შოუბიზნესი

როგორ დააინტერესა თამთა კვარაცხელიამ მსოფლიო ბრენდები საქართველოთი და რა დიდი სტრესი მიიღო მან ბარსელონაში

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 09.06

თამთა კვარაცხელია
დაკოპირებულია

ულამაზესი ტელეწამყვანის, თამთა კვარაცხელიას ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სიახლეა, რის შესახებაც ის დეტალურად მოგვიყვება.

თამთა კვარაცხელია: ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ბევრმა საერთაშორისო ბრენდმა გაურკვეველი დროით გადაავადა პრომარკეტინგული აქტივობების დაფინანსება. ინვესტიციების მიმართ სიფრთხილემ და თავშეკავებამ პირდაპირ იმოქმედა ჩემს საქმიანობაზეც, განსაკუთრებით – ჟურნალ GLAMOUR Georgia-ს გამოცემასა და ღონისძიებების დაგეგმვაზე. წლების განმავლობაში, შუამავალი კომპანიების მეშვეობით, ვმუშაობდი საერთაშორისო ბრენდებთან და მათ მარკეტინგულ მომსახურებებს ვუწევდი. თუმცა, მოცემული ვითარების გამო, ეს კავშირებიც დროებით შეჩერდა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მოლოდინის რეჟიმიდან გამოვსულიყავი და თავად დამეწყო კომუნიკაცია ბრენდებთან, რათა პირადად შემეთავაზებინა ჩემი კომპანიის მომსახურებები: ფოტო და ვიდეო პროდაქშენი, მარკეტინგული მხარდაჭერა, ღონისძიებების ორგანიზება და ასე შემდეგ. გავიგე, რომ ბარსელონაში ტარდებოდა საქორწილო მოდის კვირეული – ევროპაში ყველაზე დიდი ღონისძიება ამ სფეროში, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს. წამში მომინდა, მენახა ეს სილამაზე, თან, ჩემი პირველი დამოუკიდებელი ბიზნესპროექტი, ხომ, სწორედ საქორწილო თემატიკით დავიწყე. ამიტომ, ეს დამთხვევა სიმბოლურადაც მომეჩვენა, რომ საერთაშორისო ბაზარზეც კვლავ საქორწილო თემით შევსულიყავი.

დავიწყე ახალი ბიზნესიდეის განვითარება და ჩამოვყალიბდი, რომ მოდის რუკაზე ევროპისთვის საქართველო შემეთავაზებინა ახალ ლოკაციად საწარმოო პლატფორმისთვის. ბარსელონაში წარმოდგენილი ასობით ბრენდისთვის მოვამზადე პრეზენტაცია, სადაც განვიხილავდი საქართველოს, როგორც პოტენციურ ადგილს საქორწილო კაბების დასამზადებლად. მოვამზადე პრეზენტაცია და უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავიწყე შეხვედრები, რომლის ორგანიზებაშიც დამეხმარა ჩემი ჟურნალის, GLAMOUR Georgia-ს ევროპული აკრედიტაცია. ბრენდების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო, მოკლე დროში ყველა საჭირო კონტაქტი გავიჩინე.

– მართალია, რომ იაპონელები ქუთაისში ჩამოგყავს? როგორ დააინტერესე მსოფლიო ბრენდები?

– მართალია. ივნისში ქუთაისში ჩამოდიან იაპონური მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის წარმომადგენლები. ეს ერთჯერადი მიღწევა კი არა, მიზანმიმართული შრომისა და სტრატეგიული მუშაობის შედეგია. მათი დაინტერესება დაფუძნებულია სამ ძირითად ფაქტორზე: პირველი – ქართულ მოდის ეკოსისტემას ღრმად ვიცნობ. ვიცი, ვინ რაზე მუშაობს, სად არის პოტენციალი და სად – გაუმჯობესების სივრცე. სწორედ ამიტომ შემეძლო, ბრენდებისთვის რეალისტური და მიზანში მოხვედრილი სურათის შეთავაზება. ქუთაისი ჩემთვის სტრატეგიული პლატფორმაა, რადგან ქალაქს აქვს წარმოების რესურსი, მყავს სანდო პარტნიორები, არის ტექნოლოგიური განათლების ბაზა და მუნიციპალური მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ბრენდებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად იმოქმედონ რეგიონში. ბრენდებთან ვსაუბრობ უშუალოდ, პირადად და მათ წარვუდგენ რეალურ გეგმებს, ვაწვდი კონკრეტულ შედეგებს, ვპირდები ხარისხის კონტროლს, რაც უმნიშვნელოვანესია.

ვაწარმოებ მოლაპარაკებებს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმაღლესი კლასის, „ლაქშერი კუტურ ბრენდთან“ სწორედ იმ ბრენდთან, რომლის კაბებიც „ვოგის“ გარეკანებზეა წარმოდგენილი და რომელსაც იცვამენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შერონ სტოუნი, ნიკოლ კიდმანი, კრისი ტეიგენი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოლაპარაკების საგანია ასობით კაბის თბილისში შეკერვა.

– ბარსელონაში მოგზაურობისას უცნაური ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდი, ამაზეც მოგვიყეი...

– ის დღე, როცა შუქი ჩაქრა და ყველაფერი განათდა. ის დღე მართლა არასოდეს დამავიწყდება. მე და ჩემი უცხოელი პარტნიორი ჩემს სასტუმროში ლანჩზე ვაპირებდით შეხვედრას, დაგეგმილი გვქონდა საუბარი სამომავლო ბიზნესგეგმის შესახებ. ჩემი დილის რუტინა მშვიდად მიდიოდა, სანამ 12:30-ზე არ გადავწყვიტე, აბაზანაში შევსულიყავი და უცებ აღმოვაჩინე, რომ შუქი არ მაქვს, ამ დეტალმა უცნაურობის პირველი ტალღა წამოიღო. მერე ვცადე, „რესეფშენში“დამერეკა სასტუმროს ტელეფონიდან, რომელიც რატომღაც არც კი ჩაირთო. მოგვიანებით უკვე ავიღე მობილური და ჰოი, საოცრებავ! ინტერნეტიც არ მაქვს. გაოცებულს არც კი მომაფიქრდა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. ინსტინქტურად, ხელში ავიღე მხოლოდ ჩემი მობილური ტელეფონი და ნომრიდან ხელცარიელი გავედი – პასპორტი, ბარათი, ქეში, ყველაფერი, ოთახში დამრჩა. როგორც კი ნომრის კარი გამოვიხურე, იმავე წამს ოთახიც ჩაიკეტა. ლიფტი არ მუშაობდა. ფეხით ჩავედი და 9-სართულიანი შენობის კიბეებზე ნამდვილ ქაოსს შევეფეთე. ჩექ-აუთის დრო იყო და ადამიანები უზარმაზარი ჩემოდნებით ცდილობდნენ გადაადგილებას, დაბნეული სახეები, დაძაბული ხმები... მე კი ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. „რესეფშენთან“ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. გვითხრეს, შუქი მხოლოდ სასტუმროში კი არა, მთელ ბარსელონაშია გათიშულიო და მერე დაამატეს, ეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბის გათიშვააო. მთელი სხეული დამეძაბა, გეგონება, ცივმა ტალღამ გადამიარა. სასტუმროდან ხალხის ტალღას გავყევი და გარეთ გავედი. პიაცა ბარსელონაზე ვიყავი. მზიანი დღე იყო, ქალაქი სავსე იყო სიცოცხლით, ხმაურითა და მოძრაობით. უცბად, მოულოდნელად, ელექტროენერგია წავიდა, გაითიშა სინათლე, კავშირი გაწყდა სამყაროსთან, ინტერნეტიც არ მოგვეწოდებოდა. გაჩერდა მეტრო, აეროპორტები, შუქნიშნები, მაღაზიები, რესტორნები. ის, რაც ერთ წამში გაუცნობიერებელი იყო, რამდენიმე წუთში გადაიქცა გლობალურ გაურკვევლობად. პარალელურად, ხუთ ქვეყანაში გაითიშა შუქი (ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი) და არავინ იცოდა, რატომ. უცებ ჩემი მობილურის ხმა გავიგე – ზარი შემოვიდა, ჩემი პარტნიორი რეკავდა. მირჩია, სასტუმრო არ დამეტოვებინა, რადგან ქალაქში გადაადგილება შესაძლოა, საშიში ყოფილიყო. სასტუმროში კი უსაფრთხოდ ვიქნებოდი. სხვებისთვის ეს დღე შეიძლება, უბრალოდ, ტექნიკური შეფერხება იყო. ჩემთვის კი ერთ-ერთი უმძიმესი დღე ცხოვრებაში. იმის შეგრძნებამ, რომ არაფერია დაცული, არაფერია სტაბილური, დამსტრესა. გონებაში ტრიალებდა კითხვები: „ეს რა ხდება? შეიძლება, ეს იყოს ტერორისტული აქტი ან კიბერშეტევა?“ ოფიციალური პასუხი დღემდე არ არსებობს. მაგრამ იმ დღემ, გაურკვევლობამ, შიშმა და მარტოობის გატარებამ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს სასტუმროში ცხოვრობდნენ, ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. უფლის მადლიერი ვარ, რომ მარტო არ ვიყავი, ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც იუმორით ამსუბუქებდნენ დაძაბულობას, მაცინებდნენ მაშინაც კი, როცა შინაგანად ვკანკალებდი. იმ დღემ დაგვაახლოვა.

თითქმის უცნობებმა ერთმანეთს მხარი დავუჭირეთ ისე, თითქოს ერთი ოჯახი ვიყავით, იმპულსურად, ყოველგვარი პირობითობების გარეშე და ვიქეცით კიდეც ერთ დიდ ოჯახად. სიბნელეში გავიგე ყველაზე ნათელი ჭეშმარიტება: როცა გვერდით ადამიანი გყავს, სინათლეც გზას პოულობს. კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რამდენად ფასეულია უსაფრთხოება. ადამიანური ურთიერთობები, დრო და სწორედ იმ დღეს მივიღე ახალი მნიშვნელოვანი პირადი გადაწყვეტილება: რომ აღარ დაველოდო „შესაფერის დროს“, რომ აღარ დაველოდო არავის, რომ აღარ დაველოდო არაფერს, რომ თავად უნდა მივიღო ყველაფერი ამ ცხოვრებისგან, რომ ვცადო ყველაფერი, რაც მომინდება, რომ ყველა ოცნება უნდა ავიხდინო ჩემით, სანამ დრო ჯერ კიდევ მაქვს. ზოგჯერ ყველაზე დიდი განათება, სიბნელიდან მოდის და ზოგჯერ სიჩუმე ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს... ბარსელონამ ეს მასწავლა.

– ახლახან კიდევ ერთ სილამაზის კონკურსზე მიგიწვიეს. მოდი, დეტალები მოგვიყევი.

– რაც შეეხება ახალ მოწვევას სილამაზის კონკურსზე, თავად მფლობელმა მომწერა. როგორც მითხრა, 2 წლის წინ სცენაზე მნახა იტალიაში და მას შემდეგ ცდილობდა დაკავშირებას. თუმცა, გულწრფელად ვუთხარი, რომ მსგავსი კონკურსები არ მაინტერესებს, რომ იტალიაში არ მომეწონა პირობები, რომ მე არ მაქვს დრო, რომ ჩემთვის თავად კონკურსის კონცეფცია, სადაც ქალები ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან, არააქტუალურია, რომ სილამაზე უნიკალურობაშია და რომ მე მჯერა განსხვავებულობის და არა შედარებების. მიპასუხა, რომ მომავალ წელსაც შემეხმიანება, იქნებ გადავიფიქრო. „მის ქალი 2025“ ევროპული სილამაზის კონკურსია, რომელშიც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ულამაზესი გოგონები მიიღებენ მონაწილეობას და კონკურსი კანარის კუნძულებზე 2025 წლის სექტემბერში ჩატარდება.

სიმართლე გითხრათ, მნიშვნელოვნად მეჩვენა ერთი სხვა შეთავაზება ბარსელონას მოდის კვირეულიდან: ამერიკულმა ლაქშერი საქორწილო კაბების ბრენდმა, რომელიც ექსკლუზიურად ყიდის ძვირად ღირებულ მაღალი კლასის ბრენდებს ამერიკაში, როგორიც მაგალითად, Elie Saab-ია და სადაც მსოფლიო ვარსკვლავები იმოსებიან თავიანთი ქორწილისთვის, შემომთავაზა, მათი სახე გავხდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა