შოუბიზნესი

როგორ გახდა ირინა ონაშვილი მაკუნა ამაშუკელისთვის სტიმულის მიმცემი და როგორ მოხვდა ის მსოფლიო კონკურსების ტოპებში

№31

ავტორი: ანკა რობაქიძე 23:00 11.08

მაკუნა ამაშუკელი
დაკოპირებულია

აღიარებული მოდელს მაკუნა ამაშუკელი, მსოფლიო სილამაზის კონკურსებზე მუდამ წარმატებები სდევს თან და ახლა თავის წარმატებებსა და გამოცდილებაზე გვესაუბრება.

– პანდემიის შემდეგ, 2023 წელს, მალაიზიაში, კერძოდ, კუალა ლუმპურში ვიყავი, სადაც ჩატარდა სილამაზის კონკურსი Miss UniWorld 2023. ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო, რადგან მთლიანად მიმართული იყო უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლების დასახმარებლად. ჩვენი თითოეული აქტივობა ამ მიზანს ემსახურებოდა და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, რადგან მომეცა ჩემი ნიჭის გამოყენების საშუალება ამ მიმართულებით. შევხვდი არაჩვეულებრივ ხალხს, რომლებმაც ეს ცენტრი დააარსეს.

მაგალითად შემიძლია, მოვიყვანო ირანელი ქალბატონი, ოთხი შვილის დედა. მან მეხუთე შვილად აიყვანა ერთ-ერთი ბავშვი, რომლესაც დიაგნოზის გამო გადარჩენის შანსი, დაახლოებით, 2 პროცენტი ჰქონდა. თუმცა, ძალისხმევამ და რწმენამ გაჭრა და დღეს ის ბავშვი ფეხზე მყარად დგას. საკმაოდ კარგად უკრავს ფორტეპიანოზეც... ამის შემდეგ ამ ქალბატონმა საკუთარი სახსრებით დააარსა ეს ცენტრი და დღეს უკვე მისი შვილებიც ჩართული არიან მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთა დასახმარებლად. ასეთი ქალბატონები ნამდვილად არიან მისაბაძები და მეც მადლობელი ვარ, თუნდაც, იქ ყოფნით რაღაც მცირეოდენი წვლილი რომ შევიტანე.…

რაც შეეხება Miss UniWorld-ს, ჩემთვის ეს პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ სრულიად უარყოფს ისეთი სპონსორებისგან დაფინანსებას, როგორიც არის კაზინო, ენერგეტიკული სასმელები, სიგარეტი... კონკურსი მიმართულია, რომ მონაწილეებმა მაქსიმალურად დადებითი პროდუქციისა თუ აქტივობის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. მოგეხსენებათ, სხვადასხვა კონკურსი სხვადასხვა სახის აქტივობებით არის გამორჩეული. ამ მხრივ განსხვავება დიდია და მონაწილეების ფიზიკური თუ მორალური მონაცემებიც მოთხოვნის შესაბამისია ხოლმე. ჩემთვის გამორჩეულია „მის მსოფლიო“, რომელიც ტურიზმის პოპულარიზაციასა და საქველომოქმედო საქმიანობას ეხება. „მის დედამიწა“, რომელიც გარემოს დაცვას ემხრობა. ორივე კონკურსის მონაწილეები, ძირითად შემთხევებში, საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურებიან. საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის „მის მსოფლიო უნივერსიტეტი“, სადაც ვმონაწილეობდი, რადგან პროექტი განათლებას ეხებოდა ძირითადი აქტივობები და სხვადადხვა სახის ფორუმი ტარდებოდა, მათ შორის, ტურიზმის, ეკონომიკის...

ასევე, ძალიან საინტერესო იყო Silk Road global, რომელიც ასევე, ტურიზმის განვითარებისკენ იყო მიმართული და ჩინეთში სხვადასხვა რეგიონებში გვიწევდა მოგზაურობა. ჩემთვის კი, რაღაც მხრივ, საამაყოც იყო, რადგან ტოპში გავედი. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად გასახარია ის ფაქტი, რომ საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილია.

სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება შემდეგი სეზონი და როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული, ჩავალ. ზოგადად, ეს ორგანიზაცია ხშირად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და ყოველთვის მიწვევენ, როგორც მათ სახეს.

– თქვენ საკონკურსო ცხოვრების ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, დღეს როგორ გახსენდებათ დასაწყისი?

– საკონკურსო ცხოვრება 12 წლის ასაკში დავიწყე. საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, ტელევიზორში ვნახე რეკლამა და შემდეგ ამ რეკლამის გამეორებას საათობით ველოდებოდი. ისე მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, სუნთქვა მეკვრებოდა სიხარულისგან და მღელვარებისგან. ვფიქრობდი, რომ ეს ის ადგილო იყო, სადაც უნდა აღმოვჩენილიყავი, არა იმიტომ, რომ თავი ყველაზე ლამაზად ან გამორჩეულად მიმაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი სფერო იყო და ეს გრძნობა გამიჩნდა. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, ხელი რომ შემიწყვეს. ადრეც და უკვე ზრდასრულ ასაკშიც ჩემი ოჯახის წევრებისაგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემი მშობლები იყვნენ ჩემი მთავარი მოტივატორებიც. ასევე, მახსოვს კონკურსიც, რომელიც საკმაოდ ბავშვურად ჩატარდა. არანაირი ქუსლები, მაკიაჟი... სწორად იყო ის პრინციპი გატარებული, რომ ყველა ბავშვი ლამაზია. ყველა კონკურსანტმა აიღო პრიზი, გამორჩეულად არავინ დაჯილდოებულა. უბრალოდ, შემდეგ რამდენიმემ მივიღეთ საერთაშორისო საგზური და ალბათ, ეს იყო ძირითადი განსხვავება. ამ პერიოდში ჩემი ინსპირაციის წყარი იყო ირინა ონაშვილი, რომელმაც შეძლო და „მის მსოფლიოზე“ „მის ტალანტის“ ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება ჩემს ფავორიტ „მის მსოფლიოს“, ეს აიშვარია რაი იყო – ინდოეთის წარმომადგენელი.

ზოგადად, ვფიქრობ, ნებისმიერ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს არჩევნის გაკეთების საშუალება – თუ რა პროფესიას უნდა დაეუფლოს, ვინ უნდა იყოს... ვფიქრობ, ეს ყველა ბავშვშია ჩადებული. მშობელმა თუ საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვის ნიჭი არ დაიკარგოს და აღმოაჩინონ. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ესეც არის. არ არსებობს გამორჩეული პროფესია, არსებობს შენი პროფესია, რომელიც შენ, როგორც პიროვნებას, მოგცემს საშუალებას, გაგზარდოს და ჩამოგაყალიბოს. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომელიც ტელევიზიიდან ან სოცქსელებიდან მოწოდებებს აკეთებენ, თუნდაც, მათი ცხოვრების, ჩაცმის სტილის, ქმედებების შესახებ, ძალიან კარგად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რადგან ახალგაზრდობაზე, ძირითადად, სწორედ მათ აქვთ გავლენა, რაც ან ცუდისკენ წაიყვანს მომავალ თაობას, ან კარგისკენ.

– თუ გაქვთ გარკვეული წესები კონკურსის წინ, რაც დღემდე მოგყვებათ?

– კონკურსის წინ ვცდილობ, ყოველთვის იმ ადამიანების ისტორიები წავიკითხო, მათ ჩანაწერებს ვუყურო ან, თუ შესაძლებლობა მაქვს, მუზეუმებს ვეწვიო, რომლებმაც სხვადასხვა დადებითი გარღვევა მოახდინეს და წარმატება მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, სილამაზის კონკურსები იმ მასშტაბის არ არის, როგორიც სპორტი, თუმცა მე ყოველთვის ვამაყობ, როდესაც საქართველოს დროშა გამომაქვს! როცა ნაციონალური კოსტიუმის ტურია, ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია. ამ დროს განსაკუთრებულ ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში. ეს, ალბათ, წლებთან ერთად მოვიდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი, თუ რას ნიშნავს, იყო საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე. მახსოვს, ერთ-ერთი კონკურსის დროს ბათუმში ტარდებოდა ფესტივალი და სასტუმროს პერსონალისგან იმხელა მხარდაჭერა და სითბო ვიგრძენი, რასაც ვერ გადმოვცემ. ჩემზე მეტად უხაროდათ ჩემი წარმატება სრულიად უცნობ ხალხს. ასევე, მახსოვს, ერთხელ ბილეთების საყიდლად წავედი, რათა შემდეგ კონკურსზე წავსულიყავი და ბილეთების გამყიდველს ისე გაუხარდა, ის ბილეთები მაჩუქა. შემდეგ სულ მწერდა და მგულშემატკივრობდა. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ალბათ, უმთავრესიც. როდესაც საქართველოს დროშა მიჭირავს და ნაციონალური კოსტიუმი მაცვია, ყოველთვის ვიხსენებ ამ ხალხს და მათ თვალებს, ასევე, ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც საამაყოები და მისაბაძები იყვნენ ჩემთვის, ასევე, ჩემს მკერავსა და დიზაინერს, რომელებიც მთელ გულსა და სულს დებდნენ ამ კოსტიუმის შესაქმნელად, ჩემს მასწავლებელს, რომელიც სამი ბავშვის მარტოხელა დედა იყო, მათ შორის ერთ-ერთი უნარშეზღუდულია. თუმცა საოცარი მოთმინებითა და სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს... ჩემთვის სწორედ ასეთი ხალხი იყო ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, მაინც კეთილ და ძლიერ ადამიანებად რჩებოდნენ. ჩემი დროშის უკან სწორედ ეს ადამიანები დგანან.

– ბოლო პერიოდში სად იმყოფებოდით?

– ბოლო თვეებში ვიყავი ქაიროში, სადაც გაიმართა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – ქალთა როლი ხელოვნებაში და ასევე, სილამაზის კონკურსი. შემდეგ – ლიბანში, Miss Europe 2025-ზე, რომელიც 1927 წლიდან ტარდება. ადრე ფრანგები ატარებდნენ, შემდეგ ლიცენზია ლიბანელს დარჩა და მას შემდეგ ბეირუთში იმართება. ორივეგან ტოპში გავედი.

Miss Europe საინტერესოა იმით, რომ ისტორიული კონკურსია. ძირითადად, ტურიზმის განვითარებისკენ იყო მიმართული. საკმაოდ საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ სხვადასხვა რეგიონში ვიყავით, ისეთ ისტორიულ ადგილზე, როგორიც ბიბლოსია (გებალი)... რაც შეეხება ბეირუთს, ლიბანელებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ამ ხალხმა იცის, როგორ დატკბეს ცხოვრებით – კარგი მუსიკა, ცეკვა, საჭმელი... სტუმართმოყვარე ხალხია და ლიბანიც ძალიან ლამაზია. კონკურსი საკმაოდ განსხვავებული იყო და შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვქონდა. საკმაოდ კარგი გოგონები იყვნენ, ტოპ-ათეეულში გავედი და ბევრი მეგობარიც შევიძინე. კონკურსი, ძირითადად, სილამაზის პოპულარიზაციის, თავის მოვლის საშუალებებისა და ტურისტული ადგილების გაპიარებისკენ იყო მიმართული.

რაც შეეხება ქაიროს, როგორც აღვნიშნე, ხელოვნებაში ქალის როლს მიეძღვნა. ძალიან საინტერესო იყო ტურისტული თვალსაზრისითაც. პირამიდებთან და ახლად გახსნილ მუზეუმთან ერთად, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ღვთისმშობლის სახელობის კოპტური ეკლესიის ნახვა, რომელსაც არქიტექტურის გამო „დაკიდებულ ეკლესიასაც” უწოდებენ. ასევე, მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც ქრისტე დევნისას თავს აფარებდა....

ჩემთვის საინტერესო იყო მათი სამზარეულოც. რაც შეეხება მონაწილეებს, აქაც დავუმეგობრდი გოგონებს, განსაკუთრებით კი – მოლდავის წარმომადგენელს. ეს კონკურსი, ძირითადად, სოცმედიის აქტივობებისკენ იყო მიმართული. არაჩვეულებრივი ფოტო-ვიდეო გადამღებები გვყავდა. საინტერესო პროფესიონალი იყო მწვრთნელი, რომელიც სიარულის საკმაოდ კარგ მასტერკლასებს გვიტარებდა.

– ამჟამად რით ხართ დაკავებული?

– ამ ეტაპზე „სილქ როუდის“ გუნდში ვარ, მენეჯმენტის მიმართულებით. მალე ჩინეთში ჩატარდება „ტოპ 100 შეფის“ კონკურსი. ვმუშაობ, რათა საქართველოც იყოს სიაში... საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება იქნება და საინტერესოც ლანგფან (Langfang, China) Chef of the World – „მსოფლიოს შეფი“. საკმაოდ საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისითაც, ასევე, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. საკმაოდ კარგი ფულადი ჯილდოც იქნება და 30 000 მაყურებელი. ყოველდღიური აქტივობები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა. სამწუხაროდ, მე კონკურსში მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან ამ სფეროდან საკმაოდ შორს ვარ. თუმცა, საქართველოს თავისი კანდიდატი ეყოლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა