შოუბიზნესი

როგორ გააოცა სამი წლის ასაკში ნიკოლოზ ხარატმა დათო არჩვაძე და როგორ გახდა ის საოცრად პოპულარული ხუმრობით შესრულებული სიმღერით

№27

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 12.07, 2022 წელი

ნიკოლოზ ხარატი
დაკოპირებულია

პატარა მომღერალი ნიკოლოზ ხარატი წლევანდელი „რანინას“ გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მსმენელს ძალიან შეაყვარა თავი და უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა.

ნიკოლოზ ხარატი: ერთ მშვენიერ დღეს უცებ დიდი კაცის ბოხი ხმით მომინდა სიმღერა. დედას ვუთხარი, ნატო გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“ დამიკარი და ბოხ ხმაზე ვიმღერებ-მეთქი. ვიმღერე და ჩემმა დებმა ვიდეო გადამიღეს. საერთოდ, მე არ მიყვარს ვიდეოსა და ფოტოს გადაღება და ჩემს დებს ეს ვიდეო ჩუმად სოციალურ ქსელში აუტვირთავთ. ცოტა ხანში შევედი „ფეისბუკზე“ და ყველგან ჩემი სიმღერის ვიდეო მხვდება. ვუყურებ, ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მინდოდა მეთქვა, ხუმრობაა, ვინმემ სერიოზულად არ მიიღოს-მეთქი. ამასობაში გათენდა მეორე დღე და დედაა!.. ვხედავ, ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა აქვს. ჩემს დას გავეხუმრე, ნახე, ახლა როგორ დამირეკავენ ტელევიზიებიდან-მეთქი. გავიდა ცოტა ხანი და მართლა არ დამირეკეს?!

– შენ კი იხუმრე, მაგრამ ხალხს ძალიან მოეწონა და უცებ პოპულარული გახდი. ადევნებდი თვალს, რას წერდნენ შენ შესახებ?

– მე არა, დედა კითხულობდა და მეუბენებოდა, ყველა გიწერს, რომ შეუყვარდი, წარმატებებს გისურვებენ, გზას დაგილოცავენო.

– დიდივით სიმღერა და ხმის დაბოხება რატომ მოგწონს?

– საერთოდ, დიდების სიმღერები მიყვარს და უფროსების რეპერტუარს ვასრულებ. მაშინაც ასე მოხდა. ვიხუმრე, ხმა დავიბოხე, მაგრამ ვერც მოვასწარი იმის თქმა, რომ სერიოზულად არ მიეღოთ. თავი არ შევირცხვინო-მეთქი, ვფიქრობდი. ორი-სამი წელი გავიდა მას შემდეგ. მაშინ რვა წლის ვიყავი.

– სიმღერა რამდენი წლისამ დაიწყე?

– სამი წლის ვიყავი. უფრო სწორად, თვალი რომ გავახილე, სიმღერაც მაშინ დამიწყია. ძალიან მიყვარს სიმღერა. ჩემს ოჯახში სულ სიმღერა ისმის. მუსიკოსების ოჯახი გვაქვს. ხუთი წლის როცა ვიყავი, დოლსა და ფანდურზე დავიწყე დაკვრა. ახლა ვცდილობ, გიტარაც შევისწავლო. წარმოიდგინეთ, პატარაობიდანვე ძალიან მუსიკალური ვიყავი. სამი წლის, დათო არჩვაძესთან შემიყვანეს სიმღერაზე.

– როგორი შთაბეჭდილება მოახდინე მასზე პირველი შეხვედრისას?

– თავიდან დედაჩემს უთხრა, გამორიცხულია, ასეთ პატარა ბავშვს ფიზიკურად ვერ მივიღებო. დედამ, იქნებ მაინც მოუსმინოთო. ვიმღერე „ღმერთი არის სიყვარული“. ბოდიში და, ამ სიმღერის შესრულება დიდებსაც კი უჭირთ. შევასრულე და რაოოო?! – დათო გაოცდა. სამი წლის ბავშვი მაშინვე დიდების ჯგუფში ჩამსვა. დედაჩემი შემოიყვანა და უთხრა, ეს ვინ მომიყვანე, საოცრებააო. კიდევ კარგი, ხელიდან არ გავუშვიო. ისე გამიხარდა, ასე რომ შემაქო... მას შემდეგ სიმღერით მოვდივარ. შემდეგ ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში ჩავაბარე. მომავალში სადირიჟოროზე ვაპირებ ჩაბარებას.

– „რანინაში“ მონაწილეობის მიღება როგორ გადაწყვიტე?

– მე არ ვუყურებდი ამ პროექტს და არც მასში მონაწილეობაზე მიფიქრია. ძალიან სასაცილო ისტორია გადაგვხდა თავს. დედაჩემს დავურეგისტრირებივარ და აღარ ახსოვდა. კარგა ხანი რომ გავიდა, დაურეკეს და გაოცებული კითხულობდა, „რანინადან“ დამირეკეს და ნეტავ, ვინ მისცათ ნომერიო. მერე მკითხა, გინდა გავიდეთო? კი-მეთქი და ძალიან მოუმზადებლები ჩამოვედით ბაკურიანიდან, სადაც ვისვენებდით.

ელისო არაბიძე (დედა): მართლა ძალიან სასაცილო იყო. ყველაფერი იმდენად უცებ მოხდა და იმდენად მოუმზადებლები მივედით, ქასთინგზე რომ შედიოდა, მოტრიალდა და მეკითხება, რა ვიმღეროო. არადა, ბავშვებს სამ-სამი სიმღერა ჰქონდათ მომზადებული. ვუთხარი, რაც შენ გინდა, ის იმღერე-მეთქი და გავიდა.

– ნიკოლოზ, არ ინერვიულე? როგორ შეგაფასეს?

ნიკოლოზი: საერთოდ არ მინერვიულია. ძალიან მოეწონათ ჩემი ვოკალი და არტისტული შესაძლებლობები. ძალიან მიხარია, ასე რომ მოხდა. რანინელობა ძალიან კარგია. ძალიან ბევრ ბავშვს სწყდება გული, აქ რომ ვერ მოხვდა. წარმოიდგინეთ, 500 ბავშვიდან ათი მოვხვდით. ათივე გასაოცარი ბავშვები არიან, ჩემი მეგობრები გახდნენ. თავიდან არა, მაგრამ ფინალში ძალიან ვინერვიულე. ლამის გული წამივიდა. ვიმღერე, მაგრამ მართლა ძალიან ვნერვიულობდი.

– ყველაზე მეტად რომელი ტური მოგეწონა?

– ყველაზე მეტად აჭარულისა და სომხურის ტური მომეწონა.

– სოციალურ ქსელში რომ ვადენებდი თვალს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავდა და შენს გამარჯვებას ელოდნენ. თავად როგორი მოლოდინი გქონდა?

– აუცილებლად უნდა ვთქვა, მარტო ფინალისტები კი არა, ყველა მონაწილე ძალიან კარგი იყო. მეც მეგონა, რომ გამარჯვებული მე ვიქნებოდი. რადგან ასე მოვწონდი მასწავლებლებს და ხალხსაც, მეგონა, რომ მე გავიმარჯვებდი. მინდა, დავიღალო ჩემი გულშემატკივრებისთვის მადლობის თქმით. ძალიან ბევრნი არიან და ძალიან მიხარია. მადლობა თითოეულ ადამიანს, ძალიან მიხარია, ასე რომ შეიყვარეს ჩემი ნამღერი. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მინდა, ჩემს უსაყვარლეს მასწავლებლებს მანანა მორჩილაძეს, ქეთი ჯავახიშვილსა და ნინო ჩაჩავასაც ვუთხრა მადლობა.

– გამარჯვებული რომ არ გახდი, გული არ დაგწყდა?

– იმ დღეს ძალიან დამწყდა გული. როგორც გითხარით, მეგონა, რომ მე ვიქნებოდი გამარჯვებული. როცა ჩემი იმედები ცრუვდება, ძალიან რთულია. ისე არასდროს დამწყვეტია გული, როგორც ფინალზე. როგორც ყველა ბავშვს, მეც მინდოდა, გამარჯვება. მაგრამ მეორე დღეს მშობლებმა გამამხნევეს – რაც მქონდა, ყველა სურვილი შემისრულეს. ასე ვთქვათ, გამანებივრეს და ჩვეულებრივ ხასიათზე დავდექი. არანაირიი წყენა. მინდა, ჩემს მშობლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ასე რომ გამანებივრეს. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მარიამს მივულოცო გამარჯვება და იმედია, „ევროვიზიაზეც“ გავიმარჯვებთ. ცხრავე ბავშვს, ჩემს მეგობრებს, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. ყველანი ძალიან მიყვარს.

– როგორია შენი ცხოვრება მუსიკის მიღმა, სკოლაში რა ხდება?

– არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ კარგად ვსწავლობ. ამ სემესტრში ძალიან შემეშალა ხელი სწავლაში, მაგრამ ახლა მაინც ყველაფერში ათიანი მყვება. ყველაზე მეტად მათემატიკა და ქართული მიყვარს, მაგრამ სხვა საგნებსაც ძალიან კარგად ვსწავლობ.

– სკოლაში მასწავლებლები და მეგობრები რას გეუბნებიან, ასეთი პოპულარული რომ გახდი?

– ყველას უხარია და მგულშემატკივრობენ. მათაც უხარიათ, პოპულარული მეგობარი რომ ჰყავთ და მეც მიხარია, მათსავით საყვარელი მეგობრები და მასწავლებლები რომ მყავს.

– ქუჩაში გრძნობ ხალხის ყურადღებას?

– ეზოში ყველა მცნობს, მეხუმრებიან, მეფერებიან, წარმატებებს მისურვებენ, სურათებს იღებენ ჩემთან ერთად. ძალიან მიხარია, ხალხს რომ ასე ვუყვარვარ. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო ასეთი სიყვარულისთვის.

– ახლა რაზე ოცნებობ?

– მინდა, ყველაფერში წარმატებული ვიყო. ან ბიზნესმენი გავხდები ან დირიჟორი. ერთად რთულია, რადგან ორივე დიდ შრომას მოითხოვს.

– ელისო, ვის ჰგავს ნიკოლოზი ასეთი მუსიკალური ნიჭითა და არტისტულობით?

ელისო: მამაჩემი ძალიან დიდი ხანი „ერისიონში“ მღეროდა. ჩემი მამამთილი, მისი მამა თუ სხვები, ჩემი თუ ჩემი მეუღლის მხრიდან, მეტ-ნაკლებად ყველა მღერის. ტყუპი გოგოები მყავს და ისინიც კარგად მღერიან. ჩვენთან თითქმის ყოველი დილა სიმღერით იწყება. ინსტრუმენტზე თუ არ ვუკრავთ, მუსიკა მაინც გვაქვს ჩართული, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს. მეუღლეს სმენა აქვს, მაგრამ არ მღერის, ცოტას მეც ვმღერი, მეგობრების წრეში.

– წარმოგედგინათ, რომ ნიკოლოზს ასეთ პატარა ასაკში შეეძლო, ამდენისთვის მიეღწია?

– ნამდვილად არ მეგონა. ის პირველი ვიდეოც, როგორც მაიმუნობა, ისე დავდეთ. ვიხუმრეთ, ვიცინეთ, გავერთეთ. რომ მითხრა, ვითომ დიდი ვარ, ხმას დავიბოხებ და ვიმღერებ, დამიკარიო, კარგად არც ვიცოდი ამ სიმღერის დაკვრა და როგორც შევძელი, დავუკარი. ნამდვილად არ ველოდით, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. მე ყოველთვის ვუყურებდი „რანინას“ და ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. ერთხელაც, აპლიკაცია შევავსე, მაგრამ მართლა არ მახსოვდა. როცა ეს გავაკეთე, ნახევრად მეძინა და საკმაო დროც იყო გასული, ამიტომ, როცა დამირეკეს, ძალიან გამიკვირდა.

ნიკოლოზმა რომ არ გაიმარჯვა, გული მეც დამწყდა, მაგრამ მან იმხელა სიყვარული მიიღო ადამიანებისგან, რომ გულისწყვეტაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს მხოლოდ წამიერი რეაქცია იყო. ძალიან კარგმა ბავშვმა გაიმარჯვა და მთელი გულით ვულოცავ მას. საერთოდ, ძალიან კარგი ათეული იყო. მინდა, ყველას დიდი წარმატება ვუსურვო. ამ კონკურსში ნიკოლოზი ძალიან გაიზარდა და პროექტის უზომოდ მადლიერი ვარ. რანინადან თეატრში გადავინაცვლეთ. გოგა პიპინაშვილმა დაგვირეკა და ნიკოლოზს და კიდევ ერთ „რანინელს“ – ანა კერესელიძეს, შვილიშვილების როლი შესთავაზა. ახლა რეპეტიციები გვაქვს, პრემიერა რამდენიმე დღეში იქნება და მერე დავისვენებთ, რომ აქტიურობა ახალი ენერგიებით გავაგრძელოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი