შოუბიზნესი

როგორ გახდა თიკა მახალდიანისთვის დედა იმქვეყნიური მფარველი და ვინ არის მისი ნივთების მთავარი „მტერი“

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 25.01, 2021 წელი

თიკა მახალდიანი
დაკოპირებულია

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ გარდაცვლილის დაბადების დღეს მიუსაჯა. როგორც თავად თიკა „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, არ სჯერა განზრახ მკვლელობის და ზოგადად, მისთვის ახლა ყველაფერი სულერთია. მას, უბრალოდ, დედის ჩახუტება ენატრება, თორემ მის გვერდით ყოფნას ყოველთვის გრძნობს.

თიკა მახალდიანი: გასული წელიწადი ყველასთვის მძიმე იყო, ჩემთვის კი – ძალიან მძიმე და მტკივნეული კვალი დატოვა – წამართვა ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ამაზე ცუდი წელი არასოდეს მქონია. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ წამში შეიძლება, ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს. სხვის ტკივილს შორიდან ვერ იაზრებ, ვერ ითავისებ, სანამ შენ არ შეგეხება და გამოცდი. მერე კი სხვანაირად იწყებ ცხოვრებაზე ფიქრს. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრება ერთი წამია და არაფერი ღირს არაფრად, მხოლოდ სიკეთე უნდა აკეთო და გიყვარდეს. სხვა არაფერი შეგრჩება.
– ამ ტრაგიკულმა ფაქტმა რა გაამძაფრა შენში?
– უკეთესობისკენ შემცვალა, ჩემში სიყვარულისა და სიკეთის გრძნობა გაამძაფრა. იმ დღეს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, ამ ტრაგიკულმა ამბავმა ძალიან შემცვალა-მეთქი. იმ საბედისწერო ღამემ რადიკალურად შეცვალა ჩემი მომავალი ცხოვრებაც.
– უკეთესობისკენ შეცვლაში რას გულისხმობ?
– უფრო დავაფასე ადამიანები, სიცოცხლე. მეტად მინდა, სიკეთე ვაკეთო, თუნდაც დედაჩემის გამო, რომელიც ზემოდან მიყურებს. ამ ტრაგედიის მერე უფრო მგრძნობიარე გავხდი, მეტად მიმაქვს გულთან ყველაფერი და ზუსტად ვხვდები ადამიანების ტკივილს.
– პირველად შეხვდი დედის დაბადების დღეს მის გარეშე. სწორედ, ამ დღეს იყო სასამართლო პროცესი ჩანიშნული და დამნაშავეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუ ხარ კმაყოფილი სასამართლო გადაწყვეტილებით და დედას როგორ მიულოცე დაბადების პირველი დღე იმქვეყნად?
– თითქოს საკრალური დამთხვევა იყო, როცა დედას დაბადების დღეს დაემთხვა სასამართლო პროცესი, რომელზეც განაჩენი უნდა გამოეტანათ მისი მკვლელისთვის. რვა წელი მისცეს განზრახ მკვლელობის მუხლით. თუმცა, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს განძრახ მკვლელობა იყო, არ მინდა, ცოდვაში ფეხი ჩავდგა. განზრახ რატომ უნდა მოეკლა? როგორც ვიცი, ეს საბოლოო განაჩენი არ არის. დამიჯერეთ, ამას მართლა არ აქვს ახლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა. რომ გავიგე, რვა წელი მიესაჯა დედაჩემის მკვლელს, არანაირი რეაქცია არ მქონია. უბრალოდ, ვიცი, რომ დედის გარეშე ცხოვრება მიჭირს და ესაა ჩემთვის მთავარი. პირველი დაბადების დღე იყო, როცა დედას იმქვეყნად მივულოცე დაბადების დღე – დილით ეკლესიაში მის სახელზე წირვა ჩავატარეთ, მერე კი სასაფლაოზე ავედით, თუმცა ძალიან მიჭირს იქ მისვლა. დედას რასაც ვაჩუქებდი, ყველაფერი უხაროდა და საოცარი გამოხატვის უნარი ჰქონდა. გამიჭირდა, როცა მისთვის ამ დაბადების დღეზე საჩუქრის არჩევაზე ფიქრი არ მომიწია და ძალიან მეტკინა. წელს პირველი თინათინობა იყო, როცა დედამ ჩემი სახელობის დღე არ მომილოცა. სულ მავიწყდებოდა და 12 იანვარი დადგებოდა თუ არა, 12 საათზე დედა რეკავდა და მილოცავდა – გილოცავ თინათინობას! წელს პირველად თავად გამახსენდა და ალბათ, დედამ გამახსენა იმქვეყნიდან და სულ ასე გამახსენებს. 14 თებერვალს ჩემი დაბადების დღე მოდის და მიჭრს იმის გააზრება, რომ დედა პირველი არ დამირეკავს და მომილოცავს. არაფერი მინდა მისგან, მხოლოდ ჩახუტება.
– ამბობენ, გადაულახავი ტკივილი და განცდა არ არსებობს. დროთა განმავლობაში, მას ეჩვევი და სწავლობ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებასო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– დიახ, ზუსტად ასეა. მიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, თუმცა, მიწევს და არა ვისწავლე – ვცდილობ და ვერ ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება. დილით, გაღვიძებისთანავე, ეს ტკივილი ჩემთან ერთად იღვიძებს. ვცდილობ, ძლიერი ვიყო, რომ თუნდაც შვილის გამო არ ჩავვარდე ლოგინად, არ მივეცე დეპრესიას, არ დავეცე. ყოველი დღე ასეა და ვგრძნობ, ამასთან გასამკლავებლად ძალას დედა იმქვეყნიდან მაძლევს.
– საახალწლო კონცერტებზე გაპრანჭული რომ დადექი სცენაზე, სოციალურ ქსელში წერდნენ, რა ადვილად გადაიტანა ტკივილი ამ გოგომ, როგორ იღიმის და მღერის დედის გარდაცვალებიდან ასე მალეო.
– საახალწლო კონცერტებზე რომ გამოვჩნდი, კომენტარებში მეც წავიკითხე, რა მალე გადაიტანა ტკივილიო და პასუხიც არ გამიცია, რა უნდა ველაპარაკო ასეთ ხალხს. ანუ, მათი აზრით, გულით საყვარელი ადამიანი მომიკლეს – დედა, გადავიტანე და ბედნიერი ვარ? მათთან პოლემიკაში არ შევალ და არც თავის მართლებასა და რაიმეს ახსნას დავიწყებ. უბრალოდ, ვუსურვებ, იყვნენ ბედნიერები. დიახ, მე ვმღერი, მე გავიპრანჭები და ბევრ რამეს გავაკეთებ, რადგან დედას ასე უნდოდა და მის გამო არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, დედამ იმქვეყნიდან უბედურს მიყუროს, არავითარ შემთხვევაში! მთელი ორგანიზმი მტკივა, მაგრამ არ ვიმჩნევ. გადაღება თუ მაქვს და სცენაზე ვდგავარ, ვცდილობ, ვიღიმოდე, ვითომ კარგ ხასიათზე ვარ. არ მინდა, უცხო ადამიანები ჩემი ტკივილით, განცდით და ცუდი ხასიათით დავამძიმო, ამიტომ მიწევს თამაში, ვითომ კარგ ხასიათზე ვარ.
– თიკა, სახლში გყავს პატარა ანგელოზი, რომელიც შენი ნივთების მთავარი „მტერია“. ხშირად დებ სასაცილო ვიდეოებს, სადაც შენი გოგონა კოსმეტიკას გინადგურებს. თუ უბრაზდები?
– სულ ვამბობ, სახლში, კირას სახით, პატარა ვირთხუნია მყავს-მეთქი (იცინის). სადაც უნდა დავმალო კოსმეტიკა, ყველგან ძვრება, იპარავს და ანადგურებს. ჭერში მიხდება კოსმეტიკის შენახვა მის გამო, მაგრამ იქაც პოულობს. პომადები გამინადგურა, აღარ გამაჩნია. ამას წინათ, სახლში რომ მივედი, ყველა ტუჩსაცხი გადალეწილი დამხვდა, გადავირიე, მაგრამ ვერ გავუბრაზდი. ძალიან მოსიყვარულე ბავშვია, ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმული, სულ მეფრება და მკოცნის და რაც უნდა გამიფუჭოს, როგორ გავუბრაზდები?! ეს ბავშვია მთავარი წამალი, რომელმაც ტკივილი გადამატანინა. მინდა, ვიტირო და მის გამო ვერ ვტირი. კირამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ხშირად ახსენებს ბებოს, არ დავიწყებია. რამეს რომ ჩაიცვამს, ამბობს: ეს თამუნამ მომიტანაო. ვფიქრობ, რაც უნდა მომხარიყო, ყველაზე ცუდი, იმ წელს უკვე მოხდა და ამ წელს ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, დედა იმქვეყნიდან მომცემს ძალას, მისი იმედი მაქვს. იმიტომ წავიდა იქ, რომ იქიდან უფრო კარგად დაგვეხმაროს. მინდა, შემოქმედებითად გავაქტიურდე. თან მერწყულის ეპოქა იწყება და მეც მერწყული ვარ ზოდიაქოთი. ასე რომ, ჩემი ეპოქა დაიწყო, მთავარია, კორონაც მალე გავაცილოთ. იცით რას მივხვდი? არც ოპტიმისტი ვიყავი და არც ძლიერი გოგო, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ასეთი უნდა ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი