როგორ დამეგობრდნენ თემურ თათარაშვილი და მისი ყოფილი ცოლი და როგორ უგზავნიდა ის მოსკოვიდან ამანათს ახალშერთული ცოლის ხელით ყოფილ ცოლს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 28.02, 2022 წელი
თემურ თათარაშვილი – მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი, გამორჩეული ხმისა და რეპერტუარის მქონე, ძალიან კარგი მომღერალი ქართულ შოუბიზნესში, რომლის სიმღერები ყველას დიდ სიამოვნებას ჰგვრის. ის, სწორედ, თავისი სიმღერებით შეიყვარა ხალხმა. ჩვენ ვცდილობთ, ცნობილი ადამიანები ახლოს გაგაცნოთ და სხვა კუთხით დაგანახვოთ. ამაში ზოგჯერ თვითონ, ზოგჯერ მათი ოჯახის წევრები გვეხმარებიან. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს მის ყოფილ მეუღლესთან, ნინო ადამაშვილთან, რომელსაც დღეს თემურთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს.
– ნინო, თქვენი გაცნობა, მგონი, სკოლის პერიოდში, საერთო მეგობრების წრეში მოხდა.
– მამაჩემი, ჯემალ ადამაშვილი, როგორც იცით, კომპოზიტორია, საბავშვო სიმღერებს, კინომუსიკას და საგალობლებს ქმნის. ოჯახი მთელი ცხოვრება ვმღეროდით, ვგალობდით, მაგრამ რაც თათარაშვილებში მოვხვდი, აღარ მიმღერია. თემური არ მამღერებს. რაც შეეხება ჩვენს გაცნობას, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ გავიცანი. ჩემს ახლობელს ნიშნობა ჰქონდა, სადაც დაპატიჟებული ვიყავი. მეორე დღეს ამ ოჯახში ახალგაზრდები შევიკრიბეთ და აი, იქ გავიცანი. სექტემბერი იყო. ნოემბერში კი უკვე ქორწილი გვქონდა. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი. დაფიქრებაც ვერ მოვასწარი.
– როგორ? რა გითხრა ასეთი?
– სხვათ შორის, სიტყვა მიყვარხარ, არასოდეს უთქვამს ჩემთვის. ერთხელ მითხრა, ისიც ძალიან ნასვამი იყო. იმ პერიოდში ორი კვირით ჯარში იყო, ოდესაში. იქიდან დამირეკა: რომ ჩამოვალ, დასანიშნად მოვალთ და მოემზადეო. ისეთი ტიპია, არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი. სხვა რამით გამოხატავს მოწონებას, სიყვარულს, სითბოს, ქალის პატივისცემას. საერთოდ, მის გვერდით რომ ხარ, თავს სრულფასოვან ქალად გრძნობ.
– დარწმუნებული ვარ, სიმღერით მოგხიბლა.
– იმ საღამოს, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის, იმიტომ რომ ასეთი ტიპაჟის მამაკაცები არ არიან ჩემი გემოვნების. უფრო სხვანაირი ბიჭები მომწონდა – ვინც გატაცებულია სპორტით... ველოსიპედი, მოტოციკლეტი, „ჩაცუცქული“... ამ დროს თემური სულ სხვანაირი იყო – დახვეწილი, გაწკეპილი, პედანტი... ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში თუ კლუბში მახსოვს მერაბ სეფაშვილი გამოდიოდა და თემურიც იქ იყო. პირველ რიგში ვიჯექი და ყვავილი მაჩუქა. თვითონ კი იძახის, არაო, მაგრამ ხომ არ დამსიზმრებია?
– როგორ აეწყო თქვენი, როგორც შეყვარებული წყვილის, შემდეგ კი ცოლ-ქმრის ურთიერთობა?
– ტუჩებში პირველი კოცნა თემურთან მქონდა, ამას რომ ვამბობ, არავის სჯერა. მეოთხე სკოლაში რომ გადმოვედი, არ ვტრაბახობ, მაგრამ ისეთი ფიზიკური მონაცემების გოგო ვიყავი, მართლა მთელი „ნახალოვკა“ კუდში დამდევდა, თუმცა პირველი კოცნა ჩემი ქმრის იყო.
– დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდება თქვენი თანაცხოვრების პერიოდი. ნანობ რამეს? რაღაცაზე გული გტკივა ან ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ისე კი არა, ასე უნდა გამეკეთებინა და მაშინ, ყველაფერი კარგად იქნებოდაო?
– არა, არა. როგორ შეიძლება, ვინანო. რა თქმა უნდა, არის ცხოვრებაში რაღაცები, რასაც ვნანობ, მაგრამ არა თემურთან მიმართებაში. არც არაფერს შევცვლიდი. ორივე მივხვდით, რომ ასე ჯობია და ასეც არის – ნამდვილად ასე ჯობია. ერთ დღეს ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ. ხდება ხოლმე ისე, როცა ადამიანი მეგობრობაში ძალიან კარგია, თანაცხოვრებაში, ოჯახში – სხვანაირი. მე და თემურს მეგობრობა უფრო არაჩვეულებრივად გამოგვდის.
– თქვენ გყავთ ქალიშვილი. შვილი რომ არ გყოლოდათ, მაინც ასეთი ურთიერთობა გექნებოდათ? ბევრი წყვილი ვიცი, რომლებიც ყოფილ მეუღლესთან შვილის გამო ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას.
– შვილი რომ არ გვყოლოდა? არ ვიცი. ალბათ, როცა შემხვდებოდა, კარგად გადავკოცნიდი, მოვიკითხავდი, თბილად, ტკბილად და ბედნიერად, მაგრამ როცა შვილია, შვილიშვილი, უკვე მუდმივი ურთიერთობა გაქვს შენს ყოფილთან. ყოველ შაბათ-კვირას აუცილებლად უნდა მივიდე მათთან და მოვინახულო ჩემი დედამთილი. ახლა ავად არის. გარდა ამისა, ყოველდღე ტელეფონით უნდა მოვიკითხო აუცილებლად, ჩემგან რამე ხომ არ სჭირდება... ჩემი დედამთილი ჩემი დაქალია. მეტყვის ხოლმე, ჩემი შვილების იმედი არ მაქვს, შენი იმედი მაქვსო. ერთი საძინებელიც რომ გქონდეს, საცხოვრებლად შენთან წამოვიდოდიო.
– არ შეიძლებოდა, მაინც ერთად ყოფილიყავით?
– იცი რა, უკვე დაძაბული სიტუაცია იყო და მე მივხვდი, რომ ვსიო, ახლა უკვე ვსიო... თორემ, შეიძლებოდა, ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა აღარ ჩამოყალიბებულიყო, როგორიც ახლა გვაქვს. ამიტომ, ზუსტად საჭირო დროს საჭირო ადგილას დავშორდით, მივხვდი, რომ ჩვენ ცალ-ცალკე უნდა გვეცხოვრა. ჩვენი ერთად ცხოვრება არ შეიძლებოდა. სადაც არ ლაგდება სიტუაცია, ჯობია, იქაურობას გაეცალო.
– რამდენიმე წელი მოსკოვში ცხოვრობდა. როგორ მიიღე ეს?
– მოსკოვში, დაახლოებით, ექვსი წელი ცხოვრობდა. იმ დროს წავიდა, როცა უნდა წასულიყო, იმიტომ რომ, როცა ციხიდან გამოვიდა, თვითონაც მიხვდა, აქ ვეღარ გაჩერდებოდა. ყოველ შემთხვევაში დროებით. მისთვის ეს წასვლა იმ სტრესული მდგომარეობიდან გაქცევა იყო. ცხოვრების რიტმში ვერ ჩაჯდა. თითქოს ერიდებოდა საზოგადოებისთვის თვალებში ჩახედვის, მაყურებლის ეშინოდა. სწორად მოიქცა, რომ წავიდა. გამოჯანმრთელდა, დალაგდა და უფრო წელგამართული და ბედნიერი ჩამოვიდა.
– მოსკოვში ის დაქორწინდა. მართალია, ეს არ იყო ჩვეულებრივი ქორწინება, მაგრამ ამან არ გაგაბრაზა?
– მოსკოვიდან გამოგვიგზავნა ამანათი. ჩემი ცოლია ჩამოსული და დახვდი, რაღაცას გადმოგცემსო. იმ ქალთან, უბრალოდ, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. აი, ასე წავედი ყოფილი ცოლი რეალურ ცოლთან შესახვედრად. რომც იყოს ნაღდი ცოლი, ჩემი საქმე არ არის. ეგ კი არა, ჩემს შვილს და ან ძმა რომ ჰყოლოდა, ძალიან გამიხარდებოდა. მე არ გავაკეთე ეს და იქნებ იმას გაეკეთებინა.
– კიდევ რომ გყოლოდათ შვილი, ალბათ, ოჯახს ასე იოლად ვეღარ დაანგრევდით.
– ჩვენ უნდა გვყოლოდა ტყუპი, მაგრამ ბოლომდე ვერ მივედით. მეოთხე თვეში ვიყავი, რომ მომეშალა.
– ქალების უმეტესობას თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. შენც ასეთი ხარ?
– მე მაქვს ასეთი ხასიათი – ჩემს თავს მე თვითონ ვმართავ. ჯერ ერთი, სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მეორეც – თემურს არასოდეს მივუტოვებივარ.
– ვიცი, რომ თემურს მძიმე ხასიათი აქვს.
– მძიმე ხასიათი ნამდვილად აქვს. ფეთქებადია და ორ წუთში მორჩა. ნაწყენი ხარ, არ ხარ ნაწყენი, აღარ ახსოვს არაფერი. ძალიან ჯუჯღუნაა. მე კი არა, დედამისს ეჯუჯღუნება ხოლმე. რომ შევალ მათთან და ვხედავ, ჯუჯღუნებს, ვეუბნები: აბა, ახლა გაჩერდით! ასეთი ხასიათისაა. ჩემთან არ გამოსდის. რიდი აქვს. ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე: რა კარგია, რომ მასთან აღარ ვარ, თორემ რა გაუძლებდა. ახლა მივალ სახლში და ფეხს ფეხზე გადავიდებ... რა ჯობია თავისუფლებას. აბა, რა! ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. ყველგან კომფორტს ვეძებ. რაც შეეხება სხვა თვისებებს, ბევრი გამორჩეული თვისება აქვს. ძალიან მეგობრულია, გვერდში მდგომი, გაჭირვებულის დამხმარე – შეიძლება, სახლში პური არ მიიტანოს, მაგრამ გაჭირვებულს აუცილებლად დაეხმარება. არ არის ქედმაღალი და ამპარატავანი, ძალიან უშუალოა. შეუძლია, ყველა კატეგორიის ადამიანთან იურთიერთოს.
– არასდროს გქონია სურვილი მასთან ერთად გემღერა?
– ერთხელ, მე და მაია ჯაბუას ქმარი დავთვერით და მთელი ღამე ვმღეროდით. მაია და თემური კი გვისმენდნენ. დილით რომ ავდექით, მითხრა, აღარ დალევო. რატომ-მეთქი. იმიტომ, რომ აღარ იმღეროო. ისე, ჩვენს შორის აკრძალვები და ასეთი რაღაცები არასდროს ყოფილა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





