როგორ გამოარჩია ყველასგან გიორგი ბაღათურია ადრიანა ლიმამ და რა წარმატება მოიპოვეს მან და თორნიკე ძავაშვილმა მსოფლიო მასშტაბით
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 07.06, 2023 წელი

გიორგი ბაღათურია და თორნიკე ძავაშვილი ორი წარმატებული ხელოვანია საქართველოდან, თუმცა ახლა მათი საქმიანობის არეალი თურქეთია. ცოტა ხნის წინ მათ საკუთარი ბრენდი შექმნეს და გულშემატკივრებს ძალიან კარგ სიახლეებს უმზადებენ.
გიორგი ბაღათურია იაგაში: სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი – პროფესიით კინომხატვარი და ტელევიზიის დიზაინერი ვარ. ძალიან ბევრ ფილმზე მიმუშავია ცნობილ რეჟისორებთან ერთად და დიდი გამოცდილება დავაგროვე. 20 წლის წინ გადავწყვიტე, სტამბოლში წამოვსულიყავი, მაგრამ სამუშაოდ არა, უბრალოდ, სამ მეგობარს დასვენება გვინდოდა. მერე აქ ქართველები გავიცანი, ქალაქიც მომეწონა, დროც უცებ გავიდა, თან პასპორტი გამიფუჭდა და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. მაშინ აქაური ცხოვრების ხარისხი და სტილი ძალიან განსხვავდებოდა თბილისისგან. ეს მომეწონა, მაგრამ არც ენა ვიცოდი, არც სამსახური მქონდა და ჩემთვის აქ ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ხომ ამბობენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ადგილას და სწორ ხალხში მოხვედრასო, მე პირიქით დამემართა – ვერ მოვხვდი კარგ ადამიანებში. ოღონდ გამეგო, რომ ქართველია და ყველას ვენდობოდი, რამაც ძალიან დამხია უკან. რთული გზის გავლა მომიწია. ხშირად ბინის პრობლემაც მქონდა, არაერთხელ ქუჩაშიც გამითენებია ღამე და სახლის სახურავზეც. წვიმაშიც მძინებია ღია ცის ქვეშ. ამ მდგომარეობაში გადავწყვიტე, ისევ საქართველოში გადმოვპარულიყავი და პასპორტი გამეკეთებინა. როცა პასპორტი გაქვს, თავისუფლად შეგიძლია გადაადგილება. გავაკეთე და ისევ სტამბოლში დავბრუნდი. მეორედ ჩამოსვლის შემდეგ ვცდილობდი, ჩემი პროფესიით მემუშავა და ხატვა დავიწყე. დიდ სავაჭრო ცენტრებთან ვცდილობდი თანამშრომლობას. ერთ-ერთმა ფირმამ ამიყვანა. მაშინ დიდი ანაზღაურება არ მქონდა, მაგრამ დავთანხმდი, რადგან მე შავ მუშად ვერ ვიმუშავებდი. იმიტომ კი არა, რომ მეთაკილებოდა, უბრალოდ, არ შემეძლო. მიმტანადაც ვმუშაობდი, მაგრამ გამომაგდეს – კლიენტს ფეხზე ლობიო გადავასხი. არ გამომდიოდა სხვა საქმე, გარდა ჩემისა. ამიტომ დასაწყისში მცირედსაც დავთანხმდი. შემდეგ უფრო დიდ ფირმაში დავიწყე მუშაობა – მამაკაცის ხაზზე. ფერმწერიც ვარ, კინომხატვარიც, მრავალმხრივი გამოცდილებები მაქვს და ეს დამეხმარა. ჩემი ესკიზები ძალიან მოეწონათ და ამ ფირმაში რამდენიმე წელი ვიმუშავე. ხალხი გავიცანი, გზები გამეხსნა და ძალიან ბევრი ბრენდისგან მივიღე შემოთავაზება. ყველაზე დიდი ბრენდი, რომელშიც უკვე ათი წელია, ვმუშაობ Kikiriki გახლავთ, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო მარკაა. საერთოდ, თურქეთში სხვა ეროვნების ადამიანს წინ მარტივად არ უშვებენ, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი ვიბრძოლე და შევძელი, მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიმეღწია. ანტალიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩვენებაზე მთელ მსოფლიოში ცნობილმა და საოცრად წარმატებულმა მოდელმა – ადრიანა ლიმამ სწორედ ჩემი კაბა აირჩია. ყველაზე დიდი წარმატება ამან მომიტანა. ეს ჩემთვის დიდი რეკლამა აღმოჩნდა. ყველგან ჩემი კაბის ფოტოები იყო, ყველას მისი დიზაინერი აინტერესებდა და უამრავი გზა გამეხსნა. ეს კაბა ადრიანა ლიმამ თვითონ აარჩია რამდენიმე კაბას შორის, ძალიან მოსწონებია. კაბისთვის ნაჭერიც მე შევქმენი და რამდენიმე წლის შემდეგ რობერტო კავალიმ გააკეთა იგივე ნაჭერი. ლიმას ჩემი გაცნობაც ნდომებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა. აქ ბრენდი, რომელშიც მუშაობ, წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევს. აქ ფირმის სახელია წინ წამოწეული, დიზაინერებს ნაკლებად ახსენებენ ხოლმე. როცა ჩემზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ჩემი ფირმა ყველანაირად ცდილობდა, ყველაფერი დაებლოკა, რომ მათგან არ წავსულიყავი. შეხვედრით ვერ შევხვდი ლიმას, მაგრამ ამ კაბას რამდენიმე წელი არ გასდიოდა მისი სუნამოს სუნი. მთელ მსოფლიოში ზუსტად 4 მილიონი ასეთი კაბა გაიყიდა.
– თორნიკე, თქვენც საკმაოდ რთული გზა გაქვთ გამოვლილი დღევანდელობამდე...
თორნიკე ძავაშვილი: საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა – უთანხმოება მშობლებს შორის, დაშორება, ფინანსური პრობლემები და ასე შემდეგ. საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე მუშაობა. თავიდან ფიზიკურად ვშრომობდი. ორი წელი მშენებლობაზე დამხმარედ ვმუშაობდი, რვა წელი მიმტანი ვიყავი. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ოპერაცია დამჭირდა და რამდენიმე თვით სახლში მომიწია ყოფნა. დედა ხელოვანია, ქსოვს, ქარგავს, კერავს. ნაქსოვ ტანსაცმელზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდა შეკვეთები და გადავწყვიტე, მასთან ერთად მემუშავა, თუმცა მანამდე, ჩხირი ან ყაისნაღი ხელშიც კი არ მჭერია. ვხატავდი, მაგრამ ხელობა არასდროს მიცდია. თავიდან დედამ სკეპტიკურად შეხედა ჩემს სურვილს, მითხრა, ერთ დღეში როგორ ისწავლიო. დიდი შეკვეთა ჰქონდა, ვერ ასწრებდა და ვუთხარი, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია და თუ ამიხსნი, აუცილებლად ვისწავლი-მეთქი. მთელი ღამე გავათენე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქსოვა ერთ ღამეში ვისწავლე. მერე ნელ-ნელა დავხვეწე ეს საქმე და მეც დავიწყე შეკვეთების აღება. საქართველოში საკმაოდ ცნობილი მქსოველი გავხდი. სხვათა შორის, ყველას უკვირდა მქსოველი და ბიჭი? (იცინის) რამდენიმე დიზაინერთან და შოუბიზნესის წარმომადგენელთან ვმუშაობდი: შორენა ბეგაშვილთან, ლალი ტოტიკაშვილთან, ლალო კარდიგანთანდა ასე შემდეგ. მალე გადავწყვიტე, ჩემი ბიზნესი გამეკეთებინა და ძალიან კარგად ვმუშაობდი.
– ალბათ, მისტერ ვალენტინის სტატუსიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში...
– კი, ასეა. ამ კონკურსში მონაწილეობას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ მეგობრის დაჟინებულ თხოვნაზე უარი ვეღარ ვთქვი. არ მქონდა ამბიცია, რომ საქართველოში ყველაზე ლამაზი ბიჭი ვიყავი, მაგრამ რატომღაც გავიმარჯვე (იცინის). ამან ცნობადობა მომიტანა და შეკვეთები მომემატა.
– გიორგის როგორ შეხვდით?
– მე და დედას საერთო გვერდი გვქონდა სოციალურ ქსელში, სადაც ჩვენს ნაქსოვებს ვდებდით...
გიორგი: შემთხვევით ვნახე მქსოველი ბიჭის გვერდი „ფეისბუქზე“ და მაშინვე დავინტერესდი. დავუკავშირდი და თვითონაც დაინტერესდა. თორნიკეს დედასთანაც აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ძალიან მომწონდა მათი ნამუშევრები. თორნიკეს სტამბოლში ჩამოსვლა შევთავაზე, საქართველოში ნაკლები გასაქანია ხელოვნების სფეროში და აქ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია-მეთქი, მაგრამ ვერ რისკავდა. მოგეხსენებათ, საქართველოდან ჩამოსული ბევრი ადამიანი აქ რასაც აკეთებს და ამიტომ რთულია უცხო ადამიანის ნდობა. მერე აღმოვაჩინეთ, რომ საერთო მეგობარი გვყავდა. თორნიკემ ეს რომ გაიგო, სხვანაირად განეწყო, ჩემ მიმართ ნდობა გაუჩნდა და გადაწყვიტა, ჩემი შემოთავაზება მიეღო.
თორნიკე: თავიდან ნამდვილად მიჭირდა მისი ნდობა. ვფიქრობდი, რომ ჩავიდე სტამბოლში და ქუჩაში დავრჩე, მატყუარა რომ აღმოჩნდეს, მერე რა ვქნა-მეთქი.
გიორგი: დღეს მე ვარ „კიკირიკის“ მთავარი დიზაინერი და თორნიკე როგორც კი ჩამოვიდა, ჩემს დამხმარედ დავაწყებინე მუშაობა. „კიკირიკი“ მსოფლიო ბრენდია და აქ მუშაობისთვის ბევრი რამის ცოდნაა საჭირო, მაგრამ თორნიკე ძალიან ნიჭიერია, ყველაფერი ისწავლა და უკვე „კიკირიკის“ მეორე დიზაინერია.
ჩვენ მიერ შექმნილი სამოსი მთელ მსოფლიოში იყიდება. ქართველ ვარსკვლავებსაც აცვიათ: წკრიალაშვილს, ბეგაშვილს, ბერგერს და ასე შემდეგ. ჩვენ შექმნილ სამოსს ატარებენ ცნობილი თურქი ვარსკვლავები და არა მხოლოდ, მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მაგალითად, ბრიტნი სპირსი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. ეს არის გლამურული, სექსუალური კაბები და აქსესუარები, რომელიც ადამიანს ყველასგან გამოარჩევს.
– ახლა რაც შეეხება თქვენს ბრენდს – T&G YAGASH-ს, როგორ შეიქმნა ის?
– წლების წინ გამიჩნდა სურვილი, ჩემი საკუთარი ბრენდი გამეკეთებინა და მას დედაჩემის გვარი – იაგაში დავარქვი. დედაც დიზაინერია. მე წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. იქ დედა ცნობილი კონსტრუქტორი და მკერავი იყო. მაშინ ამ პროფესიის ადამიანებს დიზაინერს არ ეძახდნენ. მთელი სოხუმი დედასთან იკერავდა სამოსს. მეც ძალიან პატარა ასაკიდან დავიწიყე კერვა და ეს სწორედ მისი დამსახურებაა. ამიტომ, როცა საკუთარი ბრენდის სახელწოდებაზე მიდგა საქმე, დედის გვარი ავირჩიე, თან, ძალიან გამორჩეული და ჟღერადი იყო. მერე თორნიკე რომ გავიცანი, გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა ბრენდი და ასე შეიქმნა T&G YAGASH ჩვენი ინიციალებით. ეს სახელი უცებ აიტაცეს, ძალიან მოეწონათ და მიხარია, რომ სწორი გათვლა გავაკეთეთ. ჩვენით ბრიტანული, ამერიკული და ესპანური მედია დაინტერესდა, საქართველოშიც გაგვაშუქეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს აქტიურობას ამ კუთხით და ახლა უკვე ჩვენი საკუთარი გამოფენისთვის ვემზადებით. „კიკირიკიში“ ძალიან ბევრი კოლექცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ ჩვენი სახელით ახლა გვექნება პირველი. ერთი წელია, რაც ჩვენი ბრენდი არსებობს, ვგრძნობთ, რომ ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ ჩვენგან და დარწმუნებულები ვართ, რომ იმედს არავის გავუცრუებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან