შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებას და დაქორწინდება თუ არა ის უცხოელ ქალზე

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 01.12, 2021 წელი

ნოდიკო ტატიშვილი
დაკოპირებულია

ნოდიკო ტატიშვილისთვის მოგზაურობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და უამრავი ქვეყანა აქვს მონახულებული. იქაურ თავგადასავლებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებს ნოდიკო ჩვენს მკითხველს უზიარებს.

ნოდიკო ტატიშვილი: მოგზაურობა ჩემი ჰობია. პანდემიამდე, ფაქტობრივად, ჩემოდნებზე ვცხოვრობდი. ყოფილა პერიოდები, როცა ერთ ქვეყანაში ჩავფრინდებოდი, იქიდან მეორეში გადავიდოდი, მეორიდან – მესამეში ან ჩამოვფრინდებოდი საქართველოში და იმ ღამესვე მივფრინავდი სხვა ქვეყანაში. ჩემთვის ეს ყველაზე სასიამოვნო ჰობია და ძალიან მიხარია, რომ პროფესიაც ხელს მიწყობს. ფრენის შიში არასდროს მქონია და როგორ ტურბულენტურ ზონაშიც არ უნდა მოვხვდე, დისკომფორტს არ განვიცდი. მგონებია, რომ თვითმფრინავი მოწყდა ადგილიდან და ვვარდებოდით, მაგრამ არასდროს შემშინებია.

– საუკეთესოდ რომელი ქვეყანა გახსენდება?

– ყველა ქვეყანა ძალიან კარგად მახსენდება. ბევრგან რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. მაგალითად, რომში, მილანსა და პარიზში ხუთ-ხუთჯერ, ნიუ-იორკში – სამჯერ, ბარსელონაში – ორჯერ. თელ–ავივში, ალბათ, 7-ჯერ ვარ ნამყოფი, გერმანიაში – ძალიან ბევრჯერ, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში. ტაილანდშიც ვყოფილვარ და მალაიზიაშიც. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს თავის კულტურითა და განსხვავებული ხალხით. ვამაყობ, როცა ვიხსენებ, რამდენ ქალაქში ჩამიტარებია სოლო კონცერტი. ავსტრალიისა და აფრიკის კონტინენტზე არ ვარ ნამყოფი და ასევე, ლათინურ ამერიკაში. განსაკუთრებით მიყვარს აზიური კულტურა – ძალიან განსხვავებულია ყველაფრით და მათ შორის, სამზარეულოთი.

– ეგზოტიკური კერძები თუ დაგიგემოვნებია?

– ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევჭამდი გველის ხორცს, მაგრამ მალაიზიაში მაჭამეს. მეგონა, რომ ქათმის ხორცს ვჭამდი. ხომ მოგეწონაო, მკითხეს, კი-მეთქი. ჰოდა, გველი შეჭამე ახლა შენო. კი ძალიან არ მესიამოვნა, მაგრამ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, აზიური სამზარეული მიყვარს, იტალიური ხომ – საერთოდ. ბავარიულ ხორცის პროდუქტებზეც ვერ ვამბობ ხოლმე უარს და ამერიკულ ბურგერებზე აღარაფერს ვამბობ. იქ რომ ვარ, კიდევ კარგი, ბევრი სიარული მიწევს, თორემ, ალბათ, ათი კილოგრამით მეტი ჩამოვიდოდი.

– სად უფრო ლამაზი გოგონები არიან?

– ხშირად დავკვირვებივარ ამ ფაქტს და ყველა ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავებული გოგონები არიან. თუმცა, სლავები, ძირითადად, ერთმანეთს ჰგვანან, იტალიაში აბსოლუტურად განსხვავებულები არიან და თითქმის ყველგან აქვთ ინდივიდუალიზმი, ისევე, როგორც საქართველოში. თუმცა, უკრაინაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაოცებული ხარ, სხვანაირი შარმი აქვთ იქაურ ქალბატონებს.

– სხვა ეროვნების ქალზე დაქორწინება ნოდიკოსთვის მისაღებია?

– ასეთ ურთიერთობაში მთავარი სიყვარული და პატივისცემაა. ვერ ვიტყვი, პრინციპულად ვფიქრობ, რომ უცხოელი ჩემ გვერდით არ უნდა იყოს-მეთქი. პირიქით, მგონია, რომ შეიძლება, ხვალ იტალიელი ან სლავი შემიყვარდეს. რა მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას, მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს. მენტალობა და ხასიათი განსხვავდება, კიდევ ბევრ რამესთან ერთად, მაგრამ ეს წინაღობას არ ქმნის. როცა გრძნობა არსებობს, იქ არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, რა ეროვნების ადამიანიც უნდა შემიყვარდეს, ეს პრობლემას არ შემიქმნის.

– საქართველოში, ქუჩაში შენ მიმართ ყველა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. სხვა ქვეყანაში თუ გაუოცებიხარ ქუჩაში ადამიანების ყურადღებას?

– ბარსელონაში პირველად რომ ჩავედი, ქუჩაში ისეთი ამბავი ხდებოდა – იმდენი ქართველი შემხვდა, მეგონა, თბილისში ვიყავი. გერმანიაშიც – ასევე, მაგრამ იტალიაში საოცრებები გადამხდენია. ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიყვარული იციან და მათთვის კონცერტის გამართვა ძალიან მიყვარს. ამხელა ამერიკაში, ქუჩაში რომ მიდიხარ, შენთვის, გგონია, რომ აქ კაციშვილი ვერ გიცნობს და უცებ ვიღაც გეძახის: ნოდიკო! როგორ ხარ, ნოდიკო? – ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. როცა მე და სოფო გელოვანი „ევროვიზიაზე“ მივდიოდით, მაშინ ჩვენი პრომოუშენი ხომ ხდებოდა ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, რადიოებში ჩვენი სიმღერები და კლიპები გადიოდა და ძალიან ბევრი უცხოელი გულშემატკივარი შევიძინეთ. ჩავედით ამსტერდამში, კონცერტზე ვიმღერეთ და მეორე დღეს ქალაქში გავისეირნეთ. რაღაცნაირად გვეცვა, ცოტა დაღლილები და ღამენათევებიც ვიყავით, არაფრის თავი არ გვქონდა და უბრალოდ ვსეირნობდით. იქ ამბავი მოხდაა – ჩვენი ევროპელი გულშემატკივრები გამორბოდნენ კაფეებიდან და ჩვენთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. სოფოს ვეუბნებოდი, დროა, თმა დავივარცხნოთ ან მაღაზიაში გავიქცეთ და რამე განსაკუთრებული შევარჩიოთ-მეთქი (იცინის). ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ.

– უცხო ქვეყანაში გაუგებრობაში არასდროს აღმოჩენილხარ?

– 2018 წელს პარიზში, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე, კლიპს ვიღებდით. ხან მივრბოდი, ხან მოვრბოდი, კამერა უკან დამდევდა და უცებ უშიშროების თანამშრომლებმა შემოგვარტყეს წრე – ისე ვმოძრაობდით, ტერორისტები ვეგონეთ (იცინის). სიმართლე გითხრათ, მაშინ ცოტა შემეშინდა, ჩვენ გარშემო სამოქალაქო ფორმაში გადაცმული უშიშროების წარმომადგენლების წრე შეიკრა და გვეუბნებიან, არ იმოძრაოთ, ადგილზე გაჩერდით და გვითხარით, ვინ ხართო. „ევროვიზიამ“ მიშველა – ავუხსენი ვინ ვიყავი, ვიდეოები ვანახვეთ და დაგვიჯერეს, რომ არაფერს ვაშავებდით, თუმცა გადაღება დაგვიშალეს. მერე სხვა სადგურზე წავედით და სანამ იქაც აგვიკრძალავდნენ, საბედნიეროდ, მოვასწარით გადაღება. თუმცა, კინაღამ დაგვიჭირეს და ციხეში აღმოვჩნდით.

– სადმე თუ გაუქურდიხართ?

– ერთადერთი გერმანიაში მოხდა მსგავსი რამ. ორი მეტრის დისტანციაზე დავტოვე ორი ჩემოდანი, დიდი და პატარა. პატარაში იყო ახალი ნაყიდი ტანისამოსი და ლეპტოპი, რომელშიც მთელი ჩემი შემოქმედებითი არქივი მქონდა შენახული. ბანკომატიდან ფული გამომქონდა. უკან ყოველ წამში ვიხედებოდი, მაგრამ ბოლოს, თანხა რომ ავიღე და მოვიხედე, ჩემი პატარა ჩემოდანი აღარ იყო, გამქურდეს და სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე ჩემი ნივთები. მთელი არქივი დავკარგე და ამან ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, ყველა ფოტო-ვიდეო მასალა იქ მქონდა შენახული და ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

– რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდა. როგორ შეხვდი 35 წელს?

– ძალიან კარგად. სოციალური ქსელი რომ ჭრელდება ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მოლოცვით, ოჯახი, ახლობლები და მეგობრები განსაკუთრებულ განწყობას რომ გიქმნიან, ეს ძალიან სასიამოვნოა. 35 წელი – მგონია, რომ ეს უკვე ის ეტაპია, როცა შეცდომების დაშვების უფლება აღარ გაქვს. 20-25 წლის ასაკში რისი გაკეთებაც შემეძლო, ახლა გამოცდილება აღარ მაძლევს ამის საშუალებას. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. 35 წელს ძალიან ბევრი გეგმით შევხვდი და იმედია, ყველას განვახორციელებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი