შოუბიზნესი

როგორ გახდა ეკატერინე სურმავა დორტმუნდის თეატრის წამყვანი ბალერინა და რატომ „იყოფდნენ“ ის და ნინო ანანიაშვილი იაპონიაში სპექტაკლს

№9

ავტორი: ანკა რობაქიძე 22:00 12.03

ეკატერინე სურმავა
დაკოპირებულია

დორტმუნდის თეატრის წამყვანი ბალერინა, ულამაზესი ეკატერინე სურმავა თავის საინტერესო შემოქმედებით და ყოველდღიურ ცხოვრებაზე გერმანიიდან გვესაუბრა.

– მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდის თეატრის წამყვანი ბალერინა ვარ, ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ ქართველი ვარ, საქართველოდან და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარ კულტურაზე...

– თქვენ საქართველოში უკვე ძალიან წარმატებული ბალერინა იყავით და შთამბეჭდავი შემოქმედებითი ბიოგრაფია გქონდათ. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, სანამ უცხოეთში გადახვიდოდით?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სკოლას, რაც გამოვიარე. სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც ბალერინა. დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, რომელშიც მართლაც არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. შემდეგ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში განვაგრძე მუშაობა, სადაც ასევე, გამორჩეულ პედაგოგებთან მომიხდა თანამშრომლობა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ პროფესიონალებთან მოვხვდი. დიახ, როგორც პროფესიონალი ბალერინა, მე შევდექი და ჩამოვყალიბდი საქართველოში და ამას ძალიან ვაფასებ.

– გაგიმართლათ, რადგან იმ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა მსოფლიოში აღიარებული პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი...

– დიახ, მე ჯერ კიდევ სასწავლებელში ვსწავლობდი, როდესაც ქალბატონი ნინო საქართველოში ჩამოვიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შევუერთდი თბილისის საბალეტო დასს. დიდად მადლობელი ვარ იმ გამოცდილებისათვის, რაც ნინო ანანიაშვილთან მივიღე, რა შანსებიც მომცა, რომ ახალი პარტიები მეცეკვა, მომემზადებინა... ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც სპექტაკლების „ჟიზელის“, „რომეო და ჯულიეტას“ რეპეტიციებზე შემოდიოდა. იმდენად საინტერესო რჩევებს მაძლევდა, დღემდე რომ მახსოვს, ვითვალისწინებ და ვიყენებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს თეატრს ყველა იმ შესაძლებლობისათვის, რაც ქალბატონი ნინოს ხელმძღვანელობის დროს მომეცა და რაც ჩემთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო, როდესაც იაპონიაში სპექტაკლი „გედების ტბა“ ქალბატონ ნინოსთან ერთად შევასრულე. შეიძლება ითქვას, სპექტაკლს ვიყოფდით, მე თეთრ გედს, ოდეტას ვცეკვავდი, ქალბატონი ნინო – შავ გედს, ოდილიას... ეს დღე გამორჩეულია ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, როგორ ვღელავდი. პატარა ვიყავი, სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა და უცებ – ამდენად დიდი, საინტერესო გამოცდილება, რომელიც დღემდე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.

აუცილებლად მსურს, ვახსენო ქალბატონი – ირა ჯანდიერი. ის ჩემთვის მეორე დედაა ჩემს პროფესიულ გზაზე. საუკეთესო მენტორი, პედაგოგი, უფროსი მეგობარი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ბალერინად ჩამოყალიბებაში. ის მთელი თავდადებით შრომობდა ჩემთვის და მაქსიმუმს მაძლევდა. როდესაც სამუშაო საათები მთავრდებოდა, ვრჩებოდით და ღამეებიც კი გვითენებია დარბაზში. მისი უზომოდ დიდი მადლობელი ვარ და დღემდე ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს.

– რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, უცხოეთში წასულიყავით?

– საქართველოში თეატრში 13 სეზონი გავატარე... მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესიული ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა. მქონდა იმის მოთხოვნილება, რომ შეიძლებოდა, საინტერესო შემოქმედებითი გზა მქონოდა. ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, შენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად გავსულიყავი, გამომეცადა საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები და მქონოდა, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, განსხვავებულ ქორეოგრაფებს შევხვედროდი, მათთან მეთანამშრომლა. ამ გადმოსახედიდან ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ბევრი ახალი გზა გამოჩნდა, ბევრი ახალი საინტერესო კარი გაიღო. ერთმნიშვნელოვნად ძალიან ბედნიერი ვარ იმ შემოქმედებითი გზით, რაც ამჟამად მაქვს.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები გერმანიის თეატრში?

– ზოგადად, არა მხოლოდ თეატრის, არამედ ქვეყნის შეცვლაც ძალიან რთული და სტრესულია. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებ, გარემოცული ხარ ადამიანებით, რომლებმაც შენ შესახებ ბევრი არ იციან. ხელახალა, თავიდან უნდა წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები და ყველას აჩვენო შენი პოტენციალი. ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა, რადგან ჩემი კონტრაქტი უკვე თეატრის წამყვანი ბალერინას პოზიცია იყო. ეს წამყვან პარტიებს ითვალისწინებდა და დაწყებითი ეტაპების გავლა არ დამჭირვებია, პირდაპირ წამყვანი პარტიების შესრულებას შევუდექი.

მინდა, აღვნიშნო ჩემი დირექტორის – ქსინ პენგ ვანგის შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, ქასთინგის გარეშე შემომთავაზა ეს პოზიცია. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ის 22 წლის განმავლობაში „ბალეტ დორტმუნდის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვიტა, პენსიაზე გასულიყო და დღეს აღარ არის თეატრის დირექტორი, მაინც აქტიურად ვთანამშრომლობთ. სწორედ მისი მიწვევით ვიყავით ცოტა ხნის წინ ჩინეთის ნაციონალურ ბალეტთან ერთად გალა კონცერტზე, ძალიან მნიშვნელოვან საღამოზე.

როცა მეკითხებიან, რატომ შევაჩერე არჩევანი დორტმუნდის თეატრზე, გულწრფელად გითხრათ, ბევრი არ მიწვალია. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წავსულიყავი, რამდენიმე ადგილას გავაგზავნე ჩემი მონაცემები და პირველად სწორედ დორტმუნდის თეატრიდან მივიღე მიწვევა.

უკვე მესამე სეზონია, რაც დორტმუნდის თეატრთან ვთანამშრომლობ. ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი დამიგროვდა. ალბათ, კლასიკური ბალეტებიდან „ბაიადერას“ გამოვარჩევდი, რომელიც გასულ სეზონზე დაიდგა. მასში ნიკეას პარტია შევასრულე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო როლი იყო. ამ პარტიის შესრულებით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.

რაც შეეხება თანამედროვე, ნეოკლასიკურ ნაწილს, ალბათ – დევიდ დოუსონს აღვნიშნავ, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კაშკაშა ვარსკვლავი ქორეოგრაფია. ძალიან საინტერესო შემოქმედება აქვს, მსოფლიოს ყველა დიდ სცენაზე აქტიურად დგამს სპექტაკლებს. გვქონდა დიდი პატივი, ჩვენთვისაც დაედგა ერთ-ერთი ბალეტი და წილად მხვდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო მასში.

– საგასტროლო ტურებზე რას იტყოდით?

– დიახ, ამ მხრივ, საქართველოშიც ძალიან განებივრებული ვიყავით. როგორც ვიცი, ჩვენი დასი დღესაც ძალიან აქტიურად მოგზაურობს საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოში. ამ მხრივ, არც გერმანია ჩამორჩება, ჩვენც ძალიან ხშირად გვაქვს გასვლითი ტურები. წელს, ალბათ, სამხრეთ კორეას გამოვარჩევდი, სადაც ჩემთვის განსაკუთრებული სპექტაკლი იყო – ალექსანდრე ეკმანის მიერ დადგმული „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

გარდა ამისა, მე პირადი მიწვევები მაქვს სხვადასხვა გალა კონცერტებზე, ამ მხრივ, თეატრი ძალიან მიწყობს ხელს და პარალელურ რეჟიმში მაქსიმალურად ვახერხებ პირადი მიწვევების განხორციელებას.

წელს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, რობერტო ბოლესთან თანამშრომლობა იყო. მან მიმიწვია მაურო ბიგონძეტის ბალეტ „კარავაჯოში“ ერთ-ერთი მთავარი პარტიის შესასრულებლად. ეს ბალეტი 2008 წელს ბერლინის ოპერის თეატრისთვის დაიდგა და მთავარ პარტიებს ასრულებდნენ ვლადიმირ მალახოვი და პოლინა სემიონოვა.

ჩემთვის დაუჯერებელი და მოულოდნელი იყო მისგან ზარი და შემოთავაზება. ბავშვობაში ჩემთვის რობერტო ბოლე კულტი იყო. რობერტო ბოლე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი ფიგურაა დღეს ბალეტის სამყაროში, ხოლო მისი გალა კონცერტები – ყველაზე პრესტიჟული (სახელგანთქმული იტალიელი მოცეკვავე, რომელიც ერთდროულად მოღვაწეობდა მილანის „ლა სკალას“ თეატრში, ნიუ-იორკის American Ballet sa da londonis Royal ballet-ში).

პრემიერა იყო ფლორენციაში, შემდეგ – მილანში... ამ პროგრამით იტალიის სხვადასხვა ქალაქები მოვიარეთ. მალე ჰონ-კონგში მივდივართ, ამ სპექტაკლს ბალეტის ფესტივალზე წარმოვადგენთ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი და საამაყოა. ასეთი აღიარება კი დიდი მოტივაციის მომცემია.

– თაყვანისმცემლებზე რას გვეტყოდით?

– ჩვენთვის, ხელოვანებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სითბოს და ემოციებს, რასაც მაყურებლებისგან ვიღებთ. ამ მხრივ, ნამდვილად განებივრებული ვარ როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. აქვე დავძენ, რომ ისეთი თბილი პუბლიკა, როგორიც საქართველოშია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშვიათად თუ სადმე იქნება.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– გეგმებს რაც შეეხება, აქტიურად ვემზადებით ახალი პრემიერისათვის. ერთ კვირაში ბალეტ „ფრიდას“ პრემიერა გვექნება. შემდეგ ჰონ-კონგში მივემგზავრები – ჰონ-კონგის არტფესტივალის ფარგლებში „კარავაჯოს“ სპექტაკლები გვექნება რობერტო ბოლესთან ერთად. შემდეგ კიდევ არაერთი პრემიერა გველოდება დორტმუნდის თეატრში. ჩემთვის ძალიან საინტერესო სეზონი გამოდის, დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ვარ, რადგან ჩვენთვის, მოცეკვავეებისათვის, ასეთი საინტერესო სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც საქმეში მთელი მონდომებით ვარ ჩართული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი