როგორ გაუძლეს ეკატერინე გურგენიძის ოჯახის წევრებმა ძალიან ემოციურ თვეებს და რატომ გადაწყვიტა მან საჩუქრების დარიგება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:14
ეკატერინე გურგენიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე და ფინალისტი გახლავთ. გზა, რომელიც ამ მოკლე დროში გაიარა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. უფრო მეტს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ეკატერინე გურგენიძე: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უდიდესი გამოცდილება მივიღე. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მიხარია, რომ გამოვიდა. ამ პროექტმა განსაკუთრებული ემოციები დამიტოვა.
– წერდი პრიზებზე, რომელიც განხილვის საგანი გახდა. შენ ყველაფერი დაარიგე...
– კი, ჩემი პრიზები განხილვის საგანი გახდა, სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი რამ ხდება. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, არ ავყვე ხალხის კომენტარებს და ამაზე არც რეაქცია მქონდეს, მაგრამ რადგან ჩემი პრიზები ვიღაცისთვის სასაცილო გახდა, ამიტომაც დავწერე ჩემს სოციალურ ქსელში. არ გავბრაზებულვარ, არც მწყენია, უბრალოდ, ჩემი სათქმელი ვთქვი. ძალიან მინდოდა ჩემი მეწყვილე, გიორგი რევიშვილიც დაფასებულიყო, ამიტომ დოჰაში ის წავა. 1 000 ლარი, რომელიც მივიღე, წმიდა თეკლას მონასტერში გადაირიცხება, რაც შეეხება ესთეტიკური ცენტრისგან მიღებულ საჩუქარს, რადგან მე ჩემს ჩვეულ რუტინას დავუბრუნდი და ბათუმში ჩამოვედი, იმ გოგონებს დავუტოვე, რომლებიც მთელი გულითა და სულით მეხმარებოდნენ ცეკვების დადგმაში.
ხალხმა სიცილის საგნად აქცია, მინიმალური საჩუქრებია, ეს ის არ არის, რაც ტელეკომპანია „იმედს“ შეუძლიაო, მაგრამ ჩემგან მსგავსი კომენტარი არ მგონია სწორი. საჩუქარი როგორი იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და რაც გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მივიღე, უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო, ასე გამენაწილებინა.
– ფინალში როგორი მოლოდინი გქონდა?
– დარწმუნებული ვარ, თერთმეტივე მონაწილეს ექნებოდა გამარჯვების სურვილი და მოლოდინი. ამისთვის დანარჩენებიც ისევე შრომობდნენ, როგორც მე. ყველა ტურის შემდეგ მქონდა მოლოდინი, ან გადავლახავდი, ან ბათუმში დავბრუნდებოდი (იცინის). მაქსიმალური შრომის მიუხედავად, ცხოვრება ასეთია, კონკურსი კონკურსია და ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ამიტომ პროექტის დატოვებისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავი.
– მაგრამ ფინალში, როცა გამარჯვებას უკვე ერთი ნაბიჯი გაშორებს და ასე არ ხდება, მგონია, რომ ორმაგად ემოციურია.
– ნამდვილად, მაგრამ ფინალზე უფრო მეტად ნახევარფინალში ვინერვიულე. ფინალისტი უკვე სხვა რეგალიაა, ნახევარფინალში ერთი ნაბიჯი რომ მაკლდა ფინალამდე, ვფიქრობდი, ოღონდ ახლა არ დავტოვო პროექტი-მეთქი და მადლობა ღმერთს, რომ ფინალში აღმოვჩნდით. აი, ფინალი, საერთოდ, სხვა ადრენალინი და ემოციაა. მსგავსი აქამდე არასდროს მიგრძნია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სცენაზე მიცეკვია სხვადასხვა ქვეყანაში. ეს სასწაული იყო. გამოცდილი ადამიანები გვაფრთხილებდნენ, შეიძლება, ნერვიულობისგან კუნთებიც კი გაგიჩერდეთ და ემოციებს არ მისცეთ თქვენზე ზემოქმედების უფლებაო. არა უშავს, რომ ასე დამთავრდა, მთავარია, რომ დიდი გამოცდილება მივიღე.
– გაგიჭირდა ემოციების კონტროლი?
– ძალიან გამიჭირდა. ემოციების კონტროლი ხანდახან ცხოვრებაშიც მიჭირს. თან, მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ცოტა ნაკლებად ვინერვიულებდი, მაგრამ ჩემი გულშემატკივრები ისე მედგნენ გვერდში, ცეკვის დროს მარტო არასდროს ვყოფილვარ. აურაცხელი ადამიანების არმია მამხნევებდა, რომლებიც ჩემზე მეტად განიცდიდნენ ჩემს გამოსვლას. ყველა ნერვიულობდა, ლაივების შემდეგ მსგავსი ტექსტებით მირეკავდნენ, „ვაიმე, ძლივს დამირეგულირდა წნევა, წამლებს ვსვამთ“, „რომ გიყურებთ, ისე განვიცდით, გული გაგვიჩერდა“ და ასე შემდეგ. აი, ელემენტარულად, გულზე ხელი რომ დავიდო, მთელი ბათუმი ცუდად იყო და ამის გამოც ძალიან ვნერვიულობდი. ორმაგად საპასუხისმგებლო იყო.
– გულშემატკივრების დაპირისპირება კიდევ ცალკე თემაა და ესეც გამოსცადე ამ გზაზე. როდესაც ვინმეს რჩეული პროექტს ტოვებს, მათი გულშემატკივრები სხვებზე იწყებენ თავდასხმას, ეს შენზე როგორ მოქმედებდა?
– ყოველთვის ვცდილობ, ხალხის სიტყვებმა ჩემზე ზედმეტად არ იმოქმედოს, მაგრამ მეხუთე ტურში, როცა მართლა უძლიერესმა და საოცრად შრომისმოყვარე ადამიანმა დაგვტოვა, რატომღაც საქართველომ გადაწყვიტა, რომ დანარჩენი მონაწილეები, ვინც პროექტში დავრჩით, უნიჭოები ვიყავით და გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბრჭყვიალა შოუა, ძალიან სტრესულია. სიტყვა – კონკურსი – უკვე განერვიულებს, გინდა არ გინდა, შეჯიბრებაა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ხალისობ კიდეც. ცეკვების მოსამზადებლად ერთი კვირა გაქვს, კოსტუმირება, მუსიკა, ხალხზე ფიქრი, ძალიან ბევრი რამ არის, რაც გაღელვებს და რატომღაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ სანერვიულო გვაკლდა და ყველა უნიჭოებად შეგვრაცხეს. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. არა მარტო ჩემზე, ყველაზე. თერთმეტივე მონაწილე შერჩეული იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ყველაზე ნიჭიერი და კარგი მოცეკვავე. ყველა აკადემიური ანსამბლიდან იყო არჩეული, რაც ქართულ ცეკვაში უმაღლეს წერტილს ნიშნავს. 11 უნიჭიერესი მონაწილე იყო, თუმცა, ფორმატიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, ნებისმიერი რამ მომხდარიყო, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ნიკას გავარდნის შემდეგ, ჩვენ აღარ ვიმსახურებდით პროექტში დარჩენას. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, მერე უფრო მეტად მომინდა, დამემტკიცებინა, ჩემი შესაძლებლობები. საერთოდ, მგონია, რომ ცხოვრება და დრო თავად ამტკიცებს რეალობას, მაგრამ მაშინ ყველა ისეთი დაძაბული ვიყავით, რომ გვინდოდა, მაყურებლისთვის დაგვენახვებინა, რომ უნიჭო არავინ იყო (იცინის). მე მესმის, რომ ნიკას გავარდნამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი მანამდე რომ ყოფილიყო და ელემენტარული, ზარებით გამოეხატათ თავიანთი მხარდაჭერა, უკეთესი იქნებოდა. რეალურად, ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა ფინალში დგომას, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვხვდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა.
– მოდი, გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი, ანუ, როგორ მოხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“?
– ამ პროექტს პირველივე სეზონიდან ვუყურებდი. ძალიან პატარა ვიყავი და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ გავიზრდებოდი როგორ მოვხვდებოდი ამ პროექტში. მჯეროდა, რომ ამის დრო აუცილებლად მოვიდოდა.
წელს ექსპერიმენტული სეზონი ჩაატარეს და ფანტასტიკური გამოვიდა. ნოე სულაბერიძემ გადაწყვიტა, რომ არა ვარსკვლავები, არამედ აკადემიური ანსამბლებიდან აეყვანა მოცეკვავე-მსახიობები და ამისთვის რეგიონებში დადიოდა. მე მანამდეც მქონდა ნოესთან რამდენიმე მცდელობა. დამატებით მონაწილის შესახებ რომ წერდა ხოლმე სოციალურ ქსელში, მე ჩემ შესახებ ვწერდი (იცინის). ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ასე სპონტანურად შემოიჭრებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ნოე ჩამოვიდა, ქასთინგი გაიმართა და დაახლოებით, ერთ კვირაში მითხრა, ეკატერინე, გილოცავ, შენ აგარჩიეთო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საათივით აწყობილი ცხოვრება მაქვს, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი, ამ ოცნების ასასრულებალად, ყველაფერი უნდა დამეტოვებინა და თბილისში ჩამოვსულიყავი. გულით ვგრძნობდი, რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევდი.
– მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წლები ოცნებობდი, თუ იყო იმდენად რთული მომენტი, როცა ფიქრობდი: საერთოდ, რა მინდოდა, ასეთი რთული არ მეგონაო?
– კი, უკვე ყველამ იცის, როგორი ემოციურიც ვარ და ისიც იციან, რომ ძალიან ბევრჯერ ვაპირებდი თავის დანებებას. ჩემი ემოციებიდან გამომდინარე, ბევრჯერ მიფიქრია, ავდგები და წავალ-მეთქი. მაგრამ როგორც კი ამას გავაჟღერებდი, უფრო მეტი ძალა მეძლეოდა, დავრჩენილიყავი და ამასობაში ხიბლში შევედით. თავიდან პრობლემები არის, მაგრამ ბოლოში განსაკუთრებით ტკბილდება და მეტი ჟინი გეძლევა, ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.
– როგორი „გასაძლები“ იყავი გარშემო მყოფებისთვის?
– მგონი, ძალიან რთული (იცინის). გარშემო მყოფებისთვის იმდენად არა, ვცდილობდი, ყველასთან დაბალანსებული და თბილი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ ჩემს მეწყვილეს რომ ეს ჰკითხოთ... (იცინის). სულ ვთხოვდი, სწრაფად აეხსნა და რაც შეიძლება, მეტი. ვეუბნებოდი, შენიშვნები მომეცი, მიყვირე-მეთქი, ხან რას ვეუბნებოდი, ხან - რას. ის მაქსიმალურად გაწონასწორებული და მშვიდი იყო, რაც საერთოდ ჭკუიდან მშლიდა, მისი სიმშვიდე მაგიჟებდა და ცალკე ამაზე ვჩხუბობდი (იცინის).
– მეუღლემ და ოჯახის წევრებმა როგორ გამოიარეს ეს პერიოდი?
– ორთვე-ნახევარი, დედას, დედამთილს, დებს, დეიდაშვილებს, მამიდაშვილებს, ყველას თავი ჰქონდა გაკოჭილი, ყველას წნევები აწუხებდა და წამლებზე ისხდნენ (იცინის). მე, ჩემი ემოციურობის წყალობით, სულ ცრემლები მომდიოდა, თუმცა, შეძლებისდაგვარად ყველას ვამშვიდებდი. ჩემთან ერთად, ეს ორთვე-ნახევარი ჩემი მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები, ყველა დიდ სტრესში იყო და რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ ყველამ დაისვენა, ამოისუნთქეს და გამოიძინეს. დედაჩემი მეუბნება, ძლივს დავიძინე ისე, რომ არც გოჩა ჩერტკოევი მესიზმრება და არც „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ შენი გამოვარდნაო (იცინის).
აქამდე ვამბობდი ხოლმე, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა სიმღერებამდე და სიმღერის შემდეგ-მეთქი და ახლა უკვე ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება ცეკვებამდე და ცეკვების შემდეგ გაიყო-მეთქი. ამ პროექტმა ბევრი რამ გადამაფასებინა. ახლა ვიცი, რაზე უნდა ვინერვიულო და რაზე – არა. ბევრი რამ ვისწავლე და მიღებული გამოცდილება და ცოდნა აუცილებლად გამომადგება ცხოვრების გზაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





