შოუბიზნესი

როგორ გახდა გიორგი პაპავა საბერძნეთის ახალგაზრდა ელჩი და როდის მოათავსა მან მთელი ცხოვრება 20-კილოგრამიან ჩემოდანში

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 25.10, 2022 წელი

გიორგი პაპავა
დაკოპირებულია

გიორგი პაპავა საბერძნეთის ახალგაზრდა ელჩი გახდა. როგორ? ამას თვითონ მოგვიყვება. გვიამბობს საკუთარი ცხოვრების სხვა საინტერესო და სენსიტიური ფაქტების შესახებაც, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

გიორგი პაპავა: ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც Facebook-ზე ვნახე საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ლუკა გურგენიძის მიერ ჩატარებული ღონისძიება შვედეთის სამეფოში. 2020 წელი იყო და მაშინ ამ პროგრამაზე არაფერი ვიცოდი, ამიტომ Google-ში მოვიძიე დეტალები და სრული ინფორმაციისთვის შემდგომ უკვე ლუკას დავუკავშირდი. დღეს უკვე თავად ვარ ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში.

– რა გეგმები გაქვს ამ ამპლუაში და რას ნიშნავს შენთვის ეს პასუხისმგებლობა?

– მთავარი გეგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა, რაც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს. თუმცა ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებისთვის რამდენიმე თვე საკმაოდ მცირე დროა, რადგან მანდატი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდეა, პლუს მიმდინარე წელს ჩემი ძირითადი მიზანია, რომ პროგრამები მორგებული იყოს ბერძენ ახალგაზრდებზე, რათა მათ უკეთ გაიცნონ ქართველები და ქართული კულტურა. რაღა დაგიმალოთ და თავიდან შემეშინდა ამხელა პასუხისმგებლობის, რადგან ხალხს არ ესმის, რას ნიშნავს ან რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია ახალგაზრდა ელჩს. საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დიდ რაოდენობას დღემდე სრულუფლებიანი ელჩიც კი ვგონივარ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, განვმარტო, რომ მე ვარ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში.

– ეს ქვეყანა და ემიგრაციის თემა შენთვის ძალიან ნაცნობი ყოფილა – როგორია პირადად შენი და შენი ოჯახის წევრების ისტორია ამ თვალსაზრისით?

– ემიგრაციის ცნება ჩემს ცნობიერებაში ხუთი წლის ასაკში გაჩნდა, როდესაც ჩემი აღმზრდელი ბებია წავიდა საბერძნეთში, შემდეგ კი ამ გზას, ფაქტობრივად, ჩემთვის ყველა ძვირფასი ადამიანი დაადგა. შევეგუე, ისევე, როგორც უამრავი ქართველი დღემდე ეგუება საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრებას, ემიგრაცია კი დღემდე ბავშვობის ტრავმად რჩება. საბერძნეთში 15 წლიდან დავდივარ. ჩემი ყოველი ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები დღემდე ამ ქვეყანას უკავშირდება, ამიტომ ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ ნაცნობია და არასდროს მიგრძნია თავი ემიგრანტად. თუმცა, დღემდე მახსოვს პირველი განცდა, როდესაც უდიდეს სამყაროში მარტო აღმოვჩნდი, როდესაც ბერლინში გადავედი საცხოვრებლად, უდიდეს ქვეყანაში სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობდი და ისიც, დაახლოებით, 9 საათის სავალზე ცხოვრობდა. მახსოვს, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა, გავიაზრე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ოცკილოგრამიან სამოგზაურო ჩემოდანში მოვათავსე და მეწყინა… შემდეგ იყო დაფრენა, შიშისა და სიცარიელის განცდა, და ყველაზე მთავარი კითხვა – თუ რატომ ვაკეთებდი ამას, მიღირდა კი? ემიგრაცია და მასთან დაკავშირებული ისტორია ბევრია, მაგრამ ყველას გვაქვს ერთი დიდი საერთო ტკივილი, ყოველი გაფრენის წინ ვტოვებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია: ოჯახს, მეგობრებსა და საკუთარ ქვეყანას. ზუსტად ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ ვიტან დღემდე ფრენას, ადიხარ თვითმფრინავში, ყველაფერს უკან ტოვებ და არ იცი, როდის დაბრუნდები.

– როგორ ცხოვრობდი ემიგრაციამდე?

– დავიბადე და გავიზარდე ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. იყო სიმკაცრეც და ლმობიერებაც, მაგრამ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არასდროს მზღუდავდნენ არჩევანის გაკეთებაში. სწორედ ამ ოჯახმა და სოციუმმა ჩამომაყალიბა იმად, ვინც ვარ ახლა. წარმოიდგინეთ, იმის მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მათ ჩემთვის რომ აეკრძალათ ევროპაში მოგზაურობა, გერმანიაში გადასვლა ან საბერძნეთში ცხოვრება, მე სრულიად სხვა პიროვნება ვიქნებოდი და ზუსტად ვიცი, არც ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ, გადალახულმა პრობლემებმა, რომლებსაც მარტო ვეჭიდებოდი მომცა უდიდესი ძალა და ახლა უკვე მგონია, რომ არ არსებობს საკითხი, რომელსაც ვერ გადავჭრი ან სურვილი, რომელსაც ვერ ავიხდენ.

– ახლა, როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობ, სად ცხოვრობ და როგორია შენი ყოველდღიურობა, ცხოვრების სტილი?

– ვფიქრობ, რომ ვინც ევროპაში ვცხოვრობთ, ნაწილობრივ ყველანი მოგზაურები ვართ, მით უმეტეს გერმანიაში ორჯერ მომიწია ცხოვრება რამდენიმე თვით და ფაქტობრივად, ყოველ უიკენდზე მეზობელ ქვეყნებში გადავდიოდი. ბოლო 2 წელია, საბერძნეთის კუნძულებით შემოვიფარგლები, სადაც რამდენიმე თვე ვრჩები ხოლმე და თან სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობ. ყველაზე უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როდესაც მეკითხებიან: სად ვცხოვრობ? (იცინის). პასუხია – „არ ვიცი“. ბოლო ორ წელში ვცხოვრობდი ბერლინში, ათენში და რამდენიმე კუნძულზე, პლუს, ისე მოხდა, წინა ზამთარს თბილისში ვიყავი, ამიტომ, მიმიხვდებით თუ როგორი რთული კითხვა არის ეს ჩემთვის. მგონი, ბოშა ვარ (იცინის).

– მარკეტერი, ინჟინერი… მოგვიყევი შენი პროფესიების შესახებ.

– ესეც საკმაოდ დიდი ამბავია, თქვენს ყველა კითხვას სრულად რომ ვუპასუხო, მგონი, ერთი პატარა წიგნიც დაიწერება (იცინის). მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული, დედაჩემთან ვწუწუნებდი, რომ ცხოვრებას ვერ ვასწრებ-მეთქი, ის კი სულ მეჩხუბებოდა (იცინის). დრო იმდენად სწრაფად გადის, რომ ადამიანები თითქოს იძულებულები ვართ მთელი ცხოვრება ერთ პროფესიას დავუთმოთ ან, მაქსიმუმ, ორს, მაგრამ მე ყოველთვის ყველაფრის ცდა მინდოდა. პირველი სერიოზული გატაცება არქიტექტურა იყო, შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ინჟინერიას ვსწავლობდი. პარალელურად, შევისწავლე ციფრული მარკეტინგი და დღემდე ვმუშაობ ფრილანსერად ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ყველაზე მეტად სწორედ ეს პროფესია მაკავშირებს საქართველოსთან.

– გამორჩეული გარეგნობა გაქვს, „ჰოლივუდის“ მსახიობს, ტომ ჰოლანდსაც გამსგავსებენ. სტილიც გამორჩეული გაქვს. აქვს ამ ყველაფერს თავისი წვლილი წარმატებაში?

– გმადლობთ, ამას კომპლიმენტად მივიღებ, მაგრამ არ მიყვარს, როცა მაწითლებენ (იცინის). „ტიკ-ტოკზე“ გამოჩენისთანავე პირველი 2 თვე არ წყდებოდა კომენტარები ტომ ჰოლანდთან მსგავსებაზე, შემეძლო, ეს ფაქტორი გამომეყენებინა პლატფორმაზე ცნობადობის ასამაღლებლად და კონტენტიც ამ თემაზე მორგებული გადამეღო, მაგრამ არ მაქვს სურვილი, ვინმესთან ვასოცირდებოდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა