შოუბიზნესი

როგორ გახდა ვახტანგ ამანათიძე პრემიერ-მინისტრი და როგორია მისი 28-წლიანი სიყვარულის ისტორია

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 26.07, 2022 წელი

ვახტანგ ამანათიძე
დაკოპირებულია

მსახიობი ვახტანგ ამანათიძე მაყურებელმა ოთხი წლის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ პრემიერ-მინისტრის როლით გაიცნო. მას თეატრთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, პოპულარობა ეკრანზე გამოჩენას მოჰყვა.

ვახტანგ ამანათიძე: „ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინგმენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ დამირეკა და სინჯის გადაგზავნა მთხოვა. ასეც მოვიქეცი და ორ დღეში მითხრა, სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი თბილისში და დარჩენილი სერიები გადაგვეღო. გოჩა ცომაია, მსახიობი, რომელიც მანამდე თამაშობდა ამ როლს, სერიალს გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორდა და ასე გავხდი პრემიერი ოთხი წლის წინ (იცინის).

– რეალურად კარგად ერკვევით პოლიტიკაში?

– რომც არ გვინდოდეს, პოლიტიკა თვითონ გვეხება. არ მიყვარს, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ჯობია, მას მივუბრუნდეთ და ვაკეთოთ. დღეს საქართველოში ყველა პოლიტიკოსია, ყველა ამაზე საუბრობს, რაც დამღლელიცაა.

– ქვეყნის ნამდვილი პრემიერი რომ იყოთ, რას გააკეთებდით, გიფიქრიათ ამაზე?

– არა, არა. რატომ უნდა ვიყო პრემიერი, ღმერთმა დამიფაროს! ოთხი წელი ვიყავი ამ როლში, მაგრამ როლი, როლია. საქმე უნდა იცოდე და ისე მიიღო გადაწყვეტილებები. მე კი არ ვიცი, პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე, არასდროს დავინტერესებულვარ. როდესაც გაქვს საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებ, პოლიტიკოსობით რატომ უნდა გაიხადო თავი სალანძღავად და საგინებლად მთელ საქართველოში?!

– ალბათ, ამ როლს მოყვა პოპულარობა, როგორ გრძნობთ ამას?

– რამდენი წელიც არ უნდა იდგე თეატრის სცენაზე, ტელევიზიას და სერიალს თავისი ხიბლი აქვს და მასში რომ მონაწილეობ, ადამიანების დამოკიდებულება უკვე განსხვავებულია. პოპულარობას ვერ დავარქმევ, უფრო ცნობადობაა და კი, ასეც არის. ზოგი გიღიმის, სასიამოვნო დამოკიდებულებას გამოხატავს, გაკვირდება, თუმცა არის უხერხული მომენტებიც. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყოველდღიურად ვმოძრაობთ ქუჩაში, შევდივართ მაღაზიებში, რამეს ვყიდულობთ და ამ დროს ცოტა უხერხულობა იგრძნობა. მაგრამ, რომ გითხრათ, სასიამოვნო არ არის და პოპულარობამ დამღალა-მეთქი, არ იქნება მართალი. ჯერ იქამდე არ მივსულვარ, რომ დავღლილიყავი.

– რა გადაგხდათ თავს უხერხული?

– ხან მიტინგზე მეძახიან, როგორც პრემიერს. ხან უკვირთ, რომ პრემიერ-მინისტრი მეტროთი მგზავრობს. ხან უკვირთ, როგორ შეიძლება, სუპერმარკეტში რამე ვიყიდო. მსახიობს როლთან აიგივებენ, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა.

– მოგწონთ თქვენი პერსონაჟი?

– პერსონაჟი თუ არ შეიყვარე, გაგიჭირდება მასზე მუშაობა. მომწონს, რომ არავის ჰგავს. განსხვავებული პოლიტიკოსი და პიროვნებაა. ინტრიგებს არ ხლართავს. მგონი, ასეთი პოლიტიკოსები არ არიან. სუფთა ადამიანია, რომელიც ყველას თავდასხმის ობიექტი ხდება და ყველა ცდილობს გამოიყენოს, მაგრამ ხანდახან იძვრენს თავს. პერსონაჟი უნდა შეიყვარო, რომ ფერები შემატო. როგორ გამომდის, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

– ნამდვილ პრემიერზე რას ფიქრობთ?

– მე სულ ვამბობ, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მაჩვენეთ შეუცდომელი ადამიანი და მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს ან პირიქით – არავის უყვარს. ძალიან აპოლიტიკური ვარ და მინდა, ყველაფერს გავემიჯნო, რაც პოლიტიკას უკავშირდება.

– როგორ დაიწყო თქვენი, როგორც მსახიობის, გზა?

– ეს გზა ბავშვობიდან დაიწყო. ძალიან მიყვარდა თეატრი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ძალიან ხშირად დავდიოდი თეატრში. იქ სულ სხვა სამყარო იყო. წიგნს რომ ვკითხულობდი, პერსონაჟს გავითავისებდი და მის ყველა სიტუაციას საკუთარ თავზე წარმოვიდგენდი. ჯერ თბილისში, ახალგაზრდულ თეატრში ვიყავი, შემდეგ ქუთაისში მომიწია წასვლა და უკვე 27 წელია, აქ ვარ, მესხიშვილის თეატრში. პარალელურად, ახლა დმანისის თეატრშიც ვარ, ბატონ გიორგი სიხარულიძესთან ვთანამშრომლობ. ამ წუთშიც აქ ვარ, რეპეტიციები გვაქვს. ივლისის ბოლოს პრემიერა გვექნება. მსახიობობის გარდა, სხვა პროფესია არ მაქვს.

– ქალაქებმა ცოტა დამაბნია. სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

– მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში დავიბადე,. სწავლა და მუშაობა თბილისს უკავშირდება. შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს, რაღაც პერიოდით, ქუთაისში მოგვიწია გადასვლა და დავრჩით კიდეც. ჩემი მეუღლეც მსახიობია. თავიდან, თბილისი, რაღაც პრობლემების გამო, ერთი-ორი წლით დავტოვეთ, მაგრამ საოცარ ქალაქში, საოცარ ადამიანებში აღმოვჩნდი და აქედან წამოსვლაზე აღარც მიფიქრია. ქალაქიც საოცარია და ჩვენი თეატრიც პროფესიონალიზმით არცერთ თეატრს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, თბილისის დატოვების გამო ნოსტალგიას არასდროს შევუწუხებივარ. ჩემი მშობლები მცხეთაში ცხოვრობენ, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ვახერხებ ჩასვლას.

– რადგან მეუღლეც მსახიობია, ალბათ, თქვენი სიყვარულის ამბავიც თეატრალურ სამყაროში დაიწყო.

– დიახ. ერთმანეთი თბილისში, გიორგი შავგულიძის ახალგაზრდულ თეატრში გავიცანით. მას შემდეგ ერთად ვართ. ერთ თეატრში ვმოღვაწეობთ. ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც უცვლელი პარტნიორები ვართ. თუმცა, ოჯახში თეატრსა და რეპეტიციებზე არასდროს ვსაუბრობთ. სამსახური სამსახურია. თეატრს თავისი წესები აქვს, თავისი ინტრიგები და წარმატებები. ოჯახი სულ სხვა რამეა და შეიძლება, შინ ემოციებით ან ძალიან გადაღლილი დაბრუნდე, მაგრამ თეატრში მომხდარის გარჩევები არ გვაქვს, ყველაფერი რჩება იქ, სადაც ხდება.

– როგორია თქვენი რომანტიკული ისტორია?

– ვიხსენებ ხოლმე და ვამბობ, რომ შეიძლება, ჩვენს ისტორიაზე კარგი სცენარი დაიწეროს. იყო დაბრკოლებები, პრობლემები, მაგრამ მე არ ვარ პირველი, ვინც ამბობს, რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია და ყველა პრობლემას დაგაძლევინებს. ერთად ძალიან საინტერესო გზა გავიარეთ. ჩვენ ქირით ვცხოვრობდით, ერთ დღეს ერთმანეთს ხელი მოვკიდეთ, გავიპარეთ და ყველასგან მოულოდნელად, ჯვარი დავიწერეთ.

– მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

– თუ ადამიანი გიყვარს, შენ მასთან ერთად ბედნიერი ხარ და ერთად ყოფნა გინდათ, მე ვთვლი, რომ ამით მშობლებიც ბედნიერები უნდა იყვნენ. ხომ ძნელია მეორე ნახევრის პოვნა და თუ იპოვი, მერე მასთან ყოფნის სურვილი არავისში არ უნდა იწვევდეს პროტესტს, მე ასე მგონია. უკვე 28-ე წელია ერთად ვართ. ჩვენ ის წლები გამოვიარეთ, როცა ყველას ძალიან უჭირდა, რაც ხშირად გამხდარა, ოჯახების დაშლის მიზეზი. ჩვენ უფრო მეტად გაგვაძლიერა ამან. დროსთან ერთად, კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი სიყვარულმა. დღეს კიდევ უფრო მეტად ვუფრთხილდებით იმას, რასაც ამდენი წელია, ვაშენებთ. ორი ვაჟკაცი და ერთი შვილიშვილი გვყავს და ჩვენი პატარა ბუდე გვაქვს, რომელშიც ძალიან ბედნიერები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი