შოუბიზნესი

როგორ დააბრუნა სამშობლოში სოფო ბაღიშვილი სიყვარულმა და როგორ გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი „ბრძოლა წესების გარეშე“

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 18.07, 2022 წელი

სოფო ბაღიშვილი
დაკოპირებულია

სოფო ბაღიშვილი წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სპორტული კარიერა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატებებით დაიწყო და ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში აგრძელებს. სოფო 8 წლიდან ვარჯიშობდა სამბოში და ძიუდოში. არის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი.

სოფო ბაღიშვილი: რვა წლიდან ვჭიდაობ, უკრაინის ნაკრებში ვიყავი. ვარ უკრაინის ჩემპიონი სამბოში, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი. უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე. შესაბამისად, შეჯიბრებებზე უკრაინის სახელით გამოვდიოდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და ჩემი ქვეყნის სახელით მეჩხუბა. საქართველოს სახელით ჭიდაობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ სანამ უკრაინაში ვცხოვრობდი და უკრაინის მოქალაქე ვიყავი, ეს არ გამოდიოდა.

– MMA-ს (ბრძოლა წესების გარეშე) მებრძოლი ხარ. როგორ დაინტერესდი რვა წლის ასაკში სპორტის საკმაოდ უხეში სახეობით?

– ჩემმა ძმამ დაიწყო ვარჯიში და რამდენჯერმე გავყევი დარბაზში. ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მეც მევარჯიშა. ვცადე და ძალიან კარგი შედეგები მქონდა, ჩემს ძმაზე უკეთესი (იცინის). გოგოებში უფრო ადვილია თავის გამოჩენა. სპორტის ამ სახეობაში ბევრი გოგო არ არის და შეგიძლია, ერთ-ერთი საუკეთესო გახდე. მომეწონა და შემიყვარდა, ამიტომაც ჩავერთე. დღეს ოჯახი მაქვს, შვილი მყავს, მაგრამ იმდენად მიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაინც ვერ ვჩერდები და ვაგრძელებ.

– რა სირთულეებთან მოგიწია გამკლავება?

– ყველაზე რთული ვარჯიში იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გოგო ვიყავი და სუსტად აღმიქვამდნენ, იყვნენ ბიჭები, რომლებსაც არ უნდოდათ ჩემთან ერთად ვარჯიში. ზოგმა არ იცოდა, რომ მე მასზე მეტი შემეძლო. ზოგთან კი, რომ ვიჭიდავებდი და ვუგებდი, მერე უარს ამბობდნენ ჩემთან ვარჯიშზე. საკმაოდ რთული გზით მოვედი აქამდე. ყოველდღიურად ვარჯიში, სულ დარბაზი, მეგობრების, გართობის გარეშე ძნელი იყო და ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, რომ მომბეზრდა, მაგრამ ერთკვირიანი დასვენების შემდეგ უკან ვბრუნდებოდი.

– ერთი შეხედვით ნაზი და სიფრიფანა გოგო ხარ, როცა იგებენ, რომ MMA-ს მებრძოლი ხარ, არ უკვირთ?

– ზოგს არ სჯერა, რომ მოჩხუბარი ვარ. შემხედავენ და არაფერი განსაკუთრებული არ მეტყობა. ზოგი მოწინააღმდეგეც ვერ მაფასებს სათანადოდ. ფიქრობენ, რომ რადგან დიდი კუნთები არ მაქვს, ძლიერი არ ვარ. მიგრძნია, რომ ზემოდან მიყურებენ და ძალიან სუსტი ვგონივარ, არადა, რეალურად, ასე ნამდვილად არ არის (იცინის).

– როგორ აიხდინე ოცნება საქართველოში გადმოსვლასთან დაკავშირებით?

– 18 წლის ასაკში ჩამოვედი საქართველოში, რადგან ჩემი მომავალი მეუღლე შემიყვარდა. ჯერ შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ დავქორწინდით და აქ გავაგრძელე ვარჯიში. ბევრ დარბაზში ვარ ნამყოფი, მაგრამ სერიოზულად არ მიყურებდნენ. მე კიდევ ჩხუბი მინდოდა. ერთ-ერთ დარბაზში – GURAM FIGHT CLUB – გიორგი კაბულაშვილს შევხვდი, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი. დამაწყებინა ვარჯიში და შეჯიბრებებში ჩამრთო. აქ ბევრად გავძლიერდი. საქართველოში კიდევ უფრო სხვანაირად ვარჯიშობენ. უკრაინაში უფრო ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ჩხუბს და ჭიდაობას. მოჩხუბრებსა და მოჭიდავეებს აქ მეტად გვაქცევენ ყურადღებას. როგორც გითხარით, მე მქონდა ოცნება, ჩხუბებზე საქართველოს სახელით გამოვსულიყავი. ეს ოცნება უკვე ავიხდინე და ახლა მინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, არა მხოლოდ საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვიჩხუბო ჩვენი ქვეყნის სახელით და ქამარი ჩამოვიტანო. საქართველოში ძალიან გავძლიერდი. მეტ წარმატებას მივაღწიე. უკვე ოთხი ჩხუბი მოვიგე. ყოველდღე ვშრომობ ამისთვის, სულ დარბაზში ვარ.

– საქართველოში სიყვარულის გამო დაბრუნდი, არა?

– დიახ. სამბოში ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით. მე უკრაინის სახელით ვჭიდაობდი, ჩემი მომავალი მეუღლე საქართველოს სახელით გამოდიოდა. ერთმანეთი იქ გავიცანით და შეგვიყვარდა. გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი. თავიდან ერთი თვით ჩამოვედი და სამი თვის შემდეგ კი საცხოვრებლად გადმოვედი და ოჯახი შევქმენით. თავიდან ძალიან გამიჭირდა. თან, ჩუმად წამოვედი, ჩემს ოჯახში არაფერი იცოდნენ (იცინის). მირეკავდნენ და ხაზზე არ ვიყავი. რამდენიმე საათში ველაპარაკე დედას და ვუთხარი, არ ინერვიულო, საქართველოში ვარ-მეთქი. ჩემი ძმა გაგიჟდა, სამი თვე არ მელაპარაკებოდა. არ უნდოდა ჩემი წამოსვლა, მეუბნებოდა, ჯერ ადრეა, არ გინდა გათხოვებაო. დედა დედაა და მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. მერე ჩამოვიდნენ და ცოტა ხანი იყვნენ ჩემთან. ომი რომ დაიწყო დედა ჩამოვიყვანე, ძმა იქ დარჩა.

– მამა?

– მამა არ მყავს. რვა წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მას შემდეგ დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. მამა ავარიაში მოყვა. ჩემს ძმასთან ერთად იყო მანქანაში, ძმა გადარჩა, მამა ადგილზე გარდაიცვალა. პატარები ვიყავით და ძალიან რთული იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ რამე უნდა გამეკეთებინა ან სპორტული თვალსაზრისით, ან სწავლის მხრივ და სპორტი ავირჩიე. მგონია, რომ მამა ახლა ცოცხალი რომ იყოს, ჩემი შედეგებით ძალიან ბედნიერი იქნებოდა.

– ოჯახური ცხოვრება და აქტიური სპორტული კარიერა – ორივე ერთად როგორ გამოგდის?

– სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან რთულია. აქ რომ დედა არ მყავდეს ძალიან გამიჭირდებოდა. სანამ დედაჩემი ჩამოვიდოდა, მანამდე დედამთილი მეხმარებოდა. დღეში ორჯერ მაქვს ვარჯიში, დილით და დღის მეორე ნახევარში. მარტო რომ ვიყო, ვერ გავუმკლავდებოდი. დამხმარე ადამიანი გჭირდება, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს. ძალიან შრომატევადი სპორტია, დიდ ენერგიას მოითხოვს.

– მითხარი, საქართველოში უკეთესი შედეგები მაქვსო. ფეხმძიმობასთან და პატარასთან ერთად ეს როგორ მოახერხე?

– ბავშვი რომ გავაჩინე, ფორმაში ძალიან მალე ჩავდექი. ხუთი თვის შემდეგ დავიწყე ვარჯიში და შვიდი თვის შემდეგ პირველად ვიჩხუბე. წავაგე, მაგრამ მე თავს დამარცხებულად არ ვთვლი. ვინც არ უნდა უყუროს იმ ჩხუბს, ყველა დაინახავს, რომ მე არ წამიგია. სამივე რაუნდს ვუგებდი, 15 წუთი იყო დარჩენილი დასრულებამდე, გააჩერეს ჩხუბი და მოგება ჩემს მოწინააღმდეგეს მისცეს. მაშინ პროტესტის საშუალება არ მქონდა, განსხვავებული მდგომარეობა იყო და წაგება ჩამეწერა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ და ჩემთვის პრინციპის ამბავი იყო ამ მოწინააღმდეგის დამარცხება. მინდოდა, მცოდნოდა, რომ ამ გოგოზე ძლიერი ვიყავი და ამიტომ რევანში მოვინდომე. ძალიან გამიხარდა, როცა ეს გოგოც დათანხმდა. მეგონა, არ მეჩხუბებოდა. ვიჩხუბეთ და მოვიგე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი