როგორ გახდა ნონიკო კახაძე „მის იტალიის“ ჟიურის წევრი და რატომ ვერ გრძნობს ის კონკურენციას მილანში
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 09.04

როგორია ნონიკო კახაძის მილანური ცხოვრება, რა წარმატებები აქვს ქართველ მოდელს მოდის დედაქალაქში, ამაზე თავად მოგვიყვება.
ნონიკო კახაძე: თბილისში ახლახან დავბრუნდი. ძალიან გახარებული ვარ – მილანის მოდის კვირეულზე ოთხ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ წარმატებულ დიზაინერებთან. უკვე ორი წელია, ვთანამშრომლობ ფილიპ პლეინთან და მათი ოფიციალური საიტისთვის გამართული გადაღებებისთვის მილანში მივფრინავ ხოლმე. ახლა მის ჩვენებაზე „ფეშენ-თივი“ იყო ჩამოსული, რამდენიმე გოგო აგვარჩია და მილანში მის ახალგახსნილ რესტორანსა და სასტუმროში ულამაზესი ივენთი გაიმართა. ფილიპ პლეინისა და „ფეშენ-თივის“ კოლაბორაცია შედგა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.
გარდა ამისა, ამ თვეში გაიმართა „მის სამყაროსა“ და „მის იტალიის“ შესარჩევი ქასთინგი. მისი ორგანიზატორი ძალიან დიდი ხანია, მწერს სოციალურ ქსელში, საერთო ნაცნობებიც გვყავს. სანამ გაიგებდა, რომ მე არ მქონდა იტალიის მოქალაქეობა, ეს ადამიანი მთავაზობდა, რომ მონაწილეობა მიმეღო „მის იტალიაზე“. როდესაც შევხვდით და გავისაუბრეთ, გაიგო, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვიყავი. ამის გამო ძალიან დასწყდა გული. მითხრა, ძალიან მინდა, მონაწილეობა მიიღო ჩემს კონკურსშიო და ჟიურის წევრობა შემომთავაზა. ჟიურის წევრის ამპლუა პირველად მოვირგე. ძალიან მომეწონა. გამიხარდა, რომ ასეთი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრად ამირჩია და საშუალება მომეცა, ჩემი რჩეული გამომევლინა. ისე დაემთხვა, რომ ამ კონკურსში ჩემი რამდენიმე მეგობარი იღებდა მონაწილეობას და ჩემთვის ცოტა რთული იყო, რომელიმე გამომერია, თუმცა, კონკურსი კონკურსია და ჟიურის წევრის მოვალეობაც ესაა.
– არ ნერვიულობდი? არაერთ კონკურსში მიგიღია მონაწილეობა და ამჯერად უკვე თვითონ უნდა გადაგეწყვიტა სხვისი ბედი.
– კი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. თავიდან ძალიან მიხაროდა, მაგრამ როდესაც კონკურსანტები ვნახე და მივხვდი, რომ რამდენიმეს სხვადასხვა პროექტიდან ვიცნობდი, თან, ყველა იტალიელი გოგონა იყო, არჩევნის გაკეთება ძალიან გამირთულდა. იმედია, არავის ვაწყენინე. ზოგადად, ძალიან თბილი ვარ და ყველა შევაქე, მაგრამ ჩემი რჩეული გამოვავლინე. ეს გოგონები იტალიის სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ. ამჯერად მილანიდან „მის სამყარო ლომბარდია“ გამოვავლინეთ. ახლა სხვა რეგიონებშიც გაიმართება ეს კონკურსი, შემდეგ ერთ მთავარ გამარჯვებულს გამოავლენენ, ვინც „მის მსოფლიოს“ ოფიციალურ კონკურსზე გაგზავნიან. ორგანიზატორთან რომ მქონდა საუბარი, მითხრა, რომ ძალიან სწყდება გული, რადგან ეს კონკურსი საქართველოში სამი წელია, არ ჩატარებულა. მომავალში თუ იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობაო. მეც მაქვს ამის სურვილი.
– ძალიან აქტიური ტემპით ცხოვრობ. როგორია შენი ყოველდღიურობა?
– ბოლო ორი წელია, ძალიან აქტიურად დავფრინავ მილანში. სიმართლე რომ ვთქვა, ფრენით დავიღალე, თუმცა, საქმისთვის ასეა საჭირო. ახლაც სამი კვირა იქ გავატარე, ერთი კვირით ჩამოვედი და ისევ მივფრინავ გადაღებებისთვის. მთლიანად მილანში გადასვლას ვერ ვახერხებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოჯახი საქართველოშია და არ მინდა, მას მოვწყდე. როგორღაც ვუთავსებ ორ ცხოვრებას ერთმანეთს. თუმცა, მილანსა და საქართველოში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მაქვს. როცა მილანში ვარ, ძალიან ვაქტიურობ. ახლაც, „ფეშენ-ვიქის“ პერიოდი იყო და როგორც ყოველთვის, მთელი დღეები გადაღებებითაა დატვირთული, სხვა პერიოდში, ქასთინგებია და ასე შემდეგ. საქართველოში გადაღებები ნაკლებად მაქვს. სხვადასხვა ბრენდთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ჩემი ქართული ცხოვრების ტემპი უფრო მშვიდი და ოჯახურია. ვცდილობ, ოჯახს ყურადღება არ მოვაკლო, არ ვიცი, ეს რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ალბათ, გამიგებენ.
– რა შრომის გაწევა გიწევს იმისთვის, რომ მილანში მუდმივად აქტიური და მოთხოვნადი მოდელი იყო?
– თავიდან, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოში ვცხოვრობ, არ მეგონა, რომ ასეთი მოთხოვნადი ვიქნებოდი. სამოდელო სფეროს წარმომადგენლებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ახლა, უკვე, ყოველდღე სხვადასხვა შემოთავაზებას ვიღებ, ივენთებსა და ჩვენებებზე საქართველოში ყოფნის დროსაც კი მეპატიჟებიან. ამაში სოციალური ქსელები ძალიან მეხმარება. როცა მუდმივად მილანში ხარ, შეგიძლია, ქასთინგებზე ყოველდღიურად იარო. როცა მე საქართველოში ვარ, ქასთინგები ონლაინ მაქვს. ეს ადამიანები ყველანაირად მიწყობენ ხელს. მიმართლებს.
– ზოგადად, ცნობილია, რომ სამოდელო სამყარო საკმაოდ მკაცრია, ინტრიგებიც ხშირია, მსგავსი დამოკიდებულება არ გიხსენებია და ამას, ალბათ, შენი ხასიათიც განაპირობებს.
– სამოდელო სფეროში ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ გარეგნობა – არა. ახლაც, „მის იუნივერსზეც“ ისეთი თბილი ადამიანები შემხვდნენ, უამრავ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ. ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო, როდესაც მეუბნებოდნენ: ნონიკო, შინაგანადაც ულამაზესი ხარო. მიხარია, რომ კარგად დავამახსოვრე თავი. მე ნამდვილად არ ვთამაშობ, ბავშვობიდან ასეთი ვარ. სხვათა შორის, მეც მიყვარს კომპლიმენტების გაცემა. საქართველოში ასეთ სითბოს ნაკლებად გასცემენ ადამიანები. იტალიაში ყველა სხვანაირად არის განწყობილი, უფრო გეხმარებიან. მილანში ხომ უდიდესი კონკურენციაა, უამრავი ლამაზი გოგოა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იქ კონკურენციას ვერ ვგრძნობ, ყველა თავის საქმით არის დაკავებული, საქართველოში უფრო მიგრძნია კონკურენცია გარკვეულ პროექტებში და არ ვიცი, ეს რისი ბრალია.
– საქმიან ცხოვრებასთან ერთად, თუ ახერხებ, რომ იქაურ ცხოვრების წესს გაეცნო და გარემოთი დატკბე?
– ძალიან იშვიათად მრჩება დრო ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. გრაფიკი ძალიან გადატვირთული მაქვს. ბევრს ჰგონია, რომ ჩემი მოგზაურობები დასვენებას უკავშირდება, სინამდვილეში ჩემი ყველა მოგზაურობა საქმიანია. ტურისტობა არ გამომდის, ჩემი დღეები ყოველთვის გაწერილია და დასვენების საშუალება ჯერ არ მაქვს, მაგრამ იმდენად მომწონს ჩემი საქმე და იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, ამის გამო ნამდვილად არ ვწუწუნებ. თუმცა, მილანი, – ეს ქალაქი ძალიან ჩემია. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩავედი და ულამაზესმა ქუჩებმა, ბრენდების შთამბეჭდავმა მაღაზიებმა გამაოცა და მომაჯადოვა. ყველა ქუჩა მოდის სფეროს უკავშირდება, გარშემო უამრავი ლამაზი გოგო დადის, ქასთინგებზე მიიჩქარიან – ეს ჩემი სამყაროა. ვისაც მოდის სამყარო უყვარს, შეუძლებელია, მილანი და იტალია არ უყვარდეს. მგონი, სამი წლის ვიყავი, როდესაც ბაღში სილამაზის კონკურსი ჩატარდა და ნომინაცია მივიღე, ჩემი ცხოვრება იმდენი ხანია, ამ საქმეს უკავშირდება, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება და ასე მოვედი აქამდე. მე ვგრძნობ, რომ მილანში მოხვედრა ადვილი არ არის, მაგრამ ბევრი ადამიანის დახმარებით ეს შევძელი და ბედნიერი ვარ, ალბათ, ძალიან იღბლიანიც.
– საკუთარ გარეგნობაზე როგორ ზრუნავ, ყოველთვის საოცარ ფორმაში ხარ...
– გენეტიკურად გამხდარი ვარ და ეს ძალიან მეხმარება. მიყვარს გემრიელი საჭმელები და მით უმეტეს, იტალიაში ამ მხრივ თავის შეკავება ძალიან რთულია. ყველანაირად ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. შაქარი დიდი ხანია, ამოვიღე რაციონიდან, პერიოდულად ძალიან ცოტა ტკბილეულს თუ ვიღებ, ბევრი ხილი, ნაკლები ცომეული... ძალიან მიყვარს ვარჯიში. ამ სფეროში აუცილებელია ბუნებრიობის დაიცვა. თმის ხელოვნური ფერიც არ მოსწონს და საერთოდ – არაფერი ხელოვნური. ვცდილობ, ეს გავითვალისწინო. თმა ოდნავ გაღიავებული მქონდა და მირჩიეს, ბუნებრივად მუქს დავბრუნებოდი. უამრავი ლამაზი სახეა გარშემო, მაგრამ თუ არაბუნებრივი ხარ, მათთვის უკვე აღარ ხარ ისეთი საინტერესო.
– დედის ამპლუას როგორ ართმევ თავს, შვილებს არ უჭირთ შენთან ხშირი განშორება?
– ჩემი პატარები უკვე მიეჩვივნენ დედიკოს ასეთ რეჟიმსა და პროფესიას. ხანდახან მეუბნებიან ხოლმე, დედიკო აღარ წახვიდეო. არ უყვართ მილანი, მაგრამ უკან რომ ბევრი საჩუქრით ვბრუნდები, უხარიათ. მათ გაზრდაში დედაჩემი მეხმარება ძალიან. თუ რამდენიმე თვე მომიწია იქ დარჩენა, უკვე დედაჩემს ეძახიან დედას, რაზეც ცოტა ვეჭვიანობ. მაგრამ რომ ჩამოვდივარ, ერთ კვირაში ისევ მოვიჩვევ ხოლმე (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან