როგორ დაიწყო ჯეკი ჩანისა და თემურ მამისაშვილის მეგობრობა და სად მოუწია მას ასჯერ სიკვდილი
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 24.07

წლების წინ, როცა თემურ მამისაშვილმა თბილისში, როკ-ჯგუფი ჩამოაყალიბა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და ის ამერიკასა და ჩინეთში ცნობილი მსახიობ-კასკადიორი გახდებოდა და მისი ბავშვობის კუმირების, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების გვერდით წამყვან როლებს ითამაშებდა. თემური ბრძოლის სცენების ქორეოგრაფი და ცნობილი ჩინელი მსახიობისა და რეჟისორის, ჯეკი ჩანის კასკადიორთა ჯგუფის ოფიციალური წევრია. ის უკვე 27 წელია, რაც ამერიკისა და ჩინეთის კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს.
– ამერიკაში რა ასაკში წახვედი და თუ გქონდა მიზნები და გეგმები, რის გამოც უცხო ქვეყანაში მიდიოდი?
– ამერიკაში 1997 წელს წავედი, ისე რომ ენაც კი არ ვიცოდი. 21 წლის ასაკში ამერიკაში, პრაქტიკულად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. პირველად რომ ჩავედი, შიშის გრძნობა საერთოდ არ მქონდა – არც იმის მეშინოდა, რომ ენა არ ვიცოდი და არც იმის, რომ ჯიბეში ფული არ მედო, რატომღაც მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ავაწყობდი ჩემს ცხოვრებას და ყველაფერი გამომივიდოდა. როგორც კი ჩავედი, მეორე დღესვე დავიწყე მუშობა – ვიდექი ნიუ-იორკში, ქუჩაში და სარეკლამო ფურცლებს ვარიგებდი. მერე რესტორანში ვიმუშავე ჭურჭლის მრეცხავად, მერე ოფიციანტი გავხდი. ამის მერე გადაზიდვებში ვიყავი, მერე ანტიკვარების გალერეაში დავიწყე მუშაობა, თავიდან როგორც უბრალო თანამშრომელი, შემდეგ, მენეჯერი გავხდი და ბიზნესიც შევისწავლე.
– გადასაღებ მოედანზე როგორ მოხვდი?
– საქართველოში ყოფნისას ორთაბრძოლებში ვარჯიშისთვის თავი არ დამინებებია. ერთ-ერთ ადამიანთან დავიწყე ვარჯიში და მასაც ჰქონდა ოცნება, ფილმში გადაეღოთ. მოკლედ, მე და ის ბიჭი, ერთად გადაგვიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში. ვიყავი ჩხუბების დამდგმელი და კასკადიორი. ტაილანდელი რეჟისორი იყო და როლიც მომცა. ეს იყო შანსი, ჩემი მონაცემებიც გამომევლინა და მეჩვენებინა, რა შემიძლია, როგორც მსახიობს. ამის მერე დავიწყე ქასთინგებზე სიარული, სტუდენტურ ფილმებში გადაღება, ტერესერიალები და ასე ნელ-ნელა შევედი ამ სფეროში.
– თემურ, როცა ამერიკაში ბევრი იშრომე, ოცნებებიც აიხდინე და საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრე, სწორედ მაშინ გადაწყვიტე ჩინეთში წასვლა. გამოდის, პრაქტიკულად, ყველაფერი მიატოვე და ისევ თავიდან დაიწყე ცხოვრება.
– დიახ ასეა. ამერიკაში 17 წელი ვიყავი და მერე გადავწყვიტე ჩინური ენის სწავლა. სხვათა შორის, ბავშვობიდან შეყვარებული ვიყავი ჩინურ კულტურასა და ამ ქვეყნის ფილმებზე. ეს იყო საბაბი, შემესწავლა ჩინური ენა. თუმცა, ამერიკიდან ჩინეთში გადასვლაზე არ ვფიქრობდი. 2013 წელს ჩემი კუმირი დონი ენი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს ვარჯიშებზე, ნიუ-იორკში იყო ჩამოსული და ისე მოხდა, რომ შევხვდი, გამოველაპარაკე და მთელი ღამე არ მეძინა. ვფიქრობდი: მე ნიუ-იორკში ვარ, დონი ენი ჰონკონგში ცხოვრობს, ჯეკი ჩანი მიყვარს და ის პეკინშია და მეც ხომ არ წავიდე-მეთქი. ამერიკაში ყველაფერი მივატოვე და ამ ფიქრიდან ერთი კვირის მერე, უკვე ჰონკონგში ვიყავი. პრაქტიკულად, ისევ ნულიდან დავიწყე ცხოვრება და ვხუმრობ ხოლმე, სამჯერ დავიწყე ცხოვრება ნულიდან-მეთქი: პირველად – რომ დავიბადე, მეორედ – ამერიკული ცხოვრება რომ დავიწყე და მერე – ჩინური. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, ჩინეთში რომ ჩავედი. 11 წელი ვიცხოვრე და ახლა რომ არჩევანი მომცეთ, ისევ ამერიკას ავირჩევდი საცხოვრებლად.
– ევროპელი რობერტ დე ნირო - ასე მოგიხსენიებენ ამერიკაში და ვინ შეგარქვა?
– პირველ ფილმში რომ ვითამაშე, ინტენსიური და რთული როლი იყო. ერთ-ერთმა ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა ფილმის მიმოხილვის ბოლოს ახსენა, თემურ მამისაშვილი ევროპელი დე ნიროაო.
– გადასაღებ მოედანზე საკმაოდ რთული ტრიუკების გაკეთება გიწევს. იყო შემთხვევა, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე ან მძიმე ტრავმა მიიღე, რის რეაბილიტაციასაც საკმაო ხანი დასჭირდა?
– ორჯერ თავი გავიტეხე, მხრის მყესი გამიწყდა, მუხლი მაქვს დაზიანებული და ყველა ნეკნი ჩამტვრეული. ამ ტრავმების გამო, წელის ტკივილები მაქვს და ოპერაცია მჭირდება. რა ვქნათ, ასეთი პროფესიაა. ჯეკი ჩანსაც ბევრი ტრავმა აქვს მიღებული და ძვლები ჩამტვრეული. რაც შეეხება ჩემს როლებს, ვიყავი კაპიტანი, სნაიპერი, ზომბი, პოლიციელი, მექსიკელ-ამერიკელი ნარკობარონების ბოსი, მანიაკი და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ყველზე მეტად ჩემი ბოლო როლი მომეწონა ჯეკი ჩანის კომედიურ ფილმში „ოპერაცია ბანდა“, სადაც მისიონერების, დაქირავებული სამხედროების ბოსს ვთამაშობდი. ყველაზე დიდი როლი ჩემს კარირაში სწორედ ეს იყო. ცუდი პიროვნებაც ვითამაშე და კარგიც, ბევრ ტყავში შევძვერი და გამოვძვერი და ეს გარდასახვები ძალიან მომწონს. მეთოდური მსახიობი ვარ და არ მიჭირს გარდასახვითი როლების შესრულება. როცა ნარკობარონების ბოსის როლი ვითამაშე, ჩემი თავი მეზიზღებოდა, მაგრამ როგორც მსახიობს, ძალიან მომიწონეს თამაში. ზოგადად, არცერთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. არასოდეს ვფიქრობ ბევრს, ინტუიციას ვენდობი და გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ. წარმოიდგინეთ, გადასაღებ მოედანზე, ალბათ, ასჯერ მომიწია სიკვდილი. არ ვფიქრობ, მაგრამ აღარ მეშინია სიკვდილის... ასი წლის მერე (იცინის).
– მართალია, რომ ჯეკი ჩანის ბინაში ცხოვრობდი და ვან დამთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს?
– ვან დამთან ახლო ურთიერთობას ვერ ვიტყვი, რადგან მხოლოდ ერთ ფილმში მოგვიწია ერთად მუშაობა, თუმცა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენს ქვეყანაში ნამყოფია და ბევრი რამ იცოდა საქართველოს შესახებ, მათ შორის ღვინოზე, კერძებზე და ამაზე მესაუბრებოდა. გეგმებიც გამანდო, რომ აპირებდა ფილმის გადაღებას და როლსაც მპირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემზე რომ იფიქრა, ეს უკვე დიდი ამბავია ჩემთვის. აი, ჯეკი ჩანთან კი ძალიან კარგად ვარ და ვმეგობრობ. ძალიან ენერგიულია და აქტიური, მიუხედავად იმისა, რომ 71 წლისაა. კინოს მიღმა, ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია. კოვიდის დროს, სამი თვე მის სახლში ვცხოვრობდი. მაშინ უფრო დავახლოვდი. არასოდეს ზის, არ ისვენებს, სულ მოძრაობაშია, სახლში თავად ცვლის ხოლმე რაღაცებს. გადასაღებ მოედანზე კი ისეთ საქმესაც აკეთებს, რაც მას არ ეხება, მაგალითად, ეხმარება კოსტიუმების დიზაინერს, მუშებს მძიმე საგნების გადაადგილებაში და არც ცოცხის დაჭერა და ნაგვის ნარჩენების მოგვა ეთაკილება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, უამრავი რამ მაჩუქა, ტანსაცმელიდან დაწყებული, სათვალით დამთავრებული, რომელიც ძალიან მიყვარს და სულ ვატარებ. მასთან სახლში რომ ვარ, საჩუქრებს მეც მჩუქნის და ბავშვებისთვისაც მატანს ხოლმე - თავისი ბრენდის ტანსაცმელს თუ აქსესუარს. პრაქტიკულად, მისი ბრენდის ტანსაცმლით ვმოძრაობ ყოველდღიურად და ყოველთვის მის ნაჩუქარი სათვალე მიკეთია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან