შოუბიზნესი

როგორ დააკარგინა დიდი სიყვარული ხათუნა ჯალაღონიას დიდმა ბოროტებამ და ვინ აიძულა მას დიდ სცენაზე დგომა

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 24.09

ხათუნა ჯალაღონია
დაკოპირებულია

მუსიკოსი ხათუნა ჯალაღონია ფართო მასშტაბით მსმენელმა ერთ-ერთი მუსიკალური შოუდან გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ცხოვრება ხელოვნებას უკავშირდება, დიდ სცენაზე გამოსვლა საკმაოდ გვიან და ისიც სხვების დაძალებით გადაწყვიტა, რატომ, ამაზე თავად მოგვიყვება.

ხათუნა ჯალაღონია: ძალიან პატარა, 2-3 წლის ვიყავი, როცა მუსიკის მოსმენისას ან კინოფილმის ნახვის შემდეგ, ნანახისა და მოსმენილის პაროდიებს ვაკეთებდი. ჩემმა ოჯახმა ეს რომ შეამჩნია, ხან რის გამეორებას მთხოვდნენ და ხან – რის. ძალიან ადვილად ვიმახსოვრებდი ქართული თუ უცხოური სიმღერის ტექსტებს და ეტყობა, მოსწონდათ ჩემი შესრულება. როგორც ამბობენ, თავიდანვე კარგად გამომდიოდა. შედარებით კომპეტენტურ ადამიანებს უთქვამთ, ეს ბავშვი საოცარი არტისტული ნიჭით არის დაჯილდოებული, სცენისთვის არის დაბადებულიო. ასე ფიქრობდნენ, თუმცა ჩემმა ბედმა სხვა მხარეს წამიყვანა – უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე. ენების მიმართაც განსაკუთრებული მიდრეკილება მქონდა და ასე გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის სცენაზე ვხედავდი. როგორც ჩანს, სასწავლებელშიც პირველივე კურსზევე შეამჩნიეს ჩემი არტისტული ნიჭი და მთელი ხუთი წლის განმავლობაში თუ კი რამე კონცერტი იმართებოდა უცხო ენათა ინსტიტუტში, ქორეოგრაფიც მე ვიყავი, რეჟისორიც და შემსრულებელიც, ჩემს მეგობრებთან ერთად. პოპულარულები გავხდით და ინსტიტუტის ფარგლებსაც გავცდით. სწავლასაც ვახერხებდი და ამ მხრივაც ძალიან აქტიური ვიყავი. მოვახერხე ხელოვნებას ხელი არ შეეშალა სწავლა-განათლებაში და ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე. მერე ასპირანტურაზეც ვისწავლე. ეს წლები ჩემი ოქროს ხანა იყო.

– მსმენელს თავიდანვე განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება ჰქონდა...

– უდიდესი ემოციები მოდიოდა მათგან. გადავსებული იყო ხოლმე კლუბი თუ დარბაზები. საოცარი წარმატება მოვიდა, საოცრად დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა, ეს საქმე გამეგრძელებინა. როცა ღმერთი ასეთ ნიჭს გაძლევს, ის სწორად უნდა განავითარო. სადაც არ უნდა დაემალო, ის მაინც ამოხეთქავს. თეატრალურში არ წავედი, როგორც გითხარით, სხვა მიმართულებით მივიღე განათლება, მაგრამ ხელოვანმა მაინც ჰპოვა ჩემში რეალიზება.

– როგორ მოხდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დადექით დიდ სცენაზე, შოუს ფარგლებში და არა წლების წინ?

– ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ჩემი ოცნება დიდ სცენაზე გამოჩენა. არ მქონია ამის ამბიცია. პატარა სცენა ყოველთვის მქონდა და ეს მაკმაყოფილებდა. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ და შენ ყველამ უნდა მოგისმინოს, მაშინ ამბიცია არ მოგასვენებს და დიდ სცენამდე მიგიყვანს, თუ ეს შეგრძნება არ გაქვს, მაშინ ასე ვერ მოხდება. მე არ მაქვს ასეთი მაღალი თვითშეფასება, არ მაქვს მოთხოვნილება, ყველამ მისმინოს. ბოლოს იმიტომ აღმოვჩნდი დიდ სცენაზე, რომ ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მოვექეცი მეგობრების მხრიდან. მაგრად შემავიწროვეს (იცინის). ერთმა მეგობარმა მითხრა, ან ამ კონკურსში, „ქავერშოუს“ ვგულისხმობ, გამოხვალ ან შენი ხმა აღარასდროს გავიგო. რა გჭირს, ვისაც არ ეზარება ყველა სცენაზე დგას და შენ რა გემართება, გადადგი ნაბიჯიო. სხვათა შორის, ერთმა ძალიან ნიჭიერმა და გამოცდილმა მომღერალმა მითხრა, შენ თუ იმას, რაც შიგნით გაქვს, გარეთ არ გამოუშვებ, თუ მის რეალიზებას ფართო მასების წინაშე არ მოახდენ, ეს შიგნიდან დაგაგნგრევს და იცოდე, მთელი ცხოვრება უბედური იქნები. როცა ნიჭი არსებობს, ის მოითხოვს რეალიზებას, თორემ პირდაპირ გეუბნები, ჯანმრთელობას დაგიზიანებს. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ეს უნდა გააკეთოო. ამ სიტყვებმა ცოტა შემაშინა და დღეს ამ ადამიანის მადლობელი ვარ. საერთოდ, ყველასი მადლობელი ვარ, ვინც მლანძღა და მთათხა, ოღონდ დიდ სცენაზე გამოვსულიყავი (იცინის).

– თუმცა, ძალიან ინერვიულეთ.

– საშინლად ვნერვიულობდი და გულში ყველას ვლანძღავდი, რას მერჩოდით, ჩემთვის ვიყავი-მეთქი (იცინის). რეალურად, მართალია, ბოლოს და ბოლოს რაღაც დიდი გამოწვევის წინაშე ხომ უნდა დააყენო თავი და სიახლისკენ გადადგა ნაბიჯი?! თუმცა, ამ პროცესში დავანგრიე ჩემი თავი, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავედი და ბოლო წუთამდე საშინელი ბრძოლა მიდიოდა ჩემში. ღმერთო, ეს სად მოვხვდი-მეთქი, ვფიქრობდი და უკანმოუხედავად გაქცევა მინდოდა (იცინის). ეს საშინლად დიდი პასუხისგებლობაა. როცა შინაგანად ამის მოთხოვნილება გაქვს, სხვა მუხტი გამოძრავებს, მაგრამ როცა აიძულებ თავს, სხვა არის. ასაკსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ბავშვები, რომლებიც ამ შოუში მონაწილეობდნენ, შვილებად მეკუთვნოდნენ და მოკლედ, ძალიან რთული თემა იყო ჩემთვის, თუმცა გამოვიდა და ალბათ, ასე იყო საჭირო.

– განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია გაქვთ, სამწუხაროდ, მძიმე დასასრულით, თუმცა ძალიან გამორჩეული... ამაზეც მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს.

– ადამიანს ასეთი შანსი ბევრჯერ არ მოგეცემა. მე ერთხელ მქონდა საოცარი შესაძლებლობა და ეს რომ არ გამოვიდა, მერე მივხვდი, რომ ალბათ, აღარც გამოვიდოდა. ოღონდ გავთხოვდე და შვილები მყავდეს-მეთქი – ამ ფიქრით, მერე აღარც მქონია მცდელობა. ჩემთან განსაკუთრებული სიყვარული პატარა ასაკში მოვიდა. იმდენად საოცარი ბიჭი იყო, ვინც მიყვარდა – უნაკლო, ჩამოყალიბებული, ძალიან განათლებული, ულამაზესი. ყველაფრით შემკული ადამიანი იყო. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არასდროს ველოდებოდი, მაგრამ 15-16 წლის ასაკში გამომეცხადა და რაც დრო გადიოდა, ვაცნობიერებდი, რომ ზუსტად ასეთი იყო. ეს იყო უანგარო და საოცარი სიყვარული. ახლობლების გასაცნობად რომ ვესტუმრე სახლში, იმდენად დიდი სიმდიდრე ვნახე, რომ ბავშვმა გულამოსკვნილი ტირილი დავიწყე. ვერ მიხვდა, რა მატირებდა და ვერც მე ვუთხარი, რაც ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მივხვდი, რომ დიდი სიმდიდრე ჩემს უანგარო სიყვარულს ბედნიერებაში ხელს შეუშლიდა. წარმოგიდგენიათ, რამდენად სუფთა გულით მიყვარდა ეს ადამიანი? ხალხი სიმდიდრესა და რეგალიებს ეძებს და მე მისმა სიმდიდრემ მართლა ძალიან დამთრგუნა. ამ ადამიანმა ასეთ ასაკში უდიდესი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა, ძალიან სუფთა იყო, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, იმდენად ღრმა იყო, დღემდე მომყვება, გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ვუერთგულე ამ გრძნობას.

– ყველაფერი ზღაპრულად იყო და დიდი ბოროტება ჩაერია?

– ასე მოხდა. სამწუხაროდ, მე ამ ბოროტებას წინ ვერ აღვუდექი, რადგან მაშინ ვერ მივხვდი, რომ ბოროტება იყო. დავუჯერე და გადავირიე. ერთმა ასაკით ჩვენსავით პატარა ადამიანმა, რომელიც თავს მის უახლოეს მეგობრად ასაღებდა, დიდი სივერაგე ჩაიდინა. ჩვენ შორის ჩადგა, მითხრა, მას არ უყვარხარ, გატყუებსო. არ ვიცი, ეს რაში სჭირდებოდა. ამ ადამიანმა ისე აურია ყველაფერი, ისეთი სიბინძურეები მითხრა, რომ ის ბიჭი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, სულ სხვანაირად დამიხატა და დავშორდით. მალე ის გარდაიცვალა. მე ვფიქრობ, დარდისგან. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ძალიან დიდი ტრაგედიები გადავიტანე და მეც ძლივს გადავრჩი. მადლობა ღმერთს, ძალიან ძლიერი ფსიქიკა მქონია, რომ ამას გავუმკლავდი. ასეთ რამეს რომ გადაიტან – ან უნდა გაბოროტდე და მთელ სამყაროზე შური იძიო, ან სხვა გზა აირჩიო და მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბავშვმა ვთქვი, მარტო იმიტომ ვიცხოვრებ, რომ მე თუ არ გამიმართლა, სხვის სიყვარულს მაინც შევუწყო ხელი-მეთქი. ენით აღუწერელი ტკივილი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.

– აღარ შეგყვარებიათ, ოჯახზე არ გიფიქრიათ?

– ამაზე ძალიან დიდი ხანი არ ვფიქრობდი. მერე, საკმაოდ სოლიდურ ასაკში, ერთი ადამიანი გამოჩნდა და ეს საერთოდ პიკი იყო. მერე აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანს უამრავი ნიღაბი ჰქონდა და ბოლოს თვითონაც აღიარა, რომ უკანასკნელი გაიძვერა იყო. სიკვდილის პირას ვიყავი მისული, არ ვიცი რამ გადამარჩინა. მე კიდევ ეს მინდოდა, იმის მერე, რაც გამოვიარე? ამის მერე ვიფიქრე, რომ ალბათ, არ არის საჭირო ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში. მე სიყვარულის ისეთი სილამაზე ვნახე, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოვა. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ასე მგონია, მაგრამ თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩემს სულთან ახლოს მოვა, რაზეა საუბარი. შვილოსნობისთვის უკვე გვიანია, მაგრამ პირადი ბედნიერების უფლება ყოველთვის გაქვს ადამიანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა