შოუბიზნესი

როგორ გახდნენ თორნიკე ძავაშვილი და გიორგი ბაღათურია „ოქროს ორქიდეის“ მფლობელები და როდის აღმოჩნდნენ ისინი თურქული ელიტის ეპიცენტრში

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 17.06

თორნიკე და გიორგი
დაკოპირებულია

თორნიკე ძავაშვილი და გიორგი ბაღათურია წლებია, თურქეთში საქმიანობენ. ორი ქართველი დიზაინერის წარმატება ნელ-ნელა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. ამჯერად ქართველი ბიჭები ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები გახდნენ, რაზეც თავად მოგვიყვებიან.

თორნიკე ძავაშვილი: ცოტა ხნის წინ სტამბოლში, ხელოვნების ფესტივალ „ოქროს ორქიდეაზე“ დაგვაჯილდოვეს, როგორც „საუკეთესო ოტ კუტურ დიზაინერები“. შეაფასეს ჩვენი ნამუშევრები, იციან, სადაც ვმუშაობთ, იციან ჩვენ შესახებ, ასევე, იციან ჩვენ მიმართ აქაური შოუბიზნესის წარმომადგენლების შეფასებები და ყველაფერმა ერთად ასეთი შედეგი მოგვიტანა.

გიორგი უკვე დიდი ხანია, თურქეთში საქმიანობს, მე ხუთი წელია, რაც შემოვუერთდი. ჩვენი ბრენდი T&G YAGASH ახლა გაიცნეს და საოცრად მოხიბლულები არიან, თუმცა გიორგის ნამუშევრებს ბრენდ „კიკირიკის“ ფარგლებში წლებია, იცნობენ და მისით აღფრთოვანებულები არიან.

გიორგი ბაღათურია: ჩემი კაბები უამრავ თურქ ვარსკვლავს აცვია. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ სფეროში კარგად ერკვევა, მირჩია, რომ ჩვენი ნამუშევრები ამ ფესტივალზე წარმედგინა. ასეც მოვიქეცი და დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს, სადაც ლამის თურქეთის ყველა ვარსკვლავი იყო თავმოყრილი უამრავი სფეროდან. უეცრად დიდ ეკრანზე ჩვენი ბრენდი T&G YAGASH გამოჩნდა და ჩვენ გამოგვაცხადეს, როგორც „საუკეთესო ოტ კუტურ დიზაინერები“. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. განაცხადეს, ამდენი წელია, სტამბოლშია, მთელ შოუ-ბიზნესს მისი კაბები აცვია და იმსახურებს, რომ ეს ჯილდო აიღოსო. „ოქროს ორქიდეითაც“ დაგვაჯილდოვეს და იმ საღამოს ყველაზე სიმპათიურ მამაკაცებადაც დაგვასახელეს. ჩანაწერიც არსებობს, სადაც გვეუბნებიან, „ჰოლივუდის“ წარმომადგენლებს ჰგავხართო.

მეორე დღესვე დაიწყო რეკვა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან. ორი თვე არ იყო გასული, როდესაც გვითხრეს, რომ კიდევ ერთ საამაყო ნომინაციაზე ვიყავით წარდგენილები, ამჯერად „ოქროს ოსკარის“ კონკურსზე. უკვე სერიოზულად მოვემზადეთ, მასშტაბებიც გაცილებით დიდი იყო. კვლავ უამრავი ცნობილი ვარსკვლავი, ჰაი კლასის სტუმრები... აქაც იგივე – დიდ ეკრანზე ჩვენი ბრენდი და ჩვენ კი დაგვაჯილდოვეს, როგორც მისი დამფუძნებლები. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია.

თორნიკე: მართლა იმხელა სიხარული იყო, რომ თურქული დაგვავიწყდა (იცინის).

გიორგი: მე დიზაინერი ვარ და ატელიეში ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ამდენი ვარსკვლავისა და ასი ათასი კამერის წინ რომ დგახარ და ფოტოებს გიღებენ. დამიჯერებთ, რომ „დიდი მადლობა“ – ამის თქმა ვერ მოვახერხე თურქულად და მერჩივნა მიწა გამსკდომოდა (იცინის). ბოლოს ძლივს ამოვღერღე მადლობა და ბევრს აღარ გავაგრძელებ-მეთქი. დაინგრა ტაშით დარბაზი და ყველანი ბედნიერები ვიყავით (იცინის). მეორედაც ყველაზე სიმპათიურ ბიჭებად დაგვასახელეს. წინა კვირას ჩვენი ნანა სტამბოლიშვილი დააჯილდოვეს იმავე დარბაზში, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი. მე და ნანა ვმეგობრობთ და ესეც ძალიან გამიხარდა.

ასეთი დაფასება და ჯილდოები დიდ სტიმულს გაძლევს ადამიანს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ მე და თორნიკეს დღე-ღამეში 4 საათი გვძინავს. უკვე დამამშვიდებლებს ვხვამ, ძალიან რთულია ამ რეჟიმის გაძლება. სამსახურში „კიკირიკისთვის“ ვშრომობთ, სახლში ჩვენი საკუთარი ბრენდისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. როცა შრომას ვიღაც გიფასებს, პატარა ბავშვივით გული გიჩუყდება. ხვდები, რომ შენს ამდენ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ ხალხისთვის ვშრომობთ და როცა ვხედავთ, რომ საზოგადოება ამას აფასებს, ძალიან გვიხარია. დღეს ყოველდღიურ სამოსს ყველა კერავს, მაგრამ ასეთი გამორჩეული სამოსი, როგორსაც ჩვენ ვქმნით, ძალიან იშვიათია.

სილამაზე და ხელოვნება ყოველთვის განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ნამუშევრები ხელითაა შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ თავად საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვართ და მუდმივად განვითარებას ვცდილობთ, ობიექტურად თუ შევხედავთ, ნამდვილად გამორჩეულები ვართ. „კიკირიკის“ ფარგლებში უამრავი ნამუშევარი მაქვს შექმნილი და ის მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, მაგრამ ახლა უკვე T&G YAGASH-ის – საკუთარი ბრენდის განვითარებაზე ვზრუნავთ განსაკუთრებულად. საქართველოშიც გველიან, თინათინ მაღალაშვილმა მოგვიპატიჟა, მალე ჩამოვალთ და წარვადგენთ ჩვენს კოლექციას. „კიკირიკიში“ ჩემი უფროსი მეუბნება, მე ჩავდებ თანხას ამ საქმეშიო, მაგრამ არ ვარ თანახმა, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, ჩვენი ნიშა და ვხვდები, რომ ჩვენი ბრენდი უკვე ძალიან იქცევს ყურადღებას.

თორნიკე: უკვე ოთხი წელია, რაც ამ მიმართულებით ძალიან დიდ შრომას ვდებთ.

- თორნიკე თქვენ 5, გიორგი თქვენ კი 20 წელია, თურქეთში ცხოვრობთ და რამდენად ახერხებთ ქართული სულისკვეთების შენარჩუნებას?

გიორგი: დავიწყოთ იმით, რომ არაჩვეულებრივად ვაკეთებ ქართულ კერძებს. ამისთვის ყოველთვის არ მცალია, მაგრამ თუ რამე დღესასწაულია ან რაღაც განსაკუთრებული ხდება, სასწაულ კერძებს ვამზადებ. თორნიკე ცომეულს და ხინკალს აკეთებს არაჩვეულებრივად, ხორცეულს, სალათებს, ღომს და მჭადს – მე და ქართველ მეგობრებს ასე ვმასპინძლობთ. რომ მომიკითხავენ ხოლმე, იმას კი არ მეკითხებიან, როგორ ხარო, მეუბნებიან შენი კერძები მომენატრაო (იცინის).

თორნიკე: საქართველო ორივეს ძალიან გვიყვარს და ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში დავფუძნდეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს არ გამოვა, მაგრამ როცა შესაბამის ეტაპზე ვიქნებით, მერე – აუცილებლად.

გიორგი: თუმცა, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ საქართველოში გვიცნობდნენ. პირველ რიგში, ეს გვინდა, რადგან ჩვენი კუთხე ჩვენი ტკივილია. აქ, თურქეთში, ვკერავ ოტ კუტურს „კიკირიკიში“ და ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული ქართული სიმღერები, აბა, გაბედოს ვინმემ და მითხრას, დაუწიეო.

– ოცი წელი ძალიან დიდი დროა, როგორ ახერხებ ამას?

– თავიდან ბოლომდე ქართველი ვარ. დედა წარმოშობით ქართველი არ არის, მაგრამ მე სისხლის ბოლო წვეთამდე ქართველი ვარ. ქართულ სიმღერაზე მეტირება, ქართულ საუბარს რომ ვისმენ, მაშინვე ბურთი მადგება ყელში და ტირილს ვიწყებ. გონაშვილს და ქართულ ხალხურ ფოლკლორს რომ ავუწევ ბოლომდე, ჩემზე ბედნიერი არავინაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა