როგორ გადაინაცვლა გიორგი ხუციშვილმა წარჩინებული ჯარისკაცობიდან ქუჩის მუსიკოსობამდე და რის გამო რისკავდა ის სიცოცხლეს
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 15.04

მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის გიორგი ხუციშვილი პროფესიით მსახიობია, მას ამ პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში მოუწია მუშაობა. დღეს ის პროფესიონალი ბაიკერია, მოტოინსტრუქტორი, აქვს საკუთარი ბაიკერების სკოლა, განსხვავებული მანერისა და ტემბრის მომღერალია და საკუთარ პატარა კაფეში ხშირად ანებივრებს იქ მისულ სტუმრებს თავისი სიმღერით. ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გამოიარა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ გზის გამოვლა იმ ბედნიერებისთვის ღირდა, რასაც ის დღეს შეიგრძნობს. და, ამაში დიდია მისი რჩეულის დამსახურება, რომელიც გვერდით ამოუდგა და სირთულეები დააძლევინა.
გიორგი ხუციშვილი: საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე. შინდისიდან ვარ, აგვისტოს ომი გადავიტანე და ამ ომის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი ჯარში. ჩემი ნებით ჩავეწერე სამხედრო სამსახურის ბიჭების სიაში, 2 სექტემბერს გავხდი 18 წლის და 5 სექტემბერს უკვე ჯარში ვიყავი და ზუსტად ერთ თვეში, საკმაოდ წარჩინებული ჯარისკაცის სტატუსით, გავხდი კარანტინების სერჟანტი, ანუ ახალწვეულთა სერჟანტი. გავიარე სამხედრო გადამზადება, საოფიცრე კურსები და შავნაბადას ბაზაზე განვაგრძე სამსახური. თუმცა, შემდეგ წამოსვლა მომიწია და ქუჩის მუსიკოსი ვიყავი. სხვათა შორის, ვისთან ერთადაც ვმღეროდი, ყველამ სახელი გაითქვა და მე დავრჩი ისევ ქუჩაში. ქალაქურ სიმღერებსა და ფოლკლორს ვმღეროდი და როცა მათ მიწვევები და სცენაზე გამოსვლები ჰქონდათ, მე არავის გავხსენებივარ. ერთი სიტყვით, დავიჩაგრე და გადავწყვიტე, სოციალურ ქსელში დამედო ჩემი ნამღერი და ასე გავეცანი ფართო საზოგადოებას.
– გიორგი, თუ გაქვს მუსიკალური განათლება და რა ასაკიდან მღერი?
– სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მაქვს, ნოტებსაც კი ვერ ვცნობ. 6 წლის ასაკში, როცა გლანდების ოპერაცია გავიკეთე, მეორე დღეს დავიწყე სიმღერა და პირველი ჩემი სიმღერა იყო საქართველოს ჰიმნი და ხალხური სიმღერა – „დაიგვიანეს“, რომელიც რადიოში მოვისმინე ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით. მუსიკალური განათლება კი იმიტომ არ მაქვს, რომ ჩემს ოჯახს საკმაოდ უჭირდა. ფორტეპიანოზე ვიარე რამდენიმე დღე, მაგრამ ერთი რომ ჩემი არ იყო – მე მინდოდა, მემღერა და არა კლასიკური მუსიკა დამეკრა და მეორე, ჩემს ოჯახს ამის ფინანსებიც არ ჰქონდა, რომ ფული ეხადა. სხვათა შორის, რომელი მუსიკალური პროექტის ქანსთინგშიც მივიღე მონაწილეობა, ყველგან დამიწუნეს. ასე რომ, კონკურსებში გავდიოდი, მაგრამ ბედი არ მწყალობდა და ამის მიზეზი იყო ის, რომ მეუბნებოდნენ: კარგი ხმა გაქვს, მაგრამ ვერ გადაგიყვანთ, თუმცა ხომ არ გყავს ადამიანი, ვინც ცნობადია და რეკომენდაციას გაგიწევსო. ასეთს კი მაშინ არავის ვიცნობდი.
– ანუ, ფიქრობ, იმის გამო დაიჩაგრე, რომ გავლენიანი ნაცნობი არ გყავდა?
– დიახ, არ მყავდა ადამიანი, რომელიც დამეხმარებოდა, სიტყვას წამაწევდა და ხელს შემიწყობდა კარიერის შექმნაში და ამის გამო დავიჩაგრე. დამოუკიდებლად კი ეს ვერ შევძელი. ცოტა ხანი ხელიც კი ჩავიქნიე და ამ ხელჩაქნეულობის დროს ზუსტად 24 სამსახური გამოვიცვალე. პარალელურად, ორ-სამ სამსახურში ვმუშაობდი ერთდროულად, რომ ფული მეშოვა და სახლში მიმეტანა. იმ პერიოდში ძალიან გვიჭირდა. მოკლედ, 16 წლიდან ვმუშაობ, ჩემი პირველი სამსახური იყო „მალიარობა“, კორპუსებსა და სადარბაზოებს ვღებავდი, დაცვის გარეშე, ზამთარ-ზაფხულს და რისკზე ვდებდი საკუთარ სიცოცხლეს, იმისთვის, რომ ფული მეშოვა. პარალელურად ქუჩაში ვუკრავდი ფანდურზე და ვმღეროდი. ასევე, მოყვარული ფოტო-ვიდეოგრაფიც ვიყავი და მიზერულ თანხაზე ვმუშაობდი. ამ პერიოდში ვსწავლობდი თეატრალურ აკადემიაში. პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თეატრალურ დასში ამიყვანეს და გავხდი „სხვენის“ მსახიობი. თუმცა, უნივერსიტეტის სტუდენტთა დასი იყო და ამიტომ თანხას არ მიხდიდნენ. ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი ტრანსპოტრით სიარულს, იქ მისვლა ფეხით მიწევდა და ამიტომ წამოვედი. სახვითი ხელოვნების მუზეუმის დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, დილის ხუთ საათზე მივდიოდი და შუადღის 3-4 საათზე ვამთავრებდი. არაფერს ვთაკილობდი, ყველა სამუშაოს ვასრულებდი, რომ ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი მყოლოდა. ანიმატორადაც ვმუშაობდი და ორი წელი ძიძადაც ვიმუშავე – 19 წლის ბიჭს ვუვლიდი, რომელიც ავარიაში მოყვა და თავიდან სწავლობდა ყველაფერს. მისი ძმაკაციც ვიყავი, მეგობარიც და მომვლელიც. საბედნეიროდ, დღეს ნიკა დამოუკიდებლად ცხოვრობს, დღემდე ვძმაკაცობთ და ვმეგობრობთ. „ჯინო ფერედაისშიც“ ვმუშაობდი მაშველად. კაპიკებს მიხდიდნენ და 14 საათი მზეზე გაუნძრევლად ვიდექი და აუზში ჩასვლის უფლება მანამდე არ მქონდა, სანამ ვინმეს საფრთხე არ დაემუქრებოდა ან ნაგავი არ ჩაიყრებოდა. დიდი ხანი დისტრიბუციაშიც ვმუშობდი და კარგი თანამშრომელი ვიყავი.
– სწავლის პარალელურად, რთულ ობიექტებზე მუშაობა, დილის ხუთ საათზე სამსახურში გამოცხადება, საპასუხისმგებლო საქმეების შესრულება გიწევდა. რომელი სამსახური იყო შენთვის ყველაზე რთული?
– შრომა არ მეზარება, არც მეთაკილება და ვიცოდი და ვიცი ჩემი შრომის ფასი. არცერთი სამსახური არ იყო ჩემთვის რთული. უბრალოდ, ჩემი შრომის ფასი ვიცოდი და ვითხოვდი იმის შესაბამისად გადაეხადათ, რასაც ჩემი შრომით ვიმსახურებდი. თუ ასე არ ხდებოდა, ვტოვებდი იმ სამსახურს. მიუხედავად სირთულეებისა, სულ ვიღიმოდი, არასოდეს ვიმჩნევდი მწუხარებასა და პრობლემებს და როცა სარკეში ვიხედებოდი, საკუთარ ცრემლსაც კი ვერ ვხედავდი, არ მაძლევდა ცხოვრება ამის საშუალებას.
– გავიდა წლები და ახლა, როცა სარკეში იყურები, როგორ ადამიანს ხედავ?
– ახლა, სარკეში რომ ვიყურები, ჩემს ცოლს ვხედავ, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ, დამეხმარა წარმატების მიღწევაში და რომ არა ჩემი მეუღლე, ალბათ, ამდენს ვერ შევძლებდი. დღეს, ჩემი წარმატება ასი პროცენთით თამოს დამსახურებაა, რითიც ვამაყობ და ვიცი, ჩემითაც ამაყობს. ამ ადამიანმა ჩაცმის სტილი და საუბრის მანერაც კი შემიცვალა, სწორი გადაწყვეტილებები მიმაღებინა და დღეს საკუთარი კაფე „ორეოც“ მაქვს. სადაც ვმღერი, ჩემს საღამოებს ვატარებ, სასიამოვნო გარემოს ვუქმნი იქ მოსულებს და ეს ადგილი ერთგვარი, საკუთარი, პატარა სამოთხე გახდა ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის დედამიწაზე და დედამიწის გარეთაც.
სახელი „ორეო“ კი იმიტომ დავარქვით კაფეს რომ, მე შავი ვარ, თამო კი – თეთრი (იცინის). სხვათა შორის, უკვე ორი წელია, რაც ერთად ვართ, თუმცა, მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხეთ და ხელი მხოლოდ გასული კვირის სამშაბათს მოვაწერეთ, იუსტიციის სახლში დავაკანონეთ ჩვენი ურთიერთობა და პირგელი აპრილიდან საბუთიანები ვართ (იცინის). ასე რომ, ჩემი ოცნენების ახდენაში ჩემი ცოლი დამეხმარა და ის ერთგვარი თილისმაა ჩემი წარმატებული ცხოვრების. მისი გულის მოსაგებად კი წლები კი არა, რამდენიმე სიმღერა დამჭირდა ლაივში და ასე, სიმღერ-სიმღერით შემიყვარდა და შევუყვარდი. ამ ადამიანმა ყველა ფერი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, შავის გარდა. მანამდე, სანამ მას გავიცნობდი, ჩემს თავს ჩარლი ჩაპლინს ვადარებდი, ჩემი ცხოვრება შავ-თეთრი იყო, ახლა კი უფერადესია. დღეს რომ ვარ კაცი და წარმატებული ადამიანი, თამოს დამსახურებაა და იმ შრომის, რაც გავიარე და არასოდეს დამზარებია და მითაკილია. ყველა ახალგაზრდას ვეტყვი ჩემი გამოცდილებიდან – არასოდეს დანებდეთ, იცოდეთ თქვენი შრომის ფასი, არასოდეს ითაკილოთ არანაირი სამსახური და წარმატება აუცილებლად მოვა.
– საკმაოდ გამოცდილი ბაიკერი ხარ და საკუთარი მოტოსკოლაც გახსენი. როგორ გადაწყვიტე, ბაიკერი გამხდარიყავი და როგორ შეძელი საკუთარი ბიზნესის ამ კუთხით შექმნა?
– 18 წლის წინ უცხო ადამიანმა შემომისვა ბაიკზე და გამასეირნა. მაშინ გადავწყვიტე, ბაიკერი გავმხდარიყავი. ჩემი ოცნება იყო, მეყიდა ისეთი ბაიკი, რომლითაც მთელს საქართველოს შემოვივლიდი ჩემი სიმღერებით. ჩემი ოცნების ბაიკისთვის ფულს მთელი ათი წელი ვაგროვებდი. ლიფტის ფულსაც კი ვზოგავდი, რომ თანხა დამეგროვებინა, კაპიკს-კაპიკზე ვადებდი. დღემდე 11 ბაიკი მყავს გამოცვლილი. ახლა ის ჩემი ოცნების ბაიკი აღარ მყავს, რადგან გავყიდე და მოტოსკოლა გავხსენი, სადაც მოტო ინსტრუქტორი ვარ და გაკვეთილებს ვატარებ. ერთადერთი სკოლაა, რომელიც იმაზე მეტს ასწავლის იქ მოსულს, ვიდრე გამოცდის ჩაბარებაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სისწრაფე მიყვარს, ჩემი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლო უსაფრთხოება ბაიკით მოძრაობისას და გზებზე უსაფრთხო გადაადგილება. მე გამოუცდელობის გამო გმირთა მოედანზე მომივიდა პირველი ავარია, საკმაოდ ცუდი ინციდენტია და არ მინდა, ეს სხვა, დამწყებმა ბაიკერებმაც გამოსცადონ. ბევრჯერ დამიდევს ჩემი სიცოცლე რისკზე, მაგრამ სულ ვამბობ, არ ვსვამ, არ ვეწევი, არ „ვიჩხირავ“, ქუჩაში არ ვდგავარ და კაი ბიჭობას არ ვცდილობ, არ ვთამაშობ და ჩემი ყველაზე დიდი „კაიფი“ არის სიმღერა, სისწრაფე და ადრენალინი. თუმცა, რაც მასწავლებელი გავხდი, ცოტა მოვუნელე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან