შოუბიზნესი

როგორ დაეხმარა გიორგი დათიაშვილს სიდედრი საყვარელი გოგოსთვის ხელის თხოვნაში

№6

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 07.02

გიორგი დათიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა თავის რჩეულს – ელისაბედ ავალიშვილს ხელი სთხოვა. სიმღერის „ძველებურად უდარდელი აღარა ვარ“ შესრულების შემდეგ, გიორგიმ Elis Band–ის დრამერს, ელისაბედ ავალიშვილს სცენაზე დაუჩოქა, ხელი სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო.

გიორგი დათიაშვილი: ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტია. ამ ადამიანში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ასეთ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და რაც ეს გავაკეთე, თავს სამოთხეში ვგრძნობ. ლიზა კიდევ უფრო და უფრო მიყვარდება. ბედნიერი ვარ, რომ ისაა მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი პარტნიორი.

– როგორ დაგეგმეთ ხელის თხოვნა?

– ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი. დაახლოებით 4-5 თვეა, მინდა, ხელი ვთხოვო. 2 იანვარს ვაპირებდი. რადგან პირველ იანვარს იუბილე გვქონდა, მეორე დღეს, ბედობას გადავწყვიტე, ვფიქრობდი, ერთმანეთს დავიბედებთ–მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ხელის თხოვნა არ დაგვებედოს-მეთქი (იცინის). მერე 15 იანვარს მინდოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ 12 იანვარს მქონდა ძალიან კარგი შანსი. ამ დღეს ჩვენი ახალი ბენდის პრეზენტაცია იყო, ჩვენი ყველა ახლობელი უნდა მოსულიყო და ვიცოდი, რომ ვერაფერს მიხვდებოდა. ეს შანსი გამოვიყენე, ისიც შოკში ჩავაგდე და მე თვითონაც შოკში ვიყავი (იცინის).

– სიმღერის დასრულების შემდეგ დაიჩოქეთ და ხელი სთხოვეთ. მოულოდნელობის ეფექტი ბოლომდე შეინარჩუნეთ?

– ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ საერთოდ ვერაფერს მიმხვდარიყო (იცინის). ბოლო მომენტამდე არანაირი ეჭვი არ გასჩენია, მიზანს მივაღწიე. ორივე სცენაზე ვიდექით და ბედნიერებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ბეჭდის გაკეთებას რომ ვცდილობდი, ცალკე იმას უკანკალებდა ხელი და ცალკე მე და ბოლოს, როგორღაც შევძელი მის თითზე მომერგო (იცინის).

ალბათ, ძალიან ნერვიულობდი.

– ბეჭდის ყიდვის პროცესში ცოტას ვნერვიულობდი, ვცდილობდი, სწორი არჩევანი გამეკეთებინა, რომ მოსწონებოდა. შერჩევაში მისი დეიდაშვილი მეხმარებოდა და მთელ ოქროს ბირჟას რამდენჯერ დავარტყით წრე, ვერ დავთვლი. ბოლოს ერთმა ბეჭედმა დაგვიძახა. დედამისსაც გავუგზავნეთ, რომ არჩევანში დარწმუნებული ვყოფილიყავით.

– ესე იგი, სამზადისში სასიდედროც იყო ჩართული.

– კი, რა თქმა უნდა. სანამ ჩვენი ლაივი დაიწყებოდა, არანაირი ნერვიულობა არ მიგრძნია, მაგრამ სიმღერა რომ დავიწყე და კულმინაციურ მომენტს ვუახლოვდებოდი, უკეთ გავაცნობიერე, რა ნაბიჯს ვდგამდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცოლი გახდებოდა. იმდენად ბედნიერი და აღტყინებული ვიყავი, სიმღერის მომენტშიც კი ცრემლების შეკავება მიჭირდა, ხმა მიკანკალებდა, ძლივს ვმღეროდი. ბოლო სიმღერა, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი ვთხოვე, მართლა ძლივს ვიმღერე, სიმღერის შესრულების დროს ვქვითინებდი (იცინის).

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– ლიზა ჩემი საახალწლო საჩუქარი იყო. ერთმანეთი ერთი წლის წინ, 31 იანვარს მისი მეგობრის საშუალებით გავიცანით. შემდეგ დღეს ორივეს სხვადასხვა ადგილას გვქონდა კონცერტი. მერე მისმა დაქალმა დამირეკა, მოდი, ლიზაც აქ არისო. ამ დროს ჩემი კონცერტი უკვე დასრულებული იყო და მეგობართან ერთად გასართობად მივდიოდი. მე ამას ბედისწერის ძახილს ვეძახი, სხვანაირად არ ვიცი, როგორ ავხსნა ის გრძნობა, რომელმაც მაშინ ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა. თითქმის მისული ვიყავი დანიშნულების ადგილას, მაგრამ მანქანიდან გადმოვედი და ლიზასთან და მის მეგობართან ფეხით წავედი. არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ლიზა იქ გავიცანი კარგად და ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა. ორივეს დიდი სიმპათია გვქონდა ერთმანეთის მიმართ და აქამდე მოვედით.

– სიყვარულში რამდენ ხანში გამოუტყდით ერთმანეთს?

– ძალიან მალე. 7 თებერვალს გავხდით ოფიციალური წყვილი. მანამდეც ვიცოდი, რომ მიყვარდა, მაგრამ იდეალურ მომენტს ვეძებდი ამის სათქმელად. უკვე გარკვეულები ვიყავით ჩვენს გრძნობებში და დარწმუნებული ჩვენს არჩევანში. იმ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავით. გამორჩეული დღე იყო, ბედნიერი მომენტები მიეწყო ერთმანეთს და მივხვდი, რომ ეს იყო დღე, როცა ჩემი გრძნობების შესახებ უნდა მეთქვა. მეგობრები რომ გავიდნენ და მე და ლიზა მარტო დავრჩით, ვუთხარი და პასუხად მისგანაც იგივე მივიღე.

– ალბათ, სასიდედროსთანაც მეგობრობ.

– მე ძალიან მიყვარს ლიზას ოჯახი. მისი დედა ხომ შენი საყვარელი ადამიანის გაზრდილი ვერსიაა და როგორ არ უნდა გიყვარდეს?! „ვოისის“ შემდეგ ცოტა დაკარგული ვიყავი და ლიზას დედამ თავის ობიექტზე დამაწყებინა მუშაობა. დამეხმარა, ფეხზე დამაყენა. მისმა ოჯახმა გამიკვალა კარიერული გზა. ეს რომ გვერდით გადავდოთ და პიროვნულად დავახასიათოთ, დედამისი ძალიან კარგი ადამიანია, ერთ–ერთი ყველაზე გულახდილი და თბილი, ვინც ოდესმე შემხვედრია. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობდნენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

– რა ასაკიდან მღერი?

– დაახლოებით, ხუთი წლიდან ვმღერი. ჯაზ-ვოკალზე დავდიოდი, დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე. დიდხანს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ჩემს ხმას ვიკვლევდი, ვძერწავდი. მინდოდა, საქართველოში საუკეთესო ვყოფილიყავი, ძალიან ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ჯერ საუკეთესო არ ვარ, წინ დიდი გზა მაქვს. შემდეგ დავიწყე ტელევიზიებში სიარული და ვცდილობდი, ჩემი თავი წარმომეჩინა. შეიძლება, ითქვას, რომ ყველაფერი ქუჩის მუსიკოსობიდან დაიწყო. ქუჩაში გამიცნო დათო ევგენიძემ. პროექტს აკეთებდა ქუჩის მუსიკოსებზე და ამ პროცესში აღმომაჩინა. ამის შემდეგ ყველანაირად გვერდში მედგა, ცდილობდა, ყველგან გამოვეჩინე. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი კარიერის განვითარებაში და მისი ძალიან მადლიერი ვარ. შემდეგ „ბიგ-ბენდშიც“ დავიწყე სიმღერა. „ვოისი“ საბოლოო წერტილი იყო. მივხვდი, რომ თუ ჩემს თავს გამოსაჩენ ადგილას არ დავდებდი, იქ სადაც მასის უმეტესობა დაინახავდა, პოპულარული ვერ გავხდებოდი. ამიტომაც გავედი ამ პროექტში, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მხიბლავდა ასეთი პროექტები. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. მე და ლიზა ახლა უკვე სწრაფ მანქანაზე ვზივართ და ჩვენი კარიერა ერთად მიექანება წარმატებისკენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი