როგორ დაამარცხა ტატო გოდერძიშვილმა ყაზახურ „ვოისში“ ყაზახი მომღერალი და რა წარმატებები აქვს მას მსოფლიოში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 04.12, 2023 წელი

ქართველმა მომღერალმა, ტატო გოდერძიშვილმა, ყაზახურ „ვოისში“ ყაზახური სიმღერის შესრულებით რინგის ტურში ყაზახი მომღერალი დაამარცხა. ის თავად მოგვიყვება, როგორ მოხვდა ამ კონკურსში და რისი მოლოდინი აქვს.
ტატო გოდერძიშვილი: შარშანწინ ყაზახეთში გასტროლი მქონდა, რომლის ფარგლებშიც სამი ქალაქი მოვიარე. როგორც ჩანს, ერთ-ერთ კონცერტს ყაზახური „ვოისის“ პროდიუსერი დაესწრო და ჩემი სიმღერა მოეწონა. საქართველოდან 40-ამდე მომღერალი იყო წარდგენილი, მაგრამ რატომღაც ისინი გვერდზე გასწიეს და თვითონვე უთქვამთ საქართველოში მათი წარმომადგენლისთვის – ნინო შალამბერიძისთვის, რომ სურვილი ჰქონდათ, მათთან მე ჩავსულიყავი და იქაურ „ვოისში“ მიმეღო მონაწილეობა. პირადადაც დამიკავშირდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი იქ წასვლას ერთი ელემენტარული მიზეზის გამო – ჩემი ცხოვრების განმავლობაში 4 საერთაშორისო ფესტივალი მაქვს მოგებული. დაწყებული საქართველოდან, გაგრძელებული ამერიკა, გერმანია, ლიტვა-ლატვია, ესტონეთი, შევედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, ისრაელი, უკრაინა, სად აღარ მიმიღწევია დიდი წარმატებისთვის. თითქოს, ეს ეტაპი უკვე გავლილი მქონდა, შემდგარი მომღერალი ვიყავი და სცენაზე ვიდექი. დაჟინებული უარის მიუხედავად დამითანხმეს. წავედით პირველ ტურზე, სადაც ღმერთის მადლით, ჟიურის ოთხივე წევრი შემოვაბრუნე.
– როგორი მოლოდინი გქონდათ?
– ჩემთვის ეს ამბავი საკმაოდ რთული იყო. ყაზახეთის „ვოისის“ წარმომადგენლობას ცოტა რთული დღის წესრიგი ჰქონდა. გამომსვლელები დილის რვა საათზე მიგვიყვანეს და მოგვამზადეს, რისთვისაც ორი საათი იყო საჭირო. მერე მთელი დღე გვალოდინეს. ღამის პირველის წუთებზე მომიწია სცენაზე გასვლა და სიმღერა. ისიც კი არ ვიცოდი, ვის შემდეგ უნდა მემღერა. სცენაზე გასვლამდე რამდენჯერმე მიმეძინა და უცებ შემაფხიზლეს, ჩქარა, ჩქარა, თქვენი ჯერიაო. სცენაზე გამოუძინებელი, დაღლილი, ახალი შეფხიზლებული გავედი და ძალიან გამიჭირდა. თუმცა, რომ წარმოვიდგინე, ჩემს უკან ჩემი საქართველო და ქართველი ხალხი იდგა, მაქსიმალურად მოვინდომე.
– ამის მიუხედავად, არ გაგჭირვებიათ ეფექტის მოხდენა.
– საოცრად არ მიყვარს ჩემი თავის ქება. ჩემი ნამღერი არასდროს მომწონებია, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ამის მიუხედავად, იქ ჩემი შესაძლებლობების 65 პროცენტი თუ გამოვიყენე. ჩვენი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის – გია მაჭარაშვილის სიმღერა „ზაფხულის წვიმაში“ შევასრულე. უფრო კარგადაც შემეძლო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო ასეთი შეფასება, განებივრებული ვარ ქათინაურებით ჩემი ნიჭიერიების მიმართ, რომელიც ღმერთმა მიბოძა და ჩემი შესაძლებლობების გამო კომპლიმენტებს ხშირად ვიღებ პუბლიკისგან. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ ყველა მოტრიალდა და ყველას უნდოდა, მის გუნდში წავსულიყავი. ერთმა, საერთოდ, მთლიანად ალბომის დაფინანსება შემომთავაზა. ამან გამახარა, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები რომ სრულად ვერ გამოვავლინე, ამის გამო მაინც გული დამწყდა.
– რაც შეეხება რინგის ტურს, სადაც ყაზახ მომღერალს მოუგეთ. საკუთარ ქვეყანაში მოუგო მომღერალს, ალბათ, ეს არ არის მარტივი. ელოდით ამ გამარჯვებას?
– სიმართლე გითხრათ, გულის სიღმეში მართლა არ ველოდი ამ გამარჯვებას. ვიცოდი, რომ მათ მოედანზე ვთამაშობდი. თან, ეს გოგო არაჩვეულებრივი ვოკალისტია და ყაზახეთისთვის საკმაოდ ცნობადი სახე. მე ძალიან მინდოდა კარგი ნომერი გამოგვსვლოდა და შევთავაზე რამდენიმე ერთობლივი რეპეტიცია გვქონოდა. თავიდან დამთანხმდა. არ ვიცი, მერე დაიბოღმა თუ რა მოხდა, მაგრამ არ შემხვდა. სიმღერა ქალის ტონალობაში უნდა შეგვესრულებინა, რაც ჩემთვის ცოტა მაღალი იყო, ვთხოვე, ერთი ტონით დაბლა დაგვეწია. ალბათ, იფიქრა, რომ გამიჭირდებოდა, თავი მოიკლა და ამშემოთავაზებაზე არ გამომყვა. მიუხედავად ყველაფრისა, უფლის წყალობით შვძელი და ქალის ტონალობაში ვიმღერე. ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა ყველაფერი. შემდეგ ეს მომღერალი გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა.
– დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედია, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებაზე ვისაუბრებთ. მანამდე კი თქვენი კარიერის შესახებ მოგვიყევით.
– რაც შეეხება ჩემს კარიერას, ოთხი წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში რობერტ ბარძიმაშვილმა შემამჩნია და ძალიან მოვეწონე. პატარა თეთრი ნაბადი მქონდა მოხურული და „მწყემსურს“ და „ვარალეს“ ვმღეროდი. მითხრა, მეჩვენებინა ჩემი მშობლები და მათ პირდაპირ უთხრა, ძალიან მომეწონა ეს ბავშვი და მინდა, ჩემს ანსამბლში, „ლახტში“, მივიღოო. ჩვენ მაშინ თბილისში თავშესაფარი არ გვქონდა და კახეთიდან მომიწევდა სიარული, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ჩემი განვითარებისთვის თანხმობა განაცხადეს. ბატონმა რობერტმა რეპერტუარი შემირჩია, დავეუფლე ინსტრუმენტებს, იქ გატარებულ წლებში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. მერე კიდევ რამდენიმე ანსამბლში ვიყავი, რის შემდეგაც ინდივიდუალური კარიერა დავიწყე. მე მყავს ბიძა - ნუგზარ თუშიშვილი, საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი. მისი წყალობით დავიწყე ჩემთვის დაწერილი სიმღერების შესრულება. ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც მან ჩემთვის დაწერა, „ფსოუს წყალი“ იყო. 1997 წელს ეს სიმღერა სპეციალურად ჩემთვის დაიწერა და ამ სიმღერით საქართველოში სამი საერთაშორისო ფესტივალი მოვიგე. შემდეგ მოსკოვში აღმოვჩნდი და იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მაშინდელ მამამთავარს მოეწონა ეს სიმღერა და გადაწყვიტა, რომ ჩვენს უკითხავად და შემდეგ დამუქრებით, ნინი ბადურაშვილს შეესრულებინა. თუ ნინი არ იმღერებს, თუ არ დათმობთ ამ სიმღერას, ბინას დაგიყადაღებთო – ამ მუქარით წაგვართვეს ეს სიმღერა მე და ბიძაჩემს. ზარი მაშინდელი კულტურის სამინისტროდან იყო. ბიძაჩემმა უთხრა, რომ ეს სიმღერა მე მეკუთვნოდა და მეც დამირეკეს. მითხრეს, რომ უნდა დამეთმო. მასა არ იცნობს ამ სიმღერას ჩემი შესრულებით და სანამ ეს არ მოხდება, არ დავთმობ-მეთქი, ვუპასუხე. მე რომ გამითიშეს შემდეგ ბიძაჩემს დაურეკეს და მოკლედ, ასე ულამაზოდ და ძალდატანებით მოხდა ამ სიმღერის წართმევა, რაც ძალიან მტკივნეულად მახსოვს. თუმცა, თავად ნინის ვაფასებ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან