როგორ ესმის უსიტყვოდ მეუღლის სურვილების ლევან წვერავას და რატომ გადადო წყვილმა ამერიკაში გამგზავრება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:37
ნინი კენჭიაშვილი და ლევან წვერავა მეორე შვილის მოლოდინში არიან. როგორ გრძნობს თავს ნინი, როდის ელოდება წყვილი პატარას და შეურჩიეს თუ არა მას სახელი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინი კენჭიაშვილი: ჩვენი ძალიან დიდი სურვილია ბევრი შვილი გვყავდეს. ჩვენს უფროს შვილს – ნოესაც ძალიან უნდოდა კიდევ ერთი პატარა გვყოლოდა, განსაკუთრებით – ძმა და რომ გაიგო, ბიჭს ველოდებოდით, უზომოდ გაბედნიერდა. ყველას ეუბნება, ძმა უნდა მეყოლოსო. ბავშვები ძალიან უყვარს – ბაღიდან ყველას სახლში წამოყვანა უნდოდა ხოლმე, რომ ერთად ეთამაშათ. ალბათ, ყველა ბავშვს უნდა, სახლში სხვა პატარებიც ჰყავდეს, რომ ერთად ითამაშონ (იცინის).
– თქვენ დიდი ხნით ადრე გადაწყვიტეთ ეს ამბავი, ხომ?
– ნოე ბიჭი იმსემინაციით დაიბადა. გაყინული გვქონდა ემბრიონები და ვიცოდით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაგვეჩინა კიდევ ერთი შვილი. ღმერთის წყალობით, კიდევ ვაპირებთ გაჩენას. როგორც უფალი ინებებს, მის გარეშე არაფერი არ ხდება.
– როცა გაიგეთ, რომ სასურველი შედეგი დადგა, იმ მომენტის ემოციები როგორ გახსენდება?
– სასწაული ემოციები იყო. თავიდან, თითქოს, ვერც გავიაზრე რა ხდებოდა და ლევანის ნაცვლად, პირველ რიგში, ნოეს ემოციები წარმომიდგა, ვიცოდი, როგორ გაუხარდებოდა და როგორ გააბედნიერებდა ეს ამბავი. უფრო ნოეზე ვფიქრობდი. ისეთი განცდა მაქვს, რომ ნოესთვის ვაჩენ ბავშვს, სულ ნოეზე მეფიქრება. რაც დედა გავხდი, ყველაფერთან მიმართებაში ასე ვარ, ყველაფრის ამოსავალი ნოეა. მეც და ლევანიც ყველაფერს ნოესთვის ვაკეთებთ. სულ იმას ვფიქრობთ, მისთვის როგორ იქნება უკეთესი. მთელი ჩვენი ცხოვრება მასზეა მორგებული. ახლა დიდი სიხარულით ელოდება, სულ მუცელზე მეფერება. აქედანვე ვაჩვევ, რომ ერთმანეთი ძალიან უნდა უყვარდეთ. ვეუბნები ხოლმე, ძამიკოს ძალიან უყვარხარ და ერთი სული აქვს, როდის გაგიცნობს-მეთქი. არ მინდა, ეჭვიანობის მომენტი ჰქონდეს და ვცდილობ, შევამზადო. იმედია, გამოგვივა. მშობლებსა და ოჯახის წევრებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამიტომ წინაპირობის შექმნა მნიშვნელოვანი მგონია. ასე რომ, ნოემ იცის, რომ თავის ძმას ძალიან უყვარს. თვითონ უკვე სათამაშოებს ყიდულობს მისთვის, ერთს თავისთვის აარჩევს, ერთს – ძამიკოსთვის, ოღონდ პატარა ზომისას, იცის, რომ ახალშობილი ჯერ დიდი სათამაშოებით ვერ ითამაშებს (იცინის).
სხვათა შორის, ამის შემდეგ და უნდა. ალბათ, ჩვენგან აქვს მოსმენილი და ბავშვურად იმეორებს, რომ ახლა ძმა გვეყოლება და მერე – და. ერთად დავიცავთ დასო, ამბობს.
– როგორ მიდის ფეხმძიმობა, როგორ გრძნობ თავს?
– ვხუმრობ ხოლმე, არ ვიცი, როგორი ორსული ვარ-მეთქი. ნოეზეც ასე იყო, ძალიან კარგი ორსულობა მქონდა. ახლაც – ანალოგიურად. რომ არა ასეთი კარგი ორსულობა, ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას ვერ შევძლებდი. მე და ლევანს ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს, საოცრად გადატვირთული და გამიჭირდებოდა მისი მორგება. არც ტოქსიკოზი მაქვს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. ახლა ისრაელში მივდივართ, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობით.
– არც განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვს, თუნდაც საკვებთან მიმართებით?
– ამასთან დაკავშირებით, ლევანი ხუმრობდა: ნინი ჭკვიანია, განსაკუთრებულ მიზანს დაისახავს და აუცილებლად გაამაკეთებინებს იმას, რაც გეგმაში აქვსო (იცინის). ჩემი გეგმები საკვებს არ უკავშირდება, უფრო – რაღაცის ყიდვას, ერთს ვიტყვი და კარგს (იცინის).
– სახელთან დაკავშირებით უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება?
– ძალიან ბევრი მეკითხება, მაგრამ ვერავინ წამომაცდენინა (იცინის). ზოგადად, ძველებური სახელები მომწონს. თან, ნოესაც უნდა უხდებოდეს. ორი სახელი მაქვს შერჩეული. მე და ლევანმა გადავწყვიტეთ, ფურცლებზე დავწეროთ ორივე სახელი და რომელსაც ნოე აირჩევს, ის დავარქვათ.
– ლევანი როგორ ცდილობს გაგანებივროს?
– ლევანმა ძალიან კარგად იცის ჩემი ხასიათი. რომ შემომხედავს, ზუსტად ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ამისთვის ფიქრი არ სჭირდება. მეც ასე ვარ მის მიმართ. თხუთმეტი წლის განმავლობაში ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი, რთული პერიოდებიც გამოვიარეთ და ამიტომ დღეს ერთმანეთის განებივრება და ერთმანეთისთვის რამე კარგის გაკეთება ორივესთვის მარტივია.
– როგორ ემზადები ორი შვილის დედობისთვის?
– ამაზე წინასწარ არ ვფიქრობ. ყველაფერი ბუნებრივად მოდის. ნოე თავიდან ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, მაგრამ ახლა ჰიპერაქტიურია. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი იქნებოდა, მაგრამ... (იცინის). ამიტომ წინასწარ ფიქრი და ნერვიულობა, რას და როგორ შევძლებ, არ არის საჭირო. როცა დრო მოვა, ღმერთი ყველაფრის ძალას გაძლევს. ზოგადად, მოხერხებული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი გამომივა. ლევანი ყოველთვის და ყველაფერში ძალიან მეხმარება. ნოე ჩვენთან ერთად გაიზარდა. ძიძა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეხმარებოდა, თუ რამდენიმე დღით გასტროლზე მივდიოდით და დედას არ ეცალა. ძიძაზე არც ახლა ვფიქრობთ. მხოლოდ და მხოლოდ გასტროლის დროს შეიძლება, როგორც ნოეს შემთხვევაში. მეორე შვილსაც მშვენივრად გავუმკლავდები და მესამესაც, ზუსტად ვიცი, რომ პრობლემა არ მექნება. გვინდა სამი შვილი გვყავდეს და მერე უკვე ვნახოთ (იცინის).
– როდის ელოდებით და თუ დაიწყეთ უკვე მზადება ოჯახში?
– ჩვენი მეორე ბიჭი მაისის ბოლოს დაიბადება. დრო ძალიან მალე გადის და კი, უკვე დავიწყეთ რაღაც-რაღაცების შეძენა. ამ პროცესში ნოეს თითქოს ცოტა ეჭვიანობას ვატყობ და ამიტომ პატარასთვის რომ ვყიდულობ საჭირო ნივთებს, ვცდილობ, ნოესაც ვუყიდო რაღაც ახალი, რომ თავი ცუდად არ იგრძნოს, არ იეჭვიანოს. წეღანაც ვთქვი, ყველანაირად ხელს ვუწყობთ ნოე ბიჭს, რომ ძმას დადებითი ემოციებით შეხვდეს.
– მეუღლე თუ აპირებს მშობიარობაზე დასწრებას?
– ნოე კოვიდის პერიოდში დაიბადა და წესები ძალიან გამკაცრებული იყო. მაშინ არ შეიძლებოდა, არავის უშვებდნენ, რთული პერიოდი იყო. ალბათ, მეორეზე დამესწრება. თან უნდა, თან შიშიც აქვს. სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მინდა, სტრესში იყოს და როგორც მისი სურვილი იქნება, ისე მირჩევნია. ზოგადად, მე არაფრის დაძალება არ მიყვარს.
– ამერიკასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
– ისრაელის შემდეგ იტალიაში ვაპირებდით გაფრენას, მაგრამ არ არის სასურველი ჩემთვის ამდენი ფრენა და გავაუქმეთ. დაგეგმილი გვქონდა ამერიკის ხუთ ქალაქში ჩასვლა, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამისგანაც თავი შევიკავოთ. ჩვენი შვილი რომ დაბადება, მერე განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს ამერიკასთან დაკავშირებით. ეს ყველა ადამიანისთვის საოცნებო ქვეყანაა, რომელიც ვფიქრობ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ უნდა ნახოს. ნოეს ვერ წავიყვანთ, ვიზა მხოლოდ მე და ლევანს გვაქვს და ამიტომ, ალბათ, რამდენიმე დღით თუ შევძლებთ მის დატოვებას და წასვლას, დიდი ხნით – ვერა. შვილის რამდენიმე დღით დატოვებაც ძალიან მიჭირს, მას კი – დარჩენა, ამიტომ როცა ამის დრო მოვა, მხოლოდ ცოტა ხნით შევძლებთ ამერიკაში სტუმრობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





