შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ონისე ონიანი ზვიგენებს და რატომ გააგდო მან ზურა ბერიკაშვილი სასტუმროს ნომრიდან

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 27.07

ონისე ონიანი
დაკოპირებულია

მოგზაურობა ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციების წყაროა, რომელსაც თან საინტერესო თავგადასავლები ახლავს. განსაკუთრებით სახალისო და გამორჩეული კი ისეთ ადამიანთან ერთად მოგზაურობაა, როგორიც მსახიობი ონისე ონიანია, ვის გვერდითაც მოწყენა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ონისე ონიანი: სანამ პანდემია დაიწყებოდა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მოვიარეთ გასტროლებით, სპექტაკლით – „როგორც გენებოთ“. მოგზაურობას თან ახლავს სახალისო ისტორიები, რომელიც ბედნიერ მოგონებებს გვიტოვებს. თუმცა, სანამ ისტორიებს გავიხსენებ, მინდა ვთქვა, რომ თეატრისთვის გასტროლები ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს და აუცილებელიც კი არის.

საქმე ისაა, რომ მე ინგლისურად ლაპარაკი არ ვიცი, ჩემი ლექსიკონი მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება „ოქეი“ და ო ქლოქ“, რომელსაც ასევე ოქეის მნიშვნელობით ვიყენებდი. ამის გამო პრობლემები მქონდა, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ჩვენი კოლეგებიდან, უცხოელებთან კომუნიკაციისთვის ყველა მე მომმართავდა, ინგლისურის მცოდნეებიც კი. თან, დიდი წინადადებების თქმა მიწევდა. ქართულად და რუსულად – შემოგევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ეს ინგლისური არ ვიცი-მეთქი. ვის ესმოდა, მაინც მე მიწევდა საუბარი. მეც მივდიოდი და ხელებით და ფეხებით ვუხსნიდი ყველას ყველაფერს, ჩემს ენაზე ველაპარაკებოდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი იგებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა მეგობარმა ერთი ცალი ფეხსაცმელი იყიდა წყვილის ნაცვლად. როგორც ჩანს, არ ჩაიხედა ყუთში.

ლონდონში ვიყავით. მაღაზიიდან რომ გამოვედით, ვხედავ ყველა ჩურჩულებს, აშკარად მე მიმალავენ რაღაცას. მე თუ ვინმეს ასეთი რამე შევამჩნიე, ისე ავკენწლავ, აღარ გავჩერდები. ჰოდა, არ მეუბნებიან ამ ცალი ფეხსაცმლის ამბავს. ბოლოს და ბოლოს მითხრეს. ისეთი სიცილი ამიტყდა, გული წამივიდა. მართლა სასწრაფო გამოიძახეს და მოკლედ, გადამარჩინეს. როგორც იქნა დავწყნარდი და მეორე დღეს ამ გოგოს ვეუბნები, ნუ გეშინია, წამიყვანე იმ მაღაზიაში და მეორე ფეხსაცმელი ჩემზე იყოს-მეთქი. წავედით, შევედით მაღაზიაში და ვეძახი კონსულტანტს „ქომაან“, ისიც მოვიდა. „პრობლემ“ – ესეც გაიგო. ვაგრძელებ – „ვან შუს ესტ, თუ შუზ ნო“ – ოღონდ ძალიან სასაცილო ვიყავი, მთელი ჩემი კოლეგები მიყურებენ და იხევიან სიცილით. ნუ, ამ ბიჭმა გაიგო ყველაფერი და ახლავე, გენაცვალეო. მე ვეუბნები „ნო, ნო, ზის ის პატარა, მაშინ არ ვიცოდი, რომ პატარა ითარგმნება, როგორც „სმოლ“ და რაღაც მიმსგავსებული სიტყვა ვუთხარი. ჩვენ გვჭირდება „ბიგ, ბიგ-მეთქი“. მოკლედ, იქ ისეთი ამბავი იყო, ნორმალურად ვერ გაჩერდებოდი, მაგრამ საქმე გაკეთდა.

ერთხელ, ჩვენი მეგობარი აღმოჩნდა გაუგებრობაში და პოლიციასთან ისევ მე მიმაგზავნეს, იქნებ დაეხმარონო. გავგიჟდი, ინგლისური თქვენ იცით და მე რატომ-მეთქი? არა, მიდი, შენ კარგად ეტყვი, რომ შეხედავენ შენს ჭაღარას პატივისცემით განეწყობიანო. მივედი და „სორი, ვან მომენთ“ – დავიწყე ჩემებურად და ისინი სიცილით ცუდად გახდნენ ჩემი მდგომარეობის შემხედვარეები და ყველაფერი მარტივად მოგვარდა.

ასეთი ამბები ერთხელ კი არ მომხდარა, არადა „ოქეის“ ნაცვლად „ოქლოქს“ ვიძახი, „ქლოქ“ კი საათს ნიშნავს. ახლა იმდენი ინგლისური ვიცი მაშინდელთან შედარებით, ბევრ ინგლისელს არ ეცოდინება (იცინის). სადღაც 15 სიტყვამდე ავედი, გამდიდრდა ჩემი ლექსიკონი.

– ენის გარდა, სხვა მიზეზით არ აღმოჩენილხართ გიჟურ ისტორიებში?

– გასტროლზე მე და ზურიკო ბერიკაშვილი, ჩემი უახლოესი ძმაკაცი და უნიჭიერესი ადამიანი, ვცხოვრობთ ხოლმე ერთ ნომერში. სპექტაკლის შემდეგ მე მოვდივარ ნომერში და ვისვენებ უკვე 12 საათიდან. ეს მოდის ღამის 4-5 საათზე, კარებს ხმაურიანად შემოაღებს, მოიყვანს ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს და აბა, სუფრა გავშალოთო. ერთხელ ავიტანე, მეორედ ავიტანე, მაგრამ მეოთხედ რომ შემოაღო ხმაურიანად კარი და გამაღვიძა, მანდ ვსო... ზურას ძალიან ეშინია, ნომერში რომ ბარი დგას – იმას ცუდად არ შეეხო, რამე არ დაუზიანო... ფრთხილობს, რადგან ძალიან ძვირი ღირს და რამე რომ მოხდეს, ძალიან ვიზარალებთ. ჰოდა, მოკლედ, დავუბრუნდები იმ ღამეს, წამოვხტი, ვის აღვიძებ შენ, აბა, ჩქარა აქედან-მეთქი და დავიწყე საბნებისა და სხვა ნივთების ნომრიდან გაყრა. ღამეა, ხალხს სძინავს, ჩამოვხსენი თუ რამე სურათი იყო ფოიეში, ჩავულაგე პარკში, გავხსენი ეს ბარი-მაცივარი, ვისვრი ყველაფერს, რაც შიგნით დევს და ის კარგი მეკარესავით იჭერს ყველაფერს – ოღონდ რამე არ გატყდეს. მოკლედ, არის ერთი ამბავი და ამ დროს, ნუკუშა კუჭავა გამოესარჩლა, მოვკიდე ორივეს ხელი, გავახვიე საბანში და გავასახლე იქიდან (იცინის).

ერთხელ, კატარის აეროპორტში ვიყავით, რომელიც უზარმაზარია. მოგეხსენებათ, არაბები, მუსლიმები, როგორი სერიოზული ხალხია. ამას ემატება ძალიან მკაცრი პოლიცია. ჩვენ 11 საათი გვაქვს შუალედი ფრენებს შორის, რომელიც აეროპორტში უნდა გავატაროთ. აეროპორტის „ტაჭკები“ ხომ იცით, გორგოლაჭებიანი, ბარგის გადასაზიდი... გამოვექანებოდი, მუცლით შევხტებოდი ამ „ტაჭკაზე“ და გავგორდებოდი, სივრცე კი იყო დიდი. ამაზე ერთი სიცილ-ხარხარი იყო ჩვენებში. პოლიცია ჯერ კოპებშეკრული მიყურებდა, მაგრამ მერე კოპები გაეხსნათ და ნელ-ნელა მათი მიმიკა ღიმილში გადაიზარდა. მიყურებდენ, როგორც გიჟს. აბა, ამ ხნის, ჭაღარათმიანი კაცი, ასე უნდა კატაობდეს „ტაჭკით“ აეროპორტში?! (იცინის).

შანხაიში ევროპული ცენტრია, სადაც ბევრი ტურისტი მოძრაობს. მოდიოდნენ იქაური ჩინელები ჩემთან და ფოტოებს იღებდნენ. ჩემებს ვეუბნებოდი, სპექტაკლებიდან მიცნეს-მეთქი და ამაზე ვიცინოდით, მაგრამ რეალურად, ალბათ, თეთრი წვერისა და ჭაღარის დამსახურებით რომელიმე მსახიობში ვერეოდი. თუმცა ფაქტი კი იყო, უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხი მოდიოდა და როგორც ეგზოტიკურ მხეცთან, ისე იღებდნენ ჩემთან ფოტოებს.

– სხვადასხვა ქვეყანაში, ალბათ, პიკანტური კერძებიც დაგიგემოვნებიათ.

– ძალიან მიჭირს სხვა ქვეყნებში ჭამა. გამიჭირდა ჩინეთში, პეკინში, ინდოეთში. არის ქვეყნები, სადაც საჭმელს საერთოდ ვერ ვჭამ. სანტა-ბარბარაში ვიყავი ერთი კვირა და რვა კილოგრამი დავიკელი, საერთოდ ვერ ვჭამდი. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საკუთარ თავზე აქედანვე უნდა ვიზრუნო. ამიტომ თან მიმაქვს შესაბამისად შეფუთული საკვები, რომელიც მალე არ გაფუჭდება. მოკლედ, მე ყველა ქვეყანაში საკუთარი სამზარეულოთი დავდივარ. ეს ყველამ გაიგო და მერე აღმოჩნდა, რომ ყველას მოსწონს აქაური და არა იქაური საჭმელი. ამიტომ იშლებოდა სუფრა ჩემი საკვებით და ორ დღეში მე მშიერს მტოვებდნენ და თვითონ კი ადგილობრივი ხლამების ჭამას აგრძელებდნენ.

– ვინმეს არ შემოუპარებია „აკრძალული“ კერძი?

– ნიუ-იორკში ვიყავით. ძალიან არ მიყვარს ზღვის პროდუქტები. სიძემ და ბიძაშვილმა დაგვპატიჟეს რესტორანში და ძალიან დავთვერი. მოიტანეს რაღაც კერძი, მე მეჩვენებოდა, რომ კეცზე იყო მეგრული კუჭმაჭი და ვჭამე გემრიელად. მეორე დღეს ვიკითხე, მეგრულ კუჭმაჭს რა უნდოდა ნიუ-იორკში-მეთქი? და რა მეგრული კუჭმაჭი, რვაფეხა იყოო. რვაფეხაოო, მიშველეთ-მეთქი, მოვწყდი ადგილიდან და გავიქეცი საპირფარეშოში.

– სასმელთან დაკავშირებული ისტორიებიც გავიხსენოთ.

– ადამიანი რომ დალევს, მერე დალაგებული აღარ არის. მეც, როცა ნასვამი ვარ, ბოლომდე ვერთობი და ვმხიარულობ. პეკინში ძალიან მაგარ ღამის კლუბში წაგვიყვანეს. უმაგრესი კლუბი იყო, მსოფლიოდან რომ ჩამოდიან სპეციალურად მისთვის. ტალონები დაგვირიგეს და ბართან რასაც გინდოდა, აიღებდი. ვიფიქრე, აქაური უცხო სასმელების დალევას, ვიცი რაც არის „რედბული“ არაყით და ამას ავიღებ-მეთქი. მეოთხე-მეხუთე ქილის შემდეგ ისეთი გალეწილი ვარ, ბოლომდე ავიწყვიტე, არ ვჩერდები. ბოლოს იმდენს მივაღწიე, სცენაზე, რომელზეც უცხოს არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ, მე ამიშვეს და ტაში მიკრეს. მერე სხვებმაც მოინდომეს ამოღოღება, მაგრამ – ნურას უკაცრავად (იცინის).

ერთხელ ისე დავთვერი, მეგონა, ღობე დამეცა თავში, თურმე, მე ვიყავი წაქცეული და ღობეს ვაჭერდი თავს. ვიძახი, ხალხო, მიშველეთ, ღობე დამეცა-მეთქი და დაგეცა კი არა, აეთრიე ფეხზე, იქეთ აწვები ღობესო (იცინის).

– სადმე მოგზაურობა გინანიათ?

– არა, ყველგან ძალიან მომეწონა, თუმცა ერთი მოგზაურობა სახიფათოდ მახსენდება. ტურები დავგეგმეთ: ვიღაცამ ვულკანების მონახულება მოინდომა, მე ოკეანის სანაპირო და ჯუნგლები ავირჩიე. რაში მაინტერესებს, ნაკვერჩხალს რომ ბოლი ამოსდის მისი ნახვა?! მოკლედ, წავედით ჯუნგლებში და სასწაული სილამაზეა, ცხოველებთან ძალიან ახლოს ხარ და მართლა საოცრებაა. ჩავედით სანაპიროზე, სადაც სერფინგების მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ხოლმე. ოკეანეში ერთი კილომეტრი რომ იარო, წყალი მუხლს ზემოთ არ მოგწვდება, მერე ღრმავდება. მოკლედ, შევყევით ამ წყალს, კარგად ვერთობით და რაღაც მომენტში, მე და ნიკუშა კუჭავა შემოვრჩით. ვეკითხები, ხომ შეიძლება, აქ ზვიგენი გაიჩითოს-მეთქი და მპასუხობს, როგორ არ შეიძლებაო. შეიძლებაო? დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა, მე უკვე სანაპიროზე ვიდექი და ვიმშრალებდი. ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, რას შემომიყვანეთ ამ ზვიგენებში-მეთქი.

– მოგზაურობისას მოსიარულე სამზარეულო ყოფილხართ და როგორც ვიცი, ისედაც ძალიან კარგად ერკვევით კულინარიაში.

– სამზარეულო ჩემი ჰობი კი არა, ლამის მეორე პროფესიაა. მართალია, რესტორანში არა, მაგრამ სახლში მთელი დატვირთვით ვმუშაობ. მე ძალიან მომწონს ჩემი მომზადებული კერძები, ვიღაცებს შეიძლება, არ მოეწონოთ, მაგრამ ძირითადად, მოსწონთ ხოლმე. მართლა ძალიან გემრიელად ვამზადებ. ეს დედაჩემის დამსახურებაა, ის მასწავლიდა მთელი რუდუნებით კერძების მომზადებას სტუდენტობისას. მერე ცოტა იმპროვიზაციაც ჩავრთე და კარგი შედეგი მივიღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...