შოუბიზნესი

როგორ იბრძვის ავთანდილ აბესლამიძე „აბრეშუმის გზის ვარსკვლავში“ საქართველოს გასამარჯვებლად და ვინ ეძახის მას მაჩოს

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

ავთო აბესლამიძე
დაკოპირებულია

ავთანდილ აბესლამიძე ასტანაში, ყაზახურ-ჩინურ მუსიკალურ კონკურს „აბრეშუმის გზის ვარსკვლავში“ საქართველოს წარმოადგენს. კონკურსი წელს პირველად იმართება და ძალიან დიდ მასშტაბებს მოიცავს. დეტალებზე ავთო თავად მოგვიყვება.

ავთანდილ აბესლამიძე: ჩინეთმა და ყაზახეთმა გადაწყვიტეს, რომ აზიის მასშტაბით ისეთივე პროექტისთვის ჩაეყარათ საფუძველი, როგორიც „ევროვიზიაა“ და მასში აბრეშუმის გზის ქვეყნები გაეერთიანებინათ. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოს საპატიო ადგილი უჭირავს. მიზანი მრავალფეროვანია, მათ შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცება.

გადაწყდა, რომ პირველ წელს კონკურსი ყაზახეთში ჩატარებულიყო. მასში წელს 12 ქვეყანა მონაწილეობს. რეალურად აბრეშუმის გზა უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს, მაგრამ პირველი წელია და ყველამ ვერ მოახერხა პროექტში ჩართვა.

იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის ყაზახური „ვოისის“ გამარჯვებული ვარ, როდესაც მონაწილეთა შორის საქართველო დაამტკიცეს, დამიკავშირდნენ და ჩვენი ქვეყნის წარდგენა შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

მე ამ კონკურსში ჩემს თავს არ წარმოვადგენ, აქ საქართველოს წარმომადგენელი ვარ. შესაბამისად, ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. კონკურსი ათი ტურისგან შედგება. თითოეული ტური ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. გვყავს ჟიური, რომელიც თორმეტივე ქვეყნის წარმომადგენლისგან არის დაკომპლექტებული. ჩვენს ქვეყანას დათო კენჭიაშვილი წარმოადგენს, თუმცა, წესებიდან გამომდინარე, ჟიური საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს ქულას ვერ უწერს. შესაბამისად, დათოს გარდა, ჟიურის ყველა წევრი მაფასებს. ამის მიუხედავად, მისი აქ ყოფნა ძალიან მამხნევებს, ძალას მაძლევს, რომ საუკეთესოდ გავართვა თავი ჩემს საქმეს. აქამდე რომ მოვედი, ამაში დათოს ძალიან დიდი წვლილია. შესრულების შემდეგ რომ გავხედავ და კმაყოფილებას შევატყობ, ეს დიდ სტიმულს მაძლევს.

– მხარდაჭერა მაყურებელსაც შეუძლია თუ მხოლოდ ჟიური იღებს გადაწყვეტილებას?

– ცხრა ტური წინასწარ იწერება და გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება კონკურსში ჟიური იღებს. ეს ჩანაწერები ეთერში 20 სექტემბრიდან გავა. ხოლო ფინალური ტური ნოემბერში იქნება. იმედი მაქვს, რომ საქართველო ფინალში იქნება, ამისთვის ვიბრძვი. გათვლა ორ მილიარდ მაყურებელზეა. ფინალი ყველა ქვეყნის ტელევიზიამ უნდა გააშუქოს. წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბია.

ფინალზე, ჟიურისთან ერთად, გადწყვეტილების მიღება მაყურებელსაც შეეძლება. ალბათ, სატელეფონო ზარებით. ვფიქრობ, აქაც იგივე პრინციპი იქნება – შენი ქვეყნის წარმომადგენელს ვერ დაუჭერ მხარს. როგორც ხვდებით, „ევროვიზიის“ პრინციპია. ფაქტობრივად, ეს არის აზიური „ევროვიზია“, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი. იმასაც გეტყვით, რომ სამომავლოდ, განიხილავენ, ეს კონკურსი აბრეშუმის გზის ყველა ქვეყანაში ჩატარდეს. მე უკვე ვიბრძვი, რომ საქართველოში ჩატარდეს და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა.

– როგორი მოლოდინი გაქვს?

– მოლოდინი ძალიან კარგი მაქვს. საერთოდ, ყველა კონკურსში ასეთი განწყობით ვარ და ვიმარჯვებ ხოლმე. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება და აზიური „ევროვიზიის“ გამარჯვებულის ტიტულს საქართველოში პირველ წელსვე ჩამოვიტანთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. სხვათა შორის, მკურნალობის კურსსაც გავდივარ, რადგან ამ დღეების განმავლობაში ავადმყოფობაც გამოვიარე.

– ყაზახეთში წლების წინ დიდ წარმატებას მიაღწიე. თუ შეხვდი ადამიანებს, ვინც იმ დროიდან გიცნობს?

– ტელევიზიამ ზუსტად იცოდა, ვინც ვიყავი, რადგან თვითონ შემომთავაზეს ამ კონკურსში მონაწილეობა, ზუსტად წლების წინანდელი გამარჯვების გამო. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამდენი წლის შემდეგაც გხვდებიან ადამიანები და გეუბნებიან, რომ მაშინ მგულშემატკივრობდნენ. სხვათა შორის, მათ შორის ორგანიზატორებიც არიან. საბედნიეროდ, უკვე ამ კონკურსშიც მყავს გულშემატკივრები, მათგან სასიამოვნო საჩუქრებსაც ვიღებ და მეც ვცდილობ, მაქსიმალურად აქტიური ვიყო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში. მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პატარაა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რეიტინგით არ ჩამოვუვარდებოდეთ დიდ ქვეყნებს. გადაცემებში მეძახიან და მეც არ ვიზარებ, ყველას ვსტუმრობ. „ტიკ-ტოკებშიც“ აქტიურად მიღებენ და სხვათა შორის, პროდიუსერები თვითონაც აღნიშნავენ, რომ კარგი რეიტინგი მაქვს, მეუბნებიან, ჩვენი მაჩო ხარო. მიხარია, რადგან, ფინალისთვის ძალიან გვჭირდება ეს რეიტინგი და იმედი მაქვს, საბოლოო ეტაპისთვის კარგ საფუძველს შევქმნი.

– როგორი კონკურენციაა?

– ძალიან ძლიერი. აქ ყველა ქვეყნიდან საუკეთესო მომღერალია შეკრებილი. თავისებურად ყველა კარგია, მაგრამ ყველაფერს ემოციები და იმწამიერად სწორი ნამღერი წყვეტს. ამ მხრივ, მე მეორე ტური ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან ავად ვიყავი. ჟიურიმ თვითონ მითხრა, ხმაზე რაღაც გეტყობაო. მე არ მინდოდა ამის თქმა, ქართველებს არ გვჭირდება შეცოდება-მეთქი, ეს პრინციპი მაქვს, მაგრამ წამყვანმა მაინც მათქმევინა. სხვათა შორის, შიდა სამზარეულოც ძალიან მგულშემატკივრობს. მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობ და ამას ძალიან ვაფასებ.

– როცა შემოგთავაზეს, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა? და როგორ ემზადებოდი ამ კონკურსისთვის?

– გამიჭირდა, რადგან ბათუმში ძალიან ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა. აწყობილი მქონდა ყველაფერი, მაგრამ იმხელა საქმე დაიდო სასწორის მეორე მხარეს – ქვეყნის წარმოჩენა უდიდესი მასშტაბით, რომ ამის მნიშვნელობა კარგად გავაცნობიერე. თან, რადგან მე დამირეკეს, ესე იგი, ასე უნდა მომხდარიყო. ხომ იცით, ღმერთი ტყუილად არ გიღებს კარს და მეც მივენდე მის ნებას. საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდები – მე ამის მჯერა.

– ემოციურად რა გაძლიერებს ამ პროცესში?

– ლოცვა მაძლიერებს, სულ ვლოცულობ. ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, როცა ცუდად გავხდი, რაღა მაინცდამაიც ახლა-მეთქი. აქ სასწაულად მშრალი კლიმატია, ბათუმის ნესტიანობაზე კი მოგეხსენებათ და ჩამოვედი თუ არა, ასეთმა ცვლილებამ მაშინვე იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე. ახლა კარგად ვარ, მადლობა ღმერთს. რთული პროცესია – დაძაბულობაც არის, თან, ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს. მთელი დღე აქტივობებითაა დატვირთული. გადაღებები, ინტერვიუები, ჩაწერები. მართლა მარტო იმისთვის მრჩება დრო, რომ ჩემებს მოსაკითხად დავურეკო, მაგრამ არ ვწუწუნებ, ყველაფრად ღირს, მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. ჩემი განსაკუთრებული სურვილი იყო, ყველა ინტერვიუში ქართულად მელაპარაკა და ეთარგმნათ, რადგან მინდა, ჩვენს მაყურებელს ჩვენი ლამაზი ენა ესმოდეს.

– რა არის ყველაზე რთული ამ პროცესში?

– როდესაც სხვა ქვეყნის ჟიურის ქულაზე ხარ დამოკიდებული, ცოტა რთულია, რადგან, ვფიქრობ, აზიური ქვეყნები არ იცნობენ კარგად საქართველოს, არ იციან, რა მდიდარი კულტურა და მუსიკალური სამყარო გვაქვს. ევროპამ და ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა იციან, სხვებმა შეიძლება – ნაკლებად. ამიტომ, როცა ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს, რომ შენი სამშობლო შენ უნდა გააცნო, ეს საკმაოდ რთულია. დაბალი ქულისთვისაც უნდა იყო მზად და ესეც დიპლომატიურად უნდა მიიღო, მადლიერი უნდა იყო ამისთვის, უფლება არ გაქვს არასათანადოდ მოიქცე, რადგან ქვეყანას წარმოადგენ და მხოლოდ შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. მოკლედ, მხოლოდ მუსიკალურად კი არა ფსიქოლოგიურადაც უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.

– საქართველოდან როგორი მხარდაჭერა გაქვს?

– ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. უამრავი ადამიანი მისურვებს წარმატებას და ყველასი მადლიერი ვარ, თითოეული საგულშემატკივრო კომენტარი ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. თუმცა, ვთხოვ, ყველამ ერთად, მე კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ წარმატება, რადგან მე აქ საქართველოს სახელით ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა