შოუბიზნესი

როგორ გახდა მარიამ ავალიანი რეზო ჩხიკვიშვილის „შვილი“ და რის მიმართ ჰქონდა მას პროტესტი

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.02

მარიამ ავალიანი
დაკოპირებულია

მარიამ ავალიანი სერილ „სეანსის“ ახალი პერსონაჟის როლში გამოჩნდა. მისი გმირი – კატო რეზო ჩხიკვიშვილის პერსონაჟის შვილის როლს ასრულებს, რომელსაც გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები აქვს.

მარიამ ავალიანი: სერიალიდან დამირეკეს, გასაუბრება გავიარე და როლზე დამამტკიცეს. ეს ჩემთვის კამერასთან ტექსტით მუშაობის პირველი ცდაა. დიდი პატივია ბატონ რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად მუშაობა. დასაწყისიდანვე რომ ამის საშუალება გეძლევა, ეს დიდი ბედნიერებაა.

– არ გაგიჭირდა?

– რადგან პირველი იყო, ვნერვიულობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს. ასე რომ, ბატონი რეზოს დამსახურებით ცოტა გამიმარტივდა კიდეც. ძალიან საყვარელი ადამიანია. არ გაგრძნობინებს, რომ ის პროფესიონალია და შენ – დამწყები. საშუალებას არ მაძლევდა, მენერვიულა და მის გვერდით თავი უხერხულად მეგრძნო.

– მოგეწონა ეკრანზე საკუთარი თავი?

– ძალიან განვიცდიდი, სანამ ეკრანზე საკუთარ თავს ვნახავდი და ერთი მხრივ, მინდოდა კიდეც, რომ საერთოდ არ გამოსულიყო (იცინის). მეშინოდა, რამე რომ არ მომწონებოდა?! ძალიან კრიტიკულად ვაფასებ საკუთარ თავს და მაყურებლის აზრზეც ვნერვიულობდი. როგორც დავინახე, მოეწონათ ჩემი პერსონაჟი. ვერ ვიტყვი, რომ სასწაულები გავაკეთე, მაგრამ პირველისთვის ნამდვილად იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი თავისგან ველოდი. არ მეგონა, ხალხისგან ამდენ სითბოსა და დადებით შეფასებას თუ მივიღებდი. დამწყები მსახიობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– შენს პერსონაჟზე რას ფიქრობ?

– ჩემი პერსონაჟი 17 წლის, გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონაა, რომელსაც უყვარს თავისუფლება და თავისუფალი ურთიერთობები. ამ ყველაფერს პროტესტის ნიშნად საკუთარი ვიზუალითაც გამოხატავს. სამყაროსთან პროტესტი აქვს – ფიქრობს, რომ ადამიანები ჩარჩოებში ცხოვრობენ, რაც მას არ მოსწონს. მე 21 წლის ვარ და ვიტყოდი, რომ ვგავარ ჩემს გმირს. 14-15 წლის მეც მსგავსი ვიზუალით დავდიოდი. ეს ადამიანი ძალიან არ განსხვევდება ჩემი იმდროინდელი მდგომარეობისგან. თითქოს ახალი სახე კი არ შევქმენი, იმდროინდელი მე გავაღვიძე.

– პროფესიით მსახიობი ხარ?

– დიახ, თეტრალურზე ვსწავლობ. სამი წლიდან სცენაზე ვდგავარ. ჯერ „ბასტი ბუბუში“ დავდიოდი. შემდეგ პატარა თეატრალურ დასში, შვიდი წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვას, შემდეგ ისევ სტუდიაში დავდიოდი, ორი წელი კერძო თეატრშიც ვთამაშობდი და ბოლოს მოვედი თეატრალურამდეც. ბავშვობიდან ამ წრეში ვიყავი და ძალიან შემიყვარდა სცენა. სკოლა რომ დავამთავრე, ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სოციოლოგიურზეც ვსწავლობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ავიღე აკადემიური და თეატრალურში ჩავაბარე.

– როგორი ბავშვი იყავი?

– საშინლად აქტიური ბავშვი ვიყავი. ვითომ ხომ გოგო ვარ, მაგრამ სულ ხეებზე ვეკიდე (იცინის). იმხელა ენერგია მქონდა, სახლში ვერ მაჩერებდნენ და ამიტომ შემიყვანეს „ბასტი-ბუბუში“. იქ საკმაოდ წარმატებული ვიყავი (იცინის). უამრავი კონცერტი გვქონდა ბაბილინასთან და გოგიჩასთან ერთად. სკოლის პერიოდში ცეკვა შემიყვარდა და ვაპირებდი, ბოლომდე ქართულ ცეკვებს გავყოლოდი, მაგრამ მუხლებმა არ შემიწყო ხელი და თავის დანებება მომიწია. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა – ექიმმა მითხრა, თუ გინდა, საერთოდ სიარული შეგეძლოს, ცეკვას თავი უნდა დაანებოო. ამ მდგომარეობამ ჩემი ოცნება შეიწირა. ამის შემდეგ ერთი წელი საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ეს ამბავი ძალიან რთულად გადავიტანე. მეოთხე-მეხუთე კლასიდან შევიცვალე, აღარ ვიყავი ძველებურად აქტიური. აბიტურიენტობის დროს დიდხანს ვფიქრობდი, რაზე ჩამებარებინა. მშობლები მეუბნებოდნენ, თეატრალურზე ჩააბარეო, მაგრამ მე კატეგორიულ უარზე ვიყავი. მიყვარდა, მაგრამ ამ საქმეში ჩემს თავს ნათლად ვერ ვხედავდი, თუმცა მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ბევრი ფიქრი დამჭირდა თეატრალურამდე მოსასვლელად. საკუთარი თავის მოსმენა მიჭირს. თითქოს სულ ვიცოდი, რომ ეს უნდა მეკეთებინა, მაგრამ გადაწყვეტილება მარტივად ვერ მივიღე.

– გარდატეხის ასაკს რა სირთულეები ახლდა შენს შემთხვევაში?

– ამ ასაკში ყველაფერს უკვე გაცნობიერებულად ხედავ და მგონია, რომ რეალობასთან პირველი შეჯახება ბევრისთვის მტკივნეულია. ხალხის მიმართ პროტესტი გიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ისინი არაფერ შუაში არიან, მაგრამ სწორედ, მათ დაგანახვეს ეს რეალობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ პიროვნებებად ზუსტად გარდატეხის ასაკის შემდეგ ვყალიბდებით. მეც იგივე პროტესტი მქონდა, რაც ჩემს პერსონაჟს. განსაკუთრებით ვისწრაფვოდი თავისუფლებისკენ და ალბათ, მეც, როგორც ბევრს, ამ სიტყვის მნიშვნელობა სრულად არ მესმოდა. არ მინდოდა, ჩარჩოებში ცხოვრება. თუმცა, მერე იზრდები და ხვდები, რომ არის რაღაცები, რისი მიღებაც არსებული ჩარჩოებით მოგიწევს. მშობლებთანაც მქონდა პროტესტი, მთლად კატოსნაირად არა, მაგრამ მაინც.

– თავისუფალი ურთიერთობები თუ ოჯახი?

– კატოს ისეთი შეყვარებული არც ჰყავს, ხვალ და ზეგ რომ ცოლად გაჰყვეს, მაგრამ ზოგადად, მგონია, რომ ის ჩემნაირად ფიქრობს. მე პირადად არ ვარ თავისუფალი ურთიერთობების მოყვარული. ჩემს ცხოვრებაში ყველა ადამიანს სახელი უნდა ჰქონდეს. ასე რომ, პარტნიორთანაც ვერ მექნება თავისუფალი ურთიერთობა.

– სიყვარულს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

– სიყვარული ჩემთვის ყველაფერია და მგონია, რომ ყველაფერი დადებითი მისგან მოდის. არა მგონია, რომ ვინმეს სიყვარულის განცდა არ შეუძლია, მაგრამ ვინც ამბობს, რომ არ შეუძლია, ძალიან მეცოდება. სიყვარულია ის, რაც დილით გაღვიძებს, სიყვარულია შენი საქმე. ეს არ არის მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვა, პირველ რიგში, ერთმანეთის აზრის პატივისცემაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი