შოუბიზნესი

როგორ გადაიზარდა ანა ჯავახიშვილისა და დემეტრე ხოფერიას ძმაკაცობა სიყვარულში და რა სიურპრიზი გაუკეთა ანას დედამთილმა ქორწილში

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 27.06

ანა ჯავახიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი ანა ჯავახიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული დემეტრე ხოფერიაა. წყვილს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, რომელიც ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა და ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ოჯახის შექმნაც გადაწყვიტეს.

ანა ჯავახიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება რთულად მივიღე. როცა მე და დემეტრემ ურთიერთობა დავიწყეთ, თავიდანვე მქონდა შეგრძნება, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა, მე ძალიან მარტივად მივიღებდი და ასეც მოხდა. ყველაფერი მალე, ყოველგვარი სირთულეების გარეშე დავგეგმეთ, თუმცა, ძალიან მალეც არა, ერთ წელიწადში. ადამიანები სამი-ხუთი წელი არიან ერთად და მერე დგამენ ამ ნაბიჯს და შეიძლება ამასთან შედარებით მალეა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ორივემ მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება.

– როგორია გათხოვილი გოგოს სტატუსი?

– მეც მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ თურმე, არა, ყველაფერი იგივენაირადაა. უბრალოდ, ჩვენც და გარშემო ყველას უხარია, გვილოცავენ და დადებითი ენერგიით ვიმუხტებით. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება განსხვავდება მანამდელი ცხოვრებისგან.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჩვენ დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. 17 წლის ასაკში ერთად ვიყავით აბიტურიენტები – ქართულში ვემზადებოდით. ამის შემდეგ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით, მხოლოდ მე და დემეტრე არა, იმ წლებიდან სამი მეგობარი მოვდიოდით ერთად. სამივემ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ბოლოს, მე და დემეტრეს ერთმანეთი შეგვიყვარდა. კითხვაზე – როდის შეგვიყვარდა ერთმანეთი, კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ალბათ, ურთიერთობაში თანდათან გაირკვა, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. დიდხნიანი მეგობრობის შემდეგ, როცა ორივე უკვე თავისუფლები ვიყავით, მივხვდით, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხაროდა, ყოველდღე გვინდოდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ არა ისე, როგორც მეგობრებს და ნელ-ნელა გაირკვა, რომ ერთად ვიყავით. ერთ დღეს არ დაგვირქმევია სახელი ამ ურთიერთობისთვის. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა და იმიტომაც არის ეს ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი, რომ ფურცელზე დაწერილი კანონების მიხედვით არ ვითარდება.

– გაგვაცანი, ვინ არის მეუღლე.

– ჩემი მეუღლე არის დემეტრე ხოფერია. 25 წლისაა, ჩემზე რამდენიმე თვით უფროსი, მეც მალე ვხდები 25-ის. პროფესიით სოციოლოგია.

– როგორ გთხოვა ხელი?

– სახლში ვიყავით მეგობრებთან ერთად და დემეტრე ძალიან ნერვიულობდა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მერე ყველა რომ წავიდა, უცებ ფაფხური დაიწყო და რაღაცის ძებნა (იცინის). ბრჭყვიალა ნივთი რომ ამოიღო, მივხვდი, რაც იქნებოდა და იმდენად ემოციური იყო, ამის შემდეგ რა მოხდა, კარგად აღარ მახსოვს (იცინის).

– მიჩვეული ვართ გრძელ საქორწინო კაბებს და ფოტოსესიებს ბუნებაში. კაბაც მოკლე შეარჩიე და ფოტოსესია „მაკდონალდსში“ გქონდა. როგორი იყო სამზადისი?

– გოგონებმა ბავშვობიდან რომ იციან, როგორი ქორწილი ექნებათ და როგორი კაბა ეცმევათ, ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. ამ საკითხზე საერთოდ არ მიფიქრია, მაგრამ, როცა ამის დრო მოვიდა, გადავწყვიტე, ისეთი კაბა ჩამეცვა, როგორიც მე მინდოდა, როგორიც ჩემს ხასიათს გამოხატავდა და არა ისეთი, როგორც სტანდარტებში ჯდება და ყველას მოსწონს. როგორც კი ვთქვი, რომ მოკლე კაბის ჩაცმა მინდოდა, ყველამ ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა, მითხრეს, ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში ერთხელ არისო. თან, პატარა, 50-კაციანი ქორწილი გავაკეთეთ ეზოში, აუზთან და არ მინდოდა შეუსაბამო კაბა მცმოდა. ბოლო წუთამდე ვნერვიულობდი, მაგრამ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა და წარმომედგინა. რაც შეეხება ფოტოსესიას „მაკდონალდსში“, ძალიან მომწონდა ხუაკინ ფენიქსის და მისი ცოლის ფოტო, რომელიც მაშინაა გადაღებული, როცა ფენიქსმა „ოსკარი“ აიღო. ბორდიურზე სხედან, ბურგერებს ჭამენ და შუაში „ოსკარი“ უდევთ. ეს ფოტო იმდენად მომწონდა, ვფიქრობდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად გადავიღებ ასეთ ფოტოებს-მეთქი და რადგან ძალიან სადა ქორწილი ჩავიფიქრეთ, ფოტოგრაფის გარეშე, სადაც ყველას ჰქონდა თავის პატარა ფირის კამერა, რითაც ფოტოებს იღებდნენ, ეს ფოტოები დემეტრეს მეგობარმა გადაგვიღო „მაკდონალდსში“ და ძალიან მიხარია, რადგან ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მინდა, ამ ფოტოს რომ შევხედავთ, ამ დღის ისტორია გაგვიცოცხლდეს და გაგვეღიმოს. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდული ქორწილი გამოვიდა, მაგრამ მარტო ახალგაზრდები არა, უფროსი ნათესავებიც იყვნენ, ჩვენი ბებიებიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ დროს ბებია ყოფილიყო ჩემ გვერდით და მოკლედ, მიხარია, რომ საყვარელი ადამიანები გვერდით გვყავდნენ.

– როგორი დედამთილი გყავს და როგორი რძალია ანა?

– ჩვენ წლებია, ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ და ახლა სიახლის და შეგუების მომენტი არ გვქონია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დემეტრეს დედასთან. მანაც და დედაჩემმაც ძალიან შეგვიწყვეს ხელი ქორწილის სამზადისში. ქორწილში ჩემმა დედამთილმა სიურპრიზიც გაგვიკეთა. ვაიმე, რა ცუდი სიტყვაა, არ მიყვარს (იცინის). მაგრამ რადგან ასე ვუწოდებთ... მოკლედ, ჩემმა დედამთილმა გვიმღერა და ძალიან გამიხარდა.

– დემეტრე როგორი ადამიანია?

– გამიჭირდება კონკრეტული თვისებების ჩამოთვლა, მაგრამ გაცნობის დღიდან ვთვლი, რომ გამორჩეული ადამიანია. არა მხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, აზროვნებით, დამოკიდებულებებით და ქმედებებით. მიზნის დასახვა და მისკენ ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია და შედეგის მიღწევაც. ვხედავ, რომ სხვებს არ ჰგავს, გამორჩეულია კარგი კუთხით და ყოველთვის ახერხებს ჩემში აღფრთოვანება გამოიწვიოს. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ, ერთმანეთი ყველანაირ სიტუაციაში გვყავს ნანახი და სიმართლე რომ ვთქვა, ერთმანეთს ნაკლებად ვაქებთ, პირიქით, ძირითადად, ვკბენთ ხოლმე ერთმანეთს და ვეხუმრებით (იცინის).

– რომელია თქვენ შორის რომანტიკული?

– ალბათ, ორივე. მეც ბუნებრივად გამომდის მისი გახარება, ყოველდღიურობაში ხალისის შემოტანა და მასაც. თუმცა, ჩვენი რომანტიკულობა თავიდან ძალიან უცნაური იყო. ძმაკაცობიდან სიყვარულში გადაზრდილ ურთიერთობაში, რამე რომანტიკულს რომ გააკეთებდა, სულ მეცინებოდა და ვეუბნებოდი, რა გჭირს, დემეტრე, მე ვარ, მე, ანა ვარ, შენი მეგობარი ვარ-მეთქი (იცინის). რომანტიკულ მომენტებზე სულ ჩვენი ძველი ურთიერთობები მახსენდებოდა, როგორ მივდიოდით ერთად სადმე დასალევად, როგორ ვუყვებოდით ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენს გასაჭირსა თუ ლხინზე. მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და მივხვდი, რომ მეგობრობასთან ერთად, რომანტიკულობაც თუ არის, ძალიან კარგია. ხელის თხოვნაზეც სულ ვამბობდი, რომ ეს დღე ორისთვის არის და არ სჭირდება კამერები და ათასი კაცი გარშემო. ამიტომ, როცა ეს დღე ზუსტად ისე წარმართა, როგორიც ჩემს წარმოდგენაში იყო – მყუდროდ, ლამაზად და მხოლოდ ჩვენთვის, ჩემთვის ეს იყო ყველაზე რომანტიკული. რაც უნდა ახლობელი ადამიანი ყოფილიყო იმ მომენტში ჩვენ გვერდით, შეიძლებოდა, ასე მყუდრო და რომანტიკული აღარ გამოსულიყო და მიხარია, რომ ზუსტად მიხვდა, რა იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო. მგონია, რომ რომანტიკულიც და ყველაზე მნიშვნელოვანიც ისაა, ადამიანი მიხვდეს, როდის რა გჭირდება.

– წარმოგედგინა, რომ თქვენი მეგობრობა აქამდე მივიდოდა?

– არა. ქორწილის დღეს მე და ჩემი მეჯვარე მანქანაში რომ ვისხედით, ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდით. თუნდაც, ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს ერთად იქნებითო, მართლა სიცილით მოვკვდებოდი ან თავში რაღაცას ჩავარტყამდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდებოდა და ახლა მეცინება, როცა ვფიქრობ, რა ძალიან უცნაურია ცხოვრება, ფაქტია, რომ ვერაფერს დაგეგმავ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...