როგორ გახდა ანასტასია ბაკურაძე „მსოფლიო პრინცესა“ და ვინ მიიწვია ის კანის კინოფესტივალზე არაერთხელ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 11.03

14 წლის ანასტასია ბაკურაძე საოცრად წარმატებული გოგონაა. მან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და მოდის ინდუსტრიაში უამრავი მიღწევა აქვს.
ანასტასია სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებლის, ეკა მგალობლიშვილის შვილი გახლავთ და როგორც ამბობს, დედა მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მან საკუთარი ნიჭი გამოავლინოს.
ანასტასია ბაკურაძე: ახლახან პარიზიდან დავბრუნდით, სადაც მოდის კვირეულზე მიმიწვიეს, როგორც მოდელი და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებაზე გამოვედი. სცენაზე ორი წლიდან ვდგავარ. პირველად, 5 წლის ვიყავი, როდესაც პარიზში მოდის კვირეულზე მიმიწვიეს. მას შემდეგ ვაგრძელებ იქ საქმიანობას. უამრავი ტელევიზია და პრესა ესწრება ხოლმე ჩვენებებს და ძალიან მიხარია, რომ ყველასთან განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული მაკავშირებს. საკუთარი შვილივით მიმიღეს, რისთვისაც მადლიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ დიზაინერები განსაკუთრებულად გამომარჩევენ, ისინი უკვე კარგად მცნობენ და პოდიუმზე მათი კოსტიუმის წარდგენას მთხოვენ. მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი გამოსვლები. ერთ-ერთმა ჟურნალმა კანის კინოფესტივალზე მიმიწვია – მინდა, ჩვენს ჟურნალს პიარი შენ გაუკეთოო. კანის კინოფესტივალზე უკვე ვარ ნამყოფი. პირველად 11 წლის ასაკში ვიყავი, ჯამში კი 4-ჯერ მიმიწვიეს, რაც დიდი პატივია და მათი მადლიერი ვარ ასეთი დამოკიდებულების გამო.
ამჯერად, საფრანგეთის ტელევიზიაში მიმიწვიეს. ძალიან ოჯახური გარემო დაგვხვდა. წამყვანი „მის მაროკო“ იყო, რომელსაც სხვათა შორის, ორი წლის წინ, კანის კინოფესტივალზე, მისივე მოთხოვნით, ჩემი, ანუ, ბრენდ „ანასტასიას“ კაბა ეცვა. მინდა, გითხრათ, რომ წლევანდელ კვირეულზეც ყველა მეკითხებოდა: ანასტასია, შენი კაბები არ წამოიღეო?!
– როგორც ვხვდები, მარტო სამოდელო საქმიანობით არ ხარ დაკავებული, დიზაინერის ამპლუაშიც კარგად გიცნობენ...
– თამამად შემიძლია, ვთქვა: მილანში, პარიზში, მონაკოში, დუბაიში, ტაილანდში, თურქეთში, ალბანეთში, რუმინეთში დიზაინერების უმეტესობა საწევროს თანხას იხდის, ბრენდი „ანასტასია“ კი ყველგან უფასოდ არის მიწვეული.
ჩემი ბრენდი პანდემიის დროს შეიქმნა. კარანტინის დროს მე და დედამ გადავწყვიტეთ, ამ კუთხით გვემუშავა. ხატვა ძალიან მიყვარს და ეს დამეხმარა. იმ პერიოდიდან დღემდე რამდენიმე კოლექცია შევქმენი და მიხარია, რომ ყველა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ახლა მილანის მოდის კვირეულისთვის ვმუშაობ.
– 14 წლის ასაკში ძალიან ბევრი წარმატება გაქვს. ყველაზე მნიშვნელოვნად რა მიგაჩნია?
– ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი დედაჩემის – ეკა მგალობლიშვილის, გარეშე. მე ვიცი, რომ ჩემზე ლამაზი ბავშვებიც არსებობენ, უფრო ნიჭიერებიც, თუმცა, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი, მთავარი კი მშობლის ხელშეწყობა მგონია, ასევე, სანაცნობო წრე. არავინ იტყოდა, ვეძისში ცხოვრობს ერთი გოგონა, სახელად ანასტასია და მას შეუძლია, სიმღერა, მოდელობა, ცეკვა და ასე შემდეგო. დედა ყველანაირად გვერდით დამიდგა, რომ ჩემი ყველა ნიჭის განვითაერებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნა და ყველაფერი ამის დამსახურებით მოხდა.
ეკა მგალობლიშვილი (დედა): მე ვფიქრობ, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. რომ არ დამენახა, ანასტასიას კარგი სამოდელო და დიზაინერული მონაცემები აქვს, სხვა სფეროში ჩავდებდით ენერგიას. მე უფროსი შვილიც მყავს – თათული, ის ინფლუენსერია, არაჩვეულებრივი გოგონაა, მაგრამ მას სხვა მიმართულება აინტერესებს. ანასტასიას რაც შეეხება, ყველგან გამოარჩევენ დიზაინერები. ამბობენ, რომ სცენაზე განსხვავებულ ცეცხლს ანთებს. რა თქმა უნდა, დედა ცდილობს, შვილის წარმატებაში წვლილი შეიტანოს, მაგრამ რაც არ უნდა ხელი შეუწყო, თუ მასაც შესაბამისი მონაცემები არ ექნება, მხოლოდ ამ გზით ვერაფერს მიაღწევ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ამ სფეროში ხარ, შენს შვილს არ გამოარჩევენ თუ მან თავისი შესაძლებლობები არ დაამტკიცა და ანასტასია, ამ მხრივ, ნამდვილად გამოირჩევა.
– ანასტასია, პოდიუმზე შენი პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ...
ანასტასია: მე ეს არ მახსოვს, დედის მონათხრობიდან ვიცი. წლისა და თვეების ვყოფილვარ, პირველად რომ სცენაზე ნინი შერმადინთან ერთად გამოვსულვარ ერთ-ერთ კონკურსზე, რომელსაც დედა მართავდა. ერთხელ კი, ძიძასთან ერთად ვესწრებოდი ღონისძიებას, როგორც სტუმარი. თურმე, 300-400 სტუმარს შორის კრისტი ყიფშიძე გამომირჩევია, მასთან მივსულვარ, ხელი მომიკიდებია და პოდიუმზე ამიყვანია, სადაც ერთად გავიარეთ (იცინის). ორი წლისა და ხუთი თვის ვიყავი, როცა თურქეთში მიმიწვიეს ფესტივალზე. ეს უკვე ბუნდოვნად მახსოვს. იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული გრანპრი იყო, მაგრამ მაშინ მე მისი მნიშვნელობა არ ვიცოდი. ძალიან მოლაპარაკე და აქტიური ბავშვი ვიყავი. ქართულად, რუსულად, ინგლისურად, სამივე ენაზე ვსაუბრობდი. თუ დავინახავდი, ვინმე მღეროდა, მეც ვმღეროდი, თუ ცეკვავდნენ, მეც ვცეკვავდი (იცინის). ამ ღონისძიებაზეც ყველაფერში გამოვიჩინე თავი. ერთ მომენტს გავიხსენებ: დავინახე, რომ ვიღაც ლექსს კითხულობდა, მივედი და განვაცხადე, მეც ვიცი ლექსი-მეთქი, მაგრამ ლექსი არ გამახსენდა და „მამაო ჩვენო“ წავიკითხე ძალიან ემოციურად. სტუმრებმა რომ გაიგეს, ლოცვა წავიკითხე, ყველა ფეხზე წამოდგა. მართლა საოცარი ემოციები მივიღე ამ ადამიანებისგან და ის სითბო და სიყვარული დღემდე მახსოვს. სანამ დაჯილდოება დაიწყებოდა, ვიცოდი, რომ ჟიურის უკვე დაწერილი ჰქონდა შეფასებები, მივედი და თავმჯდომარეს ვეკითხები, მე რა ჯილდო დავიმსახურე-მეთქი? მიპასუხა, შენ ისე გამოიჩინე თავი, როგორც ყველაზე პატარა მონაწილემ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, გრანპრი უნდა გადმოგცეთო. მე გრანპრი არ მინდა, ჩემმა ბაღელებმა არ იციან, ეგ რას ნიშნავს, ამიტომ პრინცესას ტიტული უნდა მომცეთ-მეთქი, განვუცხადე (იცინის). ასე გავხდი მსოფლიოს პრინცესა და კმაყოფილი წამოვედი, ამას უფრო გაიგებენ ჩემი ბაღელები-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ასე შეიქმნა ნომინაცია „მსოფლიოს პრინცესა“.
ეკა: მე ყოველთვის მერიდებოდა ჩემი შვილის წინა პლანზე წამოწევა. ერთხელ ტელეკომპანია „იმედში“ მიგვიწვიეს და ზუსტად ამ მიზეზით, ანასტასია მოდელებიდან ყველაზე ბოლოს დავაყენე. უცებ, ვხედავთ, პირდაპირ ეთერში შემოდის ანასტასია და აცხადებს, მე პატარა მის მსოფლიო გამახსნევინეს და პრინცესა გავხდი, თქვენ „იმედის დილას“ არ მახსნევინებთ, ბოლოში რომ დამაყენეთო?! ცრემლებს ყრიდნენ სიცილისგან გარშემო (იცინის). თავიდანვე ძალიან მონდომებული და მოხერხებული ბავშვი იყო.
ანასტასია: 2018 წელს ძალიან რთულ კონკურსზე გავედი ტაილანდში. 103 მოდელი იღებდა მონაწილეობას. კონკურსს ყოველდღე ეთიშებოდნენ მონაწილეები. ნახევარფინალში გადასულებს შორის ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, მე ტირილი დავიწყე, შეცდომით მეგონა, რომ მათ ვინაობას აცხადებდნენ, ვინც კონკურსი დატოვა. მერე გავიგე, რომ სინამდვილეში, ფინალში გადავსულვარ და უფრო მეტიც: მე და ბიჭებიდან – ნიკოლოზ ბერძენიშვილი პირველი ქართველი ბავშვები გავხდით, რომლებმაც ტაილანდიდან გრანპრი ჩამოვიტანეთ. ეს ურთულესი საერთაშორისო ფესტივალი იყო. საერთოდ, აზიაში ურთულესი კონკურსებია. მე მიყვარს ჭიდილი და ამ კონკურსში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ დედა არ იყო ჟიურის წევრი და გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. მერე დედა ძალიან ამაყობდა, რომ 103 კონკურსანტს შორის, მე გრანპრით დავბრუნდი საქართველოში. ესეც რომ არა, საოცარი ღონისძიება იყო, მეფის დაბადების დღეზეც მიგვიწვიეს, არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს და მეორე წელსაც დაგვპატიჟეს. ეს ყველაფერი მახარებს, რადგან სცენაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, კამერებიც ძალიან მიყვარს და მაყურებლებით სავსე დარბაზში გამოსვლაც. შარშან პარიზის მოდის კვირეული წავიყვანე, წელს თურქეთმაც მთხოვა იგივე ინგლისურ ენაზე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.
– ენები ძალიან პატარა ასაკიდან იცი და მოდელობის გარდა, როგორც ვიცი, ბევრი ინტერესი გაქვს...
– ენები პატარა ასაკიდანვე ავითვისე, ეს ჩემი სურვილი იყო. სწავლა ჩემთვის პირველ ადგილზეა. ათოსანი ვარ. თვეში ერთი კვირით სხვა ქვეყანაში ვართ და გაცდენებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა, რის გამოც ტესტების ჩაბარება მიწევს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, გაცდენების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანო. როცა სხვა ქვეყანაში ვარ, წიგნები თან მაქვს და რა თქმა უნდა, ვმეცადინეობ. სამომავლოდ ადვოკატობაზე ვფიქრობ, თუმცა, ვნახოთ, სხვა პროფესიებიც მხიბლავს. მოდელობას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. ასევე, დიდ დროს ვუთმობ ხატვას და ტანსაცმლის მოდელირებასაც ვსწავლობ, მინდა, საინტერესო ლუქების შექმნა გავაგრძელო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან