შოუბიზნესი

როგორ გახდა მირანდა ნადიბაიძე უნებლიედ მოდელი და როგორ ამზადებს ის დღეში რვა ტორტს

№37

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 19:14 20.09, 2023 წელი

მირანდა ნადიბაიძე
დაკოპირებულია

მირანდა ნადიბაიძე ულამაზესი კულინარია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება საოცარ დესერტებთან ერთად განსაკუთრებული გარეგნობითაც მიიქცია.

მირანდა ნადიბაიძე: კულინარია ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიყვარს, მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. 9 წლის ვიყავი, როდესაც დესერტების მომზადება დავიწყე, თუმცა, ამ საქმეს პროფესიულად 2019 წლიდან მივუდექი და საქართველოს კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ.

ეს საქმე ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, ჩვენთან ყველა ამზადებს – ბებია, დედა, უფროსი და. მათ რომ ვუყურებდი, როგორ ამზადებდნენ, ძალიან მსიამოვნებდა და მინდოდა, ეს მეც შემძლებოდა. ვამზადებდი კიდეც კექსებსა და ნამცხვრებს, რასაც ბავშვობის ასაკის შესაბამისად ვახერხებდი და ინტერესი ნელ-ნელა გამეზარდა.

– მაგრამ პროფესიად სხვა საქმე აირჩიეთ.

– დიახ, პროფესიით ფინანსისტი ვარ. ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს იყო. ამ მიმართულებით დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დისერტაციამდეც მივედი, მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი მქონდა კულინარიისა და კერძოდ დესერტების მიმართ, რომ ყველაფერი შუა გზაზე მივატოვე, დისერტაციაზე უარი ვთქვი და კულინარიის აკადემიაში წავედი.

– ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

– საქმე ისაა, რომ თან მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტი ვიყავი. ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული. ვმუშაობდი კიდეც ამ პროფესიით, მაგრამ მასზე უარის თქმა და კულინარიაში გადანაცვლება არ გამჭირვებია. მანამდეც, სამსახურიდან დაბრუნებული სულ ვაცხობდი, რადგან ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მას შემდეგ, რაც მთლიანად კულინარიით ვარ დაკავებული, ვთვლი, რომ საერთოდ აღარ ვმუშაობ. მართალი ყოფილა გამოთქმა – როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ფაქტობრივად, არ მუშაობო. ეს სიამოვნებაა და არა სამსახური. ალბათ, თავიდანვე ეს პროფესია უნდა ამერჩია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საგნები ჩემი ძლიერი მხარე იყო, ფინანსები ავირჩიე, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ოჯახურმა ტრადიციამ გაიმარჯვა (იცინის).

– რა სირთულეებს უკავშირდება ასეთი გემრიელი სილამაზეების შექმნა?

– ეს საკმაოდ რთული პროფესიაა. პირველ რიგში, ძალიან დიდ ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს. კონდიტრებს საათობით გვიწევს ფეხზე დგომა. გარდა ამისა, ბევრი რამის ცოდნა გვჭირდება. ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა – სამზარეულოში ყველაფრის ცოდნა მნიშვნელოვანია. უნდა იცოდე პროდუქტების მომზადების ტექნოლოგია, შენახვის პირობები და ასე შემდეგ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, თორემ შეიძლება; სავალალო შედეგამდე მივიდეთ. ამ საქმეში განსაკუთრებული სიზუსტეა საჭირო.

– უცნაური და სახალისო შეკვეთები არ გაქვთ ხოლმე?

– დამკვეთები, ძირითადად, თვითონ მთავაზობენ სასურველ დიზაინს. მეც მიყვარს მრავაფეროვან დესერტებზე მუშაობა, ყოველ ჯერზე განსხვავებულის გაკეთება ძალიან სასიამოვნოა. მყოლია პრეტენზიული მომხმარებლებიც. განსაკუთებით დედიკოები გამოირჩევიან ამ თვალსაზრისით. მაგალითად, დღესასწაულზე შვილს რა ფერ კაბასაც აცმევენ, უნდათ, ტორტიც ზუსტად იმ ფერებში იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ მე სახლიდან ვმუშაობ, მქონია შემთხვევები, რომ ჩემთან სახლში მოაქვთ კაბა, რომ ფერებში ზედმიწევნით დავიცვა სიზუსტე (იცინის).

– როცა ასე გემრიელად ამზადებ, მგონია, რომ წონის კონტროლი რთულია. ამ მხრივ, არ გაქვთ ხოლმე პრობლემები?

– კი, მაქვს (იცინის). ზოგჯერ ძალიან გამექცევა ხოლმე წონა. განსაკუთრებით, სააღდგომო პერიოდში, როდესაც გარდა ჩემი პასკებისა, კონკურენტების ნაწარმის გასინჯვაც მიწევს და ყველაზე რთულად წელიწადის ეგ დრო გადამაქვს. გამორიცხულია, ამ დროს 3-4 კილოგრამი მაინც არ მოვიმატო (იცინის). ყოველთვის ვიმატებ, მაგრამ შემდეგ ვცდილობ, მალევე დავუბრუნდე ჩემს ფორმას.

ასევე, ძალიან ხშირად მიწევს მასტერკლასებზე სიარული და რა აზრი აქვს დასწრებას თუ არ გასინჯავ, რასაც ამზადებ. ამიტომ სულ მიწევს დეგუსტაცია. თუმცა, დაახლოებით, 12 წელია, ფიტნესით ვარ დაკავებული. ორსულობის დროსაც კი არ შემიწყვეტია ვარჯიში და ესეც ძალიან მეხმარება ხოლმე ფორმის დაბრუნებაში.

– გემრიელობების მოყვარული ხართ?

– ძალიან და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ საქმეს ვაკეთებ, ეს არის. ძალიან მიყვარს დესერტები და ჩემი დღე მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია (იცინის).

– ყოველდღიურად რა დატვირთვით მუშაობთ?

– ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ დღეში ერთ ტორტზე მეტი არ გავაკეთო. ყველაზე მარტივი ტორტის მოსამზადებლად, მინიმუმ, რვა საათი მჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, დღეში რვაც გამიკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, ღამის თენების ხარჯზე. თან, მარტო ვამზადებ და ქორწილებისა და დღესასწაულების სეზონებზე განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მაქვს. თითქმის არასდროს ვისვენებ. თუმცა, გეგმაში მაქვს საკუთარი საკონდიტროს გახსნა და იქ უკვე მარტო აღარ ვიქნები.

– გოგონები გყავთ, ისინი არ იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას?

– ორი გოგონა მყავს და კი, პატარა აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. უფროსი უკვე თინეიჯერია და სხვა ინტერესები გაუჩნდა, თუმცა, შეუძლია მარტივი დესერტების მომზადება. ელემენტარულს ორივე ამზადებს. ჩემი პატარა ორი წლიდან დამოუკიდებლად ამზადებს ოლადებს. გარემომ იმოქმედა, ეს ბუნებრივია. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ისინი ამ პროფესიას არ აირჩევენ, რადგან სულ აპროტესტებენ, მეუბნებიან, შენი თავი ტორტებმა წაგვართვაო (იცინის).

– ძალიან გამორჩეული გარეგნობა გაქვთ. არ უკვირთ ხოლმე, როცა იგებენ, რომ კულინარი ხართ?

– დიდი მადლობა. კი, ასე ძალიან ხშირად ხდება. ხალხს უჭირს იმის დაჯერება, რომ მე კონდიტერი ვარ.

– გარდა იმისა, რომ საკონდიტრო ნაწარმის სერვირებაზე ზრუნავთ, ფოტოსესიებში თვითონაც ძალიან ლამაზი ხართ. ყველაფერს აქცევთ ყურადღებას?

– ბუნებით პერფექციონისტი ვარ. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მაქვს და ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ, იდეალურთან ახლოს უნდა მივიყვანო. აბსოლუტურად ყველაფერს ასე ვეკიდები, სხვანაირად არ შემიძლია. მოყვარულის დონეზე ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერს პროფესიონალურად ვუდგები და სიმართლე გითხრათ, უკვე ვიტანჯები ამის გამო, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, შედეგით ძალიან დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.

– ამასობაში მოდელის პროფესიაც შეითავსეთ.

– ამაზე წინასწარ არ მიფიქრია, გადაღებებზე ფოტოგრაფებს ახლაც მუდმივად დახმარებას ვთხოვ, რადგან მე არ ვიცი პოზირება, არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან. ეს სოციალურმა ქსელებმა და „ინფლუენსერობამ“ მოიტანა. ჩემდაუნებურად, მიწევს სარეკლამო რგოლებში გადაღება, ალბათ, ამაზეც გარეგნობამ იქონია გავლენა.

– თქვენი კულინარობა უკვირთ, დარწმუნებული ვარ, ყველას მოდელი ჰგონიხართ.

– კი, ასეა და რომ ვამბობ, რომ მოდელი არ ვარ, ყველას ეცინება. არადა, გულწრფელად ასეა (იცინის). როცა ფინანსისტი ვიყავი, მაშინაც მქონდა ეს პრობლემა, ფინანსისტად ვერ აღმიქვამდნენ. თან, ეს ისეთი სფეროა, რომ სულ მამაკაცების ჯგუფში მიწევდა მუშაობა და ძალიან რთულად მიღებდნენ. სანამ ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებდი, დიდი გზის გავლა მიწევდა ხოლმე. 16 წლის ასაკში მოდელობაც ვცადე. ერთი თვე ვიარე ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ამიტომ თავი დავანებე. ამ საქმის კეთების დროს ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, მაგრამ ახლა სოციალური ქსელების წყალობით, მაინც მომიწია მოდელობის შეთავსება. თუმცა, რადგან ახლა ეს ჩემს საქმიანობას სჭირდება, მივეჩვიე.

– სატელევიზიო კონკურსებში მონაწილეობაზე არ გიფიქრიათ?

– ძალიან ხშირად მაქვს შემოთავაზებები და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ. ყველა კონკურსი რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება უფრო მზარეულებისთვისაა, ვიდრე კონდიტერებისთვის. მე ვაპირებ საზღვარგარეთ მონაწილეობის მიღებას კონკრეტულად კონდიტერებისთვის განკუთვნილ კონკურსში და აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე. მინდა, რომ ამ მხრივ, გამოვცადო ჩემი თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა