როგორ იქცა მაკო რატიანის ზღაპრული ცხოვრება ერთ დღეში ჯოჯოხეთად და რაში ეხმარება მას სამეფო შთამომავლობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:59 21.11
მაკო რატიანი ცოტა ხნის წინ „პოსტივის“ დილის ეთერიდან გაიცნო მაყურებელმა წამყვანის ამპლუაში. მისი ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.
მაკო რატიანი: ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ოჯახი საკმაოდ პატარამ, 15 წლის ასაკში შევქმენი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ასე ხდებოდა. მალე ტყუპი ბიჭის დედა გავხდი. ერთ წელიწადში კიდევ ერთი შვილი, მესამე ბიჭი გამიჩნდა და 17 წლის უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. ომი, ურთულესი პერიოდი, გაჭირვება, დეფიციტი ყველაფერზე, უშუქობა, უგაზობა... მაგრამ ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლების დახმარებით გავზარდეთ. მაშინ მე იმდენად პატარა ვიყავი, არსებული მდგომარეობის სიმძიმეს სრულად ვერ აღვიქვამდი. ჩემი მშობლები მედგნენ გვერდში და მადლობა ღმერთს, ძალიან თბილი ოჯახი მაქვს, მაშინ ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა, უტკბილესი ადამიანები და ყველა ერთად ვზრდიდით ბავშვებს.
სკოლა ექსტერნად დავამთავრე და 18 წლისამ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვასწრებდი. ახლაც ბევრს ვასწრებ და ალბათ, ეს ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. მე მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა არასდროს შემეძლო. სულ ახალ-ახალი საქმეების შესწავლას ვცდილობდი. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე და ძალიან თბილად და ტკბილად ვცხოვრობდით. თითით საჩვენებელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ასეთივე ოჯახი გვქონდა. მერე მეოთხე ბიჭი გამიჩნდა და 2016 წელს მეხუთე შვილი – გოგო გავაჩინე. ოთხი ბიჭისა და ერთი გოგოს დედა ვარ. რამდენჯერაც ღმერთმა შვილის გაჩენის ნება მომცა, იმდენჯერ გავაჩინე, სხვა რამეზე არც მიფიქრია.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ცუდი ამბები დაიწყო. ეს წინა მთავრობის დროს იყო. ჩემი ოჯახი რეპრესირებული აღმოჩნდა. ყველაფერი ძალიან აირია, მე და ჩემს მეუღლესაც დაშორება მოგვიწია.
– ამ პერიოდში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი გაიარეთ.
– ძალიან რთული იყო. გაჭირვება 90-იანებში როგორ არ გამოგვიცდია, მაგრამ მაშინ ყველაფერი სიყვარულით იყო გაჟღენთილი. სამეზობლოც კი ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ეს სულ სხვა იყო. ჩვენთვის 2008-2011 წლები იყო ჯოჯოხეთურად მძიმე. მაშინ მეორედ დავიწყე არსებობა. დედა ვიყავი და სხვა გზა არ მქონდა. ალბათ, დედის ინსტინქტმა გადამარჩინა.
– რაში მდგომარეობდა რეპრესიები?
– ჩემი მეუღლე ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. ჭკვიანი ადამიანი იყო და ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. თბილისში ძალიან წარმატებული ოჯახი გვქონდა. ეკონომიურადაც ძლიერები ვიყავით. მაშინ სუპერმარკეტების ქსელი გვქონდა, საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, ხუთ შვილს ვზრდიდით, ერთ დღესაც, გავიღვიძეთ და აღარაფერი გაგვაჩნდა: აღარც ბიზნესი, აღარც სამსახურები, აღარც სახლები, აღარც მანქანები. როდესაც ჩემი მეუღლე ციხიდან გამოვიდა, ფსიქოლოგიურად აღარ იყო ბოლომდე ჯანმრთელი და ერთ მშვენიერ დღეს, ხუთი შვილითა და ჩემი მშობლებით, ქუჩაში აღმოვჩნდი. ჩემი მშობლების სახლის გაყიდვაც მომიწია და მაშინ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი. როდესაც ადამიანი ასეთ გზას გადის, ისეთ შოკშია, რომ ასე თუ ისე, ყველაფერი გადააქვს, გააზრებასაც ვერ ასწრებს და მეც გადავიტანე. მერე მეგობრების დახმარებით შევძელი ბინის დაგირავება და შვილებთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. მე და ჩემმა მეუღლემ ვეღარ გავაგრძელეთ ერთად ცხოვრება. ვერ ცხოვრობდა ჯანმრთელად, არ იყო კარგად ფსიქოლოგიურად და ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. მანამდე მიჩვეულები იყვნენ ოჯახს, სადაც მხოლოდ სითბო, სიყვარული და ბედნიერება სუფევდა. ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო სხვანაირი ოჯახი, მაგრამ ასე მოხდა.
– ფეხმძიმეს მოგიწევდათ მთელი სირთულეების გამოვლა...
– კი, ყველაზე მძიმე ის იყო, რომ როცა მეუღლე დაიჭირეს, მითხრა, სახლი არ გაყიდო, მე აქ ვიქნებიო. ხუთი შვილით არ არის ადვილი ქუჩაში დარჩენა. წყნეთში გვქონდა აგარაკი და ვაკეში ვცხოვრობდით. ერთი საშინელი მომენტი არასდროს დამავიწყდება. ორსული ვიჯექი პოლიციის განყოფილებაში და წინ ჩემი შვილების ფოტოები დამიდეს, ჩემი 20 წლის ტყუპების და მათზე დამიწყეს ლაპარაკი. მაშინ „გავფუჭდი“. ყველაფრის გაყიდვას დავთანხმდი. კი, მოვლენ და იყიდიანო, მითხრეს და მართლაც, ორ დღეში მოვიდნენ, იყიდეს. თანხა, რა თქმა უნდა, იმათ მიცემულ ანგარიშზე გადარიცხეს. ისე მოხდა, რომ მხოლოდ ჩვენი სახლით ვერ დაკმაყოფილდნენ და ჩემი მშობლების სახლიც მივაყოლეთ. მერე, როცა გადავწყვიტე მემოქმედა, სამსახურის ძებნა დავიწყე. მანამ, სანამ ყველაფერი კარგად იყო, ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ტაილანდში ვიყავით დასასვენებლად და ძალიან მომეწონა იქაური სამზარეულო. ტურისტულად წასულმა იქიდან მზარეული წამოვიყვანე, ყველა საჭირო ნივთი ვიყიდე და თბილისში პირველი ტაილანდური რესტორანი გავხსენი. აქედან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამ ამბების დროს, რა თქმა უნდა, ჩემი რესტორანიც წაიღეს. ავდექი და ჩემი მეგობრის რესტორანში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დროში შეზღუდული არ ვიყავი, როცა მინდოდა, მაშინ წამოვიდოდი სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიჭირდა, გვიანობამდე ვრჩებოდი, რომ ტაქსის ფული ამეღო, მაგრამ ღამის ორ საათზე, სიბნელეში ფეხით მივდიოდი სახლში, რომ დილით ბავშვებს, ელემენტარული, პური და ჩაი ჰქონოდათ. იმ ტაქსის ფულს სწორედ ამისთვის ვიყენებდი. ის ხუთი ლარი, რომელსაც სამსახური ტაქსიში იხდიდა, ბავშვების საკვებად მადგებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია და არ გავბოროტებულვარ.
მერე და მერე რეკლამებში მიღებდნენ. რთულ პერიოდში რომ ღმერთი გზებს გამოგიჩენს, ზუსტად ასე იყო. თითქოს, მაგრძნობინებდა, აქ ვარ, რისი გეშინიაო?! შემდეგ ერთ-ერთი ბანკის პროტოკოლში დავიწყე მუშაობა, რეკლამაში გადამიღეს, მათი სახე გავხდი და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ცოტა მოვღონიერდით, თითქოს, ჩემი ადგილი დავიკავე ამ ცხოვრებაში. მივხვდი, რომ მე უფრო მეტს შევძლებდი. დედის ინსტინქტი სხვა ძალაა, დედა რომ შვილს აჩენს იმხელა პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველაფერს შეაძლებინებს. ცუდად ვარ და არ შემიძლია – ღალატია, ამის უფლება არ გაქვს. თან, ჩემს შვილებსაც უნდოდათ ლამაზი და მოწესრიგებული დედა ჰყოლოდათ. ყოველთვის ამაყობდნენ ამით. ყოველთვის ბედნიერები მეუბნებოდნენ ხოლმე, შენ ლამაზი ხარ, შენ ისეთი ხარ, შენ ასეთი ხარო და მათი სიამაყე, კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევდა. მერე ჩემი საკუთარი რესტორანი გავხსენი ოპერის უკან, სახელწოდებით – „ნეარ ოპერა“. ხალხს ძალიან შეუყვარდა, ბევრი სტუმარი გვყავდა, თითქოს რესტორანში კი არა, ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ სტუმრები. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მე ძალიან მიყვარს სტუმარი. ძალიან კოლორიტულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლებისთვის სტუმარი და სუფრა ცალკე აკადემია იყო და მათი დამსახურებით, ეს ყველაფერი ჩემთვისაც განსაკუთრებით ძვირფასი გახდა. ამიტომ სარესტორნო ბიზნესი ძალიან მიზიდავდა. შემდეგ თელავის ერთ-ერთი დიდი სასტუმრო-კომპლექსის გენერალური მენეჯერი ვიყავი. კეტავდნენ და ცოტა დრო ვითხოვე. საბედნიეროდ, იქაც ძალიან წარმატებით გავაკეთე ყველაფერი, ავამუშავე და მერე ისევ აქეთ დავბრუნდი.
– ამასობაში ბებიაც გახდით...
– კი, ამ მოვლენების სადღაც შუაში, ბებია გავხდი, მაგრამ ვამბობდი, ასაკით არ ვარ ბებია-მეთქი (იცინის). არაჩვეულებრივი რძალი და შვილიშვილი მყავს. ამასობაში ჩემი მეოთხე ბიჭი – ბუბუც წამოიზარდა. მადლობა ღმერთს, ყველა შვილი არაჩვეულებრივი მყავს, მაგრამ ბუბუს საოცარი დამოკიდებულება აქვს სიმღერის, ლექსის, საერთოდ ხელოვნების მიმართ. „არათანამედროვე ტიპია“. ვეხუმრებით ხოლმე, პატარა კოლორიტი ხარო (იცინის). არ მიყვარს ხოლმე თბილისელობის ხაზგასმა, მაგრამ ბოლო დროს თბილისელის ღირებულებებმა ძალიან დაბლა დაიწია და მიხარია, რომ ჩემს შვილში დიდი დოზით ვხედავ თბილისურ ღირებულებებს, ასევე, მის სამეგობროში. ერთხელაც, ბუბუ „პოსტალიონზე“ მიიწვიეს, შემდეგ, მასთან ერთად, მეც მიმიწვიეს.
– და ასე დაიწყო კიდევ ერთი ამბავი თქვენს ცხოვრებაში.
– კი, ასე დაიწყო. ჩვენმა მთავარმა პროდიუსერმა თამარა მაჭავარიანმა დილის ეთერის თანაწამყვანობა შემომთავაზა. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, მაგრამ ცოტა მეშინოდა ხალხის. ქართველები მაქსიმალისტები ვართ. ახალი ადამიანი რომ გამოჩნდება, ან მოგვწონს ან არა, საშუალო არ გვაქვს და არც დროს ვაძლევთ. ამიტომაც მეშინოდა, მაგრამ პირველივე გადაცემებიდან იმხელა სიყვარული წამოვიდა ხალხისგან, რომ სიხარულისგან გავგიჟდი.
– მგონია, რომ თქვენც არ გაგჭირვებიათ.
– არ გამჭირვებია. ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე და ამან ძალიან შემცვალა. ხუთი შვილის დედა რომ ხარ, გინდა თუ არა, ფსიქოლოგიას სწავლობ, ამას დავუმატოთ ჩემი განვლილი ცხოვრება, რამაც ძალიან ბევრი მასწავლა და საბოლოოდ, ფსიქოლოგიის სწავლამ ძალიან გამათავისუფლა. შედეგად, დღეს ვარ ის, რაც ვარ. არ შემიძლია თამაში და თავის მოჩვენება. ვფიქრობ, სილაღე და სიწრფელეა ყველაზე მთავარი და მგონია, რომ ეს უფრო მიდის ადამიანების გულებამდე. გარდა ამისა, მე და ჩემს მეგობარს სამი წელია, თბილისში პატარა რესტორანი გვაქვს და იქაც ძალიან მიყვარს ადამიანებთან შეხვედრა. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ამიტომ, როდესაც ტელევიზიაში ვიწყებდი მუშაობას, ვფიქრობდი, შემიყვარებენ – ძალიან კარგი თუ არადა, დავტოვებ ტელევიზიას, არც ეს არის პრობლემა-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან შევუყვარდი მაყურებელს, საოცრად თბილ შეტყობინებებს მწერენ და ეს საოცარი შეგრძნება ყოფილა.
საბოლოო ჯამში, მადლობა ღმერთს, ძლიერი ადამიანი აღმოვჩნდი. ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან სიყვარულში გავიზარდე, ამან ჯანსაღი ფსიქიკა ჩამომიყალიბა და მომცა ძალა, რომ ვაჟკაცურად გამეძლო ყველა სირთულისთვის. ამის წყალობითა და ძალიან დიდი შრომის შედეგად მართლა ძალიან ბევრს მივაღწიე. დღეს საკუთარი შრომით შეძენილ სახლში ვცხოვრობ, კარგი შვილები მყავს, მათთვის განათლების მიცემა შევძელი, მუშაობენ, ცდილობენ, გვერდით დამიდგნენ და ძალიან ამაყი ვარ ამ ყველაფრით. საქმე ისაა, რომ ბებია მყავდა პოლონეთის მეფის შთამომავალი და ჩემი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა, ალბათ, ჩემი წინაპრების დამსახურებაცაა (იცინის). დეპრესიაც იყო, სირთულეებიც, მაგრამ სულ მეუბნებიან, ისეთი ძლიერი ხარ, სახე არასდროს დაგიკარგავსო. მინდა, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ შვილებმა ჩემით იამაყონ და ალბათ, ამიტომაც არ დამიკარგავს სახე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან