როგორ გაუმარტივა ინგა ბერაძეს რთული წლები დედამთილ-მამამთილმა და რა ტრაგედიები გამოიარა მან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 07.02
![ინგა ბერაძე ინგა ბერაძე](/files/2025/02/06/12425/inga-beradze_w_h.jpeg)
ინგა ბერაძე ძალიან პატარა იყო, როდესაც მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი კარიერა, ფაქტობრივად, 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ინგას შვილი კი 4 წლის იყო, როცა უკვე მასთან ერთად დადგა სცენაზე და მათი დუეტიც ყველამ განსაკუთრებულად შეიყვარა.
ინგა ბერაძე: სამი წლის ასაკში აღმომაჩნდა სიმღერის განსაკუთრებული ნიჭი და დედამ მაშინდელ პიონერთა სასახლეში მიმიყვანა. ჩემი პედაგოგი ძალიან ცნობილი მომღერალი, ციცინო ციცქიშვილი იყო. ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე და საერთოდ, ხელოვნების სამყაროში.
– მალევე მოექეცით ყურადღების ცენტრში და აღიარებაც სწრაფად მოიპოვეთ, არა?
– კი, ასე მოხდა. ახლა ძალიან ბევრი ბავშვი მღერის. მაშინ ძალიან ცოტანი ვიყავით და უფრო მეტად ვჩანდით. ძალიან ხშირად გვეძახდნენ სამთავრობო კონცერტებზე, თუმცა, არა მხოლოდ, ამის გარეშეც ბევრი კონცერტი იმართებოდა, სპორტის სასახლეში, ცირკში და ასე შემდეგ ახალი წელი იყო თუ სხვა დღესასწაული. ძალიან აქტიურები ვიყავით, საინტერესო ცხოვრება და ლაღი ბავშვობა მქონდა.
– თუმცა, მეორე მხრივ, სირთულეებიც იყო. პატარა ასაკში დიდი ტრაგედია გადაიტანეთ.
– დიახ, მამა რომ გარდამეცვალა, ძალიან პატარა ვიყავი. თან, ეს ზუსტად ახალი წლის პერიოდში მოხდა, 2 იანვარს, ბედობა დღეს. სუფრა გვქონდა გაშლილი, სტუმრებთან ერთად მოილხინა, იმღერა, უცებ შეუძლოდ გახდა და გული გაუჩერდა. ეს დიდი ტრავმა იყო ჩვენი ოჯახისთვის. უდიდესი ტრაგედია მოხდა. მამა ძალიან ახალგაზდა, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ, დედამ ძალიან ბევრი წელი გაატარა სირთულეებთან პირისპირ, მარტოობაში, მაგრამ მას არაფერი დაუკლია ჩემთვის და ჩემი დისთვის. დედამ მოახერხა, რომ ჩვენ უდარდელი ბავშვობა გვქონოდა. დედა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და მე და ჩემს დას გვეუბნებოდა ხოლმე, სამივე ერთად გავიზარდეთო. ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო, თავგამოდებული დედა და ბებია. სამი წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა. მაშინ ძალიან ბევრი ვიტირე და დღემდე ვტირი, მაგრამ სახლში არა, ჩემს ცრემლებს არავის ვაჩვენებ. სასაფლაოზე მივდივარ, ამბებს ვუყვები და თან ვტირი.
მას ძალიან ბევრჯერ უთქვამს, შენმა სიმღერამ გადამატანინა უმძიმესი წლებიო. დედა ჩემი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო. მისი დამსახურებით, მართლა ძალიან კარგად მახსენდება ბავშვობა. ყველაზე ლაღი და ბედნიერი პერიოდი იყო, მიუხედავად იმისა, რაც გადავიტანეთ. ახალგაზრდობასა და სტუდენტობის წლებიც ძალიან კარგი და შთამბეჭდავი მქონდა. მე მთელი ცხოვრებაა ვმღერი და ასე იყო სტუდენტობის წლებშიც. კონცერტები, გასტროლები, კონკურსები – ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს.
– ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცანით მომავალი მეუღლე – დათო გეგელაშვილი, ხომ ასეა?
– კი, სასახლეში გავიცანი მომავალი მეუღლე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ღონისძიებებზე. ის ბავშვობიდანვე ძალიან კარგი ორატორი იყო. ღონისძიებები მიყავდა, სადაც მე ვმღეროდი. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და ვმეგობრობდით. მერე ჩვენი მეგობრობა ბავშვურ სიყვარულში გადაიზარდა. 2-3 წელიწადში ერთად ყოფნის 50 წელიწადიც გვისრულდება და ალბათ, ოქროს ქორწილს გადავიხდით (იცინის). ამდენი წელი დიდი სიყვარულით მოვდივართ. დღეს ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო დიდია. თითოეული წელი მართლა ძალიან ბედნიერად გავატარეთ. ყველაფერში ურთიერთშეთანხმებით – ოჯახს ეხება საქმე თუ ხელოვნებას, ყველაფერში ერთად ვართ, ყველაფერს ერთად მივაღწიეთ. ჩემი მეუღლე შემოქმედებითადაც ძალიან მეხმარებოდა, სიმღერებსა და ლექსებს მიწერდა, როგორც ამბობს, მისი მუზა ვიყავი.
– არადა, საერთოდ სხვა პროფესიისაა...
– კი, თვითონ ფიზიკოსია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და სიმღერებსა და ტექსტებს არაჩვეულებრივად წერს. ამდენი წელია, ერთად მოვდივართ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ჰარმონიული წყვილი ვართ, ბედნიერი ოჯახი გვაქვს.
– ოჯახი საკმაოდ პატარებმა შექმენით და როგორ მოახერხეთ ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება?
– ნამდვილად პატარები ვიყავით, 18-19 წლისები. ჩვენი მშობლები გვეხმარებოდნენ, მაგრამ მამაჩემის მსგავსად, მშობლები ჩემს მეუღლესაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა. ჩვენი დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ჯერ დედა დაკარგა, შემდეგ – მამა, სრულიად ახალგაზრდები. მათ ოჯახშიც დიდი უბედურება დატრიალდა და კიდევ ერთი დიდი ტრაგედია გამოვიარე. თუმცა, შევძელით, ყველაფერს გავმკლავებოდით. ჩემი მეუღლე ძალიან ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანია. მე უფრო კონცერტებით ვიყავი დაკავებული, გასტროლებზე დავდიოდი, ოჯახს მეუღლე განაგებდა. როგორც ტიპურმა ქართველმა კაცმა ხელში აიღო ოჯახის სადავეები და ყველაფერს ძალიან კარგად გაუძღვა. ყველანაირად მიწყობდა ხელს და დღემდე ასეა, ძალიან მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
დაქორწინებიდან რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა და ამანაც მოგვცა საშუალება, უფრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი ოჯახურ ურთიერთობაში და თან, საქმეზე ვყოფილიყავით ორიენტირებული. ეს წლები, თითქოს, ცოტა რთული იყო, მაგრამ იმდენად არაჩვეულებრივ ოჯახში შევედი, ჩემი მეუღლე ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია, მშობლებიც საოცარი ჰყავდა, ძალიან შემიყვარეს, მეც ძალიან მიყვარდნენ და მათი დამსახურებით გამიადვილდა ოჯახური ცხოვრების დაწყება.
– შვილის დაბადების შემდეგ როგორ ახერხებდით პროფესიულად აქტიური ყოფილიყავით?
– ყველაფერს ვახერხებდი. საერთოდ არ გავჩერებულვარ. დედაც ძალიან მიწყობდა ხელს და მეუღლეც. სტუდენტი ვიყავი და ყველა სტუდენტურ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. სულ ვმღეროდი. პაუზა არ მქონია. ჩემი შვილი – გიგი პატარა რომ იყო, სახლშიც სულ ვმღეროდით, ხელოვნებით ვიყავით მოცულები, ახალ სიმღერებს ვქმნიდით. მაშინ უფრო ბევრი კონცერტი ტარდებოდა, ხშირად გამოვდიოდით ფილარმონიაში და სახლში თუ გარეთ, სულ რეპეტიციები გვქონდა. ასეთ გარემოში გაიზარდა ჩვენი შვილი და მანაც ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო სიმღერა. 4 წლის იყო, როცა ერთად გამოვჩნდით ტელეეკრანზე ჩვენი დუეტით. ეს კიდევ სხვა ემოცია იყო. სხვათა შორის, ეს ნაბიჯი მარტივად არ გადაგვიდგამს.
საჩოთირო ამბავი იყო. ძალიან დაგვეხმარა ფილარმონიის მაშინდელი დირექტორი, ბატონი დორიან კიტია. მოდი, გავრისკოთ, ვნახოთ, როგორ მიიღებს მსმენელი ინგას და გიგის დუეტსო, გვითხრა. გიგი ძალიან პატარა იყო და ვღელავდით, სცენაზე არ ეტირა (იცინის). ამხელა სცენაზე გამოვედი პატარა შვილთან ერთად, ეს დედა-შვილის ერთ-ერთი პირველი დუეტი იყო და მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. გიგისთვისაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა სცენაზე დგომა. როგორც ამბობს, მისი საუკეთესო პარტნიორი დედაა (იცინის). ჩემთვისაც ასეა, ჩემი შვილი ყველაზე კარგი პარტნიორია. მას შემდეგ სადაც გამოვსულვართ, გიგის ბავშვობაში თუ დღევანდელ დღეს, ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდებიან. ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ ხალხის სიყვარულს.
შემდეგ გიგიმ შექმნა მუსიკალური ჯგუფი „სინათლის წელიწადი“. ახლა უკვე მეოთხე ალბომზე მუშაობენ. მე და გიგი კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას, გიგის თავისი ჯგუფი ჰყავს – „გობლინები“ და რაც მთავარია, მე და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია გვაქვს უკვე სამი წელია და წელს ახალი ფილიალიც გავხსენით ვარკეთილში. მე, ასევე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ვგალობ.
ამასობაში ჩვენი ოჯახი გაიზარდა. გიგიმ არაჩვეულებრივი გოგონა მოიყვანა ცოლად – ქეთი ტყეშელაშვილი. ყოველთვის გვინდოდა გოგო და მიხარია, რომ მისი სახით შევიძინეთ. თამამად ვამბობ, რომ ორი შვილი მყავს. უფლის წყალობით, ორი ძალიან კარგი შვილიშვილი – 14 წლის დათუნა და 3 წლის დანიელი გვყავს და ბედნიერი ოჯახი გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან