როგორ გაახალგაზრდავდა ხვიჩა მაღლაკელიძე და რა თერაპია მოიგონა მან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:30
ხვიჩა მაღლაკელიძისთვის წლევანდელი წელი განსხვავებულად დაიწყო. უჩვეულოდ დაკავებული „დასვენების სეზონი“ აქვს, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, საკმაოდ შეიცვალა ვიზუალურადაც, რაც მინუს 17 კილოგრამს გულისხმებს. დეტალებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ამ წლის დასაწყისში განსაკუთრებული განწყობა მქონდა, ვფიქრობდი, რომ დავისვენებდი, ცოტა ხანი მოვდუნდები და გიტარას არ დავუკრავ-მეთქი... ვფიქრობდი, მაგრამ უეცრად ჩემი გეგმა შეიცვალა მოულოდნელი გასტროლით სლოვაკეთში. იქიდან რომ ჩამოვედი, ისევ კორპორატიულები, ღონისძიებები და ვერ მოვახერხე დასვენება. გასაკვირია ასეთი აქტიურობა, რადგან როგორც წესი, იანვარსა და თებერვალში ჩემს სფეროში ყველაფერი გაჩერებულია. ისვენებს ხალხი და დიდი „შემოქმედებითი პახმელიაა“. წელს, რატომღაც, გაგანია მუშაობაში ვართ. ამას ემატება ისიც, რომ ახალი წლების შემდეგ მოსწავლეებთან მუშაობა განვაახლე, დავრბივარ აქეთ-იქით იმიტომ, რომ პარალელურად გადაღებები დამემთხვა – რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმში ვთამაშობ ეპიზოდურ, მაგრამ ძალიან საინტერესო-სახასიათო როლში. მე არაპროფესიონალი მსახიობი ვარ, მაგრამ რეზოს ლოცვა-კურთხევით, კი ვაკეთებ ამ საქმეს.
– არადა, ისეთი არტისტული ხართ, მგონი, მსახიობად ხართ დაბადებული.
– მაგას მეუბნებოდა ჩემი მასწავლებელი, როცა გაკვეთილი არ ვიცოდი. ისეთებს მოვიგონებდი, ისეთებს, წიგნში საერთოდ რომ არ ეწერა, ჭკვიანი სახით ვყვებოდი სისულელეებს და მასწავლებელი მეტყოდა ხოლმე, არტისტად ხარ დაბადებულიო (იცინის).
– ცოტა ხანი დავისვენებ, გიტარას აღარ დავუკრავო – ეს სიტყვები ცოტა მეუცნაურა თქვენგან.
– არა, გიტარას სახლში ჩემთვის ყოველთვის ვუკრავ, მაგრამ ოფიციალურად კონცერტები, საღამოები და ასე შემდეგ, ასეთი ღონისძიებებისგან შევიკავებ ცოტა ხანს თავს-მეთქი, ვიფიქრე. თუმცა, როცა შემოთავაზება გაქვს, არ შეიძლება თავის შეკავება, თორემ მერე კუჭში გექნება შეკავება (იცინის). ამიტომ ჯობს, უარი არ თქვა ამაზე, უბრალოდ, არ ველოდი. ყოველ წელს ტოტალური უძრაობაა ამ პერიოდში და ამიტომ. მგონი, წელს გამოცოცხლდა სიტუაცია და კარგია.
– დასვენება არ გამოვიდა, მაგრამ ასე ჯობს, ხომ?
– რა თქმა უნდა. მე რომ ვწუწუნებ, დასვენება მინდა-მეთქი, ნახევარი საათი რომ ვისვენებ, მერე უკვე თავგადასავლებს ვეძებ. საქმის გარეშე ვერ ვჩერდები. ღამის ათი საათია, ახლა მოვედი სამსახურიდან, ბოლო მოსწავლეები გავუშვი, დაღლილი ვარ, მკვდარი ვარ, დუნიაზე არაფერი მინდა, მაგრამ დავლევ ჩაის, დავისვენებ რამდენიმე წუთი და ისევ გიტარას დავუკრავ. კვირა დღეს ვისვენებ. შაბათს გამოვაცხადებ ხოლმე ოჯახში, ხვალ მთელი დღე ვკოტრიალობ ლოგინში-მეთქი. თენდება და ათ საათზე ფეხზე ვარ, მაგრამ არ ვიცი, რა გავაკეთო. ვწრიალებ, ვწრიალებ, სანამ რამეს არ მოვიგონებ. ვითომ რაღაც გაფუჭებულია და შეკეთება სჭირდება, მივადგები, ვაკეთებ, ამ დროს ჩემი გაკეთებული არ გეიშვა, უარესად ვაფუჭებ, მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია. თუ ასე არაა, მაშინ მთელი კვირადღე სამზარეულოში ვტრიალებ. ვაკეთებ საჭმელებს, მაგრამ მე არ ვჭამ, ოჯახის წევრებს ვაჭმევ. ეს თერაპია მოვიგონე. ნაკლები რომ ვჭამო, ბევრ საჭმელს ვაკეთებ, კეთების პროცესში თვალი ნაყრდება და მერე ჭამა აღარ გინდა.
– რას ამბობენ, კარგად გამოგდით?
– ოჯახის წევრები უკვე ვეღარ იღიმიან, მოვასუქე ყველა და ლოყები არ აძლევთ საშუალებას (იცინის). ვხუმრობ, მართლა კი არ მოვასუქე, მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ არ ვიცი, ამდენი წელია, ხათრს ვერ მიტეხენ თუ რატომ, მაგრამ სიამოვნებით კი ჭამენ. ჯერ არ შემიმჩნევია, ჩუმად სხვა რამე შეეჭამოთ და არა ჩემი გაკეთებული. დავოსტატდი, პატარა კი აღარ ვარ, წელს 50 წელი შემისრულდა. სხვათა შორის, ეს თარიღი ძალიან ხმამაღალი დუმილით აღვნიშნე მეც და ჩემმა გარემოცვამაც. ხმაც არ ამომიღია, ისე შემომეპარა 50 წელი და თავში რამდენიმე ჭაღარა მომემატა. ისე, ხომ იცით, თმა გადანერგილი მაქვს. ნამდვილი ოსტატი უნდა იყო, რომ ექვსი ღერი თმისგან ქოჩორი გააკეთო, მაგრამ მე ვაკეთებ.
– გადანერგილია და მაინც ექვსი ღერია?
– ძველი აგრძელებს ცვენას და ახალი, ანუ რაც გადამინერგეს კი არის მაგრად, ღორის ჯაგარივით. უკნიდან გადმომიტანეს წინ. ჩემი თმა ძალიან ჰგავს ზოგიერთი ქალაქის საახალწლო მორთულობას, ერთი უბნიდან მეორეში რომ გადაიტანენ განათებებს, ვითომ ახალი გვაქვსო – ასე გაკეთდა ჩემს თავზეც თმის გადანერგვისას. ახლა უკან რომ დავაპირო გადანერგვა, ალბათ, აიღებენ წინ და უკან გადაიტანენ. ასეა თუ ისე, წინ კარგი ქოჩორი მაქვს.
– მთავარია წინ დაუყენოთ მტერს თვალი, თორემ უკან ვის აინტერესებს.
– არც წინიდან ვვარგივარ შესახედად და არც უკნიდან, მაგრამ ბუნება მაქვს საოცარი (იცინის). საოცარი მომხიბვლელობა და ქარიზმა მაქვს (იცინის).
– ამასობაში საკმაოდ ბევრი დაიკელით წონაში და მშვენიერ ფორმაში ჩადექით.
– წონაში კლება მთლად კარგი არ არის გარდერობისთვის და ჯიბისთვის. სანამ ტანწერწეტა და ალვისტანა ვიყავი, მაშინ რაც მეცვა, მერე რომ გავსუქდი და ბუნკერს დავემსგავსე, ის ტანსაცმელი მოვიშორე, დავარიგე, გავაჩუქე. ახლა რომ გავხდი, აქამდე რაც მეცვა, იმაში ვყანყალებ და ახალია საჭიროა. ამიტომ ჩემს ჯიბეს ნამეტანი დაეტყო ჩემი გახდომა.
დაკლების დიდი საიდუმლო არ მაქვს, ეს ჯანსაღი კვების შედეგია, მედიკამენტურ ჩარევასთან ერთად. პრედიაბეტური მდგომარეობა იყო ჩემს ორგანიზმში და ექიმმა მითხრა, თუ ასე უაზროდ გააგრძელებ ჭამა-სმას, ღამის ორ საათზე სამ კილო ძეხვს თუ შეჭამ მაიონეზით და კეტჩუპით, რამდენიმე წელიწადში შენს სახელს დაარქმევენ რომელიმე ქუჩასო – როგორც მოგეხსენებათ, სიცოცხლეში არავის სახელს არ არქმევენ ქუჩებს. ამ მედიკამენტურმა ჩარევამ შიმშილის გრძნობა შემიმსუბუქა. ისე, რომ დღეში შემიძლია, ერთხელ ვჭამო და ძალიან ცოტა, ისიც იმის გამო, რომ საჭიროა. შედეგად 17 კილო ხვიჩა ასტრალში გავუშვი. ეს ამბავი, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი მიმდინარეობს ჩემს ორგანიზმში. საბედნიეროდ, მოკლე დროში არ ხდება. არის პრეპარატები, რომელიც ერთ თვეში აკლებინებს და კი დადიან მერე გამოლენჩებული სახეებით. ალბათ, მკითხველი მიხვდება, რაზე მაქვს საუბარი. მე სხვანაირ მკურნალობას მივმართე. ნელ-ნელა და ჯანსაღად, ზომიერი ცხოვრების წესით და ნაკლები სტრესის შედეგად. ისე არა, რომ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო, მაგრამ მუხლებზე რომ დაიკიდო, დასცინო და მოაგვარო – ამ დონეზე. სხვათა შორის, იცი, რა კარგი ყოფილა?!
თასმების შესაკვრელად რომ ვიხრები, არ ვფიქრობ რა გავაკეთო, რომ მეორეჯერ დახრა არ დამჭირდეს. ისეთი ფიზიკური მოძრაობები, რომელსაც ახლა ვაკეთებ, კაი ხანია, აღარ გამიკეთებია. თუმცა, სადღაც 2010 წლამდე მე საკმაოდ ტანწერწეტა ბიჭი ვიყავი. 40 კილო ვიყავი პირველ კურსზე რომ დავიწყე სწავლა. ისეთი გამხდარი ვიყავი, ნეკნებს დამითვლიდი. მერე ავიშვი, მაგრამ რაღაც ეტაპზე გავჩერდი. სადღაც 2010 წლიდან, როცა პოპულარობა მოვიდა, ამან მოიტანა ქეიფები, საღამოები, ღონისძიებები და ქე გამექცა წონა. ისე, ეს მაგარი გამოთქმა გვაქვს, წონა კი არ გამექცა, პირიქით, შემომექცა და შემოვიდა, თორემ გაქცევით ახლა გამექცა და მომშორდა (იცინის).
– როგორი კმაყოფილია მეუღლე ასეთი ტანწერწეტა რომ დაუბრუნდით?
– მეუღლემ დაწყო ახალი კაბების ყიდვა, შენთან ერთად გამოჩენა არ შემრცხვებაო. მწყინდა ხანდახან ქუჩაში რომ მეკითხებოდნენ, შენი ქალიშვილიაო? ხუთი წლით არის ჩემზე უმცროსი, მეტით კი არა. რომ ვამბობდი, ცოლია-მეთქი, უყურე შენო?! მე გამოვიყურებოდი ასე დაგვაჯულად თუ ჩემი ცოლი ასე ახალგაზრდულად, არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა გავუტოლდი. გახსოვს ფილმი – „ბენჯამენ ბატონი“, მოხუცი რომ იბადება და მერე ახალგაზრდავდება, ალბათ, ასეთი ნორჩი ჩავაკვდები ასი წლის შემდეგ ჩემს ცოლს ხელში.
– როგორც სოციალურ ქსელში შეიმჩნევა, ოჯახურ ტრადიციებს განსაკუთებულ ყურადღებას აქცევთ. დღესასწაულებსაც გამორჩეულად აღნიშნავთ. მაგალითად, ახალ წელს საოცრად გქონდათ სახლი მორთული. ეს ყველაფერი, ალბათ, მეუღლის დამსახურება, არა?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსიყვარულე ადამიანი ვარ და სიყვარული მასულდგმულებს, ჩემში რომანტიკა ნულია. სასიყვარულო სიგიჟეებს ვერ ჩავდივარ. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემმა მეუღლემ ითავა. სახლს მორთავს, მოკაზმავს, საოცრებებს აკეთებს. მაგალითად, ახალ წელს თბილისში სახლი საოცრად მოვრთეთ, 29 დეკემბერს წავედით და 15-ში უკვე დასაშლელი რომ იყო დეკორაცია, მაშინ დავბრუნდით. ქალო, ბათუმში მივდივართ და ვისთვის აკეთებ ამას-მეთქი, ვუთხარი და რომ ჩამოვალთ, ის ნახევარი საათი თვალს ხომ უხარიაო, მითხრა. ამისთვის სამი დღე კაზმავდა სახლს. ნაძვისხე იანვრის ბოლომდე გვედგა. ეს თბილისში, თორემ ბათუმში თებერვლის პირველ რიცხვებამდე გვქონდა. ისე მოხდა, რომ გასტროლზე პირდაპირ ბათუმიდან მოგვიწია გადაფრენა და ვერ მოვასწარით ნაძვისხის აღება, იმიტომ, რომ ჩვენთან მარტო ნაძვისხე კი არ იდგმება, ტყე შენდება მთლიანად სახლში. ველოდები ხოლმე, დათვი და მგელი როდის გამოვარდება. რომ ვიღებდით, ჩემს ცოლს ვუთხარი, სააღდგომო დეკორაციები ბარემ ახლავე გავაწყოთ-მეთქი. სააღდგომო დეკორაციებზეც ჭკუა ეკეტება. მე ვეხუმრე და მას ისე მოეწონა ეს აზრი, მგონი, მართლა აპირებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





