შოუბიზნესი

როგორ გახდა ქართველ-ებრაელი თამი ალიგო მსოფლიო მოდის ტოპ-მოდელი და რატომ გადაწყვიტა მან საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლა

№36

ავტორი: ანკა რობაქიძე 23:00 16.09

თამი ალიგო
დაკოპირებულია

ულამაზესი, ქართველი ებრაელი თამი ალიგო წელს თინათინ მაღალაშვილის მიერ დაფუძნებულ, საქართველოს მაღალი მოდის კვირეულში მონაწილეობდა. ის არის პარიზის, მილანის, კანის ჩვენებების, მაიკლ ლომბარდის, მაიკლ სინკოს, ვიქტორია ბექჰემისა და სხვების ტოპ-მოდელი.

თამი ალიგო ისრაელიდან ვრცლად გვესაუბრა...

– მე და ჩემი ძმა ისრაელში დავიბადეთ და გავიზარდეთ... ჩვენი მშობლები საქართველოდან არიან, დედიკო – ქუთაისიდან, მამიკო – ფოთიდან. ჩვენ ქართული ტრადიციების მიხედვით, ქართულ ცეკვებსა და სიმღერებზე ვიზრდებოდით. მშობლების სიყვარული სამშობლოს მიმართ ჩვენზეც გადმოვიდა – ძალიან გვიყვარს საქართველო. დედა და მამა სახლში მხოლოდ ქართულად გვესაუბრებოდნენ, სკოლაში, რასაკვირველია, სწავლა ივრითულ, ინგლისურ ენებზე იყო. ივრითული საბავშვო ბაღიდან ვისწავლეთ... მართალია, ქართული კარგად მესმის, მაგრამ წერა-კითხვა ჯერჯერობით არ ვიცი და ამას აუცილებლად გამოვასწორებ.

– ბავშვობაში ყოფილხართ საქართველოში?

– დიახ, ერთხელ მთელი ოჯახი ჩამოვედით. ვნახეთ ის სახლი, სადაც დედა დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ მეგობრებთან ერთადაც ჩამოვედი რამდენიმეჯერ.

– მაშინ როგორი დაგამახსოვრდათ საქართველო?

– უზომოდ მომეწონა, რადგან ბავშვისთვის საქართველო ყველაზე საუკეთესო ადგილია. მე ასე მგონია, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერია – პარკები, სადაც ბავშვებს დილიდან საღამომდე შეუძლიათ ითამაშონ, კარგი სასწავლებლები და ასე შემდეგ... მახსოვს, დედიკომ ქუთაისის იმ სასწავლებელში წამიყვანა, სადაც თავად სწავლობდა. ვნახე, ბავშვები სკოლაში როგორ სწავლობდნენ, როგორ ლამაზად იყვნენ ჩაცმული... ძალიან შთამბეჭდავი იყო. ჩვენი ოჯახიდან საქართველოში აღარავინ ცხოვრობს. წლების წინ, როცა საქართველოში ომი იყო, ყველა მათგანი ისრაელში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედიკოს მშობლების მეგობარი დღემდე საქართველოშია, მას ბავშვობაში ვესტუმრეთ და ახლაც რომ ჩამოვედი, რამდენიმე დღე მასთან ვიყავი. დღეს მე საქართველოში მეგობრები მყავს, რომლებიც სამოდელო სფეროში არიან. ერთი ძალიან ახლო მეგობარი საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ერთად გვაქვს მიწვევები მილანში. ულამაზესი, ძალიან საყვარელი გოგოა.

– ახსენეთ, რომ ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დადიოდით...

– ისრაელში არსებობს ქართული ნაციონალური ბალეტი, თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც პატარაობიდანვე დავდიოდი. უზომოდ მომწონდა სცენა, კამერა, გადაღებები... შემდეგ სამოდელო სააგენტოში ამიტომაც შევედი. თამაზ ციციაშვილი სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა. იგი ჩემთვის მეორე მამაა, იმდენად დიდი ამაგი და სიყვარული აქვს ჩემ მიმართ. შეიძლება, ითქვას, რომ მის სტუდიაში გავიზარდე... საზღვარგარეთ კონკურსებში რომ გამოვდიოდით, ქართული ანსამბლი ყველგან მოსწონდათ, გიჟდებოდნენ, იმდენად დიდ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ყველგან პირველ ადგილზე გავდიოდით, დაუვიწყარ დროს ვატარებდით. ძალიან მეამაყება, რომ ზოგიერთ ქართულ ცეკვაში სცენაზე სოლისტად გამოვდიოდი. სამი წლის წინ ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია, რადგან თითქმის სულ საზღვარგარეთ გვიწევდა ყოფნა და ცეკვის გარდა, დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა.

– მოდელობა როდის დაიწყეთ?

– პროფესიონალურად მოდელობა ხუთი წლის წინ დავიწყე. იტალიაში რომ ვიმყოფებოდით, ქუჩაში გადაღებები მიმდინარეობდა და რომ დამინახეს, მითხრეს, ლამაზი გოგო გვჭირდება, უბრალოდ, აქ რომ დადგეო. ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. გადაღებაზე მილანის სამოდელო სააგენტოს „ინფინიტოს“ მენეჯერი იყო, მან თავის სააგენტოში მიმიწვია და მითხრა, რომ სამოდელო სფეროში შემეძლო, დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია. დავიწყე ამ სააგენტოსთან თანამშრომლობა და ერთი წლის შემდეგ პარიზის მოდის კვირეულზე ეკა მგალობლიშვილს შევხვდი. ქართული საუბარი რომ მომესმა, მივედი და თავად გავეცანი. იმ დღის მერე ერთად ვართ. დღეს მილანის სააგენტოს პარალელურად, ეკა მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ.

– როგორ აღმოჩნდით მაიკლ ლომბარდის, მაიკლ სინკოს, ვიქტორია ბექჰემის, სხვების ჩვენებებზე?

– ყველა ამ დიზაინერთან თანამშრომლობა განსაკუთრებული იყო. რაც შეეხება ვიქტორია ბექჰემს, მისი ახალი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარვადგინეთ... ორდღიანი ჩვენება იყო. პირველ დღეს ვიაიპი სტუმრებისთვის, მეორე დღეს კი – გადაღებები.

– საქართველოში გამართულ მოდის კვირეულზე რომ გვიამბოთ...

– თინათინ მაღალაშვილის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს მოდის კვირეულზე გამოვედი. სიმართლე გითხრათ, მოდის კვირეულით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, საქართველო იმდენად მომეწონა, რომ საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტე. უკვე ვესაუბრე ეკა მგალობლიშვილს და შემომთავაზა, მოდელების სკოლა ერთად გავხსნათო. პარალელურად, ვაპირებ, საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე ვისწავლო. სამედიცინო ფაკულტეტი მუდამ იყო ჩემი მიზანი... ისრაელში 4 წელი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

– მოდელობას ხომ გააგრძელებთ?

– მოდელობას პარალელურად გავაგრძელებ, ჩემი ძირითადი პროფესია აღარ იქნება. ჩემი მიზანი მოდელობა არასოდეს ყოფილა, მაგრამ, რადგან ასე მოხდა, ძალიან მიხარია. ბევრი რამის მიღწევა შევძელი, რაც სასიამოვნოა. მგონია, რომ აწი სხვა რაღაცებზეც უნდა ვიფიქრო. ამჯერად ჩემი ინტერესი სამედიცინო ფაკულტეტის პლასტიკური ქირურგიაა.

– სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე გამოსვლის სურვილი არ გქონიათ?

– იტალიაში არაერთხელ მთხოვეს საერთაშორისო კონკურსზე იტალიის სახელით გამოვსულიყავი. მართალია, იტალიაში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, მაგრამ კონკურსზე მხოლოდ ისრაელის ან საქართველოს სახელით თუ გავალ. მე ვერ ვგრძნობ თავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლად. ჩემი ქვეყნები ისრაელი და საქართველოა. თუ იქნება შემოთავაზება, სიხარულით დავთანხმდები, მაგრამ საქართველოში იმდენი ლამაზი გოგოა, მეეეჭვება ასე მოხდეს.

– რამდენად მოგეწონათ საქართველოში სამოდელო სფეროს დონე?

– როგორც უკვე ვახსენე, პირველად ვიყავი საქართველოში გამართულ მოდის კვირეულზე და ძალიან მომეწონა. ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი ამდენად ლამაზ კოლექციებს. ობიქტურად ვამბობ, საქართველოს დიზაინერები ბევრად სჯობიან იტალიის, საფრანგეთის დიზაინერებს. ქართველებს ახალი, იმავდროულად, ქალური კოლექციები აქვთ. ასეთს სხვაგან ვერ ნახავთ, რადგან სხვაგან ძალიან არაქალურ კოლექციებს ქმნიან. გარდა იმისა, რომ კოლექციები ამდენად მომეწონა, საქართველოში თავად მოდის კვირეული იყო ძალიან მაღალპროფესიონალურად ორგანიზებული. ყველაფერი თანმიმდევრულად, პრობლემების გარეშე მიდიოდა და ამას რომ ვხედავდი, ძალიან მიხაროდა. მივხვდი, რომ შემიძლია, აქ გადმოვიდე და ასეთ სასიამოვნო გარემოში ვიმუშაო.

– როგორც ვიცი, მსოფლიოს გამორჩეულ, ქართველ დიზაინერთან – დევიდ კომასთან ითანამშრომლეთ...

– დიახ, შევხვდი ცნობილ ქართველ დიზაინერს, დევიდ კომას. მოგეხსენებათ, იგი იმდენად მაღალი დონის დიზაინერია, რომ მსოფლიოს ძალიან ცნობილი სახეებისთვის აქვს შექმნილი სამოსი. როდესაც ჩვენ ლონდონში შევხვდით და ვუთხარი, რომ მეც ქართული ფესვების ვიყავი, ძალიან გაუხარდა. მითხრა, თუ ასეთი ლამაზი ქართველი ხარ, ერთად უნდა ვიმუშაოთო. ორი წლის წინ ლონდონში გადაღებები გვქონდა, დევიდ კომას კოლექციის სამოსში გადამიღეს ჟურნალისთვის. შოკში ვიყავი სიხარულით, როცა შემომთავაზა, ერთად უნდა ვიმუშაოთო, მსოფლიოში გამორჩეულ დიზაინერს რომ ჩემთან, როგორც ქართველთან მოუნდა თანამშრომლობა.

– გვიამბეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე...

– მყავს საქმრო, ჩემი შეყვარებული ლონდონიდან არის, ბიზნესმენია... ერთმანეთს მოდის კვირეულზე შევხვდით და შემდეგ ჩემს ყოველ გამოსვლას ესწრებოდა მილანსა თუ პარიზში.

– საქართველოზე სმენია?

– დიახ, როცა საქართველოში ვიყავი, ჩამოვიდა და მოდის კვირეულზე ჩემს გამოსვლას დაესწრო. ყველაფერი ძალიან მოეწონა და როცა გავანდე, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა მსურს, იმდენად გაუხარდა, ეკა მგალობლიშვილს დაურეკა და თავის სიხარული გაუზიარა. რასაკვირველია, თბილისის ძველი უბნები ძალიან მომწონს, ულამაზესია, მაგრამ მეც და ჩემს შეყვარებულსაც საცხოვრებლად უფრო თანამედროვე შენობები გვიყვარს და ამიტომ საბურთალო ავირჩიეთ, ასე გადავწყვიტეთ. დედიკო ამბობს, რომ ყოველ ორ კვირაში ჩამოვა ჩემთან... საქართველოში ულამაზესი გოგოები არიან და ძალიან გამიხარდება თუ შევძლებ და წვლილს შევიტან, რომ მათ საზღვარგარეთ შეძლონ თავის დამკვიდრება. ევროპაში რთულია კასტინგის გავლა. უნდა იცოდე, სწორად როგორ წარადგინო შენი მონაცემები, რომ არჩევანი შენზე შეაჩერონ. შემიძლია, ჩემი გამოცდილება ქართველ გოგონებს გავუზიარო.

– როგორი ვითარებაა ისრაელის სამოდელო სფეროში?

– სრულიად სხვა დონეზეა. ისრაელში სამოდელო სფერო თითქმის არ არის, უფრო როგორც ინფლუენსერები არიან. აქ მოდის კვირეულები არ ტარდება, მხოლოდ ტელევიზიითა და ჟურნალებით გადმოიცემა მოდის სფეროზე. ამიტომაც დავიწყე მუშაობა საზღვარგარეთ, ისრაელში მოდელის პროფესიით ვერ იმუშავებ.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ...

– დიახ... საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ესპანეთი, ამერიკა... ამერიკაში მაიამსა და ლოს-ანჯელესში ვიყავი. მომეწონა, მაგრამ იქ საცხოვრებლოად და სამუშაოდ ყოფნის სურვილი არ მაქვს. საცხოვრებლად აქ მომწონს და ამიტომაც, დაახლოებით, ერთ თვეში საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვალთ..

თამი ალიგოს დედის კომენტარი

– ბავშვებს მე და ჩემი მეუღლე სულ ქართულად ვესაუბრებოდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ენა ცოდნოდათ. დედაჩემი – მარგო მეგრელიშვილი, ფილოლოგი გახლდათ, სენაკის სკოლის პედაგოგი. ორჯერ აიღო მედალი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად წაკითხვაში. დღესაც სახლში ვინახავ მედლებს, რადგან დედა ამ მედლებით ძალიან ამაყობდა. დღეს ხალხი სულ სხვა რამეს აფასებს, მაგრამ ადრე ასეთ რამეს დიდ პატივს ცემდნენ. იმდენად დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა, ჩვენი სახლი სულ წიგნებით იყო სავსე... მე სენაკში დავიბადე, მაგრამ ქუთაისში გავიზარდე,. მამიდა მარტოხელა იყო და მარტო რომ არ ყოფილიყო, მასთან ვიზრდებოდი ქუთაისში. თუმცა, სენაკში ხშირად ჩავდიოდი, ქუთაისი-სენაკის გზაზე ვიყავი სულ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა