შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა აჩი ფურცელაძე სიკვდილს და რატომ დადიოდა ის ბავშვობაში დაცვით

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:30 23.11

აჩი ფურცელაძე
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ აჩი ფურცელაძე ექსტრემისა და სახიფათო თავგადასავლების მოყვარული არასდროს ყოფილა, თავისდაუნებურად, არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში და რამდენჯერმე სიკვდილსაც კი გადაურჩა.

აჩი ფურცელაძე: ბავშვობიდან მომწონდა მოტო და ვოცნებობდი, ფილმებში რომ მქონდა ნანახი, მეც ისე შემძლებოდა მისი მართვა. თუმცა, ექსტრემალი არასდროს ვყოფილვარ, შიში უფრო დიდი მაქვს. ექვსი წლის ასაკში დიდი ტრავმა მივიღე – სახლის უკან, ხევში ჩავვარდი, როცა ვცდილობდი, იქიდან დედაჩემისთვის ყვავილები ამომეტანა. სახლის წინ ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს, სადაც დედას შეეძლო, ფანჯრიდან დავენახე და სულ კონტროლში ვყავდი. ექსტრემალი არ ვიყავი, ხეზე ძრომიალიც არ მიყვარდა, მაგრამ მაშინ ბავშვები ჩავიდნენ ამ ხევში. ეს ის ბავშვები იყვნენ მაუგლის რომ ვეძახდი, ყველაფერთან ადაპტირებული იყვნენ და იქიდან ქვეწარმავლებიც კი ამოჰყავდათ, ველური ადგილი იყო. ჰოდა, იმ ერთხელ მეც ჩავედი ყვავილებისთვის, მაგრამ ფეხი დამიცურდა და ჩავვარდი. 1986 წლის 26 აპრილს მომივიდა ეს ამბავი.

სტატიები იწერებოდა ჩემს მძიმე მდგომარეობაზე. ღვიძლი გახეთქილი მქონდა, დიაფრაგმის ქვეშ ყველა ორგანო – მიწყვეტილ-მოწყვეტილი, უდიდესი ტრავმა მივიღე. მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოდიოდნენ ექიმები ორ კვირაში ერთხელ და ათვალიერებდნენ ჩემს მუცელს. ამიტომაცაა, რომ დღეს სამედიცინო საკითხებში კარგად ვერკვევი. მე არ უნდა შემეკითხო, გავჭრათ თუ არა, მაშინვე ვიტყვი, რომ უნდა გავჭრათ. თუ აუცილებლობაა, შიგნიდან ინახოს, ჯობს შრამი დაგრჩეს და გადარჩე, როგორც ჩემთან დაკავშირებით მოხდა. მაშინ რენტგენი კარგად არ მუშაობდა და დედაჩემს უთხრა პროფესორმა, ოდნავ გავჭრი, რომ დავმშვიდდეო. დედაჩემმა უპასუხა, თუ გინდათ, სულ გადაფატრეთო და სწორადაც მოიქცა. რომ არა მისი გადაწყვეტილება, შინაგანი სისხლდენით ერთი დღეც ვერ ვიცოცხლებდი. იცით, ოპერაციას როგორი მეთოდით მიკეთებდნენ შვიდი საათი? „უი, ნაღველა... ელენთა... უი, ღვიძლია გახეთქილი. ამოვატრიალოთ? არა, შეიძლება, ინვალიდი დარჩეს... უი, ნარკოზი არ გვყოფნის?..“ გამჭრეს და შემკერეს. ხუთი თვე ვიწექი.

ამ ამბის შემდეგ უფრო მეტად ფრთხილი გავხდი. სკოლაში მეგობრები ჩემს წინ მიმოდიოდნენ, რომ შემთხვევით არავინ დამჯახებოდა, დაცვით დავდიოდი (იცინის). ენაცვალოთ ჩემი თავი, ისე მიფრთხილდებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ ჩემ გარშემო ხელი და ფეხი არ უნდა ექნიათ – ვაიდა, მომხვედროდა?! სკოლაში ცოცხალი ლეგენდა დავდიოდი (იცინის). მერე, დრო რომ გავიდა, ცოტა „მოვეშვი“ და ერთხელ გაუფრთხილებლობის გამო ველოსიპედიდანაც გადმოვვარდი. საჭეზე ხელგაშვებულმა „დავამუღამე“ ტარება და მერე ლამაზ გოგოს გავაყოლე თვალი და შედეგად ისე შევასკდი ბორდიურს, ხუთი წუთი ფეხით მივდიოდი ველოსიპედამდე, იმდენად შორს გადავვარდი. მაგრად დავილეწე, ველოსიპედს პედალი გაეღუნა, აღარ ტრიალებდა და ამ დალეწილმა და სისხლიანმა ხელით ვატარე საკმაოდ დიდი აღმართი. მოკლედ, ორმაგად დავისაჯე (იცინის). თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდებოდა.

მოტოს რაც შეეხება, 12-13 წლის ვიქნებოდი, როცა ის პირველად ვნახე ცხონებულ ლაშა ბოლქვაძესთან, ძალიან კარგი ბიჭი იყო, დედაჩემის კურსელის შვილი, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მეშინოდა დაჯდომის, თან, ყველამ ხომ იცოდა ჩემი ოპერაციების შესახებ და მიფრთხილდებოდნენ, თავისთავად – ლაშაც, მაგრამ ერთხელ მითხრა: მოდი, არაფერია საშიში, ნელა გატარებო. მოკლედ, მივუჯექი უკან, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ხელის მოხვევის მომენტი „გავმაზე“. ლაშამ დაქოქა მოტო სწრაფად, წავიდა წინ და მე დავრჩი ჰაერში (იცინის). ყველაფერი წამში მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, არაფერი დამმართნია (იცინის). იმის შემდეგ მოტოზე ფიქრი დავამთავრე, მაგრამ წლების შემდეგ, მოსკოვში ისევ გამიჩნდა სურვილი, რადგან ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული იყო, როგორც ახლა – აქ. მაგრამ აქ მანქანის მძღოლები არ იქცევიან სწორად მოტოციკლეტისტებთან მიმართებაში, რაც პრობლემებს ქმნის. არღვევენ ძალიან მნიშვნელოვან წესებს და სამწუხაროდ, ხშირია მოტოციკლეტისტების დასახიჩრების შემთხვევები. მოსკოვში ეს მომენტი, ასე თუ ისე, დალაგებულია.

სამი წელია, რაც თბილისში დავბრუნდი და ვხედავ, რომ აქაც შემოდის ეს კულტურა და მიხარია, რომ ნელ-ნელა მეტად უფრთხილდებიან ამ ადამიანებს. მოკლედ, მოსკოვში ცენტრალურ რაიონში ვცხოვრობდი, სადაც კარგი მოძრაობაა და მოტოთი რომ დავიწყე სიარული, არასდროს სახიფათო მომენტი არ შემქმნია. მოტო მეგობარმა მათხოვა, მერე სხვას ვათხოვეთ და ბოლოს დაიკარგა და დამრჩა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები მასთან დაკავშირებით. აქ რომ ჩამოვედი, მე და ჩემმა მეგობარმა ძალიან კარგ აქციაში ერთის ფასად ორი ვიყიდეთ.

დავიწყე ქალაქში სიარული, მაგრამ ცოტა მეშინოდა იმ პრობლემების გამო, რომელზეც უკვე ვთქვი და ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი. მესამედ ვიჯექი ამ ჩემს ახალ მოტოზე და შარდენზე ერთმა ტიპმა სრულიად უაზროდ დამიმუხრუჭა წინ. ცუდი ტიპი რომ ვიყო, ვიტყოდი „გამიჩალიჩა-მეთქი“, ამას არ ვაბრალებ, მაგრამ, რაც გააკეთა, ცუდად გააკეთა. მე რომ „დავატორმუზე“, მოტოცილკეტი მომისრიალდა და მივხვდი, რომ შეიძლებოდა შევსკდომოდი. იმასაც რამეს დავუზიანებდი, ჩემს თავსაც და ამიტომ წამში გადავწყვიტე მოტოდან გადავმხტარიყავი. სახით დავეცი, ოცი კილო არ ვარ, არც მოტოა პატარა და ის ტიპი აშკარად გაიგებდა ხმას, მაგრამ არც შეუმჩნევია, დაძრა მანქანა და წავიდა. ძალიან გავბრაზდი. მერე, აზრზე რომ მოვედი, ადამიანურად „გამიტყდა“ ეგ ამბავი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, მუსიკა ჰქონდა ისეთ ხმაზე ჩართული, რომ ვერც გაიგო. მაშინვე მოვარდნენ კარგი ადამიანები, ამაყენეს, ჩაფხუტი მომხსნეს, მერე ვიღაცამ მიცნო, დამსვეს, სასწრაფო გამოიძახეს. უნდა გადაგიყვანოთ, ხელი გაქვს მოტეხილიო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაღრძობი მქონდა და ავუხსენი, რომ არ იყო საჭირო.

ერთ კვირაში ხელმა გაშავება დაიწყო და „ჭუმბურასთან“ – ცნობილ ტრავმატოლოგთან წავედი. მითხრა, ისეთი ნაღრძობი გაქვს, ჯობდა მოგეტეხაო. ასე რომ, ჩემი და მოტოს ურთიერთობა კიდევ დიდი ხნით გადაიდო. ახლა დავიწყე სიარული და ზოგჯერ ისე ჩამიჭრიან ხოლმე, გაუფრთხილებლად, შუქნიშანზე რომ ვჩერდებით, ვეუბნები, გამაფრთხილე მაინც-მეთქი. რომ მცნობენ, აგრესია უქრებათ, მაგრამ რომ ვერც მცნობდნენ, რა? ხომ შეიძლება ელემენტარული წესის დაცვა და ამას აუცილებლად ვეუბნები, მაგრამ აგრესიაში არ გადამყავს და ბოლოს სიცილ-კისკისით ვშორდებით ხოლმე ერთმანეთს. მოტოციკლეტის მართვა ჩემმა მეგობარმა, გეგა ჩოქურმა მასწავლა და მართვის მოწმობაც ადვილად ავიღე. მას თავისი მოტოსკოლა აქვს – „მოტოსკოლა 31“, სადაც უნიკალურად ასწავლიან ტარებას სხვადასხვა მოტოციკლეტზე.

– ავტომობილის საჭესთან თუ გქონია სახიფათო მომენტები?

– მე თვითონ არ ვქმნი ასეთ მომენტებს, მაგრამ ძალიან იმპულსური და ფეთქებადი ვარ. შეიძლება, უბრალო რამეზე დავიწყო ჩხუბი და გინება, მაგრამ ავარიული სიტუაციის დროს წამის მეასედში ვასწრებ რეაგირებას და ერთი-ორჯერ ავარიას კი არა, სიკვდილს გადავურჩი. მაშინ მითხრეს, ეტყობა, მაგრად შეგეშინდა, შენ რომ ხმას არ იღებ, მანქანა რომ არ დაატრიალე და კუბოს ფიცრამდე არ გაჰყევი ტიპს, არ აგინე და არ მოკალი, ალბათ, მართლა ძალიან შეგეშინდა და მაქსიმალურად მობილიზდი ისე, რომ ნერვიც არ აგტოკებიაო. მეც დავაფიქსირე, რომ ასეთ სერიოზულ მომენტებში ფეთქებადი არ ვარ, თავს ბოლომდე ვაკონტროლებ, მაგრამ პატარა რამეზე შეიძლება, უცებ „ავხტე“ და ჩხუბი დავიწყო. თუმცა, ამასაც არასდროს მოჰყოლია „გააჩერე, გადმოდი“, ლაპარაკში ან ისინი მცნობენ, თუ ვერ მცნობენ, ეგეც არაა მნიშვნელოვანი, თემა ღადაობაში გადამყავს.

სიმართლის დასამტკიცებლად თავში რტყმევას, ჯობს, ადამიანურად, ხუმრობა-ხუმრობაში უთხრა, რომ არაა მართალი და მშვიდობიანად დაშორდე. ერთხელ ერთ გოგოს დავარტყი უკნიდან, მაგრამ პატრულმა რომ შეგვამოწმა, აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. საერთოდ, უკნიდან რომ გარტყამენ, ყოველთვის მართალი ხარ, მაგრამ იმ გოგოს ისეთები ჰქონდა გაკეთებული, რომ მე ნამდვილად არ ვიყავი დამნაშავე. რომ დავარტყი, ჯერ კივილ-წივილით გადმოხტა, მერე ვიღაც ბიჭებს დაურეკა. ისინი რომ მოვიდნენ და დამინახეს, უი, აჩი, შენა ხარო, ისიც ნახეს, რომ დამნაშავე მე არ ვიყავი და წავიდნენ. მერე პატრული მოვიდა და აუხსნა, რომ მისი ბრალი იყო. წესს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარღვევ, თუ ზუსტად ვიცი, რომ ამით სახიფათო მომენტს არ შევქმნი.

– უბანი, ქუჩა, გოგოები, გარჩევა – ამ თემებთან დაკავშირებით თუ გქონია სახიფათო თავგადასავლები?

– ეს ის პერიოდია, როცა ვერაზე ვარ, საძმაკაცოში ზოგი ძველი ბიჭია, ზოგს უნდა, რომ გახდეს. მე – მუსიკოსი, ყოფილი მევიოლინე. ერთი გიჟი ყველას უნდა ჰყავდეს საძმაკაცოში და მე ვიყავი ეგეთი. არ მაინტერესებდა ეს ყველაფერი. არავისთან არასდროს მიდავია, არც გოგოს გამო. ყოველთვის ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების მსხვერპლი ვხვდებოდი ხოლმე. ჩემს საძმაკაცოს „საქმის გარჩევებზე“ მე არ დავყავდი. ესენი რომ მიდიოდნენ და საჩხუბრად ხელები ეფხანებოდათ, მეც თუ მათთან ერთად ვიყავი, ლაპარაკს ვიწყებდი და ბოლოს დაპირისპირებულ მხარეებს ვარიგებდი. მერე უკვე უბანში მე მეჩხუბებოდნენ: აუ, გვაჩხუბე რა! ფურცელაძე აღარ ალაპარაკოთო და ასე შემდეგ (იცინის). მე რომ ხიფათიანი არ ვარ, მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც ვეხვევი ასეთ ამბებში – იმ სერიიდან მახსენდება, რომ „ლამაზი დღის“ კლიპის გადაღების დროს საჰაერო ბურთიდან ჩამოვვარდი და ზღვაში ჩავვარდი.

იმედია, სწორად მახსოვს ჩემი პილოტის სახელი – დათო (იცინის). ზღვაში ვვარდებით და მეკითხება: ცურვა იციო და ამ დროს მე მახსენდება ბორჯომში გადახდენილი ისტორია: აუზში ვცურავდი და ერთადერთ ამოვარდნილ ფილაში გამეჭედა ფეხი. კინაღამ დავიხრჩვი და მას შემდეგ წყალთან ურთიერთობაში დიდი პრობლემა მქონდა. უცებ ვაცნობიერებ, რომ ჰაერში ვარ, ზღვაში ვვარდები და თუ ეს საჰაერო ბურთი ზემოდან დაგვეცა, ცურვა კი არა, სერიოზული ამბების ჩატარება დაგვჭირდება და ამ დროს მე, თუ წყალში მიწას ვერ ვგრძნობ ფეხქვეშ, პანიკა მეწყება. ხუთ წამში აღმოვჩნი წყლის ქვეშ. კიდევ კარგი, დათომ ივაჟკაცა, ჩვენი ბურთიც არ ჩაიძირა, კატერის მძღოლს, რომელსაც მიბმული ვყავდით, გავახსენდით და საბოლოო ჯამში, გადავრჩით. კარგი ნალოთავები ჩავედით ქობულეთში და თურმე, იქ უკვე ყველას სცოდნია, რომ ფურცელაძე კლიპის გადაღების დროს მოკვდა. ჩემმა ძმაკაცმა რომ დამინახა, ინფარქტმა დაარტყა, მკვდარი მეგონეო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...