როგორ დაუბრუნდა სოფი დარასელია 20 წლის შემდეგ ხატვას და რა გზით აღმოჩნდა მისი ნამუშევრები ამერიკაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:55
სოფი დარასელიას მიერ მინაზე შესრულებული ნახატებით, უამრავი ადამიანია მოხიბლული. სოფის ცხოვრებაში მხატვრობას განსაკუთრებული როლი და ძალა აქვს, მისი ნამუშევრები კი მნახველებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის.
სოფი დარასელია: პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ, თუმცა რამდენიმე წელია, პროფესია შევიცვალე და ამჟამად მინაზე ვმუშაობ.
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ცაცია ვარ და მარცხენა ხელით ძალიან კარგად ვხატავდი, მაგრამ მერე გადამაჩვიეს, როგორც იცით, მაშინ ასე ხდებოდა. მერე საერთოდ შევწყვიტე ხატვა...
სტუდენტობისას დავუბრუნდი საყვარელ საქმეს – ტუშით ვქმნიდი შავ-თეთრ ნახატებს, თუმცა პარალელურად ვმუშაობდი კიდეც, ყველაფერს ერთად ვერ გავუმკლავდი და ხატვას თავი ისევ დავანებე.
4-5 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, ყველანი რომ სახლში ჩავიკეტეთ, ჩემი ოცი წლის წინანდელი ტუშით შექმნილი ნამუშევრების მინაზე გადატანის და გაფერადების იდეა გამიჩნდა. ასეც მოვიქეცი, შემდეგ კი ახალი ნახატების შექმნა დავიწყე. ჯერ ფურცელზე ვქმნიდი ნამუშევრებს და მერე გადამქონდა მინაზე.
– რატომ მაინცდამაინც მინა, რა იყო თქვენთვის შთამაგონებელი?
– ძალიან მომწონს მინანქრული ნამუშევრები. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს შევისწავლი კიდეც შესაბამის ტექნიკას. მინანქრის მიმართ სიყვარულმა დაბადა ჩემში ეს იდეა და ვცადე მიმსგავსებული ნამუშევრები შემექმნა. შეიძლება, ფოტოზე იმდენად არ აღიქმება, მაგრამ რეალურად ჩემი მინაზე შესრულებული ნამუშევრები ჰგავს მინანქრულ ნამუშევრებს, რის საშუალებასაც კონტურები მაძლევს. ამ მსგავსებას ბევრი ხედავს და მიხარია, რომ ჩემმა იდეამ გაამართლა.
– თვითნასწავლი ხართ?
– დიახ, თავიდან ბოლომდე თვითნასწავლი ვარ. პირველად რომ ვცადე, დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო დიდი მოტივაცია მომეცა, გამეგრძელებინა. პანდემიის დროს გახსენებული საყვარელი საქმიანობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
– რამდენად რთულია მინაზე მუშაობა?
– თავიდან ყველაფერი რთული იყო, მაგრამ მერე ნელ-ნელა ვისწავლე, რა იყო საჭირო. მუშაობისას შეიძლება, სრულიად ახალი ფერი შევქმნა, ეს ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო პროცესია, მაგრამ მერე, როცა ზუსტად იდენტურ ნამუშევარს მთხოვენ, ვეღარ ვიმეორებ, რადგან ფერის გამეორება ზუსტად იდენტურად, როგორც არ უნდა ვეცადო, არ გამოდის. ამიტომ მსგავსებს ვქმნი, ზუსტად იდენტურს – არა.
– ყოველდღე ხატავთ?
– დიახ, ხატვა ჩემი ყოველდღიურობაა. დღის განმავლობაში დრო ნაკლებად მაქვს, მუდმივად მოძრაობაში ვარ, მაგრამ თითქმის ყოველღამე ვჯდები და ვხატავ. ხან შეკვეთაზე ვმუშაობ, ხან ახალი იდეები გადმომაქვს ჯერ ფურცელზე და მერე მინაზე, ამიტომ მუდმივად ფუნჯთან და მინასთან მაქვს კონტაქტი.
– როგორ შეგრძნებებს უკავშირდება ხატვის პროცესი?
– ეს მართლა საოცარი შეგრძნებებია. ხატვა მაბედნიერებს. ამ დროს საოცრად ვისვენებ. ირგვლივ სიმშვიდე რომ დაისადგურებს ხოლმე, მაშინ ვჯდები და ვხატავ. ღამის მოსვლას დიდი სიხარულით ველოდები, რომ ჩემს სამყაროში გადავინაცვლო. ახალ ნამუშევარს რომ ვქმნი, თან საოცარ ინტერესს განვიცდი, როგორი იქნება, როგორი ფერები გამომივა და ასე შემდეგ. მონახაზს წინასწარ ვაკეთებ და წარმოდგენა მაქვს, თუმცა იდეიდან გამომდინარე, ფერებს უშუალოდ მინაზე ვარჩევ, ჩემი წარმოდგენების მიხედვით, მაგრამ პროცესი სიახლეებსა და იმპროვიზაციას ითხოვს, რაც ასევე, ძალიან სასიამოვნოა. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა – ჩემი შემოსავლის წყარო ის საქმეა, რომელიც ძალიან მაბედნიერებს.
– რას გადმოსცემენ და ძირითადად, როგორი ემოციით ხასიათდებიან თქვენი ნამუშევრები?
– მე ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი დადებითი ემოციებითაა დატვირთული. მიყვარს, როცა შინაარსიან ნამუშევარს ვქმნი. როცა შეკვეთებზე ვმუშაობ, ვხატავ იმას, რაზეც მოთხოვნაა. ძალიან მოსწონთ ბროწეულები, ბაბუაწვერები, ანგელოზები... ხშირად მიწევს მათი შესრულება და ესეც სასიამოვნოა, მაგრამ როცა მეტი დრო მაქვს, უფრო განსხვავებულ ნახატებს ვქმნი, რაც უფრო ახლოსაა ჩემთან. ვცდილობ, მათში გარკვეული აზრი ჩავდო, რომელსაც მერე ყველა თავისებურად კითხულობს, თითოეული მათგანი რაღაცის მთქმელია. ანუ, მათ მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება არ აქვს, დაგაფიქრებს, შეიძლება რაღაც გასწავლოს კიდეც... არის ნამუშევრები, რომელსაც კონკრეტული ისტორიები აქვს და მათი შექმნაც ძალიან საინტერესოა.
– მინდა ის მომენტი გაიხსენოთ, როცა თქვენი ნამუშევარი პირველად გაასაჯაროვეთ...
– „ბახუსი“ – ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც საჯაროდ გამოვაქვეყნე. ამ ნახატს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს: მამამ მთხოვა მისი გაცოცხლება. როცა გამოვაქვეყნე, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მივიღე, კომპლიმენტები არ დაიშურეს და ამან მომცა ბიძგი, რომ ეს ყველაფერი გამეგრძელებინა. მას შემდეგ ოთხი წელია გასული და დღემდე, ისეთ კომპლიმენტებს და შეფასებებს მწერენ ამა თუ იმ ნამუშევართან დაკავშირებით, რომ მათი წაკითხვა უდიდესი ბედნიერებაა. როცა შეკვეთას რეალურად ნახულობენ, ისეთ სიტყვებს მწერენ ხოლმე, მოტივაციით ვივსები, რომ კიდევ უფრო მეტი შევქმნა და მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლო.
– ცხოვრებაში ხან რთული პერიოდებია, ხან – ბედნიერი. როგორ აისახება თითოეული თქვენს შემოქმედებაზე?
– რა თქმა უნდა, ეს დიდ გავლენას ახდენს. მე ხატვის დასაწყებად ბიძგი ჩემმა შვილმა – ანასტასიამ მომცა. ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ახლაც არ არის მარტივი, მაგრამ ვისწავლეთ გამკლავება. ჩემი გოგონა აუტისტია. რომ არა ხატვა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. ხელოვნება შვილთან ურთიერთობაშიც მეხმარება – მამშვიდებს, ძალას მაძლევს. გონება სილამაზის შექმნით დავაკავე, რომ ყოველდღიურობა დადებითი ემოციებით შემევსო. ხელოვნებას თერაპიის ძალა აქვს და გვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომელსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ მეხმარება.
– თქვენი შვილიც ხომ არ არის დაინტერესებული ხატვით?
– ანასტასია – არა. შეიძლება, შინაგანად ჰქონდეს შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ საღებავებთან ადაპტაცია უჭირს. ბიჭთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ნიჭი გამოჰყვა, ის ხატავს და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– როგორც წესი, ეს ნიჭი გენეტიკურია. თქვენს შემთხვევაში?
– მამა ხატავდა მოყვარულის დონეზე. ბიძაც ხელმარჯვე მყავს. ანუ, ხელოვნებისკენ მიდრეკილებით მამის ხაზი გამოირჩევა.
სხვათა შორის, მამა ძალიან კრიტიკულია ჩემ მიმართ. არის ნახატები, რომელიც ძალიან მოსწონს, მაგრამ ძირითადად, შენიშვნები აქვს ხოლმე. თუ ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია, რასაც მეუბნება, აუცილებლად ვითვალისწინებ, თუ არადა, ჩემი ხელწერის ერთგული ვრჩები (იცინის).
– მეუღლე როგორი მხარდამჭერია?
– მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს, ის აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება. თავადაც ხატავდა და კარგი თვალი აქვს. მეუღლე და ჩემი და არიან ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში ვუზიარებ ჩემს ახალ ნამუშევრებს.
– და ბოლოს, ახალი და კარგი ამბით დავასრულოთ...
– კი ბატონო, საქმე ისაა, რომ ჩემი ნამუშევრები ამერიკაში გაიტანეს – ბრუკლინში გახლავთ ქართული მაღაზია, სადაც ქართული ნაწარმია წარმოდგენილი და იქ უკვე ჩემი ნახატების შეძენაც იქნება შესაძლებელი. მაღაზიაში გასაყიდად პირველად წაიღეს, თუმცა, ისე, კერძო კოლექციებისთვის, არაერთხელ შეუძენიათ, ასევე, სხვისთვის საჩუქრად და შესაბამისად, ჩემი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაში ინახება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





