როგორ გახსნა 50 წლის ასაკში ეკა ყიფიანმა პარიზის მოდის კვირეული და რა გზით უხდებოდათ მშობლებს მისი თაყვანისმცემლებისგან დაცვა
ავტორი: ანკა რობაქიძე 17:22
ულამაზესმა ეკა ყიფიანმა 50 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეული გახსნა...
– ქალბატონო ეკა, სილამაზე გენეტიკურად მოგდგამთ, გვიამბეთ ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და აღიზარდეთ?
– დიახ, გენეტიკურად ლამაზი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე! გენეტიკასთან ერთად, იმაშიც გამიმართლა, რომ მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები და ბებო-ბაბუები, მათ ჩემში გემოვნება და სილამაზის აღქმის უნარი ჩამოაყალიბეს. ყოველდღე, როცა ვიღვიძებდი, ვხედავდი, დედა როგორი მოწესრიგებული იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სამსახურში მიდიოდა თუ სახლში იმყოფებოდა. ის საკუთარი თავის მოწესრიგებით პატივს გვცემდა გარშემო მყოფებს და საკუთარ თავს. თავად კერავდა ძალიან გემოვნებიან ტანსაცმელს. განებივრებული ვიყავით დედას შეკერილი სილამაზეებით. დედა ქიმიკოსი იყო, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბავშვობიდან ღრმა ცოდნა გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ადამიანის ცხოვრებაზე სწორი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ჩვენს სახლში ვერ იპოვიდით გაზიან სასმელებს თუ ძეხვეულს. მადლიერი ვარ, რომ ეს ცოდნა ბავშვობიდან შევიძინე. დედა და მამა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ, ერთად ამზადებდნენ საოცარ კერძებს. მაშინ, თუ ადამიანისთვის პატივისცემა უნდოდათ, რესტორანში არ ეპატიჟებოდნენ, ქალაქს თუკი ვინმე განსაკუთრებულად ცნობილი ადამიანი ესტუმრებოდა, ცდილობდნენ, ჩვენთან მოეყვანათ. ჩემ ირგვლივ ყველა არაჩვეულებრივი კულინარი იყო, ეს ნიჭი ქართველებს გენეტიკურად გვერგო. ესთეტები იყვნენ ჩემი საოცარი ბებოები, ყოველთვის ფორმაში და გაპრანჭულები. მახსოვს, სტუდენტობაში ბებოს ვთხოვე, ეჩუქებინა მისი სტუდენტობის პიჯაკი. ამ ყველაფერმა ჩამომიყალიბა თვითდისციპლინა, რომელიც მაბედნიერებს და კავშირშია ჩემი ცხოვრების წესთან თუ გარეგნობასთან. დღეს უკვე აღარც მშობლები მყავს, აღარც ბებო-ბაბუები.
– როგორც ძალიან ლამაზი, ალბათ, სულ ყურადღების ცენტრში იყავით ყოველთვის და ყველგან...
– ბავშვობა ძალიან ტკბილი და ლამაზი იყო. საბავშვო ბაღიც და სკოლაც განსაკუთრებულად მახსენდება. ამაყი ვარ, რომ ვსწავლობდი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, იქ, სადაც უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი სწავლობდა, გარემო, რომელმაც ჩემში დიდი დოზით ჩამოაყალიბა თვითდისციპლინა. მადლობა კლასიკური გიმნაზიის თითოეულ პედაგოგს! ყოველ დილით სკოლის კართან იდგა ჩვენი დირექტორი, ბატონი ილია გენძეხაძე. ის გულდასმით ათვალიერებდა, თუ რამდენად მოწესრიგებულად გამოვიყურებოდით, იყო თუ არა ჩვენი ბაფთა და მანჟეტები ქათქათა თეთრი. სკოლაში შესვენებაზე ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, ნანახ სპექტაკლზე. ეს გარემო და დისციპლინა ბავშვს პიროვნებად აყალიბებდა.
სკოლის ასაკიდან ყურადღების ცენტრში ვიყავი. ეს რთული წლები იყო, ჩემს მშობლებს მუდმივად უწევდათ ჩემი დაცვა. მიუხედავად მათი მცდელობისა, მე 16 წლის უკვე დაოჯახებული აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პატარა ასაკია, თუმცა, იმ პერიოდისთვის ეს ნორმად ითვლებოდა. მიუხედავად ადრეულ ასაკში დაოჯახებისა, გავხდი სტუდენტი და უნივერსიტეტიც წარჩინებით დავამთავრე.
– დედობამ შეგცვალათ?
– 17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. როცა დედა ხდები, სამყარო იცვლება. ვარ ორი მზეჭაბუკის – დავითისა და დემეტრეს დედა. ეს ის ორი მამაკაცია, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლებაა. ხშირად და-ძმანი ვგონივართ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დედაშვილობა, უპირობო სიყვარული – ეს ის იარაღია, რომელიც შვილებთან ყველაზე მეტად გაახლოვებს და მათგან, სიყვარულთან ერთად, დიდ პატივისცემას გრძნობ. დავითი 33 წლისაა, ის ბავშვობიდან ავტოსპორტით იყო გატაცებული, ჯერ კიდევ პატარა ასაკში საოცარ ნახატებს და მაკეტებს ქმნიდა. დღეს ის ძალიან წარმატებული მრბოლელი და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. თავის რჩეულთან, ულამაზეს ანასთან ერთად, ყოველდღიურად ქმნიან საინტერესო ცხოვრებას და უზომოდ მაბედნიერებს მათი ყოველდღიურობა. დემეტრე ახლახან გახდა 26 წლის. ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მუდმივად ვითარდება, სულ სიახლის ძიებაშია. მარტივად შეუძლია კომფორტის ზონიდან გასვლა. ეს ის თაობაა, ვისგანაც ძალიან ბევრ რაიმეს ვსწავლობ. უზომოდ მაბედნიერებს ჩემს შვილებთან ურთიერთობა. საათობით შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე. შვილებს უხარიათ, როცა დედა წარმატებული და ბედნიერია. ჩვენი ყოველდღიურობა მათთვის მაგალითია.
– ხართ ქალბატონი, რომელიც მუდმივად სიახლეებით გამოირჩევით...
– მე 45 წლის ასაკში გადავწყვიტე, შემეცვალა პროფესია. ჩემი შვილებისთვის ეს ნაბიჯიც მამოტივირებელია. მათ უკვე იციან, რომ ცვლილებები ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. 50 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულზე ჩვენება გავხსენი თინათინ მაღალაშვილის ულამაზესი სამოსით. არასდროს ვუშინდები გამოწვევებსა და სიახლეებს. მუდმივ მოქმედებას მოაქვს წარმატება. უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს დილიდან გემოვნებიანი მუსიკა ყავასთან ერთად. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიყვარს ეს ჯადოსნური სიტყვა ,,ბალანსი”. ოქროს წესია: „ბალანსი ყველგან და ყველაფერში!“ სამყაროს კანონია – რასაც გავცემთ, ის გვიბრუნდება. წლების მატებას მოაქვს დიდი სიბრძნე. დღეს უფრო თავდაჯერებული და ლაღი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





