შოუბიზნესი

როგორ გააოცა საკუთარმა თავმა ნინი გველესიანი და როდის შეუძლია მას თავისი პიროვნების მეორე ადგილზე დაყენება

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 12.08

ნინი გვლესიანი
დაკოპირებულია

მომღერალი ნინი გველესიანი ზოდიაქოთი კირჩხიბია. ვნახოთ, არის თუ არა ის საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელი.

ნინი გველესიანი: 12 ივლისს დავიბადე, ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და რომ ვთქვა, ასტროლოგიის ძალიან მჯერა და ყველაფერს მას ვუკავშირებ-მეთქი, არ იქნება სიმართლე, თუმცა ჩემს ხასიათს რაღაცით ვამსგავსებ კირჩხიბის ზოდიაქოს და ცოტათი მჯერა (იცინის).

– კირჩხიბი: საიმედოობის, ერთგულებისა და მზრუნველობის სიმბოლოა. რა დოზით არის შენში ეს თვისებები?

– ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები აღნიშნავენ ხოლმე, რომ ძალიან ერთგული ვარ. თუ ვინმე თავის საიდუმლოს გამიმხელს, გამორიცხულია ის საიმედოდ არ შევინახო. ვცდილობ, საიმედო მეგობარი ვიყო და არაადეკვატურად მზრუნველი ვარ, ზედმეტადაც კი და ხანდახან ვცდილობ, ასეთი არ ვიყო (იცინის).

– კირჩხიბები ძალიან თბილები არიან...

– არ ვიცი, ესეც ზოდიაქოს უკავშირდება თუ არა, მაგრამ ძალიან მიყვარს სითბოს გამოხატვა საყვარელი ადამიანებისა და მშობლების მიმართ. იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც უყვარს ადამიანის მოფერება.

– ცოტა წუწუნა და ჯაჯღანებიც არიან...

– ჩემს ქმარს რომ ჰკითხოთ, ნამდვილად დაგეთანხმებათ (იცინის). კი, ცოტა წუწუნი და დრამების შექმნა მახასიათებს. არაფრის გამო შემიძლია, ვიწუწუნო, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, ვცდილობ, ადამიანები არ შევაწუხო ჩემი წუწუნით. ამ თვისებაზე მართლა ვიმუშავე და მგონი, შევძელი, რომ ელემენტარულზე მაინც აღარ ვიწუწუნო და ეს თვისება საკუთარ თავში ჩავიკლა (იცინის).

– მარტივად არ უყვარდება, მაგრამ როდესაც უყვარდება, უსაზღვრო სიყვარულის უნარი აქვს.

– ზუსტად ეგრეა. ხომ არიან ადამიანები, გაიცნობენ ვინმეს, მაშინვე დაუმეგობრდებიან, შეუყვარდებათ და გიჟდებიან ერთმანეთზე. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. დრო მჭირდება, რომ ადამიანი მივიღო და შევიყვარო. თუ ეს მოხდა, მერე ძალიან მიჭირს იმ ადამიანის გაშვება ჩემი ცხოვრებიდან. ყოველთვის ვცდილობ, საყვარელი ადამიანები არ დავკარგო. ამის გამო შეიძლება, საკუთარი თავი რაღაცებში შევზღუდო. თუ ყოფილა ისე, რომ დაკარგვის ეტაპამდე მივსულვარ, უმეტეს შემთხვევაში, მომიგვარებია სიტუაცია და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი არ დამიკარგავს.

– ზურგს არ შეგაქცევს. თუ საჭირო გახდება, საყვარელი ადამიანის დასახმარებლად ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია.

– კი. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნამდვილად ასეა და ვინც მიცნობს, იმავეს იტყვის. თუ ადამიანს მართლა სჭირდება დახმარება და არ მანიპულირებს, აუცილებლად გვერდში დავუდგები. ყოფილა შემთხვევები, გამიცია სხვის დასახმარებლად ისე, რომ საკუთარი თავისთვის არ დამიტოვებია. თუ ვინმეს მართლა სჭირდება, შემიძლია, საკუთარი თავი მეორე ადგილზე დავაყენო. ეს რომ არ გავაკეთო, მერე სინდისი შემაწუხებს და ბედნიერი ვერ ვიქნები.

– არ უყვარს ჭკუის სწავლება და შენიშვნების მიღება.

– თუ დამსახურებული შენიშვნაა, ყოველთვის მივიღებ. არ ვარ ის ტიპი, ერთი ამბავი ავუტეხო ვინმეს, როგორ ბედავ და შენიშვნას მაძლევ-მეთქი. თუ საჭიროა, მივიღებ და ვეცდები, გამოვასწორო ის, რაც გამოსასწორებელია.

– არ უყვართ მეორე ადგილზე ყოფნა.

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება, ასე ითქვას. საერთოდ ჩრდილში ყოფნა ბავშვობიდან არ მიყვარდა. ყოველთვის მსიამოვნებდა გამოჩენა. ახლაც, ცოტა ხანი თუ მოვეშვები და არსად ვჩანვარ, ჩემს თავს ვეუბნები: დროა გამოფხიზლდე, გამოჩნდე და ფორმას დაუბრუნდე-მეთქი. გეთანხმები, პირველ ადგილზე ყოფნა თუ არა, გამოჩენა ნამდვილად გვიყვარს.

– არ უყვარს ხალხმრავლობა და ქაოსი, თუმცა, პროფესიიდან გამომდინარე, წესით, უნდა გიყვარდეს.

– თუ პროფესიას სჭირდება, მიყვარს. თუ არადა და სახლის ტიპი უფრო ვარ. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, კირჩხიბებს ძალიან უყვართ სახლი და მე ნამდვილად ასეთი ვარ. ჩემი კომფორტის ზონა სახლია. სცენა ერთია, მაგრამ ისე, ხალხმრავლობაში ყოფნა დიდად არ მიყვარს, სახლში ჩემთვის მირჩევნია, ვიყო (იცინის).

– არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა...

– ვაიმე, კი! ყოველთვის ამის გამო ვიღებ შენიშვნას, ამის გამო მეჩხუბებიან და ამის შეცვლას ვცდილობ. თუ კომფორტის ზონა მოვიწყვე, მერე მისი დარღვევა ძალიან მიჭირს და ვიბრძვი, რომ ამის გაკეთება შევძლო და ამ ზონიდან გამოვიდე.

– კირჩხიბი მგრძნობიარე ნიშანია, მაგრამ ეს სისუსტეს არ ნიშნავს, პირიქით, ძალიან ძლიერი ადამიანები არიან.

– რაც მეტი დრო გადის და ვიზრდები, ჩემს თავს უფრო და უფრო ვაკვირდები და ვხედავ, რა პრობლემებზეც აქამდე მეგონა, რომ ვერ გადავლახავდი, გადავლახე და მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. საერთოდ, კირჩხიბის ზოდიაქო ძალიან ამტანია, ბევრის გადალახვა შეუძლია და ამაში ვეთანხმები. ბევრ რამეს არ ველოდი, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი საკუთარ თავში დიდი ძალის აღმოჩენით.

– ძალიან კომუნიკაბელურია, მაგრამ რთულ პერიოდებში მარტო ყოფნა ურჩევნია, თვითონ უნდა გაუმკლავდეს

– ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა. მირჩევნია, პრობლემებზე მარტომ ვიფიქრო. მაღიზიანებს შაბლონური დამშვიდების ფორმები, როგორიცაა „ყველაფერი კარგად იქნება“. კი, ადამიანები გვერდით გიდგანან და უნდათ, დაგამშვიდონ, მაგრამ ასეთ მომენტებში მარტო ყოფნა მირჩევნია, ყველაფერი მარტომ უნდა გადავიტანო, ისე, რომ შეიძლება, არავის გავაგებინო.

– ხასიათის მკვეთრი ცვლილება გახასიათებთ. შეიძლება, ძალიან კარგ ხასიათზე იყოთ, მაგრამ წამებში შეიცვალოს ყველაფერი...

– კი, ვეთანხმები (იცინის). ერთ წამში რომ კარგ ხასიათზე ვარ, მეორე წამში შეიძლება, ცუდზე დავდგე, ისე, რომ მიზეზი თვითონაც არ ვიცი (იცინის). ეს თვისება საკმაოდ მაფერხებს.

– საკმაოდ მშვიდი ზოდიაქოს ნიშანია...

– კი, ასეა. ძალიან რთულია ჩემი წყობიდან გამოყვანა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ მე წყობიდან გამოვიდე, სიმშვიდეს ყოველთვის ვინარჩუნებ.

ძალიან იშვიათად, რომ რამეზე ავფეთქდე. მომხდარა ასეც და ჩემმა ოჯახმა იცის, როგორი ვარ ასეთ დროს, მარტო მათ ვყავარ ნანახი ასეთი (იცინის). არ მიყვარს ეს მდგომარეობა, მირჩევნია, წყნარი და მშვიდი ვიყო.

– მათი გულის გატეხვა ძალიან მარტივია და ეს თვისება თავადაც სტანჯავთ.

– სხვათა შორის, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. საერთოდ, წყენას ადვილად ვივიწყებ, გულში არ ვიდებ და წლები არ მიმყვება. არის რაღაცები, რაც ადვილად მწყინს, მაგრამ კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან, რა მაწყენინეს დაუფიქრებლად და რა გააზრებულად. ერთი ცუდი თვისება მაქვს, წყენის შესახებ თქმა არ მიყვარს, არადა, ჯობს, პირდაპირ თქვა, ვიდრე შენთვის შეინახო, რადგან ასე მე ვრჩები ხოლმე გულნატკენი.

– წარმოუდგენლად კარგი ინტუიცია უნდა გქონდეს.

– ამაში ბოლომდე ვეთანხმები. ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. რამდენჯერაც გულმა მიგრძნო, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, იმდენჯერ ამისრულდა იმდენად ზუსტად, რომ თვითონაც გამკვირვებია.

– ჩხუბში არასდროს აგყვება, მაგრამ თავის დაცვა არაჩვეულებრივად შეუძლია.

– ზუსტად ეგრეა. ვერ ვიტან კონფლიქტურ სიტუაციებს, ოღონდ ასეთში არ გავერიო... ჰარმონია და სიმშვიდე მიყვარს ყველასთან ურთიერთობაში. ვცდილობ, კონფლიქტს თავი ავარიდო, მაგრამ თუ არ გამოდის, თავის დაცვა ნამდვილად შემიძლია (იცინის).

– რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდი?

– მომწონს, რომ კირჩხიბები ერთგულები, კომუნიკაბელურები, მეგობრულები, მზრუნველები და თბილები ვართ. არ მომწონს, რომ ცოტა უთქმელები და საკუთარ თავში ჩაკეტილები ვართ, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ვარ. არც ის მომწონს, რომ გადამეტებული მზრუნველობა მახასიათებს. კიდევ, კირჩხიბები განსაკუთრებული გურმანები არიან, გვიყვარს ჭამა და ძალიან არ მინდა, ასეთი ვიყო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა