როგორ დაუკავშირდა ავთო გვასალია 10 წლის ასაკში დღევანდელ სამსახურს და ვინ არის რთულ პერიოდებში მისთვის ყველაზე დიდი სტიმული
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:30 18.12
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ჟურნალისტ ავთო გვასალიას წარმატებაში, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
ავთო გვასალია: უიღბლო ადამიანი ნამდვილად არ ვარ. პირიქით, ძალიან იღბლიანი ვარ და საპირისპირო რომ ვთქვა, უმადური უნდა ვიყო. ბევრ რამეში მიმართლებს, მათ შორის, მეგობრებში, ახლობლებში, კარიერაში, რისი ერთ–ერთი განმსაზღვრელიც ზუსტად იღბალია, თუმცა არა მხოლოდ.
– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?
– თუ პროცენტულად განვსაზღვრავთ იღბლისა და შრომისმოყვარეობის წილს, შრომისმოყვარებას 51 პროცენტს დავუთმობდი, იღბალს კი – 49-ს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენს ცხოვრებას უფრო მეტად შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს. მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და იღბალმაც არ უნდა გიღალატოს, თორემ შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს.
– რამდენად მებრძოლი ხარ?
– ვფიქრობ, მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც, რაც უფრო რთულია მიზანი, მით უფრო მეტად ინდომებს, მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მარტივადაც ვიღებ, მაგრამ შეიძლება, ის ჩემს თვალში მალევე გაუბრალოვდეს ან გაუფასურდეს. რაც უფრო რთულად ვიღებ შედეგს, მეტი მოტივაცია მაქვს და მეტად ბრძოლისუნარიანიც ვხდები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება, სულ მცირე დაბრკოლებამაც კი დემოტივირებული გახადოს, ფარ-ხმალი დააყრევინოს. რამდენჯერმე მეც მქონია ასეთი გამოცდილება, მაგრამ ზუსტად ამ არასასურველი გამოცდილების დამსახურებით კიდევ უფრო კარგად ვიცი, რა ფასი აქვს დაბრკოლებების გადალახვის შედეგად მიღწეულ მიზნებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდეს, თუ მიზანი აქვს, მისკენ აუცილებლად უნდა განაგრძოს სვლა.
– ყველაზე მეტი რისთვის გიბრძოლია თუ გიშრომია?
– იმ საქმისთვის, რასაც დღეს ვაკეთებ, ვგულისხმობ ჟურნალისტიკას და ტელეწამყვანობას. ხელისგულზე არაფერი მოურთმევიათ, ბევრი ნაბიჯის გადადგმა დამჭირდა ამ ეტაპამდე მოსასვლელად, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი განვითარების მწვერვალია. ადამიანმა წინსვლაზე ზრუნვა არასდროს უნდა შეწყვიტოს.
პატარა ასაკში შეიძლება, წინ გადადგმულ ნაბიჯებს ისე უყურებდე, როგორც თამაშს და ბოლომდე ვერ იაზრებდე მათ მნიშვნელობას, მაგრამ წლები გადის და ხვდები, რომ თურმე, ზუსტად, იმ პატარა ასაკში ჩადე საბაზისო შრომა შენს მომავალში. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი ჩანაწერები ვიპოვე. იმ პერიოდში „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა პროექტი „საბავშვო ამბები“, რომლის ქასთინგშიც ვმონაწილეობდი. თუ სწორად მახსოვს, 10 წლის ვიყავი და ჩანაწერებში ზუსტად იმ მომენტს აღვწერდი, ანუ, როგორ მოვხვდი პირველად სატელევიზიო სტუდიაში. პირველი ტური გავიარე, მეორე ტურში „რუსთავი 2-ის“ ნამდვილ სტუდიაში უნდა ჩაგვეწერა სინჯი. სტუდია, რომელშიც ჩაწერა გვქონდა „პ.ს-ის“ გახლდათ. ჩემს ჩანაწერებში ვწერ, რომ შევედი ყველასთვის კარგად ნაცნობ „პოსტ სკრიპტუმის“ სტუდიაში, დავჯექი იმდროინდელი წამყვანის სკამზე, ტექსტი მომცეს წასაკითად და ასე შემდეგ... დღეს, როცა ამ გადაცემის წამყვანი ვარ, ათი წლის ასაკში გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. იმ პერიოდში ვერ ვიაზრებდი, რომ ის პატარა ნაბიჯიც ჩემი მომავალი კარიერისთვის იყო გადადგმული.
– გქონია განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა?
– კი, უბრალოდ, ეს არ ყოფილა იმდენად მასშტაბური, რომ დავენგრიე. ყოველთვის არ გამოდის ის, რაც ჩაიფიქრე. მაგალითად, რაღაც კონკურსში ვმონაწილეობდი და ვერ გავიმარჯვე. ეს კარგი არ არის, მაგრამ დემოტივაცია არ გამოუწვევია.
– წარუმატებლობის შემთხვევაში და რთულ პერიოდებში რა გეხმარება?
– ასეთ დროს ყველაზე მეტად ოჯახი მეხმარება. განსაკუთრებით ჩემს დაში ვპოულობ საყრდენს. მან კარიერასთან დაკავშირებული ყველა ჩემი ნაბიჯი ზუსტად იცის და ყოველთვის გვერდში მიდგას. როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, ის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს.
საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ და ოდნავ უკან დახევაც ძალიან მოქმედებს ჩემზე. არ მანგრევს, ამით არ ჩამოვიშლები, მაგრამ შეიძლება, ძალიან დიდხანს მახსოვდეს. მომხდარა რაღაც არასასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში 4-5 წლის წინ და დღემდე მახსოვს და განვიცდი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც ასეთი მომენტები ძალიან მალე ავიწყდება, პირიქით, ძალიან დიდხანს მიმყვება ბრაზიც და უსიამოვნო შეგრძნებებიც.
– ხარ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?
– კი, აუცილებლად. ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. დღეს მენტალური ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. საინფორმაციო სამსახურში მუშაობა ნიშნავს, რომ მუდმივი წვდომა გქონდეს ბევრ ნეგატიურ ამბავთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს შენს ფსიქიკაზე. ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის, ვინც ასეთი სპეციფიკის სამსახურში ვმუშაობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ზუსტად ამის გამო, ნეგატიურ ამბებს ზედაპირულად ვეცნობი, ემოციურად არ ვუღრმავდები. გვიწევს ისეთ თემებზე მუშაობა, რომელიც თავისთავად საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ვცდილობ, ეს მივიღო მომხდარ ფაქტად და განცდები, რომელიც შეიძლება, ამ ამბავს უკავშირდებოდეს, შეძლებისდაგვარად ავირიდო, თორემ ამაზე ფიქრი და ჩაღრმავება ემოციურად დამანგრეველია.
ძალიან კარგი იქნება, თუ, ამასთან ერთად, ფიზიკურ ჯანმრთეობაზე ზრუნვისთვისაც დარჩება დრო. ვერ ვიტყვი, რომ მე ხშირად მრჩება (იცინის). პერიოდულად, სეზონურად მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ ფიზიკურად დატვირთული ვიყო.
– რამდენად იღბლიანი ხარ პირად ცხოვრებაში?
– ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. შეიძლება, მეგობრებში უფრო იღბლიანი ვარ, უფრო დიდხნიანი ურთიერთობები მაქვს, ბავშვობის მეგობრები დღემდე მომყვებიან, მაგრამ პირად ცხოვრებაში მცირე კრახი ყოფილა (იცინის). თუმცა, ყველაფერს თავის დრო და ასაკი აქვს. ამის შეფასება ალბათ, მომავალში უფრო სწორი იქნებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





