შოუბიზნესი

როგორ დაიხსნა თავი გიორგი ჯიქიამ სახიფათო მორევიდან და რის გამო „აარტყეს“ მას უჟმურის იარლიყი

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 07.06, 2022 წელი

გიორგი ჯიქია
დაკოპირებულია

მსახიობი გიორგი ჯიქია სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მისმა პერსონაჟმა, როგორც „ოჯახის დამანაგრეველმა“, მაყურებელში საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

გიორგი ჯიქია: ამ ჯგუფთან ერთად ადრეც მიმუშავია. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და როცა ამ სერიალის სინჯები დაიწყო, ორ როლზე დამირეკეს. ამას უფრო მოვერგე და უფრო მეტად მეც ეს როლი მინდოდა, ვიდრე მეორე. სურვილი მქონდა, ისეთი პერსონაჟი მეთამაშა, როგორიც სინამდვილეში არ ვარ. ამ ადამიანის ცხოვრება ჩემსას ნამდვილად არ ჰგავს.

– ამ პერსონაჟმა, როგორც ოჯახის დამანგრეველმა, ბევრი კრიტიკა დაიმსახურა.

– ბუნებრივია, რომ მაყურებელში კარგ რეაქციას არ გამოიწვევს, როცა ვიღაცას ოჯახს უნგრევ და კარგი სახელი არ გაქვს, მაგრამ შეიძლება, ამ გმირსაც უპოვო თავის სიმართლე, როგორც ყველას. ახლა ზუსტად ამას ვცდილობ. ჯერ არ ჩანს გამამართლებელი მიზეზი, მაგრამ, ალბათ, ნელ-ნელა გამოჩნდება, რომ ამასაც გააჩნია გულწრფელი განცდები.

– მაყურებელი ხშირად აიგივებს მსახიობს და პერსონაჟს, რასაც მსახიობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვება. ეს რისკი არ იყო?

– მე დიდი ხანია, თეატრში ვარ, თითქმის 20 წელია და სხვადასხვა როლს ვირგებ. არ ვარ სხვა პროფესიის, რომელიც შემთხვევით მოხვდა ამ როლზე. მსახიობი ვარ და ხან კარგ როლს ვითამაშებ, ხან ცუდს. არ მაქვს ამის შიში. თეატრის სცენაზე ისეთ როლებს ვთამაშობ, იმათ რომ შეხედო, მთლად წყალწაღებული კაცი ვყოფილვარ (იცინის). პირიქით, კარგია თუ პერსონაჟების მრავალფეროვანი პალიტრა გაქვს.

– თქვენ შორის არსებულ სხვაობაზეც ვისაუბროთ.

– ნამდვილად არ ვაპირებ არავის ოჯახის დანგრევას. ლექსიკით, საუბრის მანერით – კერესა ყველაფრით განსხვავდება ჩემგან. ქცევითაც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მორალურად, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული სხვის ოჯახში შეძვრე და მსგავსი რამ აკეთო, მაგრამ შეეშალა ამ კაცს და ამიტომაც დადგა ამ რეალობის წინაშე. ბავშვს ელოდება, მაგრამ არ იცის, მისია თუ არა. მეც არ ვიცი ბავშვი ჩემია თუ ქმრის, ასე რომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

– მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდათ?

– ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან რომ მეტი სიახლოვე მქონდა, ეს ბავშვობიდან გამოიკვეთა. ვხატავდი, ვძერწავდი. მერე ექიმობაც მინდოდა, ფსიქოლოგობა, ფილოსოფოსობა. ბოლოს უფრო მეტად ამ პროფესიამ გამიტაცა და სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე. რაც მანამდე მაინტერესებდა, ყველაფერი ადამიანის ძიებასთან და კვლევასთან იყო დაკავშირებული. მსახიობობა კი ზუსტად ის პროფესიაა, რომელიც ადამიანის ძიებასა და სულის მკურნალობას უკავშირდება.

– ბავშვობა სად გაატარეთ და როგორი იყო ის წლები?

– ბავშვობა თბილისში, სვანეთის უბანში გავატარე. ჩემმა ბავშვობამ 90-იანი წლებში გაიარა. იმ პერიოდში როგორც ყველას, მეც მომიწია ცუდისა და კარგის ნახვა. იყო ბევრი ტკივილი და იყო ბევრი სიხარული. ასევე, იყო ბევრი ჭიდაობა ცხოვრებასთან.

– რაში გამოიხატებოდა ეს?

– პერიოდი იყო ასეთი, გაჭირვება სუფევდა და მას ებრძოდი. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, სკოლის წლებში ან ბულინგის მსხვერპლი უნდა ყოფილიყავი, ან იქეთ გებულინგებინა სხვები. ხან მჩაგვრელი იყავი, ხან დაჩაგრული. მაშინ ასეთი იყო რეალობა, ქუჩაში თუ შენ არ დაჩაგრავდი სხვას, მაშინ შენ დაგჩაგრავდნენ.

– რა გააკეთეთ, რომ რადიკალიზმში არ გადავარდნილიყავით?

– სამსახიობოზე ჩავაბარე. რაღაცები უკეთ რომ გავაცნობიერე, ასეთი ნაბიჯი გადავდგი. მერე უკვე მიზანი მქონდა და ამ მორევს თავი დავაღწიე. თუ ეს ვერ შეძელი, ეს მორევი გითრევს და გითრევს. მე სადღაც შუაში მივხვდი, რომ ის მითრევდა და მაშინ თავის დაღწევა შესაძლებელი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მანამდე კითხვა არ მიყვარდა ან არაფერი მაინტერესებდა. უბრალოდ, ისეთი პერიოდი იყო, იძულებული იყავი, ყველა ვარიანტში გარეთ გასულიყავი, ყველა ქუჩაში ცხოვრობდა, მაშინ ასე იყო. ამაზე მაღლა რომ დამდგარიყავი და ქუჩაში გასვლაზე უარი გეთქვა და ნორმალურად ცხოვრება მოგენდომებინა, არ გამოდიოდა. მაშინ ძალიან მაგარი ვინმე უნდა ყოფილიყავი. მე ეს სიმტკიცე ჩემს თავში ვერ ვიპოვე და როგორც ყველამ, ვარჩიე ამ გზას მივყოლოდი. თან 14-15 წლის ასაკში ამდენი ძალა არ გაქვს. მით უმეტეს, ამ ასაკში რაც უფრო აკრძალულია და რაც უფრო შავ-ბნელია, მით უფრო იწევ მისკენ, მეტი ინტერესი გაქვს და ტოპავ და ტოპავ. საბედნიეროდ, თვითონვე გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა, ჭაობში აღმოვჩენილიყავი, ყველაფერი გადავაფასე და მიმართულება შევიცვალე.

– ბავშვური სიყვარულები გავიხსენოთ. პირველი სიყვარული ბაღში გწვევიათ...

– ბაღში მიყვარდა ერთი გოგო. მივედი და ვუთხარი, მიყვარხარ და ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. მეც მიყვარხარ, მაგრამ ცოლად ვერ გამოგყვები, შენზე მაღალი ვარო (იცინის). მთავარია, ამის გამო სიმაღლის კომპლექსი არ გამჩენია (იცინის).

– ცხოვრების მთავარი სიყვარული როგორ მოვიდა?

– ჩემთვის სიყვარული არის ერთგულება, მეგობრობა და თანამზრახველობა. ამ მდგომარეობაში ორი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. როცა ეს ყველაფერი ხანგრძლივი პერიოდი გრძელდება და მას თან ახლავს აღტაცება, ეს არის სიყვარული – ჩემი აზრით, ასეა. ყველა ეს განცდა მე ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად განვიცადე და გადავწყვიტე, ოჯახი შემექმნა.

– პროფესიამ გადაკვეთა თქვენი გზები?

– პროფესიამ, იმიტომ რომ ამ წრეში გავიცანით ერთმანეთი, თორემ სცენაზე არ შევხვედრივართ. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი და მერე მოხდა ის, რაც მოხდა. უკვე მე-15 წელია, ერთად ვართ. ორი შვილი გვყავს, უფროსი ცხრა წლისა ბიჭია, უმცროსი – 5 წლის გოგონა.

– უჟმურსა და უხასიათოს მეძახიანო, ნათქვამი გაქვთ. რატომ?

– მე არ ვთვლი, რომ უჟმური ვარ, მაგრამ ასე ამბობენ. მიყვარს განმარტოება და თან, ხშირად ისეთ დროს, როცა სხვისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოგინდეს იმ მდგომარეობაში მარტო ყოფნა და მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, კაი, რა, რა უჟმური ხარ, რა დროს განმარტოებააო. ან მაშინ, როცა სადმე წასვლა არ მინდა ან დროზე ადრე მინდა რაღაც სიტუაციებს გავეცალო. ამიტომ „ამარტყეს“ უჟმურის იარლიყი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა