შოუბიზნესი

როგორ გახდა ნინო ხაჟომია პირველი ქალი, ვინც 2 800 მეტრის სიმაღლეზე ბიზნესი წამოიწყო და რა შემთხვევაში ემუქრება ის ქმარს განქორწინებით

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 29.11, 2021 წელი

ნინო ხაჟომია
დაკოპირებულია

„მეტი ქალი ბიზნესში“ – ამ მოწოდებას ჟურნალისტი ნინო ხაჟომია პრაქტიკულად იყენებს. კარგად იცის, რომ ბიზნესის კეთება მარტივი არ არის და ამ გზაზე ქალს იმაზე მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევს, ვიდრე კაცს, მაგრამ პირადმა გამოცდილებამ ისიც კარგად ასწავლა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოდის და „ქუბიც“ ასე გამოვიდა.

ნინო ხაჟომია: ათწლიანი იჯარა მოვიგე. ჩავთვალე, რომ უკვე შესაძლებელი იყო სერიოზული ინვესტიციის განხორციელება. წინა ორწლიანი იყო, ორ წელიწადში ბიზნესი შეიძლება მოგებაზე ვერ გავიდეს, ამიტომ რადგან ათწლიანი იჯარა მოვიგე, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და არ ვიცით, როგორი სეზონი გვექნება, ინვესტიციის განხორციელება მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალე. არსებული „ქუბი“ მთლიანად რეკონსტრუქციაზე გავუშვი და ავაშენე გაცილებით უფრო დიდი და კომფორტული შენობა, სადაც წელს, იმედი მაქვს, ძალიან ბევრ სტუმარს მივიღებთ. თუ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრება, მწვანე ზონა ვიქნებით და ტურისტებს ევროპიდან მივიღებდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველასთვის. შიდა ტურიზმზე გათვლა, უბრალოდ, თავის მოტყუებაა, მით უმეტეს, ზამთრის სეზონზე. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კოვიდრეგულაციების დაცვით ვიმუშავებთ. გუდაურში ბევრი პრობლემაა და გვპირდებიან, რომ გაისად რამეს მიხედავენ. იმედია ასე იქნება. მთას განვითარება სჭირდება, თორემ აქ ტურისტი აღარ ჩამოვა.

– პროექტის – „აწარმოე საქართველოში“, გამარჯვებულიც გახდი, არა?

– კი. თანხა, რომელიც მე მქონდა, არასაკმარისი აღმოჩნდა. როცა 2 800 მეტრზე აშენებ, ეს ართულებს ფინანსების საკითხს. მარტივად რომ ვთქვა, ამწუთას თბილისში ერთი კუბი ცემენტი თუ 165 ლარი ღირს, აქ მისი ღირებულება 225 ლარია. კლიმატური პირობები და ადგილმდებარეობა სამშენებლო ხარჯს, რა თქმა უნდა, ზრდის. ვერ ჩავეტიე ფინანსებში და „აწარმოე საქართველოში“ ძალიან, ძალიან დაემხმარა. შეიძლება ითქვას, მისმა შეღავათიანმა, სუბსიდირებულმა კრედიტმა სულზე მომისწრო. „აწარმოე საქართველოში“ გიკეთებს საპროცეტო განაკვეთის სუბსიდირებას და საბოლოო ჯამში, იმდენად იაფი ფული გამომდის, რომ არ შემეძლო ამ შანსით არ მესარგებლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კრედიტოფიცერს, რომელმაც კარგად იცის, როგორ მიაწოდოს პროექტი „აწარმოე საქართველოში“. მე და ჩემმა კრედიტოფიცერმა თავიდან ბოლომდე ვისწავლეთ ყველაფერი, დავწერეთ და მათგან თანხმობა მივიღეთ. რატომ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი – ქალებს ფინანსურ რესურსზე ძალიან ნაკლები წვდომა გვაქვს.

– წლების წინ, ლამის 3 000 მეტრზე რომ გადაწყვიტეთ ბიზნესის წამოწყება, ეჭვის თვალით არ გიყურებდნენ?

– ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, რომელიც ამ სიმაღლეზე ბიზნესს აკეთებს. წელს მეზობლები მეუბნებოდნენ: ვა, ქალის კვალობაზე, მალადეც შენო. მე ვფიქრობ, საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია იმ საქმის კეთება, რომელიც მამაკაცებთან ასოცირდება. საზოგადოების რეაქციას რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკაში ვარ და ვიცი, რაც უნდა კარგი გააკეთო, მაინც ყველაზე ცუდი ხარ, ამიტომ ამაზე ყოველთვის იმუნიტეტი მქონდა. ვიცი, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება. ვიცი, რომ ბევრ სისულელეს დაწერენ, ვიცი, რომ ბევრს სისულელეს ილაპარაკებენ და ამიტომ არასდროს ვყოფილვარ საზოგადოებრივი აზრის მსმენელი.

– რა წინაპირობა ჰქონდა ამ ბიზნესს?

– არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მეგობრისგან მივიღე შემოთავაზება – მთაში ხომ არ გაგვეკეთებინა რამეო. რატომაც არა-მეთქი და პირველი ინვესტიცია ერთად განვახორციელეთ. ის მამრია, მე – მდედრი, მაგრამ ამას არ ჰქონია მნიშვნელობა. ორივე ერთნაირად ვაკეთებდით საქმეს. შემდეგ მარტომ გავაგრძელე.

– სხვათა შორის, ქალი რომ ასეთ საქმეს იწყებს, ჩნდება დამოკიდებულება, ქმარი ჰყავს და რამე რომ იყოს გვერდით დაუდგება...

– ჩემი ქმარი არასდროს ყოფილა „ქუბში“. ახლა ვუთხარი, ახალ „ქუბშიც“ თუ არ მოხვალ, ჩათვალე გაგშორდები, საქორწინო კონტრაქტს გავააქტიურებ და ქონების ნახევარს მე ავიღებ-მეთქი (იცინის). ჩემი ქმარი გეოლოგია და თუშეთში დაასრულა ეს პროფესია, როცა ზურგჩანთაში ქვებჩალაგებულს იმხელა ჩამოუთოვა, რომ მთაზე დარჩა ვერმტფრენის მოლოდინში. მაშინ მიხვდა, რომ ასე წოწიალი აღარ უნდოდა და წავიდა ჟურნალისტიკაში. სულ მეუბნება, ალერგია მაქვსო და მართლა ასეა. ფეხქვეშ რომ თოვლი ხრაშუნობს, ცუდად ხდება. არც სიცივე უყვარს, ამიტომაცაა ახლა აჭარაში. თუმცა, მუდმივად გვერდით მიდგას თავისი გონებრივი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით. აუცილებელი არ არის ფიზიკურად იყოს აქ, მის მხარდაჭერას სულ ვგრძნობ. ჩვენი უმცროსი შვილი ახლა აკაკისთან არის, მე, უბრალოდ, დრო არ მაქვს. ნიკოლოზი სამი თვეა, არ მინახავს, ვერც ვახერხებ წასვლას. ზუსტად დღეს ვამბობდი, გეხვეწებით, ერთი ღამით მაინც წავალ და ნიკოლოზს ჩავიხუტებ-მეთქი.

– ამ ყველაფერთან ერთად როგორ გამოდის დედაშვილობა, ცოლობა და სხვა ყველაფერი?

– ჩვენ არასდროს გვქონია სტანდარტული ოჯახი. მე ცოლი ვარ და საჭმლის გაკეთება მევალება, შენ ქმარი ხარ და ფულის შემოტანა და ჩემი მანქანის გაკეთება გევალება – ასე არასდროს გვიცხოვრია. ჩვენს ოჯახში ქალისა და კაცის საქმე არასდროს ყოფილა გაყოფილი.

უფროსი შვილი – საბა ამწუთას მარტოა სახლში. უკვე 18 წლის ბიჭია და დამოუკიდებელი სივრცე აქვს, რომელშიც დედის ადგილი არ არის, თორემ პატარა ბიჭად დარჩება. ქართველმა დედებმა რომ იციან, ბავშვია და შიაო, არადა ამ დროს, 40 წლის კაცს გულისხმობენ, ეს მომენტი ჩემთვის ძალიან უცხოა. აბსოლუტურად უემოციო ადამიანი ვარ. საბა რომ პატარა იყო, ჯერ კიდევ „სამოც წუთს“ ვაკეთებდით და ჩემი შვილი ახლა მეუბნება, არასდროს ყოფილხარ ჩემ გვერდით, როცა მჭირდებოდიო. მართლა არ ვყოფილვარ, მაგრამ მე იმწუთას არჩევანი მქონდა: ან უნდა ვყოფილიყავი თავსაფრიანი დედაკაცი, რომელიც სახლში ხაჭაპურებს დაუცხობდა ოჯახის წევრებს, ან ოჯახსა და საზოგადოებაში შემდგარი ადამიანი. მე მეორე ავირჩიე. არ მგონია, რომ ჩემს შვილს ამით რამე დააკლდა, არც არასდროს უსაყვედურია. მან იცის, რომ მე ყოველთვის დაკავებული ვარ და იცის, რომ ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ როცა დავბერდები, შვილების სარჩენი არ ვიყო. მე შვილები არ მჭირდება იმისთვის, რომ მათ მარჩინონ. შვილები მყავს იმისთვის, რომ ორი აბსოლუტურად გააზრებული მოქალაქე გავზარდო, რომლებიც ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ, იმის გარდა, რომ მშობლებს მოუვლიან. ჩემი ორივე შვილი დამოუკიდებელია. უფროსმა წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, დამეხმარე პროფესიის არჩევაშიო რომ მითხრა, ვუთხარი, რომ ეს არ იყო ჩემი არჩევანი და მას თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. არც საბა არის მასკულინური ტიპი, დღეს მითხრა, საჭმლის გამოძახება ძალიან ძვირი ჯდება, პროდუქტები უნდა ვიყიდო და თვითონ მოვამზადოო. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით.

– ნინოს დამოკიდებულება ფინანსებთან...

– თუ ადრე შემეძლო მეყიდა „ლაბუტენები“ და ქალისთვის სანატრელი სამოსი, დღეს ვყიდულობ ტრუბაკვადრატს, უარს ვამბობ ქალურ ფუფუნებაზე იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. მალე აბასთუმანში ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებ, რომელიც მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება და გაისად აბასთუმნისთვის დავთვლი ჩემს ბიუჯეტს და არა „ლაბუტინებისთვის“. ძვირად ღირებული სამოსი და სხვა რამ არ მჭირდება. მე უკვე იმ ასაკში ვარ, როცა სამოსითა და გარეგნობით არ ვაკეთებ შეფასებას და არც ის მინდა, რომ მე შემაფასონ ამით. მირჩევნია, ჩემი საქმით დარჩეთ ჩემზე შთაბეჭდილებები, თუმცა ზოგადი შეფასებებიც ნაკლებად მადარდებს.

– გარეგნობაზე არ გაქვს საწუწუნო, ძვირად ღირებული საშუალებების გარეშეც ბუნებრივად მშვენივრად გამოიყურები.

– აი, ახლა უნდა მნახოთ. ძალიან კარგი ამინდებია აქ და ძალიან შავი ვარ (იცინის). ფიზიკურადაც ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, დავიღალე. სამ თვეში დავამთავრეთ მშენებლობა, გინესის რეკორდებში ვარ შესაყვანი (იცინის). მეც ზუსტად ისე ვშრომობ, როგორც ჩემი ძმა, მეგობრები და დამხმარე, რომელიც მხოლოდ მაშინ მოგვყავს, თუ ძალიან გვჭირდება. დღეს მთელი დღე ხარაჩოებს ვშლით და ვტვირთავთ თბილისში წამოსაღებად. სეზონამდე ერთკვირიანი დასვენება მჭირდება, რომ რესტარტი გავაკეთო და მუშაობა დავიწყო. აქამდე იყო ფულის ხარჯვა, ახლა იწყება ფულის შოვნა, თან იმ საქმით, რომელშიც ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული და ეს ძალიან აზარტულია. მთლიან პროცესს მე ვამენეჯმენტებ. ბუღალტერიაც გადასარევად გამომდის და თან არასდროს არაფერს ვიწერ. ეს ჩემი გონების ერთგვარი ტრენინგია. დოკუმენტურად ყველაფერს ვინახავ, მაგრამ ხარჯების დათვლა და დამახსოვრება ზეპირადაც არ მიჭირს. კანალიზაციაც კი მთლიანად ჩემი გაკეთებულია და რომ მეკითხებიან, აქ რომ გავბურღო, მილს ხომ არ დავაზიანებო, შემიძლია, ზუსტი პასუხი გავცე. იმიტომ, რომ ზეპირად ვიცი, სად რა არის, ჩემი გაკეთებულია და სხვანაირად წარმოუდგენელიცაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...