როგორ დაეხმარნენ თამრი ხურცილავას ნინო და ილიკო სუხიშვილები ყველა რთულ მომენტში და როდის დაუბინდა მას გონება ბედნიერებამ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 14.12, 2021 წელი
„სუხიშვილების“ მოცეკვავე და მსახიობი თამრი ხურცილავა მაყურებელმა ბევრი წლის წინ ერთ-ერთი ქართული სერიალიდან გაიცნო. თუმცა, მანამდე იყო მოცეკვავის წარმატებული კარიერა, რომელიც დღემდე გრძელდება.
თამრი ხურცილავა: ჩემი ბავშვობა რთულ 90-იან წლებს დაემთხვა. ცოტა თავისებური ვიყავი, დედაზე ძალიან მიჯაჭვული. მის გარეშე არსად მივდიოდი. ჩემს ძმასა და დეიდაშვილ-ბიძაშვილებთან ვმეგობრობდი. სხვებთან მაინცდამაინც არა. კლასში ერთი მეგობარი მყავდა. ცოტა განსხვავებულ ადამიანებს ვეძებდი, ყველასთან ვერ ვმეგობრობდი. ვმეცადინეობდი და დავდიოდი ცეკვასა და ფორტეპიანოზე. ცეკვაზე სიარული პირველივე დღიდან მაბედნიერებდა. მეცადინეობა რომ მეზარებოდა, დედა მეუბნებოდა ხოლმე, თუ არ იმეცადინებ, ცეკვაზე არ წაგიყვანო. ოღონდ ცეკვაზე წავეყვანე და ყველაფერს გავაკეთებდი. ბავშვობა იმერეთში, სამტრედიაში გავატარე და იქიდან წამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ცამეტი წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება.
– როდის შეხვდით „სუხიშვილებს“?
– ჩემი დამოუკიდებლობა ზუსტად მათთან შეხვედრას უკავშირდება. ცეკვაზე შევედი თუ არა, იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ „სუხიშვილების“ გარდა არსად მინდოდა. ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება, სულ ამაზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც ბათუმში ვისვენებდი და „სუხიშვილების“ კონცერტზე აღმოვჩნდი. ავტოგრაფისთვის მივედი ერთ-ერთ მოცეკვავესთან და ვუთხარი, სხვათა შორის, ჩემი ოცნებაა სუხიშვილებში ცეკვა-მეთქი. არანაირი მიზანი არ მქონია, უბრალოდ, ჩემი ბავშვური ოცნება გავუზიარე. გულში კი მქონდა მიზანი, როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი, მივსულიყავი სუხიშვილებთან და ჩემი თავი წარმედგინა. ამ გოგომ, რომელიც პუსკა (ეთერ) გამსახურდია გახლდათ, შემომხედა, ნინოსთან და ილიკოსთან წამიყვანა და ეუბნება: ნახეთ, რა მაგარი ბავშვია, ჩვენთან ცეკვა უნდაო. უცებ წრე შეიკრა ჩემ გარშემო და ყველა მე მიყურებდა. არ მჯეროდა, თავი სიზმარში მეგონა. ამ დროს ნინო მეუბნება: სექტემბერში სტუდიას ვხსნით თბილისში და შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდეო.
– თბილისში არ ცხოვრობდი და 13 წლის იყავი – ეს დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ამ დროს ოცნება გიხდებოდა...
– ბედნიერებისგან გონება დამებინდა (იცინის). დედაჩემი არც დაფიქრებულა, მაშინვე მხარი დამიჭირა. ჩვენი ბევრი ნათესავი ცხოვრობდა თბილისში და გადაწყდა, რომ რაღაც პერიოდი მამიდასთან ვიცხოვრებდი. ჩემი თავი მამიდას ჩააბარა. მამას ძალიან გაუხარდა, მაგრამ ცოტა წინააღმდეგი იყო. ნერვიულობდა, პატარა ბავშვი სად უნდა გავუშვათო?! ბოლოს მომავლის პერსპექტივაზე ფიქრმა სძლია და გამომიშვეს. იქიდან დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება.
– მერე ახალი პროფესიაც შემოვიდა შენს ცხოვრებაში...
– რაზედაც ვოცნებობდი, ყველაფერი მქონდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გადავწყვიტე მესწავლა. ჩემებსაც და მეც გვინდოდა, რომ ცეკვის გარდა, სხვა პროფესია მქონოდა. ჩემთან ძალიან ახლოს იყო მსახიობობა და გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა. ეს ნაბიჯი მამაჩემისგან ჩუმად გადავდგი, რადგან მამას ტრადიციული ქართული ხასიათი აქვს და ჩემთვის ცოტა უფრო სერიოზული პროფესია უნდოდა (იცინის). საუკეთესო შედეგებით ჩავაბარე და უფასოზე მოვხვდი ისეთ პერიოდში, როცა ამის არავის სჯეროდა, თან ისე, რომ რეპეტიტორებთან არ ვემზადებოდი, რაც აბიტურიენტებისთვის წარმოუდგენლად ჟღერდა. არავის სჯეროდა, რომ ამას დამოუკიდებლად შევძლებდი, მაგრამ დავამტკიცე, რომ შესაძლებელი იყო.
– მერე იყო „ჟამი ყვავილობისა“, რომლითაც გაგიცნო მაყურებელმა.
– საპნის ოპერა არ არის ჩემი, თუმცა სტუდენტი ვიყავი – პრაქტიკაც მჭირდებოდა და ანაზღაურებაც, ამიტომ დავთანხმდი და გამოცდილებად მივიღე – კამერასთან მუშაობა ვისწავლე. მომიხდა ცეკვასა და თეატრალურს შორის არჩევანი გამეკეთებინა, რადგან თეატრალურში სწავლა დიდ დროს მოითხოვდა. ცეკვიდან ცოტა ხნით პაუზა ავიღე. ნინომ და ილიკომ კარგად გამიგეს და მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება. თავიდან ბოლომდე თეატრალურითა და თეატრით ვიყავი მოცული. ერთი ზღაპრული სამყაროდან მეორე ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. ძალიან გამიმართლა, მაგრამ მერე ძალიან მენატრებოდა ცეკვა. იმ მომენტისთვის, როგორც მოცეკვავეს, ჩემი რესურსი არ მქონდა ბოლომდე გამოყენებული. მსახიობს შეგიძლია, ნებისმიერ ასაკში აკეთო შენი საქმე, მაგრამ მოცეკვავე დროში შეზღუდული ხარ, მთელი ცხოვრება ვერ იცეკვებ. ამიტომ გადავწყვიტე, ცეკვას დავბრუნებოდი და ამ საქმეში ჩემი თავი ამომეწურა.
– პირად ცხოვრებაზე მინდა, გკითხო: როგორი ადამიანი წარმოგიდგენია გვერდით?
– ჩემთვის მთავარია, ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იქნება, შეეძლოს ყველაფრის კეთება და ამის სურვილიც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ისე, რომ სხვა არ დააზიანოს. მისი შემოსავალი არ არის მთავარი. მგონია, რომ ქალს თავისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს და ამ მხრივ, მამაკაცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული – ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ძნელია იმის თქმა, კიდევ რა თვისებებია საჭირო. პირველ რიგში, ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი უნდა იყოს. ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, იყოს მიზანდასახული და რაც ენდომება, ყველაფრის გაკეთება უნდა შეეძლოს. შინაგანად ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომ არაფრის გამო უკან არ დაიხიოს. ცოტა რთულია ასეთი ადამიანის პოვნა (იცინის). გახსნილი გონება უნდა ჰქონდეს და ჩემი პროფესიის გამო ეჭვიანობის სცენები არ ახასიათებდეს. მგონია, რომ ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობ?
– მგონია, რომ ხელის მოწერა და მსგავსი რამ საჭირო არ არის, ეს მხოლოდ ჩარჩოებია. ადამიანი თუ მიყვარს და ჩემ გვერდითაა, არ არის საჭირო ამის ხელის მოწერით დამტკიცება. ჩემთვის ამით არაფერი იცვლება. ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლება ოჯახი შექმნა და ძალიან კარგად იყო. ოფიციალურობა ცოტა არ მსიამოვნებს. ხელის მოწერა რისთვის არის საჭირო, ქონების გასაყოფად?! მგონია, რომ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.
– ბინასთან დაკავშირებული ახდენილი ოცნებაც გავუზიაროთ ჩვენს მკითხველს.
– ბინა საჩუქრად რომ მივიღე, ჩემთვის ძალიან მაგარი ამბავი იყო, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ იმ კომპანიის უფროსებმა „გადაგვაგდეს“. თუმცა მანამდე „სუხიშვილების“ სახელით რეკლამა გაიკეთეს. ახლა სხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე ამ პროექტის გაგრძელება და მთელი ამბით ველოდებით. სავარაუდოდ, 2023 წელს დასრულდება და ჩაგვბარდება. ახლა ისევ ქირით ვცხოვრობ და სულმოუთქმელად ველოდები, როდის მექნება საკუთარი ბინა. არადა, ეს ამბავი რომ გავიგე, ბედნიერებისგან მთელი ღამე არ მეძინა, თვალებდაჭყეტილი ვიყავი (იცინის). იმედია, ჩემი ოცნება მალე ასრულდება.
– რა ადგილი უჭირავთ ილიკოსა და ნინოს შენს ცხოვრებაში?
– ნინო და ილიკო ჩემი ცხოვრების ყველა პრობლემის დროს მიდგანან გვერდით. ისინი რომ არა, არ ვიცი, რა იქნებოდა. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარნენ. ჩემი ოჯახის წევრები არიან. იყო რაღაცები, რაზეც ჩემს ოჯახთან არ მისაუბრია, მაგრამ მათთვის მითქვამს და ძალიან დამხმარებიან. მეგობრულები არიან და ყოველთვის ითვალისწინებენ მოცეკვავეების მდგომარეობას. შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და სიხარულიცა და ტკივილიც ერთად გადაგვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან