შოუბიზნესი

როგორ დახვდნენ ფერეიდანში ლევან შეყრილაძეს და რომელ ქვეყანაში აღმოჩნდა ის სერიოზული რისკის წინაშე

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00

ლევან შეყრილაძე
დაკოპირებულია

მოგზაურ ლევან შეყრილაძის „იუთუბ არხი“ Leo’s Journay გამომწერებს განსაკუთრებით საინტერესო თავგადასავლებით, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ადგილების გაცნობითა და საკმაოდ სახიფათო ისტორიების მოსმენის შესაძლებლობით ანებივრებს.

ლევან შეყრილაძე: მოგზაურობა ყოველთვის განსაკუთრებით მიტაცებდა და ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ექნებოდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია ჯუმბერ ლეჟავა გახლავთ. მის ისტორიებს რომ ვისმენდი, საოცნებო სამყაროში გადავდიოდი. შესაბამისად, მან ჩემი ოცნებების ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა.

ოცნების განხორციელება ცოტა მოგვიანებით მოვახერხე. გზად ბევრი დაბრკოლება იყო. „იუთუბზე“ მოგზაურობის ვიდეოების გამოქვეყნებასაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდა, მათ შორის, შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა. ხომ იცით, როცა საქმე სოციალურ სივრცეში აქტიურობას ეხება, ადამიანი ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან მასზე, როგორ შეაფასებენ, რას დაუწერენ და ასე შემდეგ. ჩემს ახლობლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ ამას გავაკეთებდი, რადგან არ ვიყავი შესაბამისი ტიპაჟი. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დამჭირდა, პირველ რიგში საკუთარ თავში. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. სოციალური ქსელიც კი არ მქონდა, საერთოდ არ ვიყავი აქტიური.

– მოგზაური და „იუთუბერი“ ერთად გახდით?

– პირველად მარტომ შრილანკაზე ვიმოგზაურე. იქ ერთი თვე გავატარე და ეს მოგზაურობა ჩემთვის დღემდე გამორჩეულია. ეს იყო 2020 წელს, სანამ კოვიდი დაიწყებოდა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, იქ გადაღებული ვიდეოები დამონტაჟებული მქონდა, მაგრამ არ ვაქვეყნებდი. საშინელი ხარისხის იყო, ასლარიანი ჩინური კამერით გადაღებული, უბრალოდ, გადაღება მინდოდა და გადავიღე. პანდემიის დასრულების შემდეგ მოგზაურობის გაგრძელება გადავწყვიტე, მაგრამ სანამ შემდეგ ტურში წავედი, შრი ლანკის ვიდეოები გამოვაქვეყნე. ამას მოჰყვა ბანგლადეში, ნეპალი, ინდოეთის ვიდეოები და ისეთი გამოხმაურება წამოვიდა, მეც ძალიან გამიკვირდა. არ მეგონა, თუ ამ ტიპის ვიდეოები ასე მოკლე დროში დაიმსახურებდა მოწონებას. იმდენად კარგი კომენტარები მოჰყვა, რომ დიდი მოტივაცია მომეცა, ეს საქმე გამეგრძელებინა. პირველი ინდოეთის ვიდეო „გავარდა“. უცებ მომემატა ნახვები, გამომწერები და მაშინ დავფიქრდი, ამ საქმისთვის უფრო სერიოზული სახე მიმეცა.

– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რის მიხედვით გეგმავთ ყოველ შემდეგ მარშრუტს?

– ორმოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. არის ადგილები, სადაც დიდი ხანია, მინდა წავიდე და თუ ფინანსებიც მაძლევს საშუალებას, სიამოვნებით მივდივარ, მაგრამ ძირითადად, ისე ხდება, რომ დიდხანს ვგეგმავ კონკრეტული ადგილების მონახულებას და ბოლო მომენტში სულ სხვაგან მივდივარ, უცებ ვცვლი ხოლმე გეგმებს.

მე პირადად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს აზიურ ქვეყნებში მოგზაურობისას. ძალიან საინტერესოა მათი კულტურა. ბევრს ჰგონია, მხოლოდ „იუთუბის“ გამო ჩავდივარ ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან ბევრი ვერ ახერხებს მოგზაურობას, სინამდვილეში ამას ინტერესის გამო ვაკეთებ. მაგალითად, ყოველთვის მაინტერესებდა ავღანეთში უბრალო ადამიანების ცხოვრება. მესმის, რომ საშიშია, ხიფათებთან ასოცირდება, მაგრამ ასეთი ქვეყნები იმდენად საინტერესოდ მეჩვენება, რომ მირჩევნია, ისინი მოვინახულო, ვიდრე, მაგალითად საფრანგეთი.

– რა ისტორიებით დაბრუნდით ავღანეთიდან?

– ერთი შეხედვით, სახიფათო ქვეყანაა, თუმცა, შორიდან უფრო საშიში ჩანს, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა. ასეთ ქვეყნებში რომ მივდივარ, გარშემო მყოფების პირველი რეაქცია საკმაოდ მძაფრია. შეიძლება, მოგკლანო და მსგავსი კომენტარები მესმის ხოლმე, მაგრამ მთავარია, სადაც ჩახვალ იქაურ წესებსა და ტრადიციებს სცე პატივი. მაგალითისთვის, უცხო ქვეყანაში არაერთხელ მიჭამია ისეთი საჭმელი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ზუსტად ვიცი, არ მომეწონება, მაგრამ ამით ადგილობრივების მიმართ პატივისცემას გამოვხატავ და ეს მათი ნდობის მოპოვებაშიც მეხმარება. მით უმეტეს, როცა მარტო მოგზაურობ და სხვისი იმედი ვერ გექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– სახიფათო სიტუაციას შეესწარით?

– ავღანეთში ქუჩაში კამერით ვიღებდი. თალიბანის წარმომადგენელმა გამაჩერა და მითხრა, არ შეიძლებაო. სამხედრო ბაზაზე წამიყვანეს. დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში გამაჩერეს. შეიარაღებული ხალხით იყო სავსე იქაურობა. ველოდებოდი გენერალს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. ძალიან დაძაბული ვიყავი. მეგონა, ორი დღე გავიდა. დაკავება, კამერის ჩამორთმევა და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლებოდა, მომხდარიყო და ასეთ დროს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ერთი ზარის განხორციელება მაინც შემძლებოდა.

– რამ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება?

– ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ქალებისადმი მათი დამოკიდებულება და ქალების უუფლებობა. გარეთ ქმრის გარეშე გასვლის უფლება არ აქვთ, მარტო მაღაზიაშიც კი ვერ ჩავლენ. რა თქმა უნდა, მთლიანად დაფარულები გადაადგილდებიან და ხმის ამოღების უფლებაც კი არ აქვთ. ქუჩაში რომ დაილაპარაკონ და მაგალითად, მე გავიგო, დასჯიან. დასჯის ფორმა შეიძლება, იყოს გაროზგვა, უარეს შემთხვევაში – ქუჩაში ქვებით ჩაქოლვა, გააჩნია დანაშაულს. მოკლედ, ძალიან რთული წესები აქვთ. სახლშიც კი, ამოქოლილი აქვთ ის ფანჯრები, საიდანაც შეიძლება, ქალი დაინახო. ამაზე მეტად, იცით, რა გამიკვირდა? ეს ვიდეო რომ „იუთუბზე“ ავტვირთე, ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ქართველი მამაკაცის კომენტარი გამოერია. წერდნენ, ჩვენთანაც ასეთი წესები უნდა იყოს, ამაში ცუდი რა არის, აბა, ტიტველი უნდა დადიოდეს ქალი ქუჩაშიო?!

– სადმე საფრთხის წინაშე აღმოჩენილა თქვენი სიცოცხლე?

– საერთოდ, აფრიკაში დაყაჩაღების ძალიან დიდი რისკია. ძალიან პატარა თანხის გამოც შეიძლება, გაგწირონ. ნიგერიაში მე და სოსო ნებიერიძე ვიყავით ერთად. გაგვაჩერეს და თანხას გვთხოვდნენ. სოსოს ტელეფონი წაართვეს, მე – მიკროფონი, კამერა და რომ ვკითხეთ, რამდენი გინდათო, ძალიან დიდი თანხა დაგვსახელეს. გამორიცხული იყო ასეთი თანხა გვქონოდა. გამოსავალი არ ჩანდა, არ გვიშვებდნენ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩვენს ტექნიკას წაიღებდნენ და იმედი მქონდა, რომ არ მოგვკლავდნენ, რადგან შეწინააღმდეგებას არ ვაპირებდით. იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ ამ დროს შეწინააღმდეება, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს. მერე ერთი იქაური ადამიანი დაგვეხმარა, ყველაფერი დააბრუნებინა და მშვიდობიანად გამოგვიყვანეს იქიდან.

– უფრო რთულად გასახსენებელი ისტორიებიც იყო?

– ბანგლადეშში მარტო ვიყავი, გზაში დამაღამდა, საშინელი ქაოსი იყო, მე კი სასტუმროც არ მქონდა და დიდი სტრესი გამოვიარე. მიზეზს უკეთ რომ მიხვდეთ, იქაურ სიტუაციას მცირედით აღვწერ – ქუჩებში იქ ღამეც კი საცობია. წარმოიდგინეთ, ღამის სამ საათზე ჩავფრინდი, „ტუკ-ტუკით“ წავედი სასტუმრომდე და ღამის სამ საათზე ისეთი საცობი იყო, დაახლოებით, ხუთი კილომეტრის გზაზე, სადღაც სამი საათი მივდიოდი და სანამ სასტუმრომდე მივედი, გზაში სამჯერ დაგვეჯახა ავტობუსი. ასეთ სიტუაციაში რომ დამაღამდა და სასტუროს გარეშე დავრჩი, ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბევრჯერ ისეთ სასტუმროში დავრჩენილვარ, რომ ბოთლის წყალი არ დამილევია. შეიძლებოდა, გაქურდვის მიზნით, წყალში რამე ყოფილიყო გარეული. არის ხოლმე მსგავსი შემთხვევები ასეთ ქვეყნებში და მით უმეტეს, ბიუჯეტურ სასტუმროებში.

– პოლიციასთან თუ გქონიათ გაურკვევლობა?

– ერაყში, ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ხშირად ხდება ტერაქტები, კამერა მეჭირა, ვიღებდი, იქ ბევრი საკონტროლო პუნქტია, სადაც შემოწმებას გადიხარ და ერთ-ერთზე რომ გავიარე, გამაჩერეს. მეგონა, უცებ ავუხსნიდი, რომ იუთუბერი ვიყავი, რომ ჩანთაში მხოლოდ კამერა მედო და თუ არ შეიძლებოდა, არ გადავიღებდი, მაგრამ არ ვიცი, რატომ შეეშინდათ ასე ძალიან, ყველაფერი ჩამომართვეს, პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს, ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი შეამოწმეს და 4-5 საათი ვამტკიცებდი, რომ ცუდი განზრახვა არ მქონდა.

– ადგილობრივებთან თუ გქონიათ არასასიამოვნო შემთხვევა?

– როცა ხელში კამერა გიჭირავს, ბევრს ჰგონია, რომ მას უღებ, არადა, შეიძლება, ის კონკრეტული ადამიანი საერთოდ არ ჩანდეს კადრში. აფრიკაში განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია აქვთ. გადაღებაზე არ აქვთ პრობლემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფულს გადაუხდი. გამორთული კამერაც რომ გიჭირავს ხელში, ქუჩაში უბრალო გამვლელი შეიძლება, მოვიდეს და აგრესიულად გითხრას, ფული გადამიხადე, აქ რომ იღებო. რა თქმა უნდა, არ უნდა დათმო პოზიცია, თორემ შეიძლება, დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა სცადოს რაღაც თანხა გამოგძალოს.

– ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნდით?

– რამდენ ქეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, ამ კითხვაზე, ალბათ, მაინც ყოველთვის ირანი გამახსენდება. კონკრეტულად ფერეიდანი და ფერეიდნელ ქართველებთან მოგზაურობა. მგონია, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო, ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მოგზაურობა. თვითონაც ძალიან გაუხარდათ. რომ იგებდნენ, საქართველოდან ვიყავი ჩასული, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდნენ გასაცნობად, პატივისცემას ცდილობდნენ. განსაკუთრებული მოლოდინი, რა თქმა უნდა, თავიდანვე მქონდა, მაგრამ ასეთ ემოციურ დახვედრას, როგორიც ფერეიდანში მომიწყვეს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ირანში, დაახლოებით, ორი კვირა ვიმოგზაურე და არცერთი დღე არ დავრჩენილვარ სასტუმროში, ამის უფლებას არ მაძლევდნენ. ეს არ იყო მხოლოდ მოგზაურობა, ვფიქრობ, რომ კარგი საქმე გავაკეთე ამ ადამიანების ისტორიის კიდევ ერთხელ შეხსენებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა