შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ნათია შელეგია მოტაცებას ორჯერ და რატომ დაუმალა მან ლექტორს საკუთარი მოდელობა

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 16.08, 2022 წელი

ნათია შელეგია
დაკოპირებულია

ნათია შელეგია იმ თაობის მოდელებს წარმოადგენს, რომლებიც პიონერები იყვნენ ამ სფეროში. დღეს თუ ყველა გოგო ამ პროფესიაზე ოცნებობს, მაშინ მოდელობა არც თუ ისე სახარბიელო საქმიანობად ითვლებოდა, თუმცა, მას იმ პერიოდიდან არაჩვეულებრივი მოგონებები დარჩა.

ნათია შელეგია: 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა ქუჩაში გამაჩერა ქალბატონმა, რომელიც ვორონცოვზე, მოდელების სახლში მუშაობდა. მითხრა, რომ მაღალი, თხელი და კარგი გარეგნობის გოგონები სჭირდებოდათ მოდელებად და მთხოვა, მივსულიყავი. რამდენიმე დღე ვიფიქრე და გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა. იქ ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა. შემხედეს, ძალიან მოვეწონე და დამტოვეს. ასე გავხდი ამ სამყაროს ნაწილი.

– მაშინ როგორ უყურებდნენ ამ პროფესიას?

– ეს ის პერიოდი იყო, როცა მოდელის პროფესიას ცუდად უყურებდნენ, არასახარბიელო საქმიანობად ითვლებოდა. ეს ახლა გახდა გოგონებისთვის საოცნებო. თუმცა, ჩემი ოჯახიდან მე წინააღმდეგობას არ შევხვედრივარ. მამაჩემი ლოიალური კაცი იყო და ამ მხრივ, პრობლემა არ მქონია. მაგრამ ამის მიუხედავად, კარგად მახსოვს ერთი მომენტი: მე პროფესიით მუსიკოსი ვარ, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. სტუდენტობის პერიოდში რაღაც სარეკლამო კლიპებში მიღებდნენ და ერთ-ერთ რეკლამაზე ლექტორმა მკითხა, ეს შენ არ ხარო? მომერიდა და დავუმალე. არა, მე არ ვარ-მეთქი და ეს კაცი გაოცებული მეკითხებოდა, როგორ არა ხარ? ძალიან გგავსო (იცინის).

– მერე დაიწყო კონკურსებიც. ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– პირველი „მის საქართველო“ რომ ჩატარდა, მასში მეც მივიღე მონაწილეობა. ეს იყო 1990 წელს. იმ კონკურსიდან არც თუ ისე კარგი მოგონებები მაქვს. არც შევადარებ დღევანდელ კონკურსებს. პირველი იყო და აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. ძალიან ვინანე, რომ მონაწილეობა მივიღე (იცინის). ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ, საერთო ჯამში, მაინც კარგი იყო. ამან იმხელა პოპულარობა მოიტანა, ქუჩაში რომ დავდიოდი, მეც მცნობდნენ და დანარჩენ მონაწილეებსაც. მაგრამ როგორც კონკურსი, ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული და ამიტომ არ არის კარგად გასახსენებელი, ბევრი გულისწყვეტა და ტკივილიც მოჰყვა.

– თაყვანისმცემლებისგან ყოველთვის განებივრებული იქნებოდით, როცა პოპულარულიც გახდით – მით უმეტეს. ვინ როგორ ცდილობდა თქვენი ყურადღების მიქცევას?

– ვაიმე, თაყვანისმცემლებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია (იცინის). თაყვანისმცემლები, მგონი, ყველას ჰყავს და მეც ძალიან ბევრი მყავდა (იცინის). ყველა თავისებურად გამოხატავდა, ყვავილების მორთმევით... ერთი-ორჯერ კინაღამ მომიტაცეს, რაც მაშინ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო – „მოეპრიანებოდა“ ვინმეს და შეიძლებოდა, ისე ჩაეტენე მანქანაში, თითქოს არც არაფერი. თუ ძალიან მტკიცე ხასიათი არ გქონდა, შეიძლებოდა, ეს ისტორია ქორწინებითაც დამთავრებულიყო.

– თქვენ როგორ გადარჩით?

– ჩემი მტკიცე ხასიათის გამო რაღაცებს გადავურჩი. ადამიანს რომ დაანახვებ, რომ არ გინდა, გასაგები უნდა იყოს. მოძალადე ირგვლივ არ მყოლია და ყველაფერი კარგად დამთავრდა (იცინის).

– პროფესიები...

– სხვათა შორის, რამდენიმე პროფესია მაქვს. პიანისტი ვარ – კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, საფორტეპიანო ფაკულტეტი. დღემდე ვმუშაობ გრაფიკოს-დიზაინერად – ესეც შევისწავლე. ძალიან მომწონდა, ამიტომ დავამთავრე ღვინის დეგუსტაციის კურსები და ვარ სერტიფიცირებული დეგუსტატორი. თავიდან მოდელობას, როგორც ჰობს, ისე ვუყურებდი, მაგრამ დროსთან ერთად, ესეც პროფესიად მექცა. დღეს ტელეგადაცემებში თუ ჟურნალ-გაზეთებში ყველაზე აქტიურად მაინც მოდელად მომიხსენიებენ.

– სულ არაჩვეულებრივად გამოიყურებით და კარგ ფორმაში ხართ, ამ დროს, თურმე, ჭამაც გყვარებიათ და კარგი სასმელიც.

– კი, ნამდვილად არ ვიზღუდავ თავს (იცინის). გემრიელი ჭამაც მიყვარს და ალკოჰოლიც – ნორმის ფარგლებში. სულ ვამბობ, რომ პირველ რიგში, ეს გენეტიკის დამსახურებაა. ამასთან ერთად, რამდენიმე წელია, ვვარჯიშობ. ძალიან ბევრსაც არ ვჭამ, მაგრამ ტკბილიც მიყვარს და ზომიერად ყველაფერს მივირთმევ. ვერ მოვიტყუები, რომ ჯანსაღად ვიკვებები – არაფერი განსაკუთრებული.

– ასაკის მატებას განიცდით?

– ყველას უნდა, სარკეში რომ ჩაიხედავს, სულ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ როგორღაც, ფეხდაფეხ უნდა მივდიოთ ჩვენს ასაკს. მით უმეტეს, დღეს ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს ახალგაზრდული იერსახის შესანარჩუნებლად. არ ვგულისხმობ პლასტიკურ ქირურგიას, ამის გარეშეც ათასი საშუალებებია და ნორმის ფარგლებში მეც მივმართავ ყველაფერს.

– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– მე და ჩემს მეუღლეს ძალიან რომანტიკული ისტორია გვქონდა. სიყვარულით შევქმენით ოჯახი და დღემდე ასე მოვდივართ. ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა. 25 წლის ვიყავი, როცა მას შევხვდი, მეუღლე ჩემზე ერთი წლით დიდია. მას შემდეგ, 23 წელია, ერთად მოვდივართ და შევაბერდით ერთმანეთს (იცინის). პირველად ერთმანეთს აეროპორტში შევხვდით. მე სამოგზაუროდ მივფრინავდი, ის ვიღაცას აცილებდა. თურმე, ძალიან მოვეწონე, მეც მომეწონა. მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა ერთი თუ ორი წელი და მეორედაც სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და აღარც დავშორებულვართ (იცინის). უკვე დიდი შვილები გვყავს, ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ.

– სამი შვილის დედობა არ არის მარტივი, როგორ უმკლავდებით?

– პატარა 13 წლის არის, უფროსი – 33-ის. დიდია, ჭკვიანი, რეალიზებული და წარმატებული გოგოა. შუათანა ევროპაში სწავლობს, მეორე კურსზეა. პატარა სკოლის მოსწავლეა. სამივე ინდივიდუალური და ძალიან კარგები არიან. ვცდილობ, კარგი დედა ვიყო. მათ აზრს პატივს ვცემ, ხელს ვუწყობ მისწრაფებებში. ხანდახან მკაცრიც ვარ, განსაკუთრებით ბიჭებთან, ზოგჯერ ამის გარეშე არ გამოდის.

მე და უფროსი შვილი ახლა დები ვგონივართ ხოლმე. ის კულისებში გაიზარდა, გოგონები ათამაშებდნენ და ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ხანდახან ვაფრთხილებდი ხოლმე, დედა არ დამიძახო-მეთქი და სპეციალურად დაიწყებდა, დედააა, რომ ყველას გაეგო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი