შოუბიზნესი

როგორ დაიწყო ხატვა ნუკრი ნაჭყებიამ სრულიად მოულოდნელად და რამ მოუხსნა მას კომპლექსები

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 31.05

ნუკრი ნაჭყებია
დაკოპირებულია

ნუკრი ნაჭყებია პროფესიით მხატვარი სულაც არ გახლავთ, თუმცა ამ საქმიანობას მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ეს ისტორია მის ცხოვრებაში მოულოდნელად დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ნუკრი თამარ ნაჭყებია: ბავშვობაში მონახაზსაც კი ვერ ვაკეთებდი, ხატვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ჩემი ხატვის მასწავლებელი ოთხიანს მხოლოდ იმიტომ მიწერდა, რომ ყველა სხვა საგანში 5 მყავდა და ნიშნებს არ მიფუჭებდა (იცინის).

ხელოვნებასთან კავშირი მქონდა – მუსიკაზე დავდიოდი, ვიოლონოზე დაკვრას ვსწავლობდი და ამ ინსტრუმენტმა ისე გამიტაცა, კონსერვატორია ვიოლონოს განხრით დავამთავრე.

რაც შეეხება მხატვრობას, ძალიან მომწონდა იმპრესიონისტების ნამუშევრები. ამით ჩემი დაინტერესება ჩემი ლექტორის დამსახურებაა. მეხუთე კურსზე ხელოვნების ისტორიას ეთერ ეგაძე გვიკითხავდა, რომელმაც პარიზიდან არაჩვეულებრივი სლაიდები ჩამოიტანა. ეს საოცრება იყო და მათი ნახვის შემდეგ ჩემი სულიერი მოთხოვნილება გახდა, რაღაც გამეკეთებინა. თუმცა, სამი შვილი მყავს. მათ განვითარებასა და აღზრდას დიდი ყურადღება სჭირდებოდა. ბავშვები რომ გაიზარდნენ და ცოტა თავისუფალი დრო გამიჩნდა, ერთ მშვენიერ დღეს, ისე, სრულიად უბრალოდ, შევიძინე ტილო და საღებავების ნაკრები. დავჯექი, დავიწყე ხატვა და რაღაც გამოვიდა. ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ რაღაც გამოვიდა და იმის გამოც, რომ საღებავების სუნმა განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ჩემზე, თავისდაუნებურად წამოვიდა სურვილი მეხატა. მერე და მერე ხატვისას ისეთ რაღაცებსაც ვაკეთებდი, რომ მე თვითონაც მიკვირდა, საიდან მომდიოდა აზრად.

მოლბერტთან რომ ვჯდები, წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვხატავ. ეს პროცესი დაგეგმილი არ არის. ყველაფერი მუშაობის პროცესში ირკვევა. შეიძლება, დავხატო, არ მომეწონოს, გადავუსვა სხვა ფერის საღებავი და საერთოდ გავაქრო ტილოდან – ასეც მომხდარა. შეიძლება, უცებ, საათ-ნახევარში დავხატო ან ნახატის დასრულებას ერთი კვირა მოვანდომო. ძალიან არაპროგნოზირებადი პროცესია.

მხატვარი თანაკლასელი მყავს – ამირან ისიანი, მას დავურეკე და რჩევა ვკითხე. მითხრა, შენს დინებას მიჰყევი. ახლა ყველაზე თავისუფალი ხარ, წესი და ტექნიკა არ იცი – ეს ყველაზე კარგია. წესებისა და კანონების გარეშე ხატე, როგორც გინდა, ისეო. მისმა სიტყვებმა დამაინტერესა და კომპლექსებიც მომიხსნა.

– გამოდის, არავისგან არაფერი გისწავლიათ?

– არა. ცოტა ხნის წინ იტალიიდან ჩამოვედი, რომის მუზეუმების მონახულების შემდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიქნები?! მანამდე ავსტრიაში პირველად კლიმტის ნამუშევრები რომ ვნახე, ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ცხრა წლის წინ არგენტინაში ვიყავი და ჩემი კუმირის – ფრიდა კალოს ნახატები ორიგინალში მოვინახულე. ასევე, ვიხილე არაერთი იმპრესიონისტის ნამუშევარი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენა იყო ჩემთვის. როდესაც ამხელა მხატვრების ნამუშევრებს ორიგინალში ხედავ, ამაზე მეტი მასწავლებელი და შთაბეჭდილების წყარო რა უნდა იყოს?! ჩემთვის ეს არის ყველაფერი. რაღაც რომ გადავიხატო, ასე არ შემიძლია. მე არ მაქვს ფოტოგრაფიული მხატვრობის ნიჭი. მე აბსტრაქტული, აბსოლუტურად თავისუფალი ნახატები მაქვს, ჩემი სულიერი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ჩემი ფუნჯი სრულიად თავისუფალია. ფუნჯს რომ ავიღებ ხელში და მონახაზს გავაკეთებ, თვითონ მკარნახობს, რა მიმართულება უნდა მივცე. ალბათ, ეს არის თვითნასწავლი მხატვრების ხელწერა.

– დღეს რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა, რისი მომცემია მხატვრობა?

მხატვრობა ჩემთვის მარტოობის შემავსებელია. მე სამი შვილი გავზარდე, მაგრამ სამივე თავის გზაზე წავიდა. მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა და მარტო ვცხოვრობ. ადამიანი მარტო რომ ხარ, სულიერი შემავსებელი გჭირდება. ჩემთვის ასეთი აღმოჩნდა ხატვა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი სამსახური მაქვს, ძალიან კარგ კომპანიაში ვმუშაობ, რადგან ვიოლინოზე დაკვას თავი დავანებე და შემოქმედებითად აქტიური არ ვარ, მუსიკალური დანაკლისი მხატვრობამ შემივსო.

შეიძლება, თვე გავიდეს და არაფერი გავაკეთო. შეიძლება, კვირაში ორი ნახატი დავხატო. მაგალითად, წინა კვირაშიც ასე იყო და ერთი ჩემს მეგობარს ვაჩუქე ახალი ბინისთვის. ზოგჯერ გახედვაც არ მინდა მოლბერტისკენ, ზოგჯერ ფუნჯის ხელში აღების სურვილი არ მასვენებს. ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ეს არ არის ფინანსური სარგებლის მომტანი და რადგან ფინანსური დაინტერესება არ გამაჩნია, ჩემს სურვილებს ვუსმენ.

– შეკვეთებზე არ მუშაობთ?

– არა, უფრო ვჩუქნი ჩემს ნამუშევრებს მეგობრებსა და ახლობლებს. თან, ამ დროს ცოტა ხელი მიკანკალებს, რთულად დასათმობია, მაგრამ თან, მერე მიხარია. მაგალითად, ჩემს ნახატს მეგობრის სახლში, კედელზე ჩამოკიდებულს რომ ვხედავ, მაბედნიერებს, რომ ვიღაცამ ისურვა მისი კედელზე ჩამოკიდება, რათა ხშირად ხედავდეს, რადგან მოსწონს. ეს ჩემთვის დიდი პატივია და დასაფასებელია.

– თქვით, მხატვრობა მარტოობის შემავსებლად იქცაო. ისე მოხდა, რომ დროის მოკლე პერიოდში თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ რთული მოვლენები მიეწყო. დაკარგეთ მშობლები, მეუღლე. იმ პერიოდში ხატვა, ალბათ, ტკივილის დაძლევაშიც გეხმარებოდათ.

– ისე მოხდა, რომ დედა და მეუღლე ერთ წელიწადს გარდაიცვალნენ, ოთხთვიანი შუალედით. რომ ვთქვა, ამაზე ვიყავი გადართული და ხატვა ტკივილს მიქარწყლებდა-მეთქი, არ იქნება მართალი. იმ პერიოდის გახსენებაც აღარ მინდა. მე ოპტიმისტი ვარ და უკან აღარ ვიხედები. ტკივილი არ განელებულა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შემოქმედება ტკივილს ანელებს, უბრალოდ, ცოტა გშველის.

ფილოსოფიურად რომ მოვუდგეთ, ტკივილის განელება არ ხდება, მას ეს ვერ ეხმარება, უბრალოდ, დრო მიდის და ეჩვევი, იმ ადამიანების გარეშე ცხოვრებას აგრძელებ.

– ალბათ, ხელოვანს დიდ ძალას აძლევს დადებითი შეფასებები. რამდენიმე გამოფენა გქონდათ, იქაც და სოციალურ ქსელებშიც, ალბათ, უამრავი უცნობი ადამიანისგან მიგიღიათ კომპლიმენტი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

– სამჯერ მქონდა გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში. სრულიად უცხო ადამიანებისგან მიღებული თბილი სიტყვები ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია გახდა შემოქმედებითი თვალსაზრისით. მეგობრებისგან და ახლობლებისგან – გასაგებია, მაგრამ უცხო ადამიანისგან მიღებული შეფასება კიდეც სხვა რამეა. თავმდაბალი ვიქნები, საკუთარი თავის შეფასებაში მოვიკოჭლებ. მირჩევნია, ეს სხვამ გააკეთოს.

– თქვენს შვილებზეც მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს. გარკვეული ინფორმაცია, ალბათ, ისედაც ბევრს აქვს.

– ჩემი უფროსი შვილი – გიორგი გაფრინდაშვილი ისტორიკოსი გახლავთ. ის წიგნების ავტორია. არგენტინაში გამოიცა საქართველოს ისტორია ესპანურ ენაზე, რუმინეთში – რუმინულ ენაზე. ჩემი რძალი – ნინო ფიფია დიპლომატია, ასევე, ცნობილი მთარგმნელი და მის საქმიანობას უკავშირდება მათი არგენტინაში ცხოვრება. ახლაც იქ იმყოფებიან. ორი შვილი ჰყავთ.

მეორე შვილი გახლავთ ირაკლი გაფრინდაშვილი, რომელიც თავის დროზე პოეზიით, შემოქმედებით იყო დაკავებული. ახლა ბიზნესშია. კრეატიული აზროვნების ადამიანია, სოფელი შექმნა, სათიბე, ორბეთში. მისი მეუღლე, ასევე ,მხატვარი გვანცა ნორაკია.

მესამე ქალიშვილი მყავს, საბავშვო ბაღში ადმინისტრაციის უფროსია და ახლა პატარა შვილიშვილის მოლოდინში ვარ. უკვე მეხუთე შვილიშვილს ველოდები და ძალიან მიხარია. ჩემი სიძე გაგა კუხიანიძე გახლავთ, ის სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს.

– დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად, თქვენი ორი სახელის შესახებაც გავაკეთოთ განმარტება...

– რომ დავიბადე, ბევრი ხალი მქონია და მამას უთქვამს, როგორ ნუკრივით არის მოჩითულიო. ასე შემრჩა ორი სახელი ნუკრი და თამარი. თამარი მამაჩემის დედის სახელია. ცოტა კურიოზული მომენტებიც გვქონდა, ვიღაცებს დღესაც კაცი ვგონივარ ამ სახელის გამო. ამასთან დაკავშირებით ვხუმრობ ხოლმე: მამას ისე უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა, ქალის სახელიც დამარქვა და კაცისაც-მეთქი, რადგან დედისერთა ვარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა