შოუბიზნესი

როგორ დაიპყრო ახალი მწვერვალი ქრისტინა წიკლაურმა და რა გამოწვევის წინაშე დააყენა მან თავი 38 წლის ასაკში

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 24.07

ქრისტინა წიკლაური
დაკოპირებულია

ქრისტინა წიკლაური წარმატებული ბოდიბილდერია, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში აქტიურობა სულ ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე ძალიან შეიცვალა.

ქრისტინა წიკლაური: წარსულში აერობიკა და ნუტრიციოლოგია იყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო. გარკვეულ ეტაპზე კი გადავწყვიტე, რომ მეტი იყო საჭირო, რადგან მინდოდა, პროფესიულად გავზრდილიყავი და მომხმარებლებისთვის მეტის შეთავაზება შემძლებოდა. გადავწყვიტე, აკადემიაში პერსონალური მწვრთნელის კურსი გამევლო და ასეც მოვიქეცი. სწორედ იქ მოხდა დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენს ლექციებზე ფიტნესისა და ბოდიბილდინგის საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი, ნუცა ზურაბიშვილი მოდიოდა ხოლმე. სწორედ ამ ადამიანმა მიმაღებინა გადაწყვეტილება მომავალი ბოდიბილდინგისთვის დამეკავშირებინა. პირველ რიგში, ის თავად გახდა ჩემი მოტივაცია, რადგან ძალიან მომწონდა, როგორც გამოიყურებოდა. ასევე, მან კარგად ამიხსნა ბოდიბილდინგის პლუსებიც და მინუსებიც. შემაყვარა ეს საქმე, თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან რთული იყო. მასთან საუბრებმა ცხოვრებაში სრულიად ახალი ინტერესი გამიჩინა, თუმცა, ინტერესთან ერთად გაჩნდა ეჭვიც – 38 წლის ასაკში გამომივა? მზად არის ამისთვის ჩემი სხეული? შევძლებ სასურველ შედეგს მივაღწიო?! საკუთარ თავში, პირველ რიგში, მინუსებს ხედავ, მაგრამ როგორც კი ვარჯიში დავიწყე, მაშინვე ყველაფერი შეიცვალა.

– საბოლოოდ, რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?

– საერთოდ, მიყვარს გამოწვევები და ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ბრძოლაში გამარჯვების ხიბლმა გადამადგმევინა. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ახალი მწვერვალი, რომელიც მინდოდა, რომ დამეპყრო. დავიწყე მომზადება, შესაბამისად კვება, ვარჯიში და რაღაც გამოვიდა.

– რისი შიშიც გქონდათ ასაკთან დაკავშირებით, აღმოჩნდა დაბრკოლება?

– ადამიანის ანატომიიდან გამომდინარე, 35 წლის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილები მოდუნებას იწყებს. ქალის ორგანიზმში კი – განსაკუთრებით, რაც ჰორმონებთან არის კავშირში. შესაბამისად, ჩემს შიშებს, ანატომიის დონეზე, საფუძველი ჰქონდა, თუმცა აბსოლუტურად არ გამართლდა. მივხვდი, რომ თუ მუშაობ, ანუ, თუ სწორად ვარჯიშობ, თუ ჯანსაღად იკვებები და იცავ რეჟიმს, ანუ, ისვენებ, გამოძინების საშუალებას აძლევ ორგანიზმს და ასე შემდეგ, თუ ამ მარტივ და იმავდროულად, რთულ წესებს იცავ, შედეგზე აუცილებლად გახვალ. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო მელის ბოდიბილდინგის მიმართულებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მე 180 გრადუსით შევიცვალე. ცვლილება არ ეხება მხოლოდ ჩემს სხეულს, შემეცვალა ხასიათი, ფსიქოლოგიური მიდგომები. სპორტი დადებითისკენ ცვლის ადამიანს. მაგალითად, ვისწავლე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ფილტრაცია. ეს ცოდნა თავისთავად მოვიდა ჩემთან სპორტის დამსახურებით. დღეს აღარ ვნერვიულობ იმაზე, რაც ადრე ძალიან მაწუხებდა. თუნდაც, სხვისი აზრი. არადა, მომზადების პერიოდში ძალიან ბევრი არასასიამოვნო კომენტარი გესმის. მაგალითად, „უი, ასე კაცს დაემსგავსები“, „უი, რამხელა კუნთი გაქვს“ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს ჰქონდა ჩემი გადაწყვეტილების მიუღებლობა. ადამიანმა უნდა გაფილტრო, რასაც ისმენ და არ უნდა გეწყინოს სხვისი აზრი. თავიდან რთულია, მაგრამ მერე და მერე იმდენად კონცენტრირდები საკუთარ თავზე, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, რომ სხვისი აზრი გვერდზე იწევს. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ უახლოესი ადამიანებიც კი ძალიან ცუდ კომენტარებს გიკეთებენ, რაც რაღაც მომენტში ფარგლებს სცდება, ანუ კეთილისმსურველები შეიძლება შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ...

– ბევრს უჭირს ასეთი დისციპლინის დაცვა, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ...

– მომზადების პერიოდში, ყველაზე რთული კვების დაცვაა. წონების აღება, ახალი ვარჯიშები, ტექნიკები, დილით ადრე ადგომა, კარდიოს შესრულება და ასე შემდეგ, არაფერია კვების დაცვასთან. ისევ და ისევ ციკლის გათვალისწინებით, ქალის ორგანიზმს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს. თავდაპირველად შედარებით მარტივია, მაგრამ ბოლოსკენ ძალიან გიჭირს. შეჯიბრების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო მკაცრდება კვება და მაშინ იწყებ სურვილების ჩამოწერას, რას შეჭამ მერე, როცა შესაძლებელი იქნება (იცინის). ამ პროცესში საკუთარი სხეულის მეტამორფოზას რომ ხედავ, იმდენად მოგწონს და იმდენად არ გინდა მიღწეული შედეგის გაფუჭება, რომ ერთი გემრიელი ლუკმის გამო მასზე უარს ვერ იტყვი.

არის ის, რასაც ძალიან განვიცდი, მაგალითად, იმას, რომ „შაბათ-კვირის დედა“ ვარ. ეს სპორტი ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ ბევრსაც გაძლევს. ასევე, მიფიქრია იმაზე, რომ მეორე ნახევარი რომ მყოლოდა და ისიც ბოდიბილდერი ყოფილიყო, ალბათ, განქორწინება გარდაუვალი იქნებოდა (იცინის). ბევრ რამეზე ამბობ უარს, თუმცა გიღირს. ეს არ არის ჰობი, ეს ცხოვრების სტილია.

– როგორია თქვენი სპორტული მიღწევები, რაც ამ მოკლე დროში დააგროვეთ?

– ყველაზე ძვირფასს გამოვყოფ – საქართველოში ეროვნულ ჩემპიონატზე, საქართველოს თასზე ავიღე მეორე ადგილი. ასევე, მაისში სომხეთში პირველი ადგილი ავიღე ახალ კატეგორიაში – ველნესში. ამ ეტაპისთვის მაგარია ის, რაც გამოვიდა. კმაყოფილი ვარ ჩემი პირველი წლით და ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი მელოდება.

– მამაკაცებს როგორი დამოკიდიებულება აქვთ ბოდიბილდერი ქალებისადმი?

– „უი, რაღაც ზედმეტად დაგეკუნთა ფეხი, ადრე უფრო ნაზი იყავი და გიხდებოდა“... – მსმენია მსგავსი კომენტარები. პირში არ გეუბნებიან, შენი სხეული არ მომწონსო, მაგრამ უთქვამთ, დაკუნთული ქალები არ მომწონსო. ამას მესამე პირში რომ გეუბნებიან და ამ დროს დაკუნთული შენ ხარ, გასაგებია, ვისზეც არის საუბარი (იცინის). ჩემი პასუხია ხოლმე „ეგ შენი პრობლემაა“ (იცინის). ამას ცუდად არ ვიღებ და არავის არაფერს ვუმტკიცებ, ზოგს რა მოსწონს, ზოგს – რა. მგონია, რომ ამას ისეთი ტიპები უფრო ამბობენ, ვისაც ცხოვრებაში ჰანტელი არ აუღია ხელში. ვინც იცის, ამას რა შრომა სჭირდება და რა შედეგი მოაქვს, ასეთ რამეს არ იტყვის. მაგალითად, ამ ერთი წლის შრომამ იმუნიტეტი საოცრად გამიუმჯობესა, მომიწესრიგდა ძილი, გამიჯანსაღდა თმა, ფრჩხილები, ჩემი სახის კანი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ ბევრი მეკითხება, თუ როგორ ვუვლი მას. ამ ყველაფერზე სწორად კვებამ და ვარჯიშმა იქონია გავლენა.

– ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ სამი შვილის დედა ხართ. ერთი წელია, რაც ბოდიბილდინგით ხართ დაკავებული, მაგრამ მანამდე როგორ მოახერხეთ ასეთი ფორმის შენარჩუნება?

– სამივე ორსულობისას საკმაოდ ბევრი, 23 კილოგრამი მქონდა მომატებული. მშობიარობის შემდეგ ჩემი ძალებით ვცდილობდი ფორმის აღდგენას. მაშინ შესაბამისი ცოდნა არ მქონდა, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, ჩვენს დროში ინფორმაციის მოძიება არ არის რთული. სახლში ვვარჯიშობდი, ჯგუფურ ვარჯიშებზე დავდიოდი. დარბაზთან არ ვმეგობრობდი, ტრენაჟორების გამოყენება არ ვიცოდი და ვაღიარებ, თქვენობით მივმართავდი (იცინის). კოვიდის პერიოდში რომ არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ცხობა და სირბილი დავიწყე. „იუთუბზე“ ვარჯიშებს ვუყურებდი და ვიმეორებდი. ბევრი რომ გასუქდა, მე მშვენიერ ტანზე დავდექი (იცინის). ზოგადად რომ ვთქვა, მთელი ცხოვრება ასე იყო: ხან იოგა, ხან პილატესი, ყოველთვის რაღაცით ვიყავი დაკავებული. ალბათ, 18 წლიდან აქტიური ვარ სპორტული თვალსაზრისით.

– რას ეტყოდით მას, ვისაც ბოდიბილდინგი მოსწონს, მაგრამ ნაბიჯის გადადგმის ეშინია და ასევე, მას, ვისაც ამ სპორტისადმი ნაკლები მიმღებლობა აქვს?

– უნდა გვახსოვდეს, რომ გული კუნთოვანი ქსოვილია და ვარჯიშისას სისხლის მიმოქცევა იმდენად კარგია, რომ მთელი ჩვენი სხეული და მათ შორის ტვინი, გაცილებით უკეთ მუშაობს, გვიძლიერდება იმუნური სისტემა და ასე შემდეგ. სპორტს მოაქვს ჯანმრთელობა, რაც თანამედროვე ეპოქამ და კომპიუტერთან მიჯაჭვულობამ ძალიან შეგვისუსტა. შეიძლება, 20 წლის გოგოს არ ჰქონდეს ისეთი ფიზიკური შესაძლებლობები, როგორიც მე მაქვს 40 წლის ასაკში. ამიტომ, ყველას ვურჩევ დარბაზში სიარულს და წონებით ვარჯიშს.

რაც შეეხება ბოდიბილდინგს, როცა რაღაც გინდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმის გეშინია, აუცილებლად უნდა გადადგა, რომ მერე არ ინანო. სჯობს, წარუმატებელი მცდელობა ინანო, ვიდრე არც სცადო და დიდი შანსი დაკარგო.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია: Max Kovalenko.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა