შოუბიზნესი

როგორ გახდა ქეთევან მუსელიანი ბალერინა, იურისტი და მოდელი და რა შეთავაზება მიიღო მან იტალიაში

№24

ავტორი: ანკა რობაქიძე 16:00 25.06

ქეთევან მუსელიანი
დაკოპირებულია

ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებლის, ვახტანგ მუსელიანის ქალიშვილის, ქეთევან მუსელიანის ფოტოებს წარწერით – „სრულყოფილება, კიდევ ერთი სვანური სილამაზე“... მართლაც ულამაზესი ქეთევან მუსელიანი მოდელი, ბალერინა და ძირითადი პროფესიით იურისტია, განათლებას იტალიაში იღებს... თავის მრავალმხრივ ნიჭსა და მრავლფეროვან ცხოვრებაზე ქეთევანს თავად ვესაუბრეთ.

– ქეთევან, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

– ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მართლაც ზღაპრული ბავშვობა მქონდა. ეს ყველაფერი ჩემი მშობლების დამსახურებით იყო. მადლობა მათ, რომ არასდროს არაფერი დაუკლიათ. ხუთი წლიდან ბალეტზე დავდიოდი. ისეთი იდეალური გარემო მქონდა, მუდამ ღიმილი იყო ჩემს სახეზე. ბავშვობის ფოტოები რომ ნახოთ, ყველგან ვიღიმი, იმდენად ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

– ბავშვობაში ნაზი ბალერინა იყავით?

– მთელი ბავშვობა ვაბალნსებდი, ბალეტზე ნაზი და ჰაეროვანი ვიყავი, სახლში სვანები ჩხუბში მავარჯიშებდნენ (იცინის). არასდროს არაფერი მაკლდა და ვერც ვიტყვი, რომ ბავშვობაში რამეზე გული მწყდებოდა. დედაჩემი და მამაჩემი მუდამ იმაზე ზრუნავდნენ, რომ გაღიმებული ვენახე. არასდროს არაფერის მეშინოდა და ხშირად ვფიქრობ, მომავალში მე თუ შევძლებ, იმის 1 პროცენტი მაინც მივცე ჩემს შვილებს, რაც მე მშობლებმა გამიკეთეს. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამორჩეული ფაქტი, რაც ჩემს ბავშვობაში იყო: ოპერაში სპექტაკლები რომ მქონდა, დედაჩემი მოაბილიზებდა ერთ დიდ „მარშუტკას“, ყველა ახლობელს დაპატიჟებდა და ერთად უყურებდნენ ჩემს გამოსვლას.

– სამწუხაროდ, ოჯახს დიდი ტრაგედია დაგატყდათ თავს...

– დიახ, ორი მოზრდილი ძმიდან სამწუხაროდ ერთი ძმა შვიდი წლის წინ ავარიაში დამეღუპა. ხშირად ვამბობ, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, პირველი – 20 წლამდე, სანამ ძმა მყავდა და მეორე – 20 წლის მერე. ძმის დაღუპვიდან 4 წლის შემდეგ მამა გარდამეცვალა. მამა იყო ჩემთვის ყველაზე ჭკვიანი კაცი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაასრულა და შემდეგ ლექტორი გახდა. წიგნები აქვს დაწერილი და მთავარი – დააარსა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია. მან რამდენიმე ენა იცოდა, ძალიან უყვარდა ოპერა და მუდამ უსმენდა. ყველაზე განსაკუთრებული კაცი იყო. უკეთილშობილესი, ყოველთვის ცდილობდა, სხვას დახმარებოდა და გზა გაემარტივებინა. მისთვის მატერიალური არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, ის იყო კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა… მამაც და დედაც ზემზრუნველები იყვნენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ საუკეთესო პირობები გვქონოდა. ყოველთვის ცდილობდნენ, ჯანსაღად გავეზარდეთ. მე თუ დღეს ადამიანი მქვია, ყველაფერი მათი დამსახურება. პროფესიით ორივე იურისტები იყვნენ და ჩემს კარიერაზე ამანაც მოახდინა გავლენა...

– სოციალურ ქსელში ძალიან თბილად იხსენებდით ძიძას...

– ჩემი აღზრდაში უდიდესი წვრილი მიუძღვის ჩემს გამზრდელი ძიძას – ჟენი ბებიას. ერთი თვის ვიყავი, როცა ძიძად მომიყვანეს და 14 წლამდე მზრდიდა. რომ დავიწყო მასზე საუბარი, ვერ გავჩერდები. თუ რაიმე ვარ დღეს, მისი უდიდესი დამსახურებაა. ყველაზე კეთილი ძიძა მყავდა.

– ასევე, დიდი სიყვარულით იხსენებდით ბავშვობაში მუხრანში გატარებულ დღეებს...

– მუხრანი ყველაზე განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის. მუხრანში დიდი სახლი გვაქვს, სადაც მთელი სანათესაო ვიკრიბებოდით და ყველაფერს ერთად აღვნიშნავდით. სამეზობლოც საოცარი მყავს. სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით. დღესაც, როცა მუხრანში მივდივარ, უბედნიერესად ვგრძნობ თავს. ვიცი, იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც მიყვარს და ვუყვარვარ

განსაკუთრებულად მახსოვს, ველოსიპედებით, რომ დავდგებოდით უბანში და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩემს გამზრდელს ჭიდან წყალი რომ ამოჰქონდა... თითოეული დღე ბედნიერებასთან ასოცირდება, როგორც ნაზი, ისე ველური ბავშვი ვიყავი...

– დღეს თქვენ რადიკალურად განსხვავებული პროფესიები გაქვთ...

– ბალეტი არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. როცა ცხოვრებაში რაღაც მიხარია ან მტკივა, სახლში ჩემთვის ვცეკვავ. თითქოს ცეკვით ვიცლები. ხუთი წლიდან ბალეტზე დავდიოდი და ეს ყველაფერი ჩემს სულშია. იმდენად მიყვარს ოპერაში სიარული, რომ შემეძლოს, ყოველდღე ვივლიდი. ახლა, როგორც ვაზროვნებ, ისე რომ უფრო პატარა ასაკში მეაზროვნა, აუცილებლად ახლაც სცენაზე ვიდგებოდი. ყველაზე ლამაზი რამაა ჩემს ცხოვრებაში – მგონია, რომ ფრთებს გავშლი და ვიფრენ. მადლობა დედას, რომ ასე პატარაობიდან მიმიყვანა ბალეტზე. დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელი და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სკოლა საქართველოში.

მეორე პროფესიით იურისტი ვარ. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრატურაც. ძალიან გამზარდა ამ პროფესიამ, ბევრი რამ მასწავლა. ახლა უფრო საერთაშოროსო ურთიერთობები და დიპლომატია მაინტერესებს.

ბედნიერება სიტყვას ხშირად ვხმარობ, მაგრამ რა ვქნა, სულ ვცდილობ, ყველაფერში ბედნიერება დავინახო, ყველა დეტალში. წავედი მაგისტრატურაზე იტალიაში და აი, მაშინ უკვე ზღაპრული დიდობა დაიწყო. ვცხოვრობდი რომის გვერდით, ქალაქში ლაქვილაში. თბილისიდან ეს ქალაქი რომ დავგუგლე, ვიფიქრე, სად მივდივარ, ვერ გავერკვიე-მეთქი. იქ რომ ჩავედი, აღმოჩნდა ერთი უზარმაზარი სიყვარულის ქალაქი... შემიძლია, რომ დავიწყო აღარ გავჩერდე, იმდენი მაქვს მოსაყოლი. სწავლის გარდა, სპექტაკლებიც მქონდა, ასევე, ვმუშოაბდი უნივერსიტეტშიც. მოკლედ ყველანაირი შესაძლებლობა გამოვიყენე. უამრავი შანსი მომცა იტალიამ და გზები გამიხსნა, უზომოდ მადლიერი ვარ! ელემენტარულად, მოწყენილი რომ ვყოფილიყავი და გარეთ სასეირინოდ გავსულიყავი, ისეთი ხალხია (თან უკვე თითქმის ყველას ვიცნობ), უცებ გამაღიმებდნენ. და იცით, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მასწავლეს? – ადამიანისთვის დღის გალამაზება. აი, მაგალითად, იტალიელ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი რვა თვე და თავიდან ჭამას რომ ვიწყებდი, ასე მეუბნებოდა Buon appetito, რაც ნიშნავს – კარგი, ბედნიერი ჭამა... სისტემატურად მეუბნებოდა და თავიდან ვერ ვიაზრებდი, რამდენს ნიშნავდა. მერე ვთქვათ, სასეირნოდ გავდიოდი და „ბედნიერი სეირნობა“... იქ ყველანი ასეთები არიან. არ არსებობს, მაღაზიაში შევიდე და კარგი დღე არ მისურვონ. თან, მერე გავაბამთ ხოლმე საუბარს. ჩემს ქალაქში ბევრი ტურისტი არ არის, უფრო ტიპური იტალიელებით სავსე ქალაქია. აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ლაქვილას ქუჩებში, უკეთ რომ მიხვედეთ, რას ვგულისხმობ.

– განსაკუთრებული გარეგნობა გაქვთ... ალბათ, ყველგან გქონდათ მოდელობაზე შემოთავაზება, ბევრი თაყვანისმცემელი...

– მადლობა უფალს, ვცდილობ, ყველაფერი დავაბალანსო. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ყველაფერზე შემიძლია, ღია ვიყო, თუმცა, ჩემს პირადზე არასდროს ვსაუბრობ. 27 წლის განმავლობაში ფოტოც კი არ დამიდევს ვინმესთან ერთად. ზოგადად, მგონია, რომ „პირადი“, მხოლოდ ორი ადამიანისაა. არ ვიცი, შესაძლოა, მომავალში აზრი შევიცვალო.

პირველი „გაფართხალება“ სამოდელო კუთხით იტალიაში, პესკარაში იყო. ქალაქში სტუდენტები სასეირნოდ ჩავედით, სულ ერთი საათის სავალზეა ჩემი ქალაქიდან. საღამოს ბოლოს მაღაზიებში გავისეირნეთ. ბოლოს კოსმეტიკის მაღაზიაში შევედით, სადაც ვიზაჟისტი მოვიდა და მორცხვად მკითხა, მოდელი ხარო? როცა ვუთხარი დიახ-მეთქი. იქნებ მოხვიდეთ ჩემთან მოდელადო, მთხოვა. ახალი ჩასული ვიყავი, თან, ისე გამიხარდა, გავგიჟდი და მოვალ, აბა, რას ვიზამ-მეთქი, მივუგე. არ ვიცი, იმდენი ლამაზი ისტორია დამიტოვა იტალიამ. მოდელობა ჩემთვის მთავარი პროფესია არ არის, თუმცა, მიხარია, როცა შემოთავზებები მაქვს.

– სოციალურ ქსელში თამარ ივერი ხშირად აქვეყნებს თქვენს ფოტოებს წარწერით „სრულყოფილება, კიდევ ერთი სვანური სილამაზე“... ამბობენ, რომ სვანური სილამაზე გამორჩეულია, მსოფლიო პოდიუმი დაიპყრესო... ეთანხმებით?

– დიახ, სრულიად ვეთახმები! სვანები განსაკუთრებულად სხვანაირები არიან. სამწუხაროდ, დიდად სვანებთან არ მაქვს შეხება, მაგრამ მახსოვს, პირველად რომ სვანეთში ჩავედი, სრული შოკი მქონდა. კაცი, ქალი ისეთი ლამაზები იყვნენ, ვაკვირდებოდი და თითოეული ნაკვთი დახატული ჰქონდათ. ყველაფერი აქვთ უფლისგან ბოძებული. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და შემიძლია, ვთქვა, რომ ყველასგან განსხვავდებიან. მე არ მიმაჩნია ჩემი თავი აი, ასეთ ლამაზად… ჩვეულებრივი გოგო ვარ.

წარმოშობით სვანი ვარ, თუმცა მე-17 საუკუნიდან რაჭაში ჩამოსული. ამიტომ რაჭველ-სვანი ვარ. თუმცა, არც რაჭასთან მქონია შეხება – მუხრანი, მუხრანი, მუხრანი... რაჭაში ჩემი სოფელი ტოლა წინა წელს პირველად ვნახე, ისიც გავლით. მუსელიანების ორი ნაწილი სვანეთში დარჩა. ამ გვარის ნაწილი რაჭაში ჩამოვიდა. მე მაქვს საგვარეულო ხე – რაჭიდან წამოვიღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა