოგატყუებ, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა დასასვენებლად მივდივარ, კრედიტს ვიღებ და ამ კარტებს რომ ჩამოვუსვამ, ვხუმრობ ხოლმე, რა მენაღვლება-მეთქი (იცინის). მეტყვიან ხოლმე, კი, მაგრამ, შენი გასასტუმრებელი არ არისო... არა უშავს, სანამ მოვკვდები, გავისტუმრებ, თუ ვერა და წავიღებ ამერიკის ვალებს და წავალ (იცინის). აქ დრო ისე ჩქარა გადის, თითქოს ვერაფერს ასწრებ. უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი და ხანდახან ვამბობ ხოლმე, შვიდი სამუშაო დღიდან რვა დღე ვმუშაობ-მეთქი (იცინის). უამრავი საქმეა გასაკეთებელი. საქართველოში სამი-ოთხი დღით თუ ჩამოვალ ხოლმე, ისიც რაღაც ღონისძიების გამო. როგორც ასეთი, ერთი კვირით ან ათი დღით დასასვნებელად რომ წავიდე და განცხრომას მივეცე, ასე არ შემიძლია. მე დასავენებლად 3-4 დღით მივდივარ ხოლმე, მაგრამ ესეც ძალიან ბევრის მომცემია, დიდი განტვირთვაა. როცა არ ფიქრობ, ვაიმე, ახლა რეპეტიცია მაქვს, ვაიმე, სამსახურში ეს მაქვს გასაკეთებელი და ასე შემდეგ. ტვინი ისეა მომართული, გინდა არ გინდა, მაინც გეფიქრება, მაგრამ ფიზიკურად განტვირთვა გონების განიავებაშიც გეხმარება. მადლობა უფალს, ასე ჯობს, მირჩევნია, დატვირთული ვიყო, ვიდრე არ ვიცოდე, რა გავაკეთო და მხარ-თეძოზე ვიყო წამოწოლილი. ხანდახან მშურს ასეთი ადამიანების, რომ იტყვიან ხოლმე, ერთი თვით მივდივარ დასასვენებლადო, მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, ერთი თვე რა დამასვენებს.... არ შემიძლია, უმოქმედოდ გავატარო ამდენი დრო. მე თუ ქაოსური ცხოვრება არ მაქვს, ისე ვერ გავძლებ. ან რომ იტყვიან ხოლმე, მთაში ვისვენებ, ჩიტების ჟღურტული რომ მესმისო, ჩიტების ჭიკჭიკს რა სჯობს, მაგრამ ორ დღეზე მეტი არც ეს შემიძლია (იცინის). თუ ჩემს გარშემო ქაოსი და ხმაური არ არის, არ შემიძლია.
ჩემთვის იდეალური დასვენება, ოჯახთან ყოფნის შემდეგ, ჩემს ბავშვებთან ახალ სპექტაკლზე მუშაობაა. ჩემს ბავშვებს რომ ტვინის შერყევამდე მივყავარ და 200-ზე ამდის წნევა, ეს განტვირთვაც არის, სიყვარულიც და ბედნიერებაც. ეს პატარები ყველაფერს მაძლევენ. რეპეტიციების დროს მაგიჟებენ, არ იცით, როგორ ვკივი და ვწივი. მერე მოვლენ, მაისურზე ჩამომქაჩავენ და მეუბნებიან, ცუცა, რატომ ყვირი, რატომ იშლი ნერვებს? აი, ნახავ, სპექტაკლს ყველანი კარგად ვითამაშებთო. მე ვიწყებ ისევ ყვირილს, მე ხომ უნდა ვიცოდე, რას და როგორ აკეთებთ-მეთქი, ასეთია მსახიობის პროფესია და ისინი ისევ მამშვიდებენ, ერთი ყავას მომირბენინებს, მეორე – წყალს, დალიე, ცუცა, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნებაო (იცინის).
– დავუბრუნდეთ ზაფხულს, ხართ ამ სეზონის ადამიანი?
– იანვარში ვარ დაბადებული, მაგრამ სიცივის ატანა არ მაქვს. მირჩევნია 60 გრადუსი იყოს ტემპერატურა და სადმე კონდიციონერთან ვიჯდე. თუ გარეთ ვარ, ჩრდილში დავჯდები. სიცივე და უამრავი ტანსაცმლის ჩაცმა არ შემიძლია. ზაფხულში ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ ოკეანეში ცურვის მოყვარული არ ვარ. აუზი მიყვარს და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განტვირთვა. საათებს გავატარებ წყალში და მერე სიამოვნებით გავირუჯები. შუადღისით არ გავალ გასარუჯად. დილით, 6-10 საათამდე და საღამოს 5-ის შემდეგ კი – ბატონო. მზის გარეშე, მზის ენერგიისა და D ვიტამინის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. ერთი პერიოდი პრობლემა მქონდა, D ვიტამინი ნულზე გაქვსო, ექიმმა მითხრა და წამალი გამომიწერა. ვირუჯები-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ არის საკმაირისიო. ერთი კურსი ჩავიტარე, მაგრამ მერე შევწყვიტე. სხვათა შორის, სულ ვეურჩები ექიმებს. არ მიყვარს წამლის მიღება. მირჩევნია, მე თვითონ გამოვიჯანმრთელო თავი და ამ შემთხვევაშიც ვცდილობ, ხშირად გავირუჯო მზეზე, რომ D ვიტამინის ნაკლებობა შევივსო, ზამთრისთვის მარაგი უნდა დავაგროვო, დათვივით (იცინის).
ზღვასთან და ზაფხულთან ყველაზე კარგი თავგადასავლები „პასეანსს“ უკავშირდება. ყველანი ერთად დავდიოდით. ერთხელ ბათუმში კონცერტი გვქონდა, მერვეკლასელოს შესრულების დროს დარბაზში ჩავდიოდი ხოლმე და მაშინაც ასე ვაპირებდი, მაგრამ ხალხი სცენასთან ისე ახლოს იდგა, ჩასასვლელი კიბე ვეღარ დავინახე, ფეხი დამიცდა და მაყურებელში ზურგით გადავვარდი. დამტაცეს ხელი და ხელიდან ხელში გადავდიოდი. ვკივი და ვწივი, უკან დამაბრუნეთ-მეთქი. იქით, ცხონებული ალეკო თეთრაშვილი ყვირის: ხალხო, დააბრუნეთ, კონცეტი დაგვამთავრებინეთ და მერე სადაც გინდათ, იქ წაიყვანეთო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან