როგორ დაიკავა ნიკოლას ქანთარიას სუნამომ ადგილი „გუჩისა“ და „დიორის“ გვერდით და როდის გადასდის მას ეჭვიანობა და მესაკუთრეობა პათოლოგობაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 16.11, 2022 წელი
ახლახან საუდის არაბეთმა, სხვა წამყვან ბრენდებთან ერთად, ოფიციალურად წარადგინა ბრენდ „ნიკოლასის“ პარფიუმი – დეტალებზე ამ ამბის შესახებ დიზაინერი ნიკოლას ქანთარია მოგვიყვება, რომლის შექმნილმა ახალმა სუნამომ მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნიკოლას ქანთარია: „ნიკოლასის“ პარფიუმი პირველად ამ წელს ჩაეშვა. ბრენდი 11 წლის გახდა და ძალიან მინდოდა, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც საქართველოში ჯერ არცერთ ბრენდს არ გაუკეთებია. გქონდეს საკუთარი პარფიუმხაზი ბრენდში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ბევრი შრომის ფასად ამის გაკეთება შევძელი და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს პარფიუმი „ნიკოლასი“ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ 100-პროცენტიან ნატურალურ პარფიუმად მიიჩნევა. სუნამო საუდის არაბეთში შეიქმნა. არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ნიკოლასისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. ის მახარებს, რომ ვარ საქართველოში და ამ ყველაფერს ქართველი ხალხისთვის ვაკეთებ და შემდგომ უკვე – სხვა ქვეყნებისთვის. ეს ყველაფერი არ არის: სუნამოს შემდგომ ჩემს პარფიუმერულ ხაზში ახალი ტუჩის ბალმი ჩავუშვი. ეს კოლაბორაციაა ერთ-ერთ პროფესიონალ გოგონასთან, ანი გელენიძესთან.
ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გაკეთება, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ამიტომ გაიწელა დრო. სამი თვე ველოდი შედეგს. შემდეგ მომიწია საუდის არაბეთში ჩასვლა და ადგილზე შევარჩიე ის ინგრედიენტები, რომლითაც ჩემი სუნამოა დამზადებული. სუნამო შედგება ფორთოხლის ცედრისგან, ლავანდას ყვავილისგან, წითელი ვარდისგან და ასი პროცენტით ნატურალური ზეთისგან, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ბრენდის სუნამოებში იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთშია დამზადებული, ჩემს სუნამოს აწერია „მეიდ ინ ჯორჯია“, ეს არის ქართული პროდუქცია და მსოფლიო ბაზარზეც ქართული სახელით გავა. რადგან საქმე ნატურალურ პროდუქციას ეხება; ამ ყველაფერმა ძალიან დიდი თანხები მოითხოვა. ამავე კომპანიაშია შექმნილა ისეთი სუნამოები, როგორიცაა „გუჩი“, „შანელი“, „დიორი“, „ივ სენ ლორანი“. ამ მსოფლიო ბრენდებთან ერთად დევს დახლზე „ნიკოლასი“, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად შევეცადე, ისეთი სუნამო შემექმნა, რომელიც არ დაიკარგებოდა და საბედნიეროდ, დაფასდა ჩვენი შრომა და ნიკოლასის სუნამომ მსოფლიო ბრენდების სუნამოებს შორის დაიკავა ადგილი.
– დიდ ფინანსურ საჭიროებებს როგორ გაუმკლავდი?
– ბრენდ „ნიკოლასის“ შექმნის დღიდან, უკვე 11 წელი გავიდა და მე არასდროს მქონია ვინმესთან კოლაბორაცია. არც დამფინანსებელი მყოლია. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, საკუთარი შრომითა და დანაზოგით გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ბრენდმა „ნიკოლასმა“ შემოგთავაზათ. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს ცხოვრებას მოვაკლო ბევრი რამ ბრენდ „ნიკოლასის“ გაზრდის სანაცვლოდ. ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ჩემი შვილი, რომელსაც ნელ-ნელა ვზრდი. ფინანსები, ისევ და ისევ, ჩემი თავისგან მოვიძიე, ბოლო კოლექციებიდან დანაზოგი გავაკეთე. დამიჯერეთ, საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, აქ დამფინანსებელს ფიზიკურად ვერ იპოვი. ან იპოვი და ისეთი შემოთავაზებები ექნება, რომელსაც ცხოვრებაში არ დავთანხმდები. ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი ჩემი იყოს და ამ დიდი კედლის უკან მხოლოდ მე ვიდგე. არ მინდა, ვინმეს წინაშე თავი ვალდებულად ვიგრძნო. ყოფილა შემოთავაზებები დიდ თანხებზე, კიდევ უფრო დიდ თანხებზეც, მაგრამ თუ მას თანხმდები, საკუთარი ცხოვრება აღარ გაგაჩნია. ადამიანიც კი აღარ ხარ, სხვაზე ზედმეტია ლაპარაკი.
– მთავარ ხაზსაც, სამოსს ვგულისხმობ, არ ღალატობ...
– როცა საკუთარი თავის ფასი იცი, როცა საკუთარი შრომის ფასი იცი, რომელიც ბრენდისთვის 11 წლის განმავლობაში გასწიე, მარტივად არ ნებდები. მე კარდაკარ დავდიოდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცნობილი არ ვიყავი. მაშინ არ ვიყავი „ნიკოლასი“, ვიყავი ნიკო ქანთარია, რომელიც ჩამოვიდა სამეგრელოდან და უნდოდა, დიზაინერი გამხდარიყო. მაშინ არ მთავაზობდნენ ინტერვიუებს, მაშინ თავად ვეხვეწებოდი ხალხს, რამე ინტერვიუ ჩაეწერათ. ეს ძალიან რთული პროცესი იყო. არა მგონია; ამაზე ოდესმე უარი ვთქვა. ყველაზე ძვირფასი, რაც დღეს გამაჩნია, ჩემი შრომით მოპოვებული სახელი და ჩემი მომხმარებლების სიყვარულია. ეს ყველაფერი წინ წაიწევს როგორც პარფიუმში, ისე სამოსში. სუნამო რეალიზაციაში წავიდა თუ არა, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთმა კარგმა პლატფორმამ შემომთავაზა კვირაში ერთხელ წავიყვანო საკუთარი გადაცემა სუნამოებთან დაკავშირებით, სახელწოდებით „პარფიუმი“.
– როგორ ახერხებ სულ ასეთ ფორმაში ყოფნას, დიდ დროს უთმობ თავის მოვლას?
– თუ გინდა, ყოველთვის აქტუალური იყო და შენი ბრენდი სწორად გაიყიდოს, შენ თვითონ უნდა იდგე მოწოდების სიმაღლეზე. კი, მე მაქვს თავის მოვლის რუტინა დილა-საღამოს, მაგრამ, ზოგჯერ ისეთი გადარბენა მაქვს, გადაღებიდან სახლში მივსულვარ და მთელი მეიქაფით ჩამძინებია. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებ ყველაფრის ისე გაკეთებას, როგორც საჭიროა. ვიღაცებს შეუცდომელი ჰგონიხარ, იმიტომ რომ ცნობადი ხარ, ფიქრობენ, რომ სახლშიც „გუჩი“, „ვერსაჩე“ და „ნიკოლასი“ მაცვია. არადა, რეალურად, ჩემი ადამიანი სახლში და ჩემი ადამიანი გარეთ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაქსიმალურად ვცდილობ, თავს მივხედო იმდენად, რამდენადაც ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა მოუაროს თავს. თუმცა, ვაღიარებ, შეიძლება, ცოტათი გადაჭარბებულადაც ვუვლი (იცინის). არ მიყვარს თავის მოვლის რუტინაში მცირეოდენი მაინც თუ მაკლია. 
შეიძლება, ყველაფერი მოვიკლო, მაგრამ რაც სილამაზეს სჭირდება, იმ პატარა დეტალებზე უარს ვერ ვიტყვი.
– არც ისე პატარაა.
– კი, ძალიან ბევრია (იცინის). ჩემ მიერ გამომუშავებული თანხის ძირითადი ნაწილი თავის მოვლის საშუალებებში მიდის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გაკეთებული არაფერი მაქვს. ერთადერთი, რამდენიმე წლის წინ „ჰოლივუდის ღიმილი“ გავიკეთე. შეშვებული და მოშვებული არაფერი მაქვს (იცინის). ჯერჯერობით სრულიად ნატურალური ვარ, მაგრამ როცა ამის დრო მოვა, რაც დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ.
– როგორც შენმა გულშემატკივრებმა უკვე გაიგეს, შენს ცხოვრებაში დიდი სიყვარული გამოჩნდა. როგორია შეყვარებული ნიკოლასი?
– თქვენ რა გამოგეპარებათ (იცინის). რეალურად, პირველად ვარ ასეთი შეყვარებული და ალბათ, ის ადამიანი ვიპოვე, რომელიც სწორ დროს მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და უდიდესი ადგილიც დაიმკვიდრა. ეს ადამიანი მზრუნველი და საოცარი აურის მატარებელია. სიყვარული კი – ეს ის წყაროა, რომელიც შემდგომ უკვე ყველაფრის ინსპირაცია ხდება.
– ძალიან ესთეტი ხარ და წინა ინტერვიუში ვსაუბრობდით იმაზე, რომ შენი შეყვარებულიც ასეთი უნდა ყოფილიყო. როგორია ადამიანია შენი რჩეული?
– ოთხი თვეა, რაც ეს ხდება. ინიციატორი თვითონ იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ამისთვის მზად არ ვიყავი, საქმეზე ვიყავი გადართული, მაგრამ თურმე, მართლა არასდროს უნდა თქვა არასოდეს. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც არ არის ძალიან გადაყოლილი ესთეტიკაზე. თავის მოვლის რუტინებზე და ასე შემდეგ. ძალიან ჩვეულებრივი ადამიანია. ჩემსავით ზედმეტად არ უვლის თავს (იცინის). აკეთებს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც მე. თუმცა, მოსწონს, რომ მე ასეთი ვარ და თავადაც ბევრჯერ შეუძენია ჩემთვის თავის მოვლის საშუალებები. ასე რომ, ამ მხრივაც ვუგებთ ერთმანეთს. ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებისთვის საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში გვაქვს აცდენა, მაგალითად, პროფესიულადაც ძალიან შორის ვართ ერთმანეთისგან, ძალიან თავშეკავებულია, მაგრამ ყველაფერში უმარტივესად მიგებს და არასდროს ვკამათობთ. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა და ერთმანეთს თვალებში რომ შევხედავთ, კარგად გვესმის სათქმელი. მართლა არ მეგონა, თუ ურთიერთობაში ასეთი რამ რეალურად შესაძლებელი იყო. მისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. ის ჩემი მოტივატორია. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ეს მჭირდებოდა. ჩემი მოტივაცია ყოველთვის ჩემი მშობლები იყვნენ. ახლა ეს როლი ამ ადამიანმა მოირგო. უზომოდ მზრუნველია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას გიყვებით, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ხდება. მე მაკლდა ეს ყველაფერი. ძალიან ჯიუტი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, მე მოვირგო ადამიანი. ძალიან ეგოისტი, ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ, ეს თვისებები ცოტა პათოლოგიისკენაც კი გადამდის, ჩვეულებრივი ქართული კაცური მომენტები მერთვება, მაგრამ ზუსტად ვიცი, სად უნდა გავჩერდე, რა არის ზღვარი, რომელსაც აღარ უნდა გადავაბიჯო. ეს ადამიანი ამ მხრივაც მასტაბილურებს და სრული ჰარმონია გვაქვს.
– რომანტიკულები ხართ?
– მე მეგონა, რომ მე ვიყავი ყველაზე რომანტიკული ადამიანი დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს, საქართველოში. მაგრამ გავიცანი ჩემზე რომატიკული ადამიანი. თან, იმდენად რომანტიკულია, მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემს სახლში უამრავ რომანტიკულ დეტალს შეხვდებით და ყველაფერი მისი გაკეთებულია. ყველაზე მეტად ეს მაბედნიერებს. ვერ ვიტან რომანტიზმისგან დაცლილი ადამიანების ცხოვრებას. ამ ურთიერთობამ მთლიანად ამომატრიალა. ის ძალიან კარგ ურთიერთობაშია ჩემს მშობლებთანაც. მარტივად რომ ვთქვა, იდეალური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარაა, ძალიან ბევრი ესმის და იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





