შოუბიზნესი

როგორ დატოვა მერიკო კარტოზიამ მამა სერაფიმე კაბის გარეშე და რა საოცრებები ნახა მან იაპონიაში

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 08.03, 2023 წელი

მერიკო კარტოზია
დაკოპირებულია

„სიკეთე მარტივია“, რომელიც წლების განმავლობაში საინტერესო ისტორიებით გვანებივრებდა და ბევრ სიკეთეს აკეთებდა, ექვსი წლის შემდეგ დასრულდა. მისმა ავტორმა და წამყვანმა, მერიკო კარტოზიამ კი ახალი გადაცემა „ერთი ამბავი მერიკოსთან“ დაიწყო, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.

მერიკო კარტოზია: „სიკეთე მარტივია“ ძალიან წარმატებული და ჩემთვის განსაკუთრებული პროექტი იყო, რომელსაც ექვსი წელი ვაკეთებდი. ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ, ეს არ იყო გადაცემა მხოლოდ რეიტინგისთვის, აქ ჩვენ ვცდილობდით, გვეზრუნა ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანრთელობაზე და კეთილი ადამიანების დახმარებით მგონია, რომ ბევრი რამ შევძელით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა. ამიტომ გადავწყვიტე, ახალი პროექტი გამეკეთებინა, რომელსაც „ერთი ამბავი მერიკოსთან“ დავარქვი. ამ გადაცემის მთავარი ხაზი საქველმოქმედო ხასიათის არ იქნება, მაგრამ აქაც შევეცდებით ადამიანების დახმარებას. ამ გადაცემაში ნაჩვენები იქნება უცხოეთში მოგზაურობა, რომლის მთავარ როლში ადამიანები იქნებიან. მაგალითად, პირველი გადაცემისთვის ტოკიოში ჩავედი და ლევან გორგაძე ჩავწერე, რომელსაც იქ მართლა აღმერთებენ. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ეპყრობიან მას ქუჩაში. მიდიან და ხელით ეხებიან, რომ მათზეც გადავიდეს მისი ძალა, ღმერთივით უყურებენ.

– ახალი ნაბიჯი დიდი გამოწვევაა, რომელსაც გამბედაობა სჭირდება. არ ნერვიულობდი?

– მე „სიკეთე მარტივიასთან“ ვასოცირდები, ეს კარგად ვიცი. რამდენიმე დღის წინაც გზაზე მივიდიოდი და უცხო ადამიანებმა მომაძახეს, ყველაზე კეთილი გადაცემა გაქვსო. რთულია, როცა ერთი ნიშა გაქვს, სხვანაირად წარმოჩინდე. მე ისევ მერიკო კარტოზია ვიქნები, მაგრამ ახლა ვეცდები, კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩემი გადაცემები, კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები წარმოგიდგინოთ, მოგიყვეთ მისტიკურ ადგილებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ უცნაურ ტრადიციებსა და კულტურაზე, ასევე, ეგზოტიკურ გარემოზე. ცოტა შემეცნებითი, გასართობი, კულტურული – ყველაფერი ერთად იქნება.

– როგორი თავგადასავლებით დაბრუნდი იაპონიიდან?

– საოცარი ქვეყანაა, იქ 22-ე და მე-16 საუკუნე ერთადაა. გასაოცარი ხალხია, შეხვედრაზე დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე მიდიან. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, სასტუმროში დილის რვის ნაცვლად, შვიდ საათზე მძღოლმა რომ მომაკითხა. იქ ადამიანებს ძალიან ეჩქარებათ და ძალიან საქმიანები არიან. იაპონიაში ძალიან რთულია წარმატებას მიაღწიო. შეიძლება ერთსა და იმავე საფეხურზე მუშაობდე მთელი ცხოვრება. ძალიან რთულად აწინაურებენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამ ადამიანებს უცხოპლანეტელები ან „ნასა“ მართავს. რომ ვაკვირდებოდი, თითქოს არ ეტყობოდათ, რომ ასეთი გამომგონებლები იყვნენ. სულ ფუსფუსებენ, სულ საქმეში არიან, მაგრამ ასეთ შთაბეჭდილებას არ გიტოვებენ. თან საოცრად მორიდებულები არიან, ყველა თავს გიხრის. ტოჩისთან ერთად რესტორანში რომ ვიყავით, იქაც იცნეს ლევანი, ყველა შემოვიდა და ფოტოებს იღებდნენ, მართლა სასწაული ხდებოდა, მაგრამ იცით, როგორ შემოვიდა ქალბატონი – მუხლზე ჩოქვით. მგონია, რომ ზედმეტად მოკრძალებულები არიან. ემოციებსაც ნაკლებად გამოხატავენ. ერთადერთი, ბაშოზე ერთ-ერთი სუმოისტის გაცილების ცერემონიაზე ვნახე მათი ემოციები და შეძახილები, სხვაგან ხმაური არსად გამიგია. ქუჩაში ცხოვრება ხუთ საათზე კვდება. მუშაობას დილით ძალიან ადრე იწყენებ და დასრულების შემდეგ სახლში ყოფნას არჩევენ. ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვთ, შეიძლება ითქვას, რობოტებივით მუშაობენ, რასაც ბევრი იაპონელი ვერ უძლებს და ასოციალურები ხდებიან, სახლში ყოფნას ირჩევენ. სახელმწიფოს ესმის ასეთი ადამიანების და თავად ინახავენ. მგონია, რომ გართობისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ. ხშირი ყოფილა სუიციდიც, ალბათ, ესეც რთული რეჟიმიდან გამომდინარე. ქვეყანა საოცრად სუფთაა, ქუჩები ძალიან მოწესრიგებულია, მაგრამ იქ ემოციები გაკლია. ევროპაში რომ ჩადიხარ, ხმაური გესმის, კაფეები სავსეა და სილაღეს გრძნობ, აქ – პირიქით, ტოკიოში საოცარი სიჩუმეა. არადა, მეგონა, ხალხით იქნებოდა გადავსებული და საოცარი ხმაურიც წარმომედგინა. ბევრი ხალხი სადაცაა, იქაც კი ისეთი წესრიგია, რომ ქართველებისთვის შემაწუხებელი სიწყნარე სუფევს (იცინის). ჩემთვის ვფიქრობდი, რისთვის გინდა ასეთი წარმატება, ამდენი მუშაობა, თუ ცხოვრება ვერ შეირგე-მეთქი. სხვათა შორის, იქ დღემდე ყველა პირბადით დადის. ქუჩაში ადამიანი ველოსიპედით რომ მარტო გადაადგილდება, იმასაც კი პირბადე უკეთია. სახელმწიფო უკვე ეხვეწება, მოიხსენით, აღარ არის საჭიროო, მაგრამ როგორც ლევანმა მითხრა, კოვიდამდეც აქტიურად იყენებდნენ ნიღბებს, ვირუსების განსაკუთრებულად ეშინიათ. წესებს ისე იცავენ, აკრძალვაც კი არ არის საჭირო.

– სხვა მოგზაურობებიც გავიხსენოთ...

–ისე შევეჩვიე მივლინების რეჟიმში მოგზაურობას, რომ მოგზაურობა მუშაობის გარეშე, მხოლოდ დასასვენებლად, უკვე უინტერესოდ მეჩვენება.

როცა დასასვენებლად ხარ, აღარ ფიქრობ, რა გადაიღო, რა აჩვენო მაყურებელს, მე კიდევ ძალიან მიყვარს, რასაც მე ვნახულობ და რაც საინტერესოა, ყველაფერი მაყურებელს გავუზიარო. ამიტომ თვითმფრინავიდანვე ვიწყებ გადაღებას. „სიკეთე მარტივიას“ ფარგლებში ვიყავი იტალიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, რუსეთში – დიასპორის მიწვევით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობის დროს ერთი რამ არის – მე ყველგან ვეძებ ადამიანს, ღმერთს და იმ ერის სულს. იმდენად საინტერესოა მათი უშუალო ყოფა, ვცდილობ, მათ სულს ღრმად ჩავწვდე და არ შემოვიფარგლო მხოლოდ ტრადიციებითა და იმ წეს-ჩვეულებებით, რომელსაც „გუგლის“ დახმარებითაც გავეცნობი. სხვათა შორის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ქართველებზე მაგარი ერი არ არსებობს.

– მოგზაურობისას რამე თუ დაგიკარგავს?

– ეკატერინბურგში მოგზაურობისას მამა სერაფიმეს კაბა დავუკარგე. სხვადასხვა სასტუმროებში ვცხოვრობდით და დილას ყავაზე შევხვდით ერთმანეთს. შუადღეს რეპეტიცია გვქონდა, საღამოს კონცერტი. წამოსვლისას ვუთხარი: გამატანე კაბა, დაგიუთოვებ და კონცერტისთვის მოგიტან-მეთქი. წამოვედი ჩემს სასტუმროში, მოვემზადეთ, ყველა საჭირო ინვენტარი ავიღეთ მე და ჩემმა ოპერატორმა და უცებ გამახსენდა, რომ მამაოს კაბა ტაქსიში დამრჩა. ერთ საათში რეპეტიცია იწყებოდა, საღამოს კონცერტია. ოპერატორი ხუმრობდა, მამაო ჯინსებში დატოვაო. ვინ დაიჯერებდა, რომ მამაოა. უკვე ვფიქრობ, რომელი ფარდა ჩამოვხსნა და როგორ შევკერო კაბა მამაოსთვის. გადავრეკე სასტუმროში და ვეუბნები, ცოტა ხნის წინ ტაქსი გამოვიძახეთ, ნივთი დამრჩა და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. ტაქსის კომპანიაში მითხრეს, მეილი მოგვწერე, განვიხილავთ და გიპასუხებთო. არადა, დრო არ ითმენს, მგალობლები უკვე მზად არიან. არ ვიცოდი რა მექნა, გიჟივით ვრეკავდი სასტუმროსა და ტაქსის კომპანიაში, საბედნიეროდ, მანქანის ნომერი მახსოვდა და მესამე ცდაზე რომ დავრეკე, გამიმართლა, სხვა ადამიანი შემხვდა, რომელიც უფრო გულიანად მომექცა, ავუხსენი ჩემი მდგომარეობის სირთულე და დამაიმედა. ცოტა ხანში მირეკავს და მეუბნება, ტაქსის მძღოლის ნომერი ჩაიწერეო. უნახავად შემიყვარდა ეს ადამიანი, ვერ გეტყვით, რამხელა სიხარული იყო ამის მოსმენა (იცინის). უკვე იმასაც ვფიქრობდი, ეპარქიაში მივალ და დახმარებას ვითხოვ ან ვინმეს გავხდი ანაფორას-მეთქი (იცინის). სასოწარკვეთილი ვიყავი. წუთები საუკუნედ მეჩვენებოდა. ტაქსის მძღოლთანაც გამიმართლა, ხომ შეიძლებოდა, საერთოდ გადაეგდო დარჩენილი ნივთი, მაგრამ საბედნიეროდ, ისევ მასთან აღმოჩნდა და გადმომცა. საკონცერტო დარბაზში მივედი ბედნიერი და იქ დავიწყე ამ კაბის გაუთოება. მამა სერაფიმემ უკვე იცოდა მომხდარის შესახებ და მეკითხება, რატომ დაიგვიანე, კარტოზია, რამე მოხდაო?! (იცინის) ამის შემდეგ, მთელი სამსახური დამცინოდა, მერიკოს არაფერი ჩააბაროთ, მამაო დატოვა კაბის გარეშე და ჩიპებს რას უზამსო (იცინის). არადა, ისეთი ყურადღებიანი ვარ, არასდროს არაფერი დამკარგვია და არც დამვიწყებია. ეს ამბავი კი მართლა განსაკუთრებულ კურიოზად დარჩა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი