როგორ გახდა „შრამები“ გივი პაპავას სავიზიტო ბარათი და ვის როლს ითამაშებს ის „ჰოლივუდში“ ჰონორარის გარეშე
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
ყველასთვის საყვარელი კომიკოსი მსახიობი გივი პაპავა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ ხიფათიანი ბავშვი იყო. არ უშინდებოდა ექსპერიმენტებს, რისი წყალობითაც, იმ ასაკიდან ბევრი „შრამი“ შემორჩა.
გივი პაპავა: კარგი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ზედმეტად ცელქი. ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა და ექსპერიმენტებს ვატარებდი, რომელიც ან „შრამით“ მთავრდებოდა, ან რამის გატეხვით. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, ძალიან ცელქი ვიყავი და ეს სიცელქე ზედმეტობაში გადამდიოდა, საკუთარ თავსაც ვვნებდი და სხვებსაც. არ დამავიწყდება, 5 წლის ასაკში სუპერ გმირზე ვუყურებდი ფილმს, რომელიც დაფრინავდა. მეც მომინდა ფრენა, გავვარდი აივანზე და გადმოვხტი მეორე სართულიდან. ყველას ეგონა, გარდავიცვალე, გამოვარდნენ და მე ვიჯექი და ვტიროდი, ფრენა არ შემძლებია-მეთქი (იცინის). დღემდე იხსენებენ ხონში, ჩემს სოფელში, ამ ამბავს და ამბობენ ღმერთს ჰყვარებიხარო. ორი სანტიმეტრით გვერდით რომ დავვარდნილიყავი, გადარჩენის შანსი არ იყო, მე კი მართლა ღმერთმა გადამარჩინა. ძალიან მიყვარდა ქვეწარმავლები. მეხუთე კლასში ვიყავი, გველს გამოვეკიდე, მინდოდა, დამეჭირა. კუდზე მოვკიდე ხელი, შემობრუნდა და მიკბინა, გული წამივიდა და საავადმყოფოში მეორე დღეს მომიყვანეს გონს. აქაც ღმერთმა მიშველა. მეგობრებს ვეუბნებოდი: მოდი, ველოსიპედი დავშალოთ და შევეჯიბროთ, რომელი ავაწყობთ უფრო ადრე-მეთქი. დავაშლევინებდი და მერე ვეღარ აწყობდნენ და იყო ერთი ამბავი (იცინის). ხან ნაწილი გვაკლდებოდა, ხან ზედმეტი იყო. მოკლედ, მიყვარდა ცდების ჩატარება, თუმცა ამით სხვას ფიზიკურ ზიანს არ ვაყენებდი, უბრალოდ, ექსპერიმენტებს ვატარებდი და მერე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქი ვიყავი და არც ექსპერიმენტებს ვერიდებოდი, არ მიყვარდა ახალ წელს მაშხალების სროლა და პიროტექნიკის გამოყენება. ხმაური არ მსიამოვნებს და დღემდე ასე ვარ. დამეფიცება, ბავშვობაში მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, ასაფეთქებელი მიყიდეთ საახალწლოდ-მეთქი. ამის სურვილი არასდროს მქონია. ახალ წელზე გამახსენდა, შარშანწინ, ჩემი ბავშვის ბაღის ზეიმზე თოვლის ბაბუა ვიყავი. ვინც უნდა ყოფილიყო თოვლის ბაბუა – ღიპიანი, მოსული ტიპი, შეუძლოდ გახდა. რადგან სამსახიობო გამოცდილება მქონდა, გადაწყვიტეს, თოვლის ბაბუა მე ვყოფილიყავი. მოკლედ, ყველაზე პატარა და სასაცილო თოვლის ბაბუა ვიყავი.
– შენი სიცელქის გამო ბავშვობაში ხელ-ფეხი თუ მოგიტეხავს?
– როგორ არა. ერთ დღეს ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე. ვლახტაობდი, ცუდად დავხტი და ფეხი ვიღრძე, თუმცა, ვერ ვიგრძენი, გავაგრძელე ლახტაობა, ავხტი, ცუდად დავეცი და ფეხი ორ ადგილას გადამტყდა. თავის გატეხვა კი ჩემთვის ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავი იყო (იცინის). რომ გავრბოდი, უკან ვიხედებოდი და ამ მომენტში, ხან რას ვეჯახებოდი, ხან რას და ხან თავის ვიტეხავდი და ხან ტვინის შერყევა მქონდა.
– ესე იგი, ბავშვობიდან ბევრი ნაიარევიც შემოგრჩებოდა.
– ბავშვობის სიცელქიდან შემორჩენილი უამრავი „შრამი“ მაქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მათ შორის, თავზე მაქვს ერთი დიდი შრამი, რომელსაც ყველა ამჩნევს და ინტერესდება, რა დაგემართაო. მეზობლის სახურავზე შემივარდა ბურთი, ქვემოდან ჯოხით მინდოდა ჩამომეგდო, იქიდან გადმოვარდნილი კრამიტი დამეცა და კარგი დიდი ჭრილობა მქონდა, რამაც უდიდესი „შრამი“ დამიტოვა და დღემდე სავიზიტო ბარათივით ვატარებ (იცინის). ასე რომ, ჩემი „შრამები“ ჩემი სავიზიტო ბარათებია (იცინის).
– წლების მატებასთან ერთად, მოეშვი ექსპერიმენტებს თუ ხიფათები დღემდე მოგყვება?
– ბავშვობის სიცელქეების მერე, დიდობაში, ცოტა სიფრთხილე ვისწავლე, მაგრამ ბოლომდე ვერ ავცდი, ხიფათები ჩემდაუნებურად მემართება. აი, მაგალითად, შეიძლება, ყავას ვსვამდე და ისე გავერთო ლაპარაკში, დამავიწყდეს ხელში რომ ფინჯანი მიჭირავს და ხელიდან გამივარდეს, ან გადავისხა. საჭესთან მჯდომსაც მქონია შემთხვევა, წითელზე გამივლია. მერე გამიჩერებია მანქანა და მინერვიულია, ასე რატომ დამემართა-მეთქი. ზოგადად, უყურადღებო არ ვარ, პირიქით, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ვარ, უბრალოდ, ფიქრებში მივდივარ და რაღაც მომენტში ვითიშები. სხვათა შორის, სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში და ეს იყო მომენტი, როცა ვთქვი, არასოდეს მართვის მოწმობას არ ავიღებ და მანქანას არასდროს ვიყიდი-მეთქი. ცამეტი წლის წინ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, ავარიაში მოვყევი ძალიან უცნაურად, სამარშრუტო ტაქსით. იმ მომენტის გახსენებაც არ მინდა, თუმცა, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადამარჩინა. თხუთმეტი მგზავრი ვიყავით. ქუთაისიდან ხონში მივდიოდით. ჩაძინებული ვიყავი ავარია რომ მოხდა, მუხრუჭის ხმამ გამაღვიძა, წინიდან დაგვეჯახა დიდი მანქანა, რომელშიც ნასვამები ისხდნენ. მოკლედ, თვალი რომ გავახილე, საშინელი სურათი დავინახე – ჩემ გვერდით მჯდომი ქალი სულ სისხლიანი იყო, ირგვლივ - მძიმედ დაშავებული ადამიანები. რომ გადმოვედი, ხალხი დაგვესია.
მეკითხებოდნენ, რა მოხდაო, იმდენად შოკში ვიყავი, ვამბობდი, არ ვმჯდარვარ მე ამ სამარშრუტო ტაქსიში-მეთქი. ფაქტია, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი, თან ეროვნული გამოცდები მიწევდა და მასწავლებლებთანაც ვერ დავდიოდი. იმ დონეზე შოკირებული ვიყავი, ვერაფერს ვგრძნობდი, მიხაროდა, რომ უვნებელი გადავრჩი და მერე აღმოჩნდა, რომ ავარიის დროს მეც დავზიანებულვარ, ლავიწისა და ბეჭის ძვალი მქონდა მოტეხილი. შოკის გამო ტკივილს ვერ ვგრძნობდი. დრო რომ გავიდა, მერე მივხვდი, რომ ტკივილები მოტეხილობის გამო მქონდა. ამ ავარიის შემდეგ არასოდეს ვმჯდარვარ საჭესთან, მიუხედავად იმისა, რომ მანქანის მართვა კარგად ვიცოდი. შარშან, ოჯახის დიდი თხოვნის შემდეგ, გადავწყვიტე, მართვის მოწმობაც ამეღო და მანქანაც შემეძინა.
– იღბლიანი ადამიანი ნამდვილად ხარ, რადგან უამრავ ხიფათს უვნებელი გადაურჩი, მაგრამ როგორ ფიქრობ, იღბლიანთან ერთად, ბედნიერი კაციც ხარ?
– ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მეუღლესა და ბავშვებში გამიმართლა. რომ დავოჯახდი, სამსახურში პრობლემები იყო, ვფიქრობდი, შემეცვალა პროფესია და სხვა კუთხით წავსულიყავი და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ მეუღლე დამიდგა გვერდში, მომცა სტიმული, არ მომეშვა და ყველაფერი დალაგდა. ბედნიერი ვარ, ასეთი ცოლი და შვილები რომ მყავს და რომ ვიცი, სახლში ისინი მელოდებიან. დილით რომ ავდგები, ზუსტად ვიცი, საღამოს ვისთვის უნდა მივიდე სახლში.
– გაქვს ოცნება, რომელიც ჯერ არ აგიხდა?
– ბავშვობიდან მინდოდა „კომედი შოუში“ მოხვედრა და ეს ოცნება ავიხდინე. ბავშვობაში ვოცნებობდი და ახლა, რომ გავიზარდე, სურვილი მაქვს, ამერიკაში წავიდე. საცხოვრებლად – არა, უბრალოდ, მინდა, წავიდე და გავიარ-გამოვიარო, თავისუფლების ქანდაკებიდან გადმოვხედო სამყაროს (იცინის). ამერიკულ ფილმებს რომ ვუყურებდი, წარმოვიდგენდი, როგორ დავდივარ ქუჩებში, აყოლილი ვარ ამერიკის დროის რიტმს, იქაურ ცხოვრებას... ზოგადად, მიხდება ოცნებები და სურვილები და იმედია, ესეც ამიხდება.
– ამერიკაში წასვლის სურვილის ახდენა, დღეს არც თუ ისე რთულია. მაგრამ, თუ გაქვს ისეთი საოცნებო როლი, რომელზეც თვალდახუჭული დათანხმდები რეჟისორს?
– მინდა, ჩარლი ჩაპლინის როლი ვითამაშო, ესაა ჩემი ვყელაზე დიდი სურვილი და ოცნება. ვიცი, რთულია, მაგრამ ჩარლი ჩაპლინი ჩემი კუმირია და თუ „ჰოლივუდში“ მიმიწვევენ მისი როლის შემსრულებლად, დაფიცებული მაქვს, ჰონორარზე უარს ვიტყვი, სრულიად უსასყიდლოდ ვითამაშებ. ტელეფონშიც და „ფეისბუქის“ ქავერზევ ჩარლი ჩაპლინის ფოტო მიდევს და მთლიან მხარზეც მისი დიდი ტატუ მაქვს. პირველად რომ ვუყურე, ის ემოცია დღემდე მომყვება, მასზე დაწერილი ყველა წიგნი მაქვს წაკითხული. ასე რომ, ბევრს ვიმუშავებდი მისი როლის შესასრულებლად და კიდევ ვამბობ, თუ ჩარლი ჩაპლინის როლზე ქასთინგი ჩატარდა, ფეხით ჩავალ „ჰოლივუდში“. სხვათა შორის, ჩარლი ჩაპლინის ტატუს დამსახურებაა, მე და ჩემი მეუღლე რომ ცოლ-ქმარი ვართ. როცა ფერადი ტატუ გავიკეთე „ფეისბუქის სთორზე“ დავდე ფოტო, გამომეხმაურა, რა ლამაზი ფოტოაო და დავიწყეთ მიმოწერა. ბავშვთა გასართობ ცენტრში ერთად კი ვმუაშობდით, მაგრამ თანამშრომლური ურთიერთობა გვქონდა, გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. თან სხვადასხვა ფილიალში ვიყავით და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. თავადაც ჰყვარებია ჩარლი ჩაპლინი და ტატუზე რომ მომწერა, რა ლამაზი ფერებიაო და სასაუბროდ საერთო თემა გამოვნახეთ, აეწყო ურთიერთობა, დაგვირგვინდა ქორწინებით და კი გვყავს ახლა ორი შვილი. ტატუმ ხომ დაგვაახლოვა და შეყვარებულები რომ ვიყავით, ჩარლიზე წიგნი მაჩუქა, მერე – ნახატები, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავ. ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ცოლმა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ჩარლი ჩაპლინი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





