შოუბიზნესი

როგორ დაიწყო ნანა ლორთქიფანიძემ ცხოვრება თავიდან 60 წლის ასაკში და რასთან გამკლავება აღმოჩნდა მისთვის იმაზე რთული, ვიდრე წარმოედგინა

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 31.10, 2022 წელი

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე „ტელეიმედზე“ ახალი რუბრიკის – „რა სურთ ქალებს“ – წამყვანი გახდა და 60 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ნანა ლორთქიფანიძე: ტელეწამყვანობის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს მითქვამს. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა და ამიტომაც გავაჟღერე ჩემი სურვილი ჩემს ნაცნობ იმედელებთან და მალევე მივიღე მათგან ეს წინადადება, რომელსაც სიხარულით დავთანხმდი. მინდა, გითხრათ, რომ ბევრად უფრო იოლი მეგონა, ვიდრე აღმოჩნდა. ჩემი პირველი გადაცემის წინასიტყვაობაშიც ვთქვი, რომ ეს საქმე აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ საქმისგან, რაც მე აქამდე მიკეთებია. წამიყვანია ღონისძიება, მითამაშია სპექტაკლები, მქონია გადაღებები ეკრანისთვის, მაგრამ ტელეწამყვანობა ამ ყველაფრისგან რადიკალურად განსხვავებული ყოფილა. უკვე მერამდენე გადაცემაა, მაგრამ მაინც საოცრად ვნერვიულობ. სულ განცდებში ვარ და თვითონაც მიკვირის, რატომ ხდება ასე. საკუთარ თავს ვეკითხები – კამერის წინ პირველად ხომ არ ვდგავარ და ასე რა მანერვიულებს?! საბოლოოდ მივხვდი მიზეზს – საქმე ისაა, რომ გადაღებაზე აბსოლუტურად ვერ ვგრძნობ კამერის არსებობას, რადგან იქ მყავს პარტნიორი, ვისთან ერთადაც ვთამაშობ, მაგრამ ეს ხომ არ არის თამაში, ეს არის გულწრფელი „სფიჩი“, რომელსაც მარტომ უნდა გაართვა თავი. მერე, როცა კოლეგებთან ერთად ვჯდები და რესპონდენტს ვესაუბრები, უკვე სრულიად თავისუფალი ვარ ღელვისგან. ღელვა ყველაფერს ახლავს თან. სამოცი წლის გავხდი და დღემდე სპექტაკლი არ მითამაშია ნერვიულობის გარეშე, მაგრამ მსახიობი სცენაზე რომ გადიხარ, იქ მთავრდება ნერვიულობა და მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობა გაქვს, თვალებში უყურებ და ნერვიულობა, საერთოდ, უკანა პლანზე გადადის. აქ კი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცას ვირტუალურად ვესაუბრები. ჯერ კარგად ვერ აღვიქვი, რომ მე აქედან თქვენ გესაუბრებით. რთული აღმოჩნდა, მაგრამ განცდები თანდათან იკლებს და ეს მახარებს. იგივე რომ აქამდე ჩემთვის მსახიობს ეთქვა, ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ ასეა.

– 60 წლის ასაკში ახალ პროფესიასთან შეჭიდება, ალბათ, ძალიან დიდი სიხარულია.

– რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ფიზიკურ შესაძლებლობებს სცდება, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, დაიწყო. მე 60 წლის ვარ და სურვილები ზუსტად იგივე მაქვს, როგორიც 30 წლის ასაკში მქონდა. თუმცა მერე რაღაცების განხორციელებას ვეღარ ახერხებ. გამოგიტყდებით და არის რაღაცები, რაც 59 წლის ასაკში შემეძლო, ფიზიკურად გამეკეთებინა, მაგრამ სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ, უკვე ნაკლებად შემიძლია. თუმცა ეს სურვილებსა და გულის მდგომარეობას არ ცვლის. გონებაც სიახლეებისკენ არის მიმართული. თითქოს გონებაში მაქვს ჩადებული მუდმივი მისწრაფება სიახლეებისკენ. ადამიანს ამის არ უნდა შეგეშინდეს. თუ ასე მოიქცევი, განვითარებას არ შეწყვეტ. ახლა რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დამიძახონ, ნამდვილად შემეშინდება და უარს ვიტყვი. ზუსტად ვიცი, რომ მე ამის ფიზიკური შესაძლებლობა აღარ მაქვს. ადეკვატურობის ფარგლებში კი, არანაირი სიახლის არ მეშინია. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ახალ სამუშაოს ასეთი განცდა და ნერვიულობა ახლავს, ის ძალიან მომწონს და მინდა, რაც შეიძლება დავიხვეწო. მაქვს გარკვეული კომპლექსები. მაგალითად, ვცდილობ, ჩემი „სფიჩები“ ძალიან თეატრალური არ იყოს. თეატრის მსახიობებს ეს ხშირად ემართებათ და ამისთვის მუშაობაა საჭირო. საკუთარ თავს ვაძლევ გარკვეულ შენიშვნებს და ვცდილობ, გამოვასწორო. იმედი მაქვს, რომ გავიზრდები.

– ერთ-ერთი ეთერში ცუდად გახდით. რა მოხდა?

– უცებ თავბრუ დამეხვა და თვალებში დამიბნელდა, წნევა დამივარდა. წინა დღეებში ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა, ფიზიკურადაც, გონებრივადაც და მაინც ამას ვაბრალებ – ალბათ, ზედმეტად გადავიღალე. ისე ნამდვილად არ ვნერვიულობ, რომ გული მიმდიოდეს და კამერის წინ ვვარდებოდე. ამის ბრალი ნამდვილად არ არის (იცინის).

– „რა სურთ ქალებს“ – ეს არის თქვენი რუბრიკა და ამჯერად მე დაგისვამთ კითხვას, რომლითაც თქვენს რესპონდენტებს მიმართავთ ხოლმე – რა სურთ ქალებს?

– ეს სახელწოდება ჩემი რუბრიკისთვის იმიტომ შევარჩიე, რომ ეს თემა ჩემთვის ამოუწურავია. რამდენი ქალიც არსებობს, იმდენი სურვილია. გულწრფელად თუ ვიტყვით, ყველა ქალს უნდა, რომ მისი ოჯახი – შვილები, შვილიშვილები, ქმარი კარგად ჰყავდეს და მათთან ერთად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდეს. ბანალურია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ეს არის. თუმცა იმდენად მრავალფეროვანი საკითხია, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სახელწოდება თემებში ნამდვილად არ შემზღუდავდა.

– კაცებმა თუ იციან, რა სურთ ქალებს?

– აი, ეგ უნდა გავარკვიო ჩემს გადაცემაში (იცინის). საქმე ისაა, რომ მე მგონი, ქალებმა ზუსტად თვითონაც არ იციან, რა სურთ.

– პირადად თქვენ რა გაბედნიერებთ?

– ცხოვრების განმავლობაში ათასნაირი სურვილი მქონია. შვილი, შვილიშვილები, მშობლები, მეგობრები, შეყვარებული – ჩემი სურვილები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანს უკავშირდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში უამრავი საყვარელი ადამიანი დავკარგე, ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი ისაა, რომ გარშემო ყველა ჯანმრთელად მყავდეს და არ ხდებოდეს ისეთი ტრაგედიები, რომლის გამოც ტირილით თვალები გვაქვს ხოლმე დასიებული. ჩემს ასაკში ასეთი ემოციები გაუსაძლისი ხდება.

– იმ სურვილების ასრულება თუ მოახერხეთ, რაც წლების წინ გსურდათ?

– ზოგის – კი და ზოგის – ვერა. გარემოებების გამო ბევრი სურვილი ვერ ავისრულე. ჩემი თაობის ახალგაზრდობის წლები ცუდ პერიოდს დაემთხვა. როცა ძალიან აქტიურები უნდა ვყოფლიყავით, როცა ძალიან ბევრი საქმე უნდა გვეკეთებინა, რაღაცას მაინც ვახერხებდით, ცოტას ვფაფხურობდით, მაგრამ ძალიან ბევრი სურვილი დაგვრჩა აუსრულებელი. როლებს, რომელიც მაშინ უნდა მეთამაშა, ახლა ხომ ვერ ვითამაშებ?! ახლა, გარდა იმისა, რომ ჩემი ახლობლების ჯანმრთელობა მინდა, როგორც არასდროს, ისე მინდა ჩემს მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

– როცა ისმება კითხვა – რა სურთ ქალებს, ბევრის პასუხია – კარგი მატერიალური შესაძლებლობები: კარგი ჩანთა, ფეხსაცმელი, სუნამო – ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

– მე მაგალითად, ახლა ძალიან გამაბედნიერებდა ერთი კარგი რემონტი ჩემთან სახლში (იცინის). ეს ყველაფერი ძალიანაც მნიშვნელოვანია და ძალიანაც მინდა. მე კი არა, 85 წლის არის დედაჩემი და დღესაც უნდა ახალი კაბა, ახალი ფეხსაცმელი რომ ჩაიცვას და ისე მიიღოს მეგობრები ან თვითონ ეწვიოს სხვას. თუმცა, როცა არ არის ამის შესაძლებლობა და ეს ხშირად ხდება, ამის გამო არ ვითრგუნები. მნიშვნელოვანია, როგორ არა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მთავარი ეს არ არის.

– სიყვარული და საყვარელი მამაკაცი გვერდით?

– ეგ ეტაპი უკვე დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში (იცინის). არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ მე ამწუთას ამ განწყობაზე ვარ. ჩემი ცხოვრებიდან ჩანს ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება. სამჯერ ვიყავი გათხოვილი და სამივეჯერ დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ გვერდზე მყოლოდა საყვარელი მამაკაცი. ახლა კი მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი შვილისა და შვილიშვილების ბედნიერებაზე ვიზრუნო. ასაკთან ერთად ყველაფერი იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ცხოვრებაში ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. სულ ვფიქრობ, რას ვაკეთებდი, რას ვეტრფოდი ასე, სანამ ჩემი შვილიშვილები გაჩნდებოდნენ. მგონია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. როცა შეყვარებული ვიყავი და პაემანზე მივდიოდი, მეგობართან როგორ წავიდოდი?! მივატოვებდი ყველას და წავიდოდი ჩემს საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე. ახლა ჩემს მეგობრებთან შეხვედრას არაფერზე გავცვლი.

– რას ნიშნავს, იყო კარგი მეოჯახე, კარგი დიასახლისი და როგორი ხართ თქვენ?

– ცუდი ნამდვილად არ ვარ (იცინის). მე მაინც მიმაჩნია, რომ ქალი კარგი დიასახლისი უნდა იყოს და არ მომწონს, როდესაც ახალგაზრდა გოგონებისგან ვისმენ, რომ წიწიბურას მოხარშვა და კვერცხის შეწვა არ იციან. მგონია, რომ ქალს ეს აუცილებლად უნდა შეეძლოს. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ მე ასე მესმის. მიყვარს ქალები, რომლებიც კარგი დიასახლისები არიან, გემრიელ კერძებს ამზადებენ, მოწესრიგებულები არიან და სისუფთავეში ცხოვრობენ. ყველაფრის ერთად მოსწრება ძალიან რთულია. როდესაც საპრემიეროდ ვემზადებოდი ხოლმე, მერე სახლში დალაგება იყო საჭირო, კერძების მომზადება და მანქანა ხომ არ ვარ, რომ ყველაფერი იდეალურად მომესწრო და ბუნებრივია, რაღაცას ვაკლებდი, მაგრამ ვცდილობდი. სანამ ჩემი შვილი პატარა იყო, დედა და დედამთილი ძალიან მეხმარებოდნენ. ეს იმდენად კარგად მახსოვს, ახლა ვცდილობ, ჩემს შვილსაც იგივე მხარდაჭერა ჰქონდეს. მაქსიმუმს ვაკეთებ, რაც შეიძლება, ოჯახისთვის დიასახლისმა გააკეთოს.

– განებივრებული გყოლიათ შვილი და შვილიშვილები

– მგონი, ზედმეტადაც (იცინის). მაგრამ მე მომწონს ასე. დღეს თუ გადაღება მაქვს და ვიცი, დილით რომ გავალ, გვიანობამდე ვეღარ დავბრუნდები, ვცდილობ, სახლიც დალაგებული დავტოვო, საჭმელიც მომზადებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავდივარ სახლიდან წყნარად. თუ რამე ვერ გავაკეთე, წესიერად ვერ ვიმუშავებ, გონება სულ სახლში მექნება, იმაზე ფიქრით, ნეტავ რას აკეთებენ, რას ჭამენ და ასე შემდეგ. არც არაფერი დაშავდება, მშვენივრადაც იქნებიან და ჭამასაც არაჩვეულებრივად მოახერხებენ, მაგრამ მე ვერ ვისვენებ, ეს ჩემი ხასიათია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა